სექსუალური რუსი "კატიები" საქართველოს წინააღმდეგ - რატომ ანთხევდა გესლს ევროსაბჭოს დეპუტატი ჰენკოკი ქართველების წინააღმდეგ და რას აკეთებდა ევროპარლამენტარი კიეზა ცხინვალში?! - კვირის პალიტრა

სექსუალური რუსი "კატიები" საქართველოს წინააღმდეგ - რატომ ანთხევდა გესლს ევროსაბჭოს დეპუტატი ჰენკოკი ქართველების წინააღმდეგ და რას აკეთებდა ევროპარლამენტარი კიეზა ცხინვალში?!

ბევრს არ სჯერა “კონსპიროლოგიის თეორიის”. ისინი გაზვიადებულად მიიჩნევენ სპეცსამსახურების ყოვლისშემძლეობას და საშინაო და საგარეო პროცესებში მონაწილეობის მასშტაბებს. თუმცა მრავალრიცხოვანი ისტორიული ფაქტები და დღევანდელი მოვლენები მეტყველებენ, რომ სპეცსამსახურების საიდუმლო ჩარევა „დიდ პოლიტიკაში“ ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც მზის ამოსვლა ყოველ დილას. თუმცა, როგორც წესი, მხოლოდ მრავალი ათეული წლის შემდეგ თუ ხდება ხოლმე ცნობილი, რომ პოპულარული პოლიტიკოსი, გამოჩენილი მეცნიერი ან ყველაზე პატრიოტული გამოსვლებით გამორჩეული პარლამენტარი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების „გავლენის აგენტები“ იყვნენ და მათი მითითებებით მოქმედებდნენ. საბედნიეროდ, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს.

ოთხი დღის წინ, 2025 წლის 21 ნოემბერს, გავრცელდა „სკოტლანდ იარდის“ (ლონდონის პოლიცია) ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლონდონის სისხლის სამართლის ცენტრალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2014-2020 წლებში ევროპარლამენტის ყოფილ წევრს და უელსის მემარჯვენე პოპულისტური პარტიის -„რეფორმა დიდი ბრიტანეთის“ ყოფილ ლიდერს და ძალზე პერსპექტიულ პოლიტიკოს ნათან გილს, ევროპაში რუსეთის ინტერესების ლობირებისთვის და ამ ფარულ საქმიანობაში ქრთამის მრავალჯერ აღებისთვის, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უნდა ითქვას, რომ არც ისე ხშირია პოლიტიკოსების სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ფარულად საქმიანობის ანუ „გავლენის აგენტობის“ სამართლებრივად დადასტურების ფაქტები. ყოფილი ევროპარლამენტარის, ნათან გილის შემთხვევა კი იმითაცაა უნიკალური, რომ მან მიმდინარე წლის სექტემბერში თავად აღიარა დანაშაული.

picture6-1764051301.jpg

ნათან გილი ევროპარლამენტში

სანამ ნათან გილის რუსეთის „გავლენის აგენტობის“ დამადასტურებელ ფაქტებს განვიხილავთ, მინდა, საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში „ხელის ფათურის“ კლასიკური შემთხვევები გავიხსენოთ.

რუსეთის სპეცსამსახურები სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პარტიებში ოპერატიულ-აგენტურულ საქმიანობას ოთხი ტრადიციული გზით ახორციელებენ:

1. ქმნიან ახალ პოლიტიკურ პარტიას ან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებას და ფარულად აკონტროლებს მას;

2. უკვე მოქმედ პარტიაში "ნერგავენ" აგენტურას ან უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგის მისაღწევად კომპრომატების, მატერიალური დაინტერესებისა და კარიერული წინსვლის გამოყენებით ახდენენ ახალგაზრდა თუ "სტაჟიანი" პოლიტიკოსების გადაბირებას და მათ „გავლენის აგენტებად“ ფორმირებას;

3. ქმნიან ახალ პარტიას, რომელიც სხვა პარტიებთან გაერთიანების ან საარჩევნო კოალიციების შექმნის შემდეგ გამოიყენება ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებებისთვის;

4. საფარად იყენებენ ადგილობრივ სპეცსამსახურებში არსებულ საკუთარ აგენტურას, რომელიც, თავის მხრივ, ნერგავს აგენტურას პარტიებში და "შინაურის" ხელით აღწევს არასტაბილურობას. ეს შესაძლო შემთხვევა საკმაოდ რეალურია და თუ მართლაც ხდება, მაშინ ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ისიც უნდა ითქვას, რომ რაც უფრო დიდი სიჭრელეა პოლიტიკურ სპექტრში, სპეცსამსახურისთვის უფრო იოლია იქ შეღწევა და აგენტურული ქსელის შექმნა.

