შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი - მისი სიგრძე 2 კილომეტრი იქნება
„სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი,“ - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ხუდათიანმა, საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს. მინისტრები ადგილზე გაეცნენ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოებს.
„პროექტი მოიცავს 4.5 კმ-იანი ახალი, ორზოლიანი გზის, ორი ხიდისა და ორი გვირაბის მშენებლობას. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ერთ-ერთი გვირაბის გაჭრა და მიმდინარეობს ხიდებისთვის საძირკვლებისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი — 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის საინჟინრო კონსტრუქცია, რომლის მოწყობა განსაკუთრებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს".