"ბიოლოგიურმა დედამ სამჯერ თქვა უარი ჩემზე... იმდენად აგრესიული იყო, როდესაც დნმ-ის დადებითი პასუხი მოვიდა, ისეთი რაღაცები მითხრა, ისე გამლანძღა, რომ ეს იყო წარმოუდგენელი..."
ალბათ მთელი საქართველო ელოდა თამუნა მუსერიძის დედასთან შეხვედრას, როდესაც მან ის 8-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ჟურნალისტი და ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი ვენაში იყო ჩასული ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად. მასთან შეხვედრამდე დეიდაშვილებს შეხვდა და აღნიშნა, რომ მისი ორივე მშობელი მეგრელი აღმოჩნდა:
"დედა არის კეკელია და ჯიხაშკარიდან. მამა ზუგდიდიდანაა. დედითაც მეგრელი ვარ და მამითაც. დედას მძიმე დაავადება აქვს. ამიტომ ვერ ჩამოვდიოდი ეს თვეები და ვერ ვნახულობდი, კლინიკაში იყო".
შეხვედრის შემდეგ კი ვიდეო ჩაწერა, სადაც ჰყვებოდა დედასთან შეხვედრის შესახებ:
"პირველ რიგში ვიტყვი, რომ მე არ ვარ მოპარული ბავშვი... ჩემი ცხოვრების გადასარჩენად ვერ ვიტყვი ამას... მე გამაშვილეს. მამა იყო ცოლიანი მამაკაცი, ჰყავდა ორი შვილი. დედა იყო 21 წლის და მოხდა ეს... მესმის მაშინდელი მდგომარეობა. 80-იან წლებში ბავშვის უმამოდ გაჩენა იყო წარმოუდგენელი და ამ ამბავს ვიღებ ჩვეულებრივ... დედასთან შეხვედრის ვიდეო არ დავდე, რადგან მას არ სურს გამოჩენა. მას სიმსივნე აქვს მძიმე ფორმებში. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა... არც კონტაქტი... ღმერთია მოწამე, რომ მაქსიმალურად ვეცადე, აქამდე არ მეთქვა ეს ფაქტი... და კიდევ, მამამ არათუ ჩემი არსებობა, არამედ ორსულობაც კი არ იცოდა... დედას სხვა შვილი აღარ გაუჩენია..."
დედის მონათხრობის თანახმად, მას და თამუნას ბიოლოგიურ მამას ბევრი საერთო მეგობარი და ნაცნობი ჰყავდათ, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა თავყრილობაზე და მათი ურთიერთობაც სრულიად შემთხვევით მოხდა... თამუნა ამბობს, რომ დედამისისთვის პირველ რიგში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სახელს, საზოგადოებრივ აზრს, ამიტომ მას არც კი უფიქრია ბავშვის დატოვებაზე. არათუ დატოვებაზე, სახელიც კი არ დაურქმევია მისთვის იმ ათი დღის განმავლობაში, რაც თამუნა მის გვერდით იყო. ის არც დღეს ნანობს ამ ფაქტს და დღესაც არ აქვს სურვილი ბიოლოგიურ შვილთან ურთიერთობის. თამუნას თქმით, დედამ ისიც კი სთხოვა, ეთქვა, რომ მოპარულია, რათა მისი სახელი არ შებღალულიყო...
მას არც მერე გაუჩენია შვილი.