ო. გორდიევსკის, ვ. მიტროხინის და საბჭოთა სპეცსამსახურების სხვა ვეტერანების მოგონებებიდან დღეს უკვე ცნობილია იმ იტალიელი, ფრანგი, ინდოელი, ფინელი და ბრიტანელი მეცნიერების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სხვა საზოგადო მოღვაწეების გვარები, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურების ინფორმატორები და აგენტები იყვნენ. საბჭოთა სპეცსამსახურებს დიდი არჩევანი ჰქონდათ „აგენტ-ინფორმატორების“, „გავლენის აგენტების“ თუ „სანდო პირების“ მრავალრიცხოვან “არმიას” შორის. მათგან მოსკოვს უმთავრესად “გავლენის აგენტები” აინტერესებდა, რადგანაც სწორედ მათ ხელში იყო ან მოკლე პერიოდში აღმოჩნდებოდა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მართვის სადავეები.

ზოგადად კი საინტერესოა, როგორ ფორმირდება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტოში სხვა ქვეყნის (ხშირად ქვეყნების!) “გავლენის აგენტები” არიან მოკალათებულნი? რა არის იმის მიზეზი, რომ წლების მანძილზე ისინი გაუმჟღავნებლები რჩებიან? რატომ ვერ ახერხებს კონტრდაზვერვის სამსახური აგენტების გამოვლენას?

თანდათანობით ბურუსი ეხდება ყველაზე საიდუმლო ინფორმაციას და ირკვევა, რომ საბჭოთა იმპერიის არსებობის მანძილზე მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, სადაც საბჭოთა სადაზვერვო ქსელს ფესვები არ გაედგა და კონტროლის ქვეშ არ მოექცია ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, სამხედრო და სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ხელოვნებისა და მეცნიერების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები.

მაგალითად, საფრანგეთის მოქმედი „გავლენის აგენტების“ დახმარებით შეძლო საბჭოთა დაზვერვამ გასული საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში პრეზიდენტ შარლ დე გოლსა და აშშ-ის პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს შორის არსებული განხეთქილების გაღრმავება. თავმომწონე იტალიელთა უდიდესმა ნაწილმა შეიძლება არც იცოდეს, რომ მათი ლამაზი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი ათწლეულების მანძილზე მოსკოვში იგეგმებოდა. სწორედ საბჭოთა, შემდეგ კი - რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირით უნდა აიხსნას იტალიელი ჟურნალისტის, ყოფილი ევროპარლამენტარის, ჯულიეტო კიეზას გასაოცარი ანტიქართული აქტივობა. ფინეთში კი ათწლეულების მანძილზე კა-გე-ბეს „გავლენის აგენტები“ იკავებდნენ წამყვან პოლიტიკურ პოსტებს. ხოლო ინდოეთში საბჭოთა დაზვერვა სარგებლობდა იმ უდიდესი კორუფციით, რაც ინდირა განდის მთავრობაში არსებობდა.

picture5-1764051200.jpg

ჯულიეტო კიეზა ცხინვალში, ადგილობრივ სეპარატისტებთან

თუმცა საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების ყველაზე „გემრიელი ლუკმა“ ყოველთვის იყო და რჩება დიდი ბრიტანეთი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ კონსერვატიული და ანტიკომუნისტური შეხედულებებით გამორჩეულ დიდ ბრიტანეთში საბჭოთა და სხვა კომუნისტური ქვეყნების სპეცსამსახურები აგენტურას დიდი წარმატებით “ავერბოვკებდნენ”, საზოგადოების ყველა ფენაში - თვით ხელისუფლების უმაღლეს სტურუქტურებშიც კი.

