ჩამოიშლება თუ არა უკრაინა, თუ ამერიკამ კიევს იარაღისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება შეუწყვიტა?! - კვირის პალიტრა

ჩამოიშლება თუ არა უკრაინა, თუ ამერიკამ კიევს იარაღისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება შეუწყვიტა?!

„ხუთი მიზეზი, რომლის მიხედვი უკრაინას ბრძოლის გაგრძელება შეუძლია იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ დახმარებას შეუწყვეტს“ - ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომელსაც აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) აქვეყნებს, თავის 27 ნოემბრის ნომერში (ევროპულ ვერსიაში, რომლის ოფისი ბრიუსელშია განთავსებული). როგორც პუბლიკაციის ავტორები - ქრის ლანდეი და ვერონიკა მელკოზეროვა აღნიშნავენ, თუ ვაშინგტონი კიევს იარაღს აღარ მიაწოდებს, უკრაინას ბრძოლა გაუჭირდება, მაგრამ შეუძლებელი მაინც არაფერია. მაგრამ ასეთ სიტუაციაში რუსეთ-უკრაინის ომი უფრო სახიფათო და არაპროგნოზირებად ფაზაში გადავა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

გასულ კვირაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამშვიდობო გეგმის სახით ისეთი ულტიმატუმი წაუყენა, რომ კიევისაგან შორს მდებარე ევროპული დედაქალაქებიც კი შეზანზარდნენ: „ან მიიღეთ თეთრი სახლის პროექტი ომის შეწყვეტის თაობაზე, ან ამერიკული იარაღისა და დახმარების გარეშე დარჩებით“. მოგვიანებით გეგმამ კორექტირება განიცადა, უკრაინისა და ევროპის წინადადებების გათვალისწინებით, დოკუმენტი აშკარად რუსეთის სასარგებლო რომ არ ყოფილიყო, მაგრამ კიევის თავზე „დამოკლეს მახვილი კვლავ ჰკიდია“.

შექმნილი სიტუაციის გამო იბადება ორი მთავარი კითხვა: პირველი - შეუძლია თუ არა ევროპას მდორედ ჩართვა საქმეში და იმ იარაღის კომპენსირება, რომელსაც აშშ უკრაინას აწვდის, ნატოს ქვეყნების მეშვეობით და მეორე - შეუძლია თუ არა უკრაინას გააგრძელოს საომარი მოქმედებები ამერიკული იარაღის გარეშე?! თუ მოკლე პასუხები გვსურს, მაშინ პირველის პასუხი იქნება - „არა“, ხოლო მეორის მიმართ - „დიახ“, მაგრამ უფრო საინტერესო იქნება შედარებით ფართო პასუხები, ყველა შიდა თუ გარეფაქტორების გათვალისწინებით.

Politico შეეცადა იმ ხუთი გარემოების განხილვას, რომლებიც დონალდ ტრამპის ულტიმატუმმა წარმოქმნა და რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ უკრაინის მიერ სამხედრო მოქმედებების გასაგრძელებლად.

პირველი - შეუძლია თუ არა ევროპას აშშ-ის ჩანაცვლება?

არა, არც უახლოეს პერსპექტივაში და არც იმ დონით, როგორიც უკრაინას ესაჭიროება. როგორც ქრისტიან მელინგი, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მრჩეველი თვლის, ევროპას რასაკვირველია შეუძლია, უკრაინას მხარი აშშ-ის გარეშეც დაუჭიროს, მაგრამ - მხოლოდ „დიდი რისკის ქვეშ“. იმ ყველაფერის კომპენსირება, რასაც ვაშინგტონი კიევს აწვდის, ევროპას მხოლოდ საკუთარი დანაკარგების (ზარალის) ხარჯზე მოუწევს და ამ შემთხვევაშიც ძალიან საეჭვოა ამერიკული დახმარების დონის მიღწევა.

დღეისათვის ევროპა უკრაინას აწვდის საბრძოლო მასალებს, ტანკებს, ჰაუბიცებს, ავიაგამანადგურებლებს და ბევრ სხვა ტექნიკას, მაგრამ ამერიკულ იარაღს კიევისათვის მაინც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს: ყველაზე კრიტიკულად ითვლება ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების ნაკლებობა. უკრაინელთა უნარი, შეაჩერონ რუსული ბალისტიკური რაკეტები, დამოკიდებულია ანტირაკეტულ კომპლექს Patriot-ზე და PAC-3-ის ტიპის რაკეტაზე, რომლებსაც მხოლოდ აშშ აწარმოებს.

