ვინ არის თურქეთის #1 მაფიოზი ბარიშ ბოიუნი, რომლის დაჯგუფების წევრები საქართველოში დააკავეს - კვირის პალიტრა

ვინ არის თურქეთის #1 მაფიოზი ბარიშ ბოიუნი, რომლის დაჯგუფების წევრები საქართველოში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1999 წელს დაბადებული ს.თ და 2001 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, დაკავებულები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს, თურქეთში მოქმედი ე.წ. ,,ბარიშ ბოიუნის’’ კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

მათ ბრალი ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში.

„სამართალდამცავებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის არის „მდმა“, „მარიხუანა“, „პრეგაბალინი“ და „გაბაპენტინი“. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები, თურქეთში მოქმედი ე.წ. ,,ბარიშ ბოიუნის’’ კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბარიშ ბოიუნი ქურთული წარმოშობის მაფიოზია. ის 1984 წელს მალათიაში დაიბადა. ბოიუნი თურქეთის ნომერ პირველ მაფიოზად ითვლება. მას საერთო ჯამში 56 ნასამართლეობა აქვს, რომელთაგან 3 მკვლელობისთვის არის. ბოიუნი მძლავრ მაფიოზურ დაჯგუფებას აკონტროლებს, რომელთა სამიზნე მთელი ევროპაა. მისი დანაშაულებრივი ქსელი დაკავებულია ნარკობიზნესით, იარაღით ვაჭრობით და ტრეფიკინგით. ბოიუნმა რამდენიმე წლის წინ გავლენების გაფართოება დაიწყო, მოკლა სერბი მაფიოზი იოვან ვუკოტიჩი და ააფეთქა დაჯგუფება "სარალის" ლიდერი ბურხანეტინ სარალი.

2024 წლის მაისში ბარიშ ბოიუნი იტალიაში დააკავეს. თუმცა ჯერჯერობით თურქეთისთვის არ გადაუციათ, რადგან მიიჩნევენ, რომ მას ქურთული წარმოშობის გამო, იქ წამება ელოდება.