"ვიღაცას რაღაც არ მოეწონა და გადაწყვიტა, რომ როგორც ერთეულს არ უნდა მეარსება" - რას ჰყვება მაია ბარათაშვილი?
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის" ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს" მორიგი სტუმარია მომღერალი, თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი მაია ბარათაშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს" სრული ვერსიის ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ლილიკო:
- კარიერის გარიჟრაჟზე, წარმოიდგენდით, რომ დიდი საკონცერტო დარბაზის წინ თქვენი ვარსკვლავი გაიხსნებოდა? რას განიცდით ახლა, როდესაც ეს ვარსკვლავი უკვე არსებობს?

- როდესაც პატარა გოგონა ვიყავი, ასე 8-9 წლის, ძილის წინ ვდგამდი ხოლმე ვინილის ფირფიტას, რომელზეც ელა ფიცჯერალდი იყო ჩაწერილი, ის ჩიკ ვების ბენდთან მღეროდა. მერე თვალებს ვხუჭავდი, წარმოსახვით ელა ფიცჯერალდი კადრიდან გადიოდა და საკუთარ თავს ვაყენებდი ჩიკ ვების ბენდთან ფრონტალურ სცენაზე და ეს იყო პატარა გოგოს ძალიან დიდი ოცნება. არ ვიცოდი, ის განხორციელდებოდა თუ არა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანს როცა დიდი სურვილები აქვს, იმ სურვილების ვიზუალიზაციას ახდენს და ასე ჩვენი ფიქრები მატერიალური ხდება. გავიდა 20 წელიწადი და მართლა გავხდი თბილისის საკონცერტო ორკესტრის თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი. ასე რომ, ეს ოცნება ამიხდა. პარალელურად აქტიური საკონცერტო ცხოვრება მქონდა. მოვხვდი „დათოს ჯაზ-კლუბში,“ სადაც ყველაფერი დაიწყო და 2020 წელს ფილარმონიის წინ გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი. ასე რომ, არასდროს შეგეშინდეთ ოცნების, ყოველთვის წარმოიდგინეთ ის, რისი მიღწევაც გინდათ და თუ ეს ღმერთის ნებაც არის, ღმერთი აუცილებლად აგიხდენთ სურვილს და ოცნებას.

ვინი:
- როგორ ფიქრობთ, ბევრი კრიტიკოსი გყავთ? როგორია თქვენი დამოკიდებულება კრიტიკოსების მიმართ?
- რა თქმა უნდა, ხელოვან ადამიანს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. როდესაც სცენაზე, 10.000-ობით ადამიანის წინაშე გაშიშვლებული ნერვივით მგრძნობიარე გამოდიხარ, თითოეული შენი ქმედება გამადიდებელ ლუპაში გადის. არ შეიძლება, ყველას მოსწონდე, იქ არის პროფესიონალების, ასევე ჩვეულებრივი მსმენელის აზრი, იმასაც ვუშვებ, რომ შეიძლება იყოს ადამიანების ჯგუფი, ვისაც შესაძლოა არ მოსწონდეს ის, რასაც აკეთებ. მაგრამ ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ორბიტაზე ვარ და ვმუშაობ, საწინააღმდეგოს დამადასტურებელია, რომ არის ჯგუფები ადამიანებისა, რომელთაც მოსწონთ ის, რითაც ვარ დაკავებული... თუკი კრიტიკა არის დელიკატური, პროფესიონალისგან სწორადაა მოწოდებული და არ ემსახურება ადამიანის დემოტივაციას, მაშინ ის პროფესიონალს უკეთესს გახდის.

ასეთი კრიტიკა ძალიან მიყვარს... მქონია შემთხვევა, როდესაც უკვე გამიცნეს, ვიღაცას რაღაც არ მოეწონა და გადაწყვიტა, რომ როგორც ერთეულს არ უნდა მეარსება. ბევრი ეცადა, ეს განეხორციელებინა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ამაში „მოგზაურობა“. ისიც საინტერესო აღმოჩნდა, როგორ დავძლიე ეს ამოცანა და როგორ გამოვიყენე ის სიტუაცია ტრიგერად. ამიტომ, ვინც რაც არ უნდა გითხრათ, არავის მისცეთ უფლება, დაგიშალოთ ის, რაც გსურთ, პროფესიაში აკეთოთ. ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის და დაეკითხეთ პედაგოგებს, აკეთეთ თქვენი საქმე, რომელსაც თქვენთვის დიდი სიხარული მოაქვს.

