უიტკოფგეიტი: მსოფლიო მასშტაბის სკანდალი - ტრამპის „მომრიგებელი“ პუტინის ინტერესებით მოქმედებს?!
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, სტივ უიტკოფი სერიოზულ სკანდალში გაეხვია, რაც ეტყობა, ადრე თუ გვიან კიდეც უნდა მომხდარიყო...
Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა. ის, ასევე, აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალური წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.
„მე პრეზიდენტს ვუთხარი, რომ რუსეთის ფედერაციას ყოველთვის სურდა სამშვიდობო შეთანხმება. გვექნება სამშვიდობო შეთანხმება. შესაძლოა, 20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება შევადგინოთ, ისევე, როგორც ღაზაში გავაკეთეთ. ჩვენ შევადგინეთ 20-პუნქტიანი ტრამპის გეგმა, რომელიც მშვიდობისთვის 20 პუნქტს შეიცავდა და ვფიქრობ, რომ შესაძლოა, თქვენთანაც იგივე გავაკეთოთ“, - Bloomberg-ის ინფორმაციით, აცხადებს უიტკოფი უშაკოვთან სატელეფონო საუბარში.
Bloomberg-ის ინფორმაციითვე, სატელეფონო საუბრისას უიტკოფმა უშაკოვს ურჩია, თუ როგორ უნდა განეხილა რუსეთის ლიდერს ეს საკითხი ტრამპთან.
„მომისმინეთ. უბრალოდ მინდა, რომ ეს პრეზიდენტ პუტინს უთხრათ, რადგან იცით, რომ პრეზიდენტ პუტინს უდიდეს პატივს ვცემ. იქნებ, მან პრეზიდენტ ტრამპს უთხრას: იცით, სტივმა და იურიმ განიხილეს ძალიან მსგავსი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და, ჩვენი აზრით, ეს შეიძლება იყოს ისეთი რამ, რამაც შეიძლება ცოტათი შეცვალოს სიტუაცია, ჩვენ ღია ვართ ასეთი საკითხებისთვის - შევისწავლოთ, რა არის საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ახლა, თქვენთან საუბრისას, ვიცი, რა არის საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად: დონეცკი და, შესაძლოა, მიწების გაცვლა სადმე. მაგრამ მე ვამბობ, რომ ასე საუბრის ნაცვლად, მოდი, უფრო იმედიანად ვისაუბროთ, რადგან ვფიქრობ, რომ აქ შეთანხმებას მივაღწევთ. ვფიქრობ, რომ იური პრეზიდენტი მომცემს დიდ სივრცეს და დისკრეციას შეთანხმების მისაღწევად. ასე რომ, თუ ამის შემდეგ იურისთან საუბრის შესაძლებლობას შევქმნით, ვფიქრობ, ამან შეიძლება დიდ წარმატებამდე მიგვიყვანოს“
ამ წინადადებაზე უშაკოვი პასუხობს: „კარგი, კარგად ჟღერს. კარგად ჟღერს.“
ამის შემდეგ უიტკოფი უშაკოვს ახსენებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჩადის და სთავაზობს წინადადებებს ვიზიტამდე ტრამპ-პუტინის სატელეფონო საუბრის დაგეგმვის შესახებ.
„იმ შეხვედრაზე წავალ, რადგან მათ ჩემი იქ ყოფნა სურთ, მაგრამ ვფიქრობ, თუ შესაძლებელია, შეხვედრამდე თქვენს ხელმძღვანელს დავუკავშირდეთ“, - აცხადებს უიტკოფი, რაზეც უშაკოვი პასუხობს: „კარგი, კარგი. შენი რჩევა მივიღე. ასე რომ, ამას ხელმძღვანელთან განვიხილავ და შემდეგ ისევ დაგიბრუნდები“.
თუ საიდან მოიპოვა Bloomberg-მა უიტკოფ-უშაკოვის სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც, წესით, დახურული კავშირით უნდა განხორციელებულიყო, ამას გამოცემა არ აკონკრეტებს,ასევე უცნობია, რამდენად ავთენტურია ისინი, მაგრამ ის, რომ არც ერთი მხარე დიდად არ აპროტესტებს, საქმე სიმართლესთან უნდა გვქონდეს...
რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ყველაფრიდან?
მხოლოდ ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ფაქტობრივად, რუსეთის პრეზიდენტის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად, სამშვიდობო გეგმის მომზადების პროცესში, რაზეც მას, სავარაუდოდ, თავად პრეზიდენტ ტრამპისგან სრული კარტ-ბლანში ჰქონდა მიცემული, რაზეც მეტყველებს თავად დონალდ ტრამპის კომენტარიც -„იცით, ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა. ვფიქრობ, ის იგივეს ეუბნება უკრაინას“, - აღნიშნა ტრამპმა.
