როგორ მოაწყვეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თბილისი-მოსკოვის "საჰაერო ხიდი" და რატომ ეთამაშებოდა "კა-გე-ბე" ქართველ დისიდენტებს კატა-თაგვობანა - კვირის პალიტრა

როგორ მოაწყვეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თბილისი-მოსკოვის "საჰაერო ხიდი" და რატომ ეთამაშებოდა კა-გე-ბე ქართველ დისიდენტებს კატათაგვობანას?!

ჩვენი ბლოგის სპეციფიკიდან გამომდინარე, არც საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების დროული ანალიზი უნდა გამოგვრჩეს და არც სპეცსამსახურების შორეული ოპერაციების შესწავლა/დასკვნების გამოტანა დაგვავიწყდეს. ამიტომაც ვცდილობ, შეძლებისდაგვარად პროპორციები დავიცვა ძველსა და ახალს შორის. თუმცა სპეცსამსახურების ოპერაციებს მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „ძველი“, მართებული იქნება, ისინი „ისტორიულ“ და არქივში საგულდაგულოდ გადანახულ ოპერატიულ-აგენტურულ საქმეებად მოვიხსენიოთ, რომელთაც კვლავ არ დაუკარგავთ ოპერატიული მნიშვნელობა. მათი „ავი გამოძახილი“ ხომ ათწლეულების შემდეგაც ანგრევდა და ანგრევს საქართველოს ერთიანობას!

დღეს 1970-იანი წლების დასაწყისში დაგეგმილ და განხორციელებულ კა-გე-ბეს „ოპერატიულ თამაშებსა“ და ხაფანგში გაბმულ ქართველ დისიდენტებზე განვაგრძოთ ანალიზი-საუბარი. ბოლოს კი შევეცდები რიტორიკულ შეკითხვას: „ რატომ ვერ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე?“, - კონკრეტული პასუხი გავცე. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია1993 წელს დაწერილ „ავტობიოგრაფიაში“ ვრცლად საუბრობს დისიდენტურ წარსულზე. საქართველოს პირველი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 1960-იანი წლების ბოლოდან ჰქონდა კონტაქტები მოსკოველ და ლენინგრადელ დისიდენტებთან. თუმცა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ ზოგიერთი დისიდენტი დააპატიმრა, ხოლო ნაწილი იძულებით ემიგრაციაში გაგზავნა, ეს კონტაქტები დაიკარგა და მხოლოდ 1972 წლის დამდეგიდან შეძლო მან ახალი კონტაქტების დამყარება ცნობილ საბჭოთა უფლებადამცველებთან, კერძოდ ა.სახაროვთან, ი.შაფარევიჩთან, ვ.ჭალიძესთან, ს.კოვალიოვთან, ა.გინზბურგთან და სხვ. იმ პერიოდში ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ „საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი“ შექმნეს.

photo-1764312922.jpg

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა

საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პირველ არალეგალურ საინფორმაციო გამოცემა „მიმდინარე მოვლენათა ქრონიკას“, რომელიც 1968 წლის აპრილიდან ფარულად იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა რუსი ფილოლოგისა და პოეტის, ნ. გორბანევსკაიას (1936-2013) ინიციატივითა და ავტორობით (ის მბეჭდავიც თვითონ იყო და რედაქტორიც). „სამიზდატის“ ბიულეტენს, „მიმდინარე მოვლენების ქრონიკას“, ნ. გორბანოვსკაია საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა და შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად ფარულად ავრცელებდა. პირველი ათი ბიულეტენი სწორედ ნ. გორბანევსკაიას რედაქტორობით დაიბეჭდა. 1969 წლის 24 დეკემბერს ის დააპატიმრეს და ოთხი თვის შემდეგ მოსკოვის სასამართლომ ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა.