რამდენიმე წლის წინ ჩეხეთის დაზვერვის არქივის ისტორიული ნაწილის განსაიდუმლოების შემდეგ, მრავალი სენსაციური ფაქტი გაირკვა. მათგან ყველაზე მთავარი ის იყო, რომ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის აქტიური წევრი, პარლამენტარი რაიმონდ მობი 1960-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის დაზვერვას ფულის სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. ჩეხეთის უშიშროების სამსახურის არქივებში მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, რაიმონდ მობი ჩეხოსლოვაკიის სპეცსამსახურებთან 10 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. მობი არ იყო კონსერვატიული პარტიის რიგითი წევრი. ის მუშათა კლასიდან გახლდათ გამოსული, შემდგომში კი პროფკავშირის აქტივისტი, კონსერვატიული პარტიის დეპუტატი გახდა პარლამენტში. რაიმონდ მობიმ ჩეხოსლოვაკიის დაზვერვასთან პირველი კონტაქტი 1960 წელს დაამყარა, ჩეხოსლოვაკიის საელჩოში. მისი ოპერატიული ფსევდონიმი იყო “ლავალი”. თავდაპირველად შეხვედრები პერიოდულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ შემდგომში ისინი მუდმივი გახდა. ჩეხებმა დაადგინეს მობის მთავარი სისუსტე - ფული. “მობი თავისუფალ დროს ატარებდა ბარებში და ძალიან უყვარდა აზარტული თამაშები” - ეწერა ერთ-ერთ საიდუმლო ცნობაში. თავიდან მობის 100 ფუნტი სტერლინგს უხდიდნენ ინფორმაციისთვის. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: პარლამენტის კომიტეტების წევრების სია, კონსერვატიული პარტიის წევრების შესახებ პირადი მონაცემები, კომპრომატები და ა.შ. შემდეგ მობის ანაზღაურება 400 ფუნტამდე გაიზარდა. ინფორმაციის ნაკადი არ წყდებოდა. მობი ჩეხოსლოვაკიელ აგენტებს თვეში სამ-ოთხჯერ ხვდებოდა, მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოდან ეს შეხვედრები სულ უფრო და უფრო იშვიათი გახდა. ურთიერთობა 1971 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 105 საბჭოთა დიპლომატის საფარქვეშ მოქმედი აგენტი გააძევა. რაიმონდ მობი 1990 წელს გარდაიცვალა, ჯულიეტო კიეზა კი 2020 წელს. სამწუხაროდ, ეს „გავლენის აგენტები“ გადაურჩნენ მართლმსაჯულების განაჩენს.

ისტორიულად საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე, უპირველესად, საერთაშორისო ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციები, ასევე - ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურები, საგარეო უწყებები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები არიან. რუსეთის ხელისუფლება ტრადიცულად მიზნის მიღწევის ორ მეთოდს იყენებს: დემაგოგიურ-პოპულისტურ თემებზე აგებულ ღია პროპაგანდას და ასევე, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მათთვის სასურველი უცხოელი პოლიტიკოსების ფარულად დაფინანსებასა და მათთვის კარიერული გზის გასუფთავებას. პუტინის მთავარი ამოცანა იყო და არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანობაში ბზარის შეტანა, რის შემდეგაც შემცირდება უკრაინის სამხედრო-ფინანსური დახმარება და შესუსტდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ღია და ფარული შეტევები ევროკავშირის ინსტიტუტებზე, მათ შორის -ევროპარლამენტზე.

