"არ მინდა ჩემი თავი "გავაპრავო", მე იმდროინდელ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ..." - რას იხსენებს დიმიტრი სანაკოევი და რა რეაქცია ჰქონდათ ცხ - კვირის პალიტრა

"არ მინდა ჩემი თავი "გავაპრავო", მე იმდროინდელ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ..." - რას იხსენებს დიმიტრი სანაკოევი და რა რეაქცია ჰქონდათ ცხინვალში "დროებითი ადმინისტრაციის" გაუქმებაზე

"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა გააუქმოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი­ ადმინისტრაცია, რომელიც 2006 წელს სამხრეთ­ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის საპირწონედ შეიქმნა. ასევე­, აღარ უნდა გამოვიყენოთ ტერმინი "სამხრეთი ოსეთი"­... პარლამენტის თავმჯდომარე შალვა­ პაპუაშვილის თქმით, დროებითი ადმინისტრაციის შექმნა და ტერმინ "სამხრეთ ოსეთის" გამოყენება არის არაკონსტიტუციური და უდიდესი ღალატი.

რა თქვა შალვა პაპუაშვილმა

"სააკაშვილმა ხელოვნურად აღადგინა­ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური­ ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რომელიც 1990 წელს უკვე გაუქმებული იყო. ამას შემდეგ ერთ-ერთი ხელშემწყობი როლი ჰქონდა 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისთვის და საქართველოს ისტორიული რეგიონის, სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის... "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ "სამხრეთ ოსეთის" ტერმინის თუნდაც ირიბად გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციისა და ეროვნული ინტერესების ღალატი. არანაირი "სამხრეთ ოსეთი" ქართულ პოლიტიკურ ან სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს. ამიტომ მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის,­ ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით იქნენ არჩეული 2006 წელს.

დროებითი ადმინისტრაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან გაუქმდება. "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში უკვე შეიტანა ინიციატივა, რომ გაუქმდეს ორი კანონი: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ" და "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ". ამ ორი კანონის გაუქმებით უქმდება დროებითი ადმინისტრაცია. პაპუაშვილის განცხადებამ რეაქცია გამოიწვია თბილისშიც და ცხინვალშიც. ცხინვალში დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება მოიწონეს, თუმცა აღშფოთდნენ, რომ უქმდება ტერმინი "სამხრეთი ოსეთი".

"მიუხედავად თბილისიდან მომდინარე­ გარკვეულწილად შემრიგებლური ტონალობისა, ოფიციალურ დღის წესრიგში კვლავ ვაფიქსირებთ გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და შეფასებითი მსჯელობის გამოყენებას, "რუსული ოკუპაციის" შესახებ ბრალდებებს და ა.შ... მიუხედავად ამისა, მორიგ ჯერზე მოვუწოდებთ საქართველოს­ ხელისუფლებას, რეალურად აღიქვას ის პოლიტიკური სინამდვილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბდა", - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ახლა გაიძახიან, "სამხრეთი ოსეთი" არასწორიაო, მაგრამ...

დიმიტრი სანაკოევი, დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2006-2022 წლებში: - 2006 წელს სხვა სიტუაცია იყო, დღეს სხვა არის. მაშინ ვიღა­ცები ცხინვალში­ არჩევნებს ატარებდნენ,­ რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმს აპირებდნენ, თუმცა­ იქ მარტო ის ოსები არ ცხოვრობდნენ, ვისაც­ რუსეთი სურდა,­ ქართველებიც ცხოვრობდნენ და ის ოსებიც,­ ვისაც რუსეთი არ უნდოდა. ამიტომ გადაწყდა ალტერნატიული არჩევნები და შემდეგ დროებითი ადმინისტრაციის შექმნა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ვაკონტროლებდით, მათ შორის ახალგორში, რომელიც დღეს ოკუპირებულია. ეს არჩევნები კანონში მაშინაც არ ჯდებოდა.­ ოფიციალურად და კანონით არც არაფერი ჩატარებულა. შორიდან რომ შევაფასოთ, შეიძლება შეცდომაც იყო, შეიძლება - არა. არ მინდა ჩემი თავი "გავაპრავო", მე იმდროინდელ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვიღებ. სახელმწიფოებრივად, ვფიქრობ, რომ არ იყო საჭირო ალტერნატიული არჩევნები­, თუმცა "სამხრეთ ოსეთის" დროებითი ადმინისტრაციის შექმნა ადამიანურად შეიძლება­ სწორი იყო...