photo-1764312959.jpg

ნატალია გორბანევსკაია

სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგაც ის აქტიურად აგრძელებდა დისიდენტურ მოღვაწეობას. 1975 წლის 24 დეკემბერს ნ. გორბანევსკაია საფრანგეთში, ემიგრაციაში გაამწესეს, სადაც 2013 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ ნატალია გორბანევსკაია გასული საუკუნის 50-60 წლებში რამდენჯერმე იყო დაკავებული და გასამართლებული „საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის შეურაცხმყოფელი განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ ბრალდებით. ამიტომაც ის კა-გე-ბეს ფარული აგენტურული ოპერაციებისა და ოპერატიულ-ტექნიკური მეთვალყურეობის ობიექტი აუცილებლად იქნებოდა. მიუხედავად ამისა, იგი თითქმის ორი წლის მანძილზე თავისუფლად ახერხებდა ანტისაბჭოთა გამოცემის შედგენას (სხვა ავტორ-დისიდენტებთან დაკავშირებას, მასალის მიღებას, დაბეჭდვას, რედაქტირებას) და გავრცელებას. ვითომ ამის თაობაზე კა-გე-ბეს ოპერატიული ინფორმაცია არ ჰქონდა? ძალზე საეჭვოა! "მიმდინარე მოვლენათა ქრონიკის" საინფორმაციო ბიულეტენები გამოიცემოდა 15 წლის მანძილზე: 1968 წლიდან 1983 წლამდე. ამ დროის განმავლობაში გამოიცა „ქრონიკის“ 63 ნომერი. "მიმდინარე მოვლენათა ქრონიკის" ბოლო ბიულეტენი1982 წელს დაიბეჭდა. ამ პერიოდის განმავლობაში იყო ერთი დიდი შეფერხება, როდესაც 1972 წლის ზაფხულში კა-გე-ბემ ცნობილი დისიდენტები: პეტრე იაკირი და ვიქტორ კრასინი დააპატიმრა. კა-გე-ბეში დაკითხვების დროს იაკირმა და კრასინმა დანაშაული მოინანიეს, ორასზე მეტი საბჭოთა დისიდენტი და „თანამზრახველი“ გასცეს და მათ წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს. ამის შემდეგ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაიწყო კა-გე-ბეს ფართო შეტევა "ბიულეტენის" ავტორთა და გამავრცელებელთა წინააღმდეგ.

photo-1764312997.jpg

ნატალია გორბანევსკაიას სასამართლო პროცესის დეტალები „მიმდინარე მოვლენების ქრონიკაში“

როგორც ადრე უკვე ითქვა, "მიმდინარე მოვლენათა ქრონიკის" ბიულეტენები, ძირითადად, საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. დისიდენტების და ადამიანის უფლებათა დამცველების სტატიები საბჭოთა სისტემის „გაუმჯობესებას“ და არა სრულ დემონტაჟს ქადაგებდნენ. ამის მიუხედავად, კა-გე-ბე მრავალფეროვან ოპერატიულ კომბინაციებს ახორციელებდა, დისიდენტებისთვის ბრალის დასამძიმებლად და მათი უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირისა და ჯაშუშობის დასამტკიცებლად. საბჭოთა დისიდენტების გულუბრყვილო მცდელობები საბჭოთა რეჟიმის "გასაუმჯობესებლად", როგორც წესი, შორეულ „კოლონიებში“ გადასახლებით მთავრდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ: სექსუალური რუსი "კატიები" საქართველოს წინააღმდეგ - რატომ ანთხევდა გესლს ევროსაბჭოს დეპუტატი ჰენკოკი ქართველების წინააღმდეგ და რას აკეთებდა ევროპარლამენტარი კიეზა ცხინვალში?!

ეროვნული მოძრაობის ლიდერების ბურუსით მოცული ტრაგიკული აღსასრული - "კაგებეს" კომბინაციები, რომლებიც საქართველოში დღემდე გრძელდება

ისტორიის გაკვეთილები: სისხლიანი 12 ნოემბერი პარიზში - როგორ უნდა დამარცხდეს "ურჩხული", რომელიც მოუშორებელი ჭირი გახდა

მსოფლიო მასშტაბის #1 დამნაშავე: როგორ მოკლეს ოსამა ბინ ლადენი - რა საბედისწერო შეცდომებს უშვებენ სპეცსამსახურები?