2010 წლის 2 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე ეკატერინე ზატულივეტერი, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი დეპორტაცია მოითხოვეს. ვინ იყო და რას მოღვაწეობდა ეს ქალბატონი ნისლიან ლონდონში? ეკატერინე ზატულივეტერი დიდ ბრიტანეთში 2007 წელს ჩავიდა, ბრედფორდის უნივერსიტეტში სამაგისტრო დისერტაციის დასაცავად და რაღაც „მანქანებით“ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან დიდი ბრიტანეთის პარლმანტის და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - თავდაცვის კომიტეტის წევრი მაიკ ჰენკოკი გაიცნო და მალევე მისი ასისტენტი გახდა. „კატიას“ თვეში სულ რაღაც 250 ფუნტი სტერლინგი ჰქონდა ანაზღაურება. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ „კატია“ ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე “იბრძოდა” და მის ფინანსურ მდგომარეობაზე „მეგობრები“ ზრუნავდნენ. დაკითხვის პროცესში ზატულივეტერმა აღიარა, რომ თავის უფროსთან, მაიკ ჰენკოკთან წლების მანძილზე ინტიმურ კავშირში იმყოფებოდა. გარდა ამისა, „კატია“ ზატულივეტერის მოვალეობებში შედიოდა: ჰენკოკის ამომრჩევლების მიღება პარლამენტში ვიზიტების დროს, პარლამენტის წევრის გამოსვლების ტექსტის შედგენა და საიდუმლო ინფორმაციის მიღების მიზნით, საპარლამენტო მოთხოვნების გაგზავნა დიდი ბრიტანეთის მთავრობაში. მაგალითად, „კატიას“ თხოვნით, ჰენკოკი იღებდა ინფორმაციას ბრიტანეთის ბირთვული არსენალის მდგომარეობისა და ატომური წყალქვეშა ნავების ბაზირების შესახებ. პარალელურად, „კატია“ აქტიურად იყო ჩართული დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სფეროს ანალიტიკური ცენტრის მუშაობაში. ზატულივეტერის ასაკოვანი “ბოიფრენდი” მაიკ ჰენკოკი რუს ლამაზმანებთან “ცუღლუტობაში” ადრეც იყო შემჩნეული: სანქტპეტერბურგელ „კატიამდე“, მისი ასისტენტი ასევე რუსი, ეკატერინბურგელი, ასევე „კატია“ - ეკატერინე პადერინა იყო.

ჰენკოკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც გახლდათ და სხდომებზე საქართველოს წინააღმდეგაც ასწრებდა გესლის დანთხევას და რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციის გავრცელებას, „აგვისტოს ომის“ შესახებ. მას ყველაზე პრორუსულად განწყობილი დეპუტატისა და ვლადიმერ პუტინის თაყვანისცემლის რეპუტაცია ჰქონდა და აქვს.

picture4-1764051200.jpg

მაიკ ჰენკოკი

მაიკ ჰენკოკი ცნობილი მექალთანე რომ იყო, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ პოლიტიკოსისთვის ამგვარი კომპრომატით კარგად ისარგებლა რუსეთის საგარეო დაზვერვამ და ორი “კატიას” სახით აგენტები მიუგზავნა. ეს კი რუსეთის საგარეო დაზვერვის ნაცადი ხერხია. „კატიებს“ კი ასაკოვანი მაიკის მოხიბლვა არ გაუჭირდებოდათ. უკვე დამტკიცებული ფაქტია, რომ მაიკ ჰენკოკთან მუშაობისას ეკატერინე ზატულივეტერი ჰენკოკის სახელით აგზავნიდა ათობით საპარლამენტო მოთხოვნას თავდაცვის სამინისტროში, უამრავ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით. მოდიოდა პასუხები, ზატულივეტერი მას კითხულობდა, აკეთებდა ასლებს და უგზავნიდა რუსეთის დაზვერვას. ისიც გაირკვა, რომ 26 წლის “კატია” მხოლოდ ჰენკოკით არ იფარგლებოდა და უცხოელ დიპლომატებთან ხშირ კონტაქტებშიც იყო შემჩნეული. სასამართლო სხდომის ღია ნაწილის დროს თავად ზატულივეტერმა მისცა ჩვენება, სადაც აღწერა მისი ურთიერთობა ჰენკოკთან და ორ სხვა ევროპელ დიპლომატთან: ჰოლანდიელთან და ნატოს მაღალის რანგის ოფიციალურ პირთან. საეჭვო “მოღვაწეობის” გამო ჰენკოკი ევროსაბჭოში რუსეთის საქმეებთან დაკავშირებული პარტიული ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს. 2015 წელს კი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებშიც დამარცხდა. თუმცა უცნობი დარჩა: ჰენკოკი მხოლოდ უნებლიედ ეხმარებოდა “კატიას” სადაზვერვო საქმეებში თუ თვითონაც რუსეთის “გავლენის აგენტი” იყო?

ასევე დაგაინტერესებთ: ეროვნული მოძრაობის ლიდერების ბურუსით მოცული ტრაგიკული აღსასრული - "კაგებეს" კომბინაციები, რომლებიც საქართველოში დღემდე გრძელდება

ისტორიის გაკვეთილები: სისხლიანი 12 ნოემბერი პარიზში - როგორ უნდა დამარცხდეს "ურჩხული", რომელიც მოუშორებელი ჭირი გახდა

მსოფლიო მასშტაბის #1 დამნაშავე: როგორ მოკლეს ოსამა ბინ ლადენი - რა საბედისწერო შეცდომებს უშვებენ სპეცსამსახურები?