„რა თქმა უნდა, უფრო სასურველია ვთქვა, რომ ჩვენ აშშ-ის გარეშეც შეგვიძლია თავდაცვა, მაგრამ... ძალიან მოკლე დროით“, - ამბობს ნიკოლაი ბელესკოვი, უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი, - „ყველასათვის ცნობილია, რომ PAC-3 MSE-ს ტიპის დამჭერ რაკეტებს მხოლოდ აშშ-ის სამხედრო კომპანიები ამზადებენ“.

მიმდინარე თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონთან თანხმობით, მოიწონა უკრაინისათვის რამდენიმე რაკეტდამჭერი კომპლექსის - Patriot-ის მიწოდება, რომელთა საერთო ფასი 105 მილიონ დოლარს აღწევს.

ევროპა უკრაინას აწვდის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ფრანგულ-იტალიურ სისტემას - SAMP/T-ს, რომელსაც Patriot-ის მსგავსი ფუნქციები აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ყოველდღიურად ანგრევს უკრაინის ქალაქებს ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში, თვით ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილშიც კი, SAMP/T-ების რაოდენობა კიევისთვის საკმარისი არის. სამწუხაროდ, ევროპას ამ სისტემის რეზერვები აღარ აქვს. ამიტომ უკრაინისთვის ნებისმიერი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება აუცილებელია.

მეორე - რამდენად მნიშვნელოვანია სადაზვერვო მონაცემების მიწოდება?

როგორც ქრისტიან მელინგი ამბობს, უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად გაშვებული რუსული ბალისტიკური რაკეტების ადრეული აღმოჩენა დამოკიდებულია აშშ-ის კოსმოსური თანამგზავრებისა და სენსორების მჭიდრო ქსელზე, რომელიც ევროპას, უბრალოდ, არ აქვს. ევროპულ რესურსებს მხოლოდ გაჭირვებით თუ შეუძლიათ ამერიკის დახმარების (სავარაუდო) შეწყვეტით გაჩენილი სიცარიელის შევსება, მაგრამ ისიც ძალიან არაეფექტიანი იქნება.

უკიდურეს შემთხვევაში, უკრაინას ექნება შესაძლებლობა, დახმარებისთვის ფინეთს მიმართოს, რომლის კოსმოსურ კომპანიას ICEYE-ს აქვს თავისი კოსმოსური თანამგზავრები, მაგრამ მათი სადაზვერვო პოტენციალი იმ დონის არ არის, როგორიც ამერიკისაა.

აშშ-ის კოსმოსური თანამგზავრების დახმარების გარეშე რუსული სარაკეტო შეტევების თავიდან აცილება და კონტრშეტევების მომზადება, მაგალითად, ქვეყნის სიღრმეში მდებარე ნავთობქარხნებისა და ტერმინალების დაბომბვა, უბრალოდ, ძალიან გართულდება.

„იმ შეთხვევაში, თუ აშშ სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას შეწყვეტს, ეს უკრაინელთა ზარალის ზრდას გამოიწვევს“, - ამბობს მაქსიმ სკრიპჩენკო, კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგის ცენტრის დირექტორი.

ევროპას დროთა განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, კოსმოსური თანამგზავრების ქსელი შექმნას და ააგოს სადაზვერვო თვითმფრინავები, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ წლების შემდეგ თუ მოხდება, უკრაინას კი დახმარება დღეს სჭირდება.

მესამე - განა ევროპა უფრო მეტად არ იხარჯება, ვიდრე აშშ?

ევროპა ამჟამად აშკარად მეტს ხარჯავს უკრაინისათვის, აშშ-ისთან შედარებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ლიდერული პოზიციები აქვს.

კილის (გერმანია) კვლევითი ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, 2022-2024 წლებში ვაშინგტონი და ევროპა უკრაინას თითქმის თანაბარი რაოდენობით უზრუნველყოფდნენ ყოველთვიური სამხედრო ასიგნებებით. როცა თეთრ სახლში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მივიდა, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: აშშ-ის ყოველთვიური რეგულარული დახმარება ნულამდე შემცირდა, ევროპამ კი დახმარება თვეში 4 მილიარდ ევრომდე გაზარდა.