თუკი ტრამპის ადმინისტრაცია სხვა მოლაპარაკებებსაც ამ სტილში ახორციელებს, მაშინ ამერიკელებს თანაგრძნობა სჭირდებათ, რომ მათი ზესახელმწიფოს სათავეში ასეთი პოლიტიკოსები უდგანან...
როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არ ვცდებოდით, როდესაც ამავე ბლოგის გასულ სტატიებში (როდესაც ჯერ კიდევ უცნობი იყო სტივ უიტკოფის ეს სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები) ამას ვწერდით:
„...ის, რომ სტივ უიტკოფი, ტრამპის პირადი ნდობით აღჭურვილი პირი, ძალიან იხრება რუსეთისკენ და ითვალისწინებს კრემლის ინტერესებს, ვეღარც იმალება. სწორედ უიტკოფი გახლდათ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო სტუმრობაზე თეთრ სახლში, მას უმტკიცებდა, - დათმეთ უკრაინელებმა დონბასი, იქ ხომ მხოლოდ რუსულენოვანი მოსახლეობა დარჩაო...
თავიდან პრეზიდეტმა ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებელი პროცესების წარსამართავად ორი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა - სტივ უიტკოფი და გადამდგარი გენერალი კიტ კელოგი. უიტკოფს, რომელიც მანამდე დიდი ბიზნესით იყო დაკავებული და აქედან დაუახლოვდა ტრამპს, სამშვიდობო მოლაპარაკებების არავითარი გამოცდილება არ ჰქონია, განსხვავებით გენერალ კელოგისგან, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ასპექტებში მაინც ერკვეოდა.
მოლაპარაკებების პროცესში გენერალი კელოგი რაღაცნაირად ჩრდილში აღმოჩნდა და მთავარ ფიგურად სწორედ უიტკოფი იქცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო კრემლის დაჟინებული მოთხოვნა, რომ ამერიკელი გენერალი არ ყოფილიყო ჩართული ამ პროცესებში, რაც თეთრმა სახლმა, კერძოდ კი, პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულა კიდეც და მოლაპარაკებები მთლიანად მიანდო პოლიტიკურ თამაშებში სრულიად გაუთვითცნობიერებელ, მაგრამ, სამაგიეროდ, მეგობარ უიტკოფს...
ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინელებმა რუსებს ბერიაშვილის ქარხანაში ერთადერთი „ლაზერულქვემეხიანი“ თვითმფრინავიც აუფეთქეს
უკრაინელების წარმატებული დარტყმები ფრონტსა და ანექსირებულ ყირიმში...
უიტკოფის გამოუცდელობაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან რამდენიმესაათიანი პირადი შეხვედრის შემდეგ ის ისე მოიხიბლა პუტინის პიროვნებით, რომ ეს პრესასაც კი ვერ დაუმალა, მაშინ როდესაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული მხარეების შესაჩერებლად თუკი კისრულობ მომრიგებლის როლს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოამჟღავნო პირადი სიმპათიები ერთ-ერთის მიმართ, ეს ხომ დაუწერელი კანონია?!“
და კიდევ ამასაც -„სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ ომის შესაჩერებლად და იცით რატომ?
იმიტომ, რომ ეს 28-პუნქტიანი გეგმა სინამდვილეში ტრამპისას კი არა, არამედ - სწორედ პუტინისას წარმოადგენს, შემუშავებულს მოსკოვში და პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრევის ხელით გადაცემულს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლისთვის, სტივ უიტკოფისთვის, რომელიც ამ მოლაპარაკებებში ღიად იხრება რუსეთის მხარეს და მანაც ამ სახით გადასცა ის პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც, დიდი ალბათობით, შეიძლება ბოლომდე არც კი წაუკითხავს ეს 28 პუნქტი და კატეგორიულად ისე მოსთხოვა მისი 27 ნოემბრამდე უპირობოდ მიღება ოფიციალურ კიევს...“
„მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის შემოჭრას და სურს უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის, გამარჯვება, ცხადია, რომ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს“, - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, დონ ბეიკონი და დასძენს -„მას არ შეიძლება ამ მოლაპარაკებების წარმართვა ანდო. ნუთუ რუსი ანაზღაურებადი აგენტი მასზე ნაკლებს გააკეთებდა? ის უნდა გაათავისუფლონ”, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.