ოლექს გონჩარეკოს სკანდალური წერილი: "უნდა ვაღიაროთ: უკრაინას ამ ეტაპზე რუსეთზე გამარჯვება არ შეუძლია, დღეს არ არის ისტორიის შელამაზების დრო, დადგა ფხიზელი ანალიზის მომენტი"
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია უკრაინის პარლამენტის - ვერხოვნა რადას ფრაქციის „ევროპული სოლიდარობის“ წევრის, დეპუტატ ოლექს გონჩარენკოს წერილი სათაურით: „მე, როგორც უკრაინის სახალხო დეპუტატი, საკუთარი ხალხის წინაშე გულწრფელი უნდა ვიყო“, რომელშიც იგი შექმნილ სიტუაციას აანალიზებს და უკრაინელებს რეალიზმის გააზრებისაკენ მოუწოდებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
"რამდენადაც 2025 წელი უკვე მთავრდება, ხოლო უკრაინის შესახებ მიმდინარე დებატები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება, დროა, დასკვნები გავაკეთოთ. არ შეიძლება მომენტის ხელიდან გაშვება. ჩვენთვის სამშვიდობო მოლაპარაკება უბრალო დიპლომატიური ღონისძიება კი არ არის, არამედ - ქვეყნის გადარჩენის შესაძლებლობაა. აუცილებელია სიტუაციას პატიოსნად გავუსწოროთ თვალი და ერთმანეთი ილუზიებით არ ვანუგეშოთ.
ჩვენი, უკრაინელი პოლიტიკოსების ვალია, ღიად ველაპარაკოთ საკუთარ ხალხს. ძალა იზომება არა მხოლოდ ბრძოლისათვის მზადყოფნით, არამედ - დროულად შეჩერების უნარით - როცა გაცემული მსხვერპლი ისეთია, რომ საკუთარ არსებობას ემუქრება. წინააღმდეგობის გაწევა გამბედაობა და სიმამაცეა, მაგრამ საღი აზროვნების შენარჩუნებაც აუცილებელია.
ასეთ გზაგასაყარზე მდგარმა უკრაინამ მტკიცედ და მკაფიოდ უნდა იმოქმედოს. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ პრაგმატიზმს და რეალიზმს და არა ისეთ ფანტაზიებს და ილუზიებს, როცა სასურველს სინამდვილედ წარმოვსახავთ. ილუზიები შეიძლება ფატალური იყოს. არარეალურ მოლოდინებს შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ ჩვენს ერთადერთ რეალურ შანსს, ტანჯვა-წამების დასასრულებლად. რეალიზმი და სიმართლის აღიარება დამარცხების მოსურნეობა არ არის.
უნდა ვაღიაროთ: უკრაინას ამ ეტაპზე სამხედრო ძალით რუსეთზე გამარჯვება არ შეუძლია. მილიონობით უკრაინელს სურს ომში გამარჯვება, ნამდვილი გამარჯვების მიღწევა, სამართლიანობა და მავანთა პასუხისმგებლობა. ჩვენ ასევე გვინდა, რომ ჩვენი მტერი, ჩადენილი მხეცობისა და ტერორის გამო, მკაცრად იქნას დასჯილი. მაგრამ ჩვენს ობიექტურ სურვილებს თავისი საზღვარი აქვს: დასავლეთის უპრეცედენტო დახმარების მიუხედავად, უკრაინელების თავგანწირული გმირობისა და ურყევი, მტკიცე ნებისყოფის მიუხედავად, ჩვენ მაინც სუსტ მხარედ ვრჩებით.
თავის მხრივ, რუსებიც ვერ იმარჯვებენ. ისინი საფლობში მოხვდნენ. ისინი ჩვენი მიწა-წყლის თითოეულ მეტრს უდიდესი ზარალის ფასად იპყრობენ. მათი სტრატეგია ტერორია: საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, ეკლესიების დაბომბვა და განადგურება. მათ ვერ შეძლეს კიევის დაკავება. და მაინც, მტერი ჩვენზე მუდმივ ზეწოლას ახორციელებს - დრონებით, რაკეტებით, ქვემეხებით, მუდმივი დაძაბულობით, რაც უკრაინული ზეცის შავი ღრუბლებით დაფარვას ნიშნავს. უკრაინა გზაჯვარედინზე დგას, სადაც სიმამაცე და დაღლილობა ერთად არიან, სადაც სტრატეგიას ემოციები ცვლის. სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლოსდაბოლოს, გაჩნდა სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომელიც რთული მოლაპარაკებისა და მძიმე მუშაობის შედეგს წარმოადგენს. მაგრამ ისევ ხაზს ვუსვამ: ჩვენ რეალიზმის საფუძველზე უნდა ვიმოქმედოთ. პროექტის ზოგიერთი დებულება უკრაინისათვის მიუღებელია - ისეთი საკვანძო პრინციპები, რომლებზეც ჩვენს უარს ვერ ვიტყვით.