დიდი ბიზნესი ათასობით ადამიანის სიკვდილის ხარჯზე - წვერებიანი "ბოევიკები" მხოლოდ შემსრულებლები არიან, ხოლო შემზარავ დანაშაულებს სათვალეებიანი ინტელექტუალები გეგმავენ

რუსეთის სპეცსამსახურების „გავლენის აგენტები“ მრავალი „ჯიშისა“ არსებობენ. ისინი განსხვავდებიან: ეროვნებით, განათლებით, ასაკით, სქესით, გამოცდილებით და ა.შ. მათ ერთი საერთო ნიშანი აერთიანებთ: ისინი სრულიად ლეგალურად მოქმედებენ და ამავე დროს - ფარულად ატარებენ რუსეთის ინტერესებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში. სწორედ ამგვარი „გავლენის აგენტი“ გახლდათ ნათან გილი, რომლის გადაბირებაც რუსეთის სპეცსამსახურების უდავო წარმატებად უნდა ჩაითვალოს. თუ მის ბიოგრაფიას კარგად შევისწავლით, ნათელი გახდება, რომ რუსეთის აგენტს წინ დიდი პოლიტიკური პერსპექტივები ჰქონდა: ის ევროინტეგრაციის ცნობილი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსის, ყოფილი ევროპარლამენტარის, ნაიჯელ ფარაჯის „მარჯვენა ხელი“ გახლდათ და საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატების შემთხვევაში, ნათან გილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრად მოგვევლინებოდა.

ნათან გილმა სასამართლო პროცესზე აღიარა რვა შემთხვევა, როდესაც 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში, უკრაინის მოქალაქემ და კრემლის მომხრე პოლიტიკოსმა ოლეგ ვოლოშინმა მას, ანაზღაურების სანაცვლოდ, დაავალა, გამოექვეყნებინა რუსეთის სასარგებლო კონკრეტული განცხადებები, როგორც ევროპარლამენტში, ასევე - უკრაინის პრორუსულ საინფორმაციო საშუალებებში. რის შედეგადაც იმ პერიოდში გილმა, უკრაინასა და მოლდოვაში ვიზიტების დროს, ნაღდი ფულის სახით ვოლოშინისგან 40 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი მიიღო. ამ შემთხვევაში ძალზე საინტერესოა რუსეთის სპეცსამსახურების ტაქტიკა: ისინი მათი აგენტის, უკრაინელი პოლიტიკოსის, ოლეგ ვოლოშინის საშუალებით აძლევდნენ დავალებებს სხვა აგენტს (გილს) და „ჰონორარსაც“ ასევე უხდიდნენ.

picture3-1764051200.jpg

ოლეგ ვოლოშინი და ნათან გილი

თავად ყოფილი ჟურნალისტი ოლეგ ვოლოშინი 2008-2010 წლებში რუსეთის ფედერაციაში უკრაინის საელჩოს პრესატაშე იყო და, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გადაიბირეს რუსეთის სპეცსამსახურებმა. 2014-2022 წლებში ვოლოშინი ღიად და ფარულად ატარებდა რუსეთის ინტერესებს უკრაინაში. რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ის მოსკოვში გადაბარგდა და ახლა იქიდან ებრძვის უკრაინის დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს, ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც მისი „პატრონი“ - ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, მულტიმილიონერი ვიქტორ მედვედჩუკია.

picture1-1764051200.jpg

ოლეგ ვოლოშინი და ვიქტორ მედვედჩუკი.

picture2-1764051200.jpg

ვლადიმერ პუტინი და ვიქტორ მედვედჩუკი.

ჩემს მიზანს არ წარმოადგენს „შეთქმულების თეორიის” მოწინააღმდეგეთა გადარწმუნება. ფაქტები სახეზეა: რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობა უკვე კარგა ხანია, გასცდა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების საზღვრებს და სხვა, სუვერენული ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. ცხოვრების აქტიური მანიპულირების მცდელობად (სამწუხაროდ, ხშირად წარმატებულ) იქცა.