ახლა გაიძახიან, რომ "სამხრეთი ოსეთი"­ არასწორია და სწორია "სამაჩაბლო", მაგრამ მთლად ასე ხომ არ არის?! ხალხისთვის­ შეიძლება იყოს სამაჩაბლო, მაგრამ სტრუქტურულად სხვანაირადაა. სამაჩაბლო, როგორც სახელმწიფო ტერმინი, არსად არ არსებობს, არც ჩვენს კონსტიტუციაში. 1922 წელს ბოლშევიკებმა შექმნეს­ სამხრეთ ოსეთის­ ავტონომიური­ ოლქი და შემდეგ ეს სახელწოდება­ ჩაჯდა­ ოფიციალურ­ ტერმინოლოგიაში. დღეს ოკუპირებული რაც არის, იმ ტერიტორიის­ უდიდესი ნაწილი არ ეკუთვნოდა მაჩაბლებს,­ ცხინვალის, ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონები სამაჩაბლო არ არის.

- ალბათ, გაქვთ ურთიერთობები ცხინვალთან. იქ რა გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ?

- დროებითი ადმინისტრაციის გაუქმებას პოლიტიკის დონეზე მიესალმებიან, თუმცა ნეგატიური რეაქცია მოჰყვა იმას, რომ ტერმინად "სამაჩაბლო" გამოაცხადეს. ადმინისტრაციის გაუქმება ეწყინა რიგით მოსახლეობას - მათ, ვინც სარგებლობდა საქართველოს ჯანდაცვის პროგრამებით და მკურნალობდა. დროებითი ადმინისტრაცია ეხმარებოდა მათ და ახლა არ იციან, ვის მიმართონ. მე ახლა დევნილთა სააგენტოში ვმუშაობ. ვფიქრობ, ჯანდაცვის პროგრამები არ უნდა დაიხუროს, რაიმე ოფისი უნდა შეიქმნას, სადაც იგივე ხალხი დასაქმდება. ჯანდაცვის სამინისტრო ამას ვერ მოაგვარებს. ადამიანებისთვის, რომლებსაც ქართული ენა საერთოდ არ ესმით, დამაკავშირებელი რგოლი იყო დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც საბუთების პრობლემებს უგვარებდა, ახდენდა მათ იდენტიფიკაციას... ამ წლების განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიების­ მოსახლეობის ნახევარმა გაიარა ჩვენი ჯანდაცვის პროგრამები, ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ.

"ამ განცხადებაზე ცხინვალში დიდი რეაქცია არ ჰქონიათ"

ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია­ "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე: - დროებითი ადმინისტრაცია თავიდანვე შეიქმნა იმ ტერიტორიის მართვისთვის, რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონო­მიური ოლქის ყოფილი ტერიტორია­ იყო და რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით. 2008 წლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე კონტროლი დაიკარგა და ბუნებრივია, ასეთი ორგანოს არსებობა საჭირო აღარ იყო, ამიტომ სამართლებრივად გასაუქმებელი იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ეს ცუდი გზავნილია. ჟენევის მოლაპარაკებებში დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო წარმოდგენილი. ალბათ, ახლა ლიახვის ხეობის­ წარმომადგენლებს ჩართავენ. ვიცით, რომ ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები აგრძელებენ ფუნქციონირებას, მაგრამ ეს მთლიან პრობლემებს ვერ ასახავს, იმიტომ, რომ ცხინვალი არის მთავარი რაიონი, ცხინვალიდან დევნილები წარმოადგენენ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და შემდეგ მოდის შემადგენელი სოფლები და თემები.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ განცხადებაზე ცხინვალში დიდი რეაქცია­ არ ჰქონიათ. მე ქარიშხალს ველოდი. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვისაა გამიზნული, დროებითი ადმინისტრაციული­ ერთეულის გაუქმებას კი მიესალმნენ. ჩემი აზრით, ტერმინის გაუქმება ხელის შემშ­ლელი ფაქტორი­ იქნება როგორც საერთა­შორისო, ისე შიდასამოქალაქო ორგანიზაციების დონეზე.­ არაფორმალური შეთანხმება გვქონდა, რომ ვიყენებდით ორივე­ ტერმინს - ე.წ. სამხრეთი ოსეთი და ცხინვა­ლის რეგიონი. გვითხრეს, რომ ეს ტერიტორია სამაჩაბლოა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პირველ რიგში, პოლიტიკიდან ამოვიდეთ - "სამაჩაბლო" ასოცირდება გამსახურდიას პერიოდში შემოტანილ ტერმინთან, რომელიც დაკავშირებულია ოსების იმდროინდელ შევიწროება­-დევნასთან და ნეგატიურად აღიქმება, თანაც, არასწორი გეოგრაფიული დასახელებაა. "სამაჩაბლო" მომდინარეობს მაჩაბლის სათავადოდან, რომელიც მოიცავს დიდი ლიახვის მცირე ნაწილს და პატარა ლიახვის ხეობაში ერედვს. რამდენიმე სოფელზეა საუბარი. ამდენად, ეს ტერიტორია კონფლიქტის არსს არ ასახავს და ამას ვერავინ დაამკვიდრებს.

წაიკითხე ვრცლად