თეა:
- ვინ აღმოაჩინა თქვენში მომღერალი და ვინ შეუწყო ხელი ამ უნარის თქვენში განვითარებას?
- მშობლებმა. დედა ძალიან კარგად მღეროდა. ბებიას ჰქონდა არაჩვეულებრივი კოლორატურული სოპრანო. დედა რომანსებს შესანიშნავად მღეროდა, - პროფესიონალურ სცენაზე იდგა. მაქვს ფოტო, სადაც ინოლა გურგულიას და რევაზ თაბუკაშვილის გვერდზე დგას. სხვათა შორის, ეს ფოტოსურათი ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ მაჩვენა. მიუხედავად ამისა, ის იყო ექიმი და გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩა პროფესიაში, მაგრამ მე მახსოვს მისი სიმღერა. მუსიკაზე დედამ და ბებიამ მიმიყვანეს. პირველი ჩემი პედაგოგი მეზობელი იყო, რომელმაც ჩემი რიტმი განავითარა. შემდეგ იყო მე-16 მუსიკალური სკოლა და მედიკო ჩხეტიანი, მასთან 7 წელიწადი დავდიოდი და იმ პერიოდის ძალიან მადლობელი ვარ. მუსიკალურ სკოლაში განვლილმა წლებმა ძალიან დიდი საფუძველი მომცა. შემიძლია როიალთან დავჯდე და საკუთარ თავს გარკვეულ ნაწარმოებებში აკომპანირება გავუკეთო... ამას მოჰყვა ის სურვილი, რომელიც არ მასვენებდა და ასე წინ-წინ სიარულით აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ.

ბაიკო:
- ინტრიგები, სკანდალები ნებისმიერ სფეროს ახლავს, გაკვირდებით და თქვენ შემთხვევაში მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ. ამას როგორ ახერხებთ?
- არ მიყვარს საერთოდ პირადი ცხოვრების გარეთ გამოტანა. მიმაჩნია, რომ ოჯახში რაც ხდება, ის იქვე უნდა დარჩეს, თუკი ეს არ არის ძალადობრივი ქმედებები და ადამიანს საფრთხე არ ემუქრება.
ვფიქრობ, თავად უნდა მოვერიოთ საკუთარ დემონებს და საქმიანმა ადამიანმა საჯაროდ არ უნდა გამოიტანოს პირადი ცხოვრება. არასდროს, არც ერთი ტელეკომპანიისთვის, არც ბეჭდური მედიისთვის მიმიცია საფუძველი, რაღაც სკანდალური დაეწერათ. თუმცა ეს ერთ-ერთი მეთოდია არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც, რომ ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მე ეს არ მჭირდებოდა, ზუსტად იმდენად ვარ ყურადღების ცენტრში, რამდენადაც საჭიროა. ამაში მეხმარება მუსიკა, ის, რომ მიყვარს ჩემი საქმე და რომ ვცდილობ, არ ვიყო სტაგნატური.

დავითი:
- ოჯახი, სადაც გაიზარდეთ, როგორი იყო და უმთავრესი რა არის, რაც იქიდან ცხოვრებაში მოგყვებათ?
- გავიზარდე ბებიასთან. დედა და მამა მუშაობდნენ. დედა სტომატოლოგი გახლდათ, მამა - იურისტი. პირველი ჩემი შთაბეჭდილება 11 წლის განმავლობაში იყო არაჩვეულებრივი მერი ნიკალაევნა, რომელიც მასწავლიდა რუსულს და ფრანგულს. რუსული მოასწრო და ფრანგული - ვერა, მაგრამ ერთი პატარა ლექსი მაინც დამრჩა ფრანგულად და ხშირად ვიხსენებ ხოლმე. ოჯახში იყო ძალიან დიდი სიყვარული, დიდი რიდი... მამის და დედის სიტყვა კანონი იყო, მაგრამ თავს თავისუფლად ვგრძნობდი ბებიასთან.