საყურადღებო მომენტია ის, რომ აშშ უკრაინას იარაღს კი აღარ ჩუქნის, არამედ ჰყიდის - აიძულებს თავის ევროპელ (ნატოელ) მოკავშირეებს, იყიდონ და შემდეგ კიევს უფასოდ გადასცენ - „უკრაინის მოთხოვნილებების პრიორიტეტული სიის“ (PURL) თანახმად.

„ამერიკელებს ევროპისა და, განსაკუთრებით, უკრაინის ბაზარი სჭირდებათ. ომი მათთვის მოგებიანია, ამიტომ „პეტრიოტებითა“ და სხვა უნიკალური სისტემებით ვაჭრობას ისინი არ შეწყვეტენ“, - ამბობს მაქსიმ სკრიპჩენკო.

მაგრამ იმავდროულად შეერთებული შტატები ევროპისათვის ის საიმედო პარტნიორი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. დღეს აშშ სულ უფრო ხშირად ისეთი პარტნიორის როლს ასრულებს, რომელსაც უფლება აქვს, კონტრაქტები ნებისმიერ დროს გადასინჯოს და შეწყვიტოს, პოლიტიკური განწყობის შეცვლის კვალობაზე ანუ - ევროპა დაცვის გარეშე დატოვოს.

მეოთხე - ნამდვილად შეწყვეტს აშშ უკრაინისათვის იარაღის მიყიდვას?

მაქსიმ სკრიპჩენკოს მტკიცებით, მიწოდების სრული შეჩერება კომერციული ლოგიკით დაუშვებელია. PURL-ში ჩადებულია ვალდებულება 3,5 მილიარდი დოლარის თანხაზე, რაც საკმაოდ დიდი ფულია და მასზე ამერიკული კომპანიები უარს ნამდვილად არ იტყვიან. „არა მგონია, რომ ამერიკამ თავისივე წარმოების იარაღის ყიდვა ევროპული ფასებით აგვიკრძალოს“, - თქვა მან.

მაგრამ ქრისტიან მელინგი გვაფრთხილებს, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ხშირად ახდენს ხოლმე ჩარევას ბიზნესში და შეიძლება კომპანიებმა თეთრი სახლის შიშით უკან დაიხიონ. „აშშ-ის მთავრობას ერთი ხელის მოსმით შეუძლია ექსპორტის შეჩერება“, - თქვა მან და განმარტა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ამგვარი გადაწყვეტილებები ადრეც რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული. ვაშინგტონს ასევე შეუძლია, სურვილისამებრ, დაბლოკოს ან გაყინოს რეექსპორტი ან დააყოვნოს მიწოდებები, კიევსა და ევროპაზე ზეწოლის მიზნით.

დღეს სწორედ ასეთი განწყობები ჭარბობს ვაშინგტონში.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, უკრაინის პირდაპირი დაფინანსება შეწყვიტა, მაგრამ აშშ უკრაინას ძველებურად მაინც ბევრ იარაღს აწვდის, თავისი ნატოელი მოკავშირეების მეშვეობით (ე.წ. ტრანზიტით). ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად ასეთი რეჟიმით ვიმუშაოთ. ადრე თუ გვიან იარაღის მიწოდებას შევამცირებთ“, - განაცხადა ორშაბათს ქეროლაინ ლევითმა, თეთრი სახლის პრესმდივანმა ტელეარხ „ფოქს ნიუსისადმი" მიცემულ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ: ოლექს გონჩარეკოს სკანდალური წერილი: "უნდა ვაღიაროთ: უკრაინას ამ ეტაპზე რუსეთზე გამარჯვება არ შეუძლია, დღეს არ არის ისტორიის შელამაზების დრო, დადგა ფხიზელი ანალიზის მომენტი"

"სიტყვის პატრონები არ ხართ, ბევრ ლაპარაკობთ და ცოტას აკეთებთ": შვედი მინისტრის სკანდალური ინტერვიუ - ვის ენანება ფული უკრაინისთვის?!

