"27-ევროიანი კი არა, 17-ევროიანი პიჯაკი მეცვა. "ჟუვაჩკას" კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და ცხვირსაც კი ვერ ვგრძნობდი... ვიცინი ამ - კვირის პალიტრა

"27-ევროიანი კი არა, 17-ევროიანი პიჯაკი მეცვა. "ჟუვაჩკას" კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და ცხვირსაც კი ვერ ვგრძნობდი... ვიცინი ამ ყველაფერზე, წერონ და იკითხონ" - რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე?

პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც "ოცნების" წევრი - ეკა ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა. "აი, ეს ხდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე და მერე კიდევ კითხვები ჩნდება, გელათი რატომ გვენგრევა თავზეო... ეკა, კითხვა არ იცი, არ იცი რეგლამენტი, წესები და თანმიმდევრობა, პირველი მოსმენა რა არის, არ იცი და "კევი" მაინც გამოიღე პირიდან, კომიტეტის სხდომა რომ მიგყავს", - წერდა ჟურნალისტი თიკო ერაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოსაც აქვეყნებდა... ჟურნალისტის პოსტმა ოპოზიციური ტელევიზიები და სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა, რასაც ეკა ჭიჭინაძის მიმართ კიდევ ბევრი კრიტიკა მოჰყვა...

ამ ყველაფერთან დაკავშირებით სასაუბროდ თავად ქალბატონ ეკას დავუკავშირდით...

- კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ „ჟუვაჩკას“ კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და ცხვირსაც კი ვერ ვგრძნობდი... ალბათ, იმაზე გადამეკიდნენ, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს აკრედიტაცია შევუჩერე, რომელმაც ჩემი ტელეფონი გადაიღო. ძალიან შეწუხებული ჰყავდა მთელი პარლამენტი, მარტო მე კი არა და - ყველას გაუხარდა, ერთი თვე მაინც დავისვენებთო. მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი. თვითონ კი მომმართავენ ეკათი, შენობით, ძალიან ფამილარულად, მაგრამ უზრდელები არიან, ნუ..

სიმართლე გითხრათ, ძალიან გავერთე, გამოდის, რომ მაგათ რაღაცით ვაღიზიანებ და - ძალიანაც კარგი!

უბრალოდ, მეცოდებიან ახალგაზრდა გოგონები არიან და ახალგაზრდა ადამიანები რომ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ. იყონ ასე, თავად თუ მოსწონთ ჩემი ცხოვრებით იცხოვრონ, პრობლემა არ არის...

გელათის დანგრევაო და კი, ბატონო, რაც უნდათ, ის დააკავშირონ, ბოლოსდაბოლოს ეგეც! ყველამ გაიარა ეს ჯოჯოხეთი მაგათგან და მე აბსოლუტურად არანაირი რეაქცია არ მაქვს. ეგ კი არა, არც ვბრაზდები. ვიცინი ამ ყველაფერზე, ყველას ვაწყნარებ, ვინც განერვიულდა. სულაც არ არის სანერვიულო, მაგათმა რომ მაქონ, მაშინ მართლა ვინერვიულებდი. სანერვიულო ეგ იქნებოდა! რამდენიც უნდათ წერონ და იკითხონ თვითონ.

- თქვენი ძველი ინტერვიუ გამოიტანეს, სადაც თითქოს ამბობთ, ვერ წარმომიდგენია, დილის 9 საათზე ავდგე და სამსახურში წავიდეო... არასოდეს გაუკეთებია რამე და პირდაპირ დეპუტატად დასვესო, ამაზე იყო აქცენტი...

- ყველას შეუძლია გადაამოწმოს, რომ 2014 წლიდან მაქვს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია, - „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“, ძალიან ბევრს ვშრომობდით და ბევრ საქმესაც ვაკეთებდით. არსებობს ამის ისტორია და შეუძლიათ ნახონ, რამდენ სიკეთეს ვაკეთებდით. შეიძლება დილის 9 საათზე არ ვდგებოდი, მაგრამ ახლაც არ იწყება დილის 9 საათზე მუშაობა, რაღაცას ვახერხებ და ნუ ნერვიულობენ ჩემთან დაკავშირებით, იყვნენ მშვიდად!

- 27-ევროიანი პიჯაკი ეცვაო, ეს ფოტოც ახლა დაიდო...

- მეგობარმა მითხრა და მანდ უკვე ჩემს დაკნინებას შეეცადნენ... თუმცა 27-ევროიანი კი არა, 17-ევროიანი პიჯაკი მეცვა. ზუსტად არ მახსოვს, მგონი 27 დაუწერიათ და თუ ეგრე სურთ, იყოს 37-ევროიანიც... ისე კი, ბრენდებიც მიყვარს, რატომაც არა?! მაქვს ჩემი ხედვა, ჩემი გემოვნება. რასაც მინდა, იმას ჩავიცვამ, მაგათ შევეკითხები?!

- ხომ არ გამოიწვია საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად ჩანდით?

- ჰოდა, ძალიანაც კარგი! თუ აიჭრნენ, დარჩნენ აჭრილები, იცხოვრონ ჩემი ცხოვრებით!

მეტი საქმე თუ არ ექნებათ. მაგათი ტოლი კი არა, ალბათ, მაგათ მშობლებზე უფროსი ვარ და ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ, თუ რას ვამბობ, რას ვაკეთებ. კი, ბატონო, სულ ეგრე იყვნენ, სხვისი ცხოვრებით იცხოვრონ, რადგან ეტყობა, თავისი არ აქვთ! მეტის თქმას მე აღარ ვაპირებ!

(სპეციალურად საიტისთვის)