არის ოთხი მნიშვნელოვანი მომენტი: ტერიტორია, არმია, უსაფრთხოების გარანტიები და ევროპული ინტეგრაცია.
შეთანხმების პროექტში ნათქვამია, რომ უკრაინამ არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობა უნდა შეამციროს 800 ათასამდე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინას სჭირდება პროფესიული თანამედროვე შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერსპექტიული სავარაუდო აგრესიის მოგერიებას შეძლებენ და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის გარანტები იქნებიან - ისე, რომ ვერც ერთი მტერი ვერ გაბედავს ჩვენი საზღვრების დარღვევას. არმიის გარეშე არ არსებობს არც სუვერენიტეტი, არც საზღვრები და არც მომავალი.
აშშ ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც უკრაინისათვის ასეთი გარანტიების უზრუნველყოფა შეუძლია. ამერიკულ გარანტიებს რეალური წონა აქვთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ გეგმას კონგრესში ხმის მიცემის დროს რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს. ამით უკრაინის ბედი მრავალი წლის განმავლობაში იქნება განსაზღვრული.
ასევე დაგაინტერესებთ: "სიტყვის პატრონები არ ხართ, ბევრ ლაპარაკობთ და ცოტას აკეთებთ": შვედი მინისტრის სკანდალური ინტერვიუ - ვის ენანება ფული უკრაინისთვის?!
ევროპული ინტეგრაცია ჩვენთვის კიდევ ერთ ქვაკუთხედად ითვლება. ევროკავშირის წევრობა სიმბოლური მოვლენა არ არის; ევროკავშირშის წევრობა ერთადერთი სტრუქტურული ღუზაა უკრაინისათვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდგრადობის საფუძველი იქნება სამომავლოდ. თავის მხრივ, უკრაინასაც შეუძლია განამტკიცოს ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი. დიახ, ჩვენ აღდგენა გვჭირდება, შემიძლია მტკიცედ განვაცხადო: უკრაინელებს გულწრფელად სურთ ომის შეწყვეტა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, ჩვენ გვინდა შრომა, ინვესტიციები, ბიზნესის განვითარება და მზარდი ეკონომიკა.
ამ მიზეზების გამო, დიპლომატიამ სრული დატვირთვით უნდა იმუშაოს. უკრაინამ უნდა შეძლოს თავისი „წითელი ხაზების“ მკაფიოდ მონიშვნა, თავისი მოთხოვნების წარმოჩენა და მოლაპარაკების ილუზიების გარეშე წარმოება. დღეს არ არის ისტორიის შელამაზების დრო. დადგა საღი და ფხიზელი ანალიზის მომენტი.
წლების განმავლობაში უკრაინელებს დემოკრატიის ზეიმის ზღაპრებს გვიყვებოდნენ, თითქოსდა, მხოლოდ სიტყვებს შეეძლოთ ჩვენი დაცვა. მაგრამ ჩვენ სიტყვები და შეშფოთების განცხადებები კი არ გვიცავდა, არამედ რაკეტები, ტანკები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რაც დღეისთვის არ გვყოფნის და დეფიციტშია. რეალობამ რიტორიკა უნდა შეცვალოს.
უკრაინამ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი დიპლომატიური სტრატეგია: გარკვეული შეზღუდვების აღიარება დამარცხებას არ ნიშნავს.
ის, რაც ამჟამად სჭირდება უკრაინას, ეს არის მშვიდობა - რეალური, არსებითი და მტკიცე მშვიდობა. მხოლოდ მშვიდობის პირობებში შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის აღდგენისათვის უდიდესი ამოცანების შესრულება - ჩვენი ქალაქებისა და სოფლების ხელახალი აშენება, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების განკურნება და უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნება.
მოამზადა სიმონ კილაძემ