"ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი საეჭვოდ ჩაიშალა...ეს სტადიონის მშენებლობა თავიდანვე კორუფციული პროექტი იყო" - რომან გოცირიძე
" ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი საეჭვოდ ჩაიშალა", - ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"სტადიონის მშენებლობა თავიდანვე კორუფციული პროექტი იყო. იგი უნდა აშენდეს აეროპორტთან ახლოს, ლუგარის ლაბორატორიის გვერდით არსებულ სახელმწიფო მიწაზე, სადაც ამისთვის საკმარისი ტერიტორია არ არის. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში მის აშენებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აპირებდნენ. მთავრობამ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიას გამოისყიდიან. როგორც ჩანს, თავიდანვე მისი აშენება უნივერსიტეტის კუთვნილ 10 ჰექტარ მიწაზე ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაშინ, როცა ეს ტერიტორია უცხოელი ინვესტორის საკუთრება იყო. აქ უკვე აშენებულია რამდენიმე საუნივერსიტეტო კორპუსი. მათი მშენებლობა თურქული წარმოშობის გერმანელმა ინვესტორმა შეაჩერა იმ ზეწოლის გამო, რასაც ხელისუფლება ამ უნივერსიტეტის მიმართ ანხორციელებდა. უნივერსიტეტის უცხოელ მესაკუთრეებს წლების განმავლობაში საქართველოში არ უშვებენ. ერთ-ერთი მათგანი თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
შარშან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთავრობის ზეწოლით გაიყიდა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, არა ამ ტერიტორიის განათლების მიზნით განსავითარებლად, არამედ ახალი სტადიონის ასაშენებლად. თავიდანვე ნავარაუდევი ჰქონდათ ახალი მფლობელებისაგან უნივერსიტეტის ტერიტორიის მთავრობის მიერ გამოსყიდვა.
ამ სქემის უკან იდგა ირაკლი ღარიბაშვილი. იგი ახორციელებდა ზეწოლას უნივერსიტეტის თურქ მესაკუთრეებზე და ამას თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით ხსნიდა. სტადიონის მშენებლობის ღარიბაშვილის იდეა და მიწებთან დაკავშირებული საეჭვო სქემები მისი პოსტიდან განთავისუფლებისა და მასზე წამოწყებული სამართლებრივი დევნის შემდეგაც სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა.
ტენდერი გუშინ ჩაიშალა. მიზეზი ის არის, რომ ვისაც უნდა გაემარჯვა, იმ კომპანიის მიერ გამოცხადებული ღირებულება იმაზე მაღალი აღმოჩნდა იმათ ფასთან შედარებით, ვისაც არ უნდა გაემარჯვა. ეს უკანასკნელი, ანუ ვისაც არ უნდა გაემარჯვა, თურქულ-აზერბაიჯანული კომპანიაა. როგორც ჩანს, ვერ აუღეს ალღო აქაურ ვითარებას და იქ ამოყვეს თავი, სადაც მათი ადგილი არ იყო.უფუნქციო, მკვდრადშობილი სტადიონი, რომლის აშენება სატენდერო პირობებით 876 მილიონი ლარად არის შეფასებული, სინამდვილეში ბევრად მეტი დაჯდება. ასე ხდება ყველა დიდი პროექტში. მაგალითად, ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე ზუსტად ორჯერ მეტი დაიხარჯება თავდაპირველთან შედარებით, ახალი სპორტის სასახლის მშენებლებს 30 პროცენტით მეტი გადაუხადეს იმასთან შედარებით, ვიდრე მათი სატენდერო მოთხოვნა იყო.
ეს აპრობირებული კორუფციული სქემაა. ასეთი სქემები უდევს საფუძვლად მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების დაჭერების იმ კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს. კორუფციის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ ივანიშვილს რატომღაც ახლა დასჭირდა ამ კამპანიის აგორება.როცა მომავალი წლის ბიუჯეტით პენსია 20 ლარით, ორი კოლოფი სიგარეტის ღირებულების ტოლფასად იზრდება, მილიარდი ლარის ღირებულების ბეტონის კორუფციის ბუდის მშენებლობის დაწყება დანაშაულია. საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ბიუჯეტიდან ამ რაოდენობის თანხის გაღება ძალიან პრობლემური გახდება. ამიტომ, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ავანტურისტული გეგმა საერთოდ ჩაიშალოს.“დინამოს” სტადიონის გამაგრება და რეაბილიტაცია ათჯერ იაფი დაჯდება. სჯობია ამაზე იფიქრონ", - წერს გოცირიძე.