ოლიმპიადისთვის ახალგაზრდებიც ემზადებიან - ბორჯომში ოლიმპიური მედია-სემინარი გაიმართა - კვირის პალიტრა

ოლიმპიადისთვის ახალგაზრდებიც ემზადებიან - ბორჯომში ოლიმპიური მედია-სემინარი გაიმართა

მომავალ წელს გასამართი დიდი ოლიმპიადის (ზამთრის ოლიმპიური თამაშები - მილანი/კორტინა 2026) პარალელურად, საქართველო ჩვენთვის არანაკლები მნიშვნელობის ღონისძიებისთვის ემზადება: გაზაფხულზე დაიწყება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „მომავალი ოლიმპიელები“, რომელიც, კონტინენტური ახალგაზრდული ფესტივალისა და მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის რეზერვების მომზადების გარდა, ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის განვითარებას, სპეციალიზებული სპორტული სკოლების როლისა და მნიშვნელობის ამაღლებას, ყველა დონის რეგიონული და მუნიციპალური ადმინისტრაციის მოტივაციის გაზრდას და სხვ. შეჯიბრებები სპორტის 15 სახეობაში გაიმართება ჯერ მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე, დასკვნით ფინალურ ტურნირს კი, ივნისის დასაწყისში ბათუმი უმასპინძლებს.

07248b16-5c8f-4d39-a660-b9b76595b26f-1764064433.jpg

სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, ბორჯომში გასულ კვირას (21-23 ნოემბერი) გამართულ ოლიმპიურ მედია-სემინარზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება და ტურნირის ცნობადობის გაზრდაც იყო (უახლოეს თვეებში, ეს პროცესი კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს).

104ff33e-0945-4458-9730-fc53e28d469e-1764064451.jpg

იქამდე კი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ბორჯომის სასტუმრო „ოლიმპში“ სპორტული მედიის წარმომადგენლებისთვის მედია-სემინარი ჩატარდა. სემინარი გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით. ღონისძიება გახსნეს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ.

f3265ee0-b32b-4353-884a-a9c81cd3fa6a-1764064906.jpg

სამდღიანი შეხვედრის განმავლობაში განხილული იქნა ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვანი საკითხები. სემინარის მონაწილეებს საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა და გინესის რეკორდსმენმა ნინო სალუქვაძემ, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ პაჭკორიამ, ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოლიმპიელთა კლუბის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, ფსიქოლოგმა დავით ნანობაშვილმა. გაიმართა დისკუსია სპორტული ჟურნალისტიკის აქტუალურ საკითხებზე, მოეწყო ვიქტორინა და გამარჯვებულებს ოლიმპიური კომიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

44248e77-cbdb-4c9f-87aa-36ecb8c6a83f-1764064798.jpg

ლერი ხაბელოვი (ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი): „სპორტული მედიის როლი უაღრესად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია ჩვენი სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობისთვის. სპორტის გულშემატკივრები სწორედ ჟურნალისტების მეშვეობით იგებენ ოპერატიულ ინფორმაციას ქართველ სპორტსმენთა წარმატებებზე, ისინი ქმნიან ჩვენი სპორტის მატიანეს, ხელს უწყობენ სპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მოტივაციას, წარმართავენ დისკუსიას აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.

ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია, რომ მხარში ამოუდგეს სპორტული მედიის წარმომადგენლებს, ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით იზრუნოს მათ პროფესიულ განვითარებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ოლიმპიური მედია-სემინარიც, რომელსაც, ამჯერადაც ბორჯომი მასპინძლობს“.

სემინარის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადმოგვცეს ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტებმა.

რატი შელეგია, სპეციალურად საიტისთვის