განსაკუთრებით გაუტეხელ დისიდენტებს იქ ახალ საქმეებს „უკერავდნენ“ (რასაც საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას შემთხვევაც ადასტურებს). ზვიად გამსახურდია "ავტობიოგრაფიაში" იხსენებდა: "როდესაც პირველად ვნახე მოსკოვის არალეგალური ჟურნალი "მიმდინარე მოვლენათა ქრონიკა", სრულიად ახალი პრობლემის წინაშე დავდექი: როგორ შევუთანხმო ცხოვრებისადმი ის დამოკიდებულება, რაც აქამდე მქონდა, ყველაფერ იმასთან, რაც სსრკ-ში ხდება?... გადაწყვეტილება მიიღებულ იქნა: ვალდებული ვარ ახლოს გავეცნო ყველაფერს, რაც ხდება. ამ მიზნით სწრაფად გავიცანი ადამიანის უფლებადამცველი მოძრაობის წამყვანი მოღვაწეები, თანდათან გავეცანი "სამიზდატის" გამოცემებს და ინტენსიურად დავიწყე დასავლური რადიოსადგურების მოსმენა." 1970-იანი წლების დასაწყისში ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ ერთგვარი „საჰაერო ხიდი“ მოაწყვეს მოსკოვსა და თბილისს შორის: ისინი რეგულარულად მიფრინავდნენ საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში და იქიდან თბილისში „სამიზდატის“ (ანუ საბჭოთა კავშირში არალეგალურად დაბეჭდილი ლიტერატურა) და „ტამიზდატის“ (ასე ეძახდნენ საზღვარგარეთ დაბეჭდილ ლიტერატურას, რომელიც არალეგალურად შემოჰქონდათ საბჭოთა კავშირში) ლიტერატურა ჩამოჰქონდათ. ამ აკრძალული ლიტერატურის ნაწილს თბილისში ოფსეტურად ამრავლებდნენ, რომელიც შემდეგ ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას უკან, მოსკოვში ჩაჰქონდათ გასავრცელებლად. გასაგებია, რომ ყმაწვილობიდან (ჯერკიდევ 1956 წლიდან) კა-გე-ბეს აღრიცხვაზე მყოფი პირების ეს „საეჭვო მოძრაობები“ უშიშროებას მხედველობიდან არ გამორჩებოდა. „საჰაერო ხიდი“ განსაკუთრებით გააქტიურდა 1974 წლის ზამთრის პერიოდიდან, მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთიდან დაიწყო ა. სოლჟენიცინის მთავარი ნაწარმოების - „არქიპელაგი გულაგის“ ფარული შემოტანა. ზ. გამსახურდია „ავტობიოგრაფიაში“ აღნიშნავს, რომ თბილისში ოფსეტურად ამრავლებდნენ ამ წიგნს და მოსკოვსა და ლენინგრადში ჩაჰქონდათ.

photo-1764313022.jpg

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა

ზ. გამსახურდიას მონათხრობს ადასტურებს ქვემოთ მოტანილი დოკუმენტიც. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის თბილისის საქალაქო სასამართლოს 1978 წლის 19 მაისის განაჩენში ვკითხულობთ: "1974 წელს, ქ. ლენინგრადში იგი (საუბარია ზ. გამსახურდიაზე - ბ.ა.) დაუკავშირდა ნ. ე. გორბანევსკაიას, რომელიც ადრე მსჯავრდადებული იყო ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის, ამჟამად კი ცხოვრობს საზღვარგარეთ და თანამშრომლობს ანტისაბჭოთა რადიოსადგურ „თავისუფლებასთან“. მისგან მიიღო სოლჟენიცინის თხზულებები..., რომლებიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების სახელგამტეხ ცილისმწამებლურ მონაჭორს. ...1975 წელს ქ. მოსკოვში, დომოდედოვოს აეროდრომზე, გამსახურდიას ჩამოართვეს ანტისაბჭოთა ლიტერატურის დიდი ნაწილი, რომელიც მას კვლავ გორბანევსკაიამ გადასცა... იმის ნაცვლად, რომ1975 წელს ქ. მოსკოვში ანტისაბჭოთა ლიტერატურისჩამორთმევის შემდეგ სათანადო დასკვნები გამოეტანა, გამსახურდიამ კვლავ გააგრძელა მსგავსი ქმედება“. ზემოთ მოტანილი ამონარიდი კარგად მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ 1974-1975 წლებში კა-გე-ბეს საკმაოზე ბევრი მტკიცებულება ჰქონდა ხელთ ქართველი დისიდენტების საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით გასასამართლებლად. ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ზ. გამსახურდიას, მ. კოსტავას და სხვა ქართველი დისიდენტების ყველა მოქმედებას კა-გე-ბე სრულად აფიქსირებდა, რასაც “განაჩენში” მოტანილი ფაქტები ადასტურებს. ასე რომ, კა-გე-ბესთვის კარგად იყო ცნობილი ქართველი დისიდენტების (უპირველესად ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას) კავშირი მოსკოვსა და ლენინგრადში მცხოვრებ საბჭოთა დისიდენტებთან.

თუმცა მხოლოდ „პროფილაქტიკური საუბრებით“ იფარგლებოდა და მათ არ აპატიმრებდა.

ამ გარემოებით გაკვირვებული ყოფილა თავად ზ. გამსახურდიაც, რომელიც მოგვიანებით წერდა: „წარმოუდგენელია, რომ კა-გე-ბეს არ სცოდნოდა წიგნის (იგულისხმება ა. სოლჟენიცინის ნაწარმოები „არქიპელაგი გულაგი“ - ბ.ა.) შესახებ, რადგან ჩვენ ვიყავით მჭიდრო, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა სახელმწიფო უშიშროება კარგა ხანს დუმდა, ნაბიჯს არ დგამდა. ეს აოცებდა მოსკოველ დისიდენტებსო.“ რატომ აგრძელებდა კა-გე-ბე რამდენიმე წლის მანძილზე ქართველ დისიდენტთან „კატათაგვობანას“ თამაშს?!

(მეორე ნაწილის დასასრული)