უკრაინელებმა რუსებს ბერიაშვილის ქარხანაში ერთადერთი „ლაზერულქვემეხიანი“ თვითმფრინავიც აუფეთქეს
სამშვიდობო მოლაპარაკებების მცდელობების პარალელურად, ყოველ ღამე რუსეთი და უკრაინა აგრძელებენ ერთმანეთის ტერიტორიებზე მასიური საჰაერო იერიშების მიტანას...
24-25 ნოემბრის ღამეს განსაკუთრებული სისასტიკით დაიბომბა უკრაინის დედაქალაქი კიევი, მანამდე კი უკრაინული კამიკაძე-დრონები უტევდნენ მოსკოვს.
მეომარი ქვეყნების დედაქალაქების გარდა, საჰაერო იერიშები ხორციელდება სხვა ქალაქებზე, მათ შორის უკრაინის ოდესისა და რუსეთის ნოვოროსიისკის პორტებზე, თუმცა ამ ღამის საჰაერო დარტყმების ერთ-ერთ განსაკუთრებულ სამიზნედ იქცა უნიკალური თვითმფრინავი...
რუსეთის როსტოვის ოლქში აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი ტაგანროგი, სად განთავსებულია საავიაციო ქარხანა, რომელიც ჩვენი თანამემამულის გიორგი ბერიევის(ბერიაშვილის) სახელს ატარებს.
საბჭოთა პერიოდში გიორგი ბერიაშვილი ცნობილი იყო, როგორც ჰიდრო და ამფიბია თვითმფრინავების გენერალური კონსტრუქტორი და მისი სახელობის საავიაციო ქარხანაც დღეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთ-უკრაინის ომში, რადგან სწორედ ამ ქარხანაში არემონტებენ А-50 ტიპის რუსულ „ავაქსებსა“(შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავი) და Ту-95МСМ დონემდე მოდერნიზაციას უტარებენ იმ რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რომლებიც თითქმის ყოველღამე უშვებენ უკრაინული ქალაქებისკენ „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის Х-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებს(რამდენიმე დღის წინ სწორედ ასეთი რუსული რაკეტა პირდაპირ მოხვდა უკრაინულ ტერნოპოლში საცხოვრებელ კორპუსს და სამ ათეულზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლა...).
აქედან გამომდინარე, გიორგი ბერიევის სახელობის საავიაციო ქარხანა აქამდეც არაერთხელ გამხდარა უკრაინული ფრთოსანი რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების საპასუხო დარტყმების სამიზნე, თუმცა გუშინდელ ღამეს მაინც განსაკუთრებული რამ მოხდა...
უკრაინელებმა შეძლეს აეფეთქებინათ ერთადერთი რუსული თვითმფრინავი...ლაზერული შეიარაღებით!
А-60 ტიპის ექსპერიმენტალური თვითმფრინავი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1981 წლისთვის დამზადდა სამხედრო-სატრანპორტო თვითმფრინავის Ил-76МД-ის ბაზაზე.
მას სერიული სატრანპორტო „ილისგან“ განასხვავებდა ცხვირის ნაწილში მეტეოლოკატორის ნაცვლად დაყენებული დამიზნების ლაზერი და ფიუზელაჟის თავზე დამატებული კონსტრუქცია, რომლის გადახსნის შემდეგ „თავს ამოყოფდა“ ძირითადი „ლაზერული ქვემეხი“, რომელსაც ათიოდე კმ-ის სიმაღლეზე მფრენი „ილიდან“ ლაზერული სხივების გატყორცნით მწყობრიდან უნდა გამოეყვანა მოწინააღმდეგის ხელოვნური თანამგზავრები დედამიწის ორბიტაზე...
საბჭოთა კაშირის დაშლის შემდეგ „ლაზერქვემეხიანი“ თვითმფრინავის შემდეგომ ბედი დიდხანს გაურკვეველი გახლდათ, სანამ 2009 წლის 28 აგვისტოს რუსეთმა არ ჩაატარა ექსპერიმენტი და А-60 ტიპის ექსპერიმენტალური თვითმფრინავიდან გაუშვა მაღალენერგეტიკული ლაზერის სხივი, რომლიც აირეკლა 1 500 კმ-ის სიმაღლის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური აპარატის კორპუსიდან...
ეს იმას ნიშნავდა, რომ პუტინის რუსეთი უბრუნდებოდა „ვარსკვლავური ომების“ სტრატეგიას, თუმცა შემდგომ წლებში А-60-ის გამოყენებით ახალი ლაზერული ექსპერიმენტების ჩატარება შეწყდა, უფრო უსახსრობის გამო და ეს თვითმფრინავი ბოლო წლებია გაუნძრევლად იდგა გიორგი ბერიევის სახელობის საავიაციო ქარხნის საცდელი აეროდრომის კუთხეში, აზოვის ზღვის სანაპიროსთან.
ამ ომთან მიმართებაში, რუსეთმა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება ბევრი არაფერი დაკარგა თავისი ერთადერთი ექსპერიმენტალური А-60-ის აფეთქებით, მაგრამ მეორე მხრი, ვ ეს გახლდათ იმ ლაზერული ტექნოლოგიის დაკარგვა, რომელიც კრემლს შეეძლო მომავალში გამოეყენებინა თავისი სტრატეგიული მიზნების გასაძლიერებლად კოსმოსში...
ტაგანროგ-იუჟნის საცდელ აეროდრომზე საჰაერო შეტევისას უკრაინულმა მხარემ ასევე დააზიანა ბერიევის სახელობის ქარხნის ის უზარმაზარი ანგარიც, რომელშიც Ту-95МСМ დონემდე მოდერნიზაციას უტარებენ რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს...