საშინელი და მწარე სიმართლე - ვერც 28-პუნქტიანი რუსულ-ამერიკული და ვერც 19-პუნქტიანი უკრაინულ-ევროპული „სამშვიდობო გეგმები“ ამ ომს ვერ შეაჩერებს?! - კვირის პალიტრა

საშინელი და მწარე სიმართლე - ვერც 28-პუნქტიანი რუსულ-ამერიკული და ვერც 19-პუნქტიანი უკრაინულ-ევროპული „სამშვიდობო გეგმები“ ამ ომს ვერ შეაჩერებს?!

გასულ კვირას გაჟღერებული 28-პუნქტიანი „ტრამპის სამშვიდობო გეგმის“ შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით წარიმართა და ორიოდე დღეში უკრაინამ ევროკავშირთან ერთად წარუდგინა ამერიკულ მხარეს 19-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“...

რაც ყველაზე საინტერესოა, უკრაინულ-ევროპულ გეგმაში ბევრი რამ შენარჩუნებულია ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმიდან, მაგრამ მოკლებული ის ძირითადი 9 პუნქტი, რომლებიც აღიქმებოდა უკრაინის სრული თუ ნაწილობრივი კაპიტულაციის მოთხოვნად - ამოღებულია მოთხოვნები ტერიტორიების დათმობაზე, უკრაინის არმიის განახევრებაზე, ნეიტრალიტეტზე და ა.შ.

ანუ უკრაინამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად სცადა ერთი მხრივ არ გაენეწყენებინა ტრამპი და მისი „სამშვიდობო გეგმა“ მთლიანად არ „გადაეხია“, მეორე მხრივ კი არც უკრაინის კაპიტულაციამდე მიეყვანა საქმე, მაგრამ რა შედეგი ექნება ამ ყველაფერს?

შედეგი იქნება...ნული, რადგან როგორც უკრაინას არ აწყობდა ტრამპის 28 პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“, ისე კრემლისთვისაც მიუღებელი იქნება უკრაინა-ევროპის მიერ შემუშავებული 19-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ და ეს საშინელი ომი, სამწუხაროდ ისევ გაგრძელდება...

სხვათ აშორის, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ ომის შესაჩერებლად და იცით რატომ?

იმიტომ, რომ ეს 28-პუნქტიანი გეგმა სინამდვილეში ტრამპისას კი არა, არამედ სწორედ პუტინისას წარმოადგენს, შემუშავებულს მოსკოვში და პუტინის სპეციალური წარმომადგენლის კირილ დმიტრევის ხელით გადაცემულს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლისთვის სტივ უიტკოფისთვის, რომელიც ამ მოლაპარაკებებში ღიად იხრება რუსეთის მხარეს და მანაც ამ სახით გადასცა ის პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც დიდი ალბათობით, შეიძლება ბოლომდე არ კი წაუკითხავს ეს 28 პუნქტი და კატეგორიულად ისე მოსთხოვა მისი 27 ნოემბრამდე უპირობოდ მიღება ოფიციალურ კიევს...

ასევე დაგაინტერესებთ: ნატო სროლას იწყებს და აცილებს - ევროპაში ამერიკული "განკითხვის დღის" იარაღის თავზე „ამოუცნობი“ დრონები ისევ დაუსჯელად დაფრინავენ

უკრაინელების წარმატებული დარტყმები ფრონტსა და ანექსირებულ ყირიმში...

"ქართული ტრაგედია" უკრაინაში გამეორდება?! - ამერიკულ-რუსული "სამშვიდობო გეგმა, რომელიც ზელენსკისთვის კატასტროფის ტოლფასი

უკრაინის კაპიტულაციის 28-პუნქტიანი ამერიკული გეგმა იმისთვის, რომ ტრამპმა „მე-9 ომის შეჩერება“ ჩაიწეროს?! - ფარული მოლაპარაკებები ზელენსკის ზურგს უკან

ჟენევაში გამართულ უკრაინულ-ამერიკულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ამერიკული მხარე თურმე იმით იყო გაღიაზიანებული, რომ უკრაინელებს ამ 28-პუნქტიანი „სამშვიდობოო გეგმის“ დეტალები მასმედიისთვის მალულად მიუწოდებიათ...

შეიძლება ასეც გახლდათ, რადგან ამ გეგმის დეტალების გაჟონვამ თავდაპირველად გავლენიან ამერიკულ გამოცემებში, გამოიწვია ის ბუმი, რამაც აიძულა ტრამპის ადმინისტრაცია უკან დაეხია და დათანხმებოდა სასწრაფო მოლაპარაკებების გამართვას ჟენევაში...

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ და დღეს აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინასთან და რუსეთთან საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს - აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი აბუ-დაბიში ორშაბათს ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან, კირილ ბუდანოვთან და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან მართავს.

ღმერთმა ქნას, რომ რუსეთ-უკრაინის ეს სისხლისმღვრელი ომი შეჩერდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამის წინაპირობები არ არსებობს-პუტინი აგრძელებს უკრაინის მიწების დაპყრობას, ზელენსკი კი ვერ წავა ქვეყნის კაპიტულაციის გამოცხადებაზე...