ოთხი კოშმარი ზელენსკისთვის - მძიმე მდგომარეობა ფრონტზე, ახალგაზრდების გაქცევა, აშშ-ის პოზიცია და გრანდიოზული კორუფციული სკანდალი

როგორ "ეომება" აიათოლა ამინდს - "ირანის ხელისუფლებამ ღრუბლების „დათესვა“ დაიწყო, წვიმის ხელოვნურად გამოსაწვევად“

მეხუთე - შეძლებს უკრაინა ბრძოლას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე?

რა თქმა უნდა, შეძლებს, მაგრამ კონფლიქტი დაუყონებლივ გადავა უფრო საშიშ და არაპოგნოზირებად ფაზაში.

რუსეთი ყოველკვირეულად ათასობით სამხედრო მოსამსახურეს კარგავს, ნელი ტემპით მიმდინარე შემტევით ოპერაციებში. უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს რუსეთისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, როგორც უახლესი ტექნოლოგიების მიხედვით დამზადებული დრონებისა და რაკეტების მეშვეობით, ასევე - საარტილერიო ჭურვების რაოდენობის ზრდით, რომლებსაც მიწისქვეშ განლაგებულ ქარხნებში ამზადებენ.

ამჟამად უკრაინას ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი თავდაცვითი მრეწველობა აქვს. ქვეყანაში მზადდება უპილოტო საფრენი აპარატები, საშუალო და შორი რადიუსის რაკეტები, ქვემეხები, ჰაუბიცები, ნაღმმტყორცნები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალები. როგორც გასულ თვეში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა დღეს აწარმოებს ფრონტისათვის საჭირო შეიარაღების და საბრძოლო მასალების 60%-ს.

„სამი წლის განმავლობაში ჩვენი თავდაცვითი მრეწველობა დინამიკურად განვითარებულ დარგად გადავაქციეთ, რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა 24 ნოემბერს ანა გვოზდიარმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

და რასაკვირველია, ყველაფერი, რაც ფრონტს აკლია ანუ შეიარაღების 40% უკრაინაში ამერიკიდან არ შედის, მაგრამ აშშ-ის წილი მაინც მნიშვნელოვანია და ის თუ შეწყდება, უეჭველად მოახდენს გავლენას ომის მსვლელობაზე.

მართალია, უკრაინა საკუთარ იაფფასიან დრონებსაც დიდი რაოდენობით ამზადებს და - რუსული დრონების გასანადგურებელ მოწყობილობებსაც, ქვეყანას მაინც არ აქვს საკუთარი წარმოების რუსული ბალისტიკური რაკეტების „გზაგადამჭრელები“. და რომ არ ჩამორჩეს, კიევს სჭირდება სანდო პარტნიორები, რომლებიც სამამულო თავდაცვითი სექტორის დაფინანსებას სტაბილურად გააგრძელებენ. „პარტნიორების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროს განვითარების დინამიკისა და სიმძლავრეთა გაფართოებისათვის", - ხაზი გაუსვა ანა გვოზდიარმა.

ქრისტიან მელინგიც ასევე ამბობს, რომ აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა აიძულებს კიევს, საომარი მოქმედებების იმპროვიზირება მოახდინოს, რაც მრავალრიცხოვან მსხვერპლთან არის დაკავშირებული: „ცხადია, უკრაინას ექნება ბრძოლის შესაძლებლობა, მაგრამ ტაქტიკის შეცვლა დიდ რისკებს შეიცავს, იქნება დიდი დანაკარგები“.

რა თქმა უნდა, უკრაინის ამტანობა და გამბედაობა ეჭვს არ იწვევს. მაქსიმ სკრიპჩენკო იხსენებს, რომ უკრაინა ბრძოლას უფრო უარეს პირობებშიც აგრძელებდა, როცა მებრძოლებს ქვემეხების ჭურვები არ ჰქონდათ და რუსების 10 გასროლას თვითონ 1 გასროლით პასუხობდნენ. მისი თქმით, უმძიმეს 2022-24 წლებში უკრაინა არ დაცემულა და კაპიტულაცია არ გამოუცხადებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არმია ბრძოლას გააგრძელებს, დონალდ ტრამპი რომ საერთოდ არაფრით არ დაეხმაროს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო