კადიროვს გროზნოში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა „ჩააკითხეს“ - კვირის პალიტრა

კადიროვს გროზნოში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა „ჩააკითხეს“

გუშინ და დღეს უკრაინული კამიკაძე-დრონები მოსვენებას არ აძლევენ „პუტინის ჯარისკაცს“- რამზან კადიროვს და მის მშობლიურ გროზნოში დაუპატიებლად „სტუმრობენ“...

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს არც პირველ და არც მეორე ჩეჩნეთის ომებში არ „დაჰკლებია“ რუსული ბომბდამშენებიდან ჩაყრილი სამტონიანი ბომბები, საარტილერიო ჭურვები თუ „გრადისა“ და „ურაგანის“ რაკეტები, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ პუტინის „კაცმა“ რამზან კადიროვმა, რომელიც ბოლო ორი ათეული წელია (მამამისის გროზნოს სტადიონზე აფეთქების შემდეგ) სათავეში უდგას ჩეჩნეთს, მისი დედაქალაქი აღადგინა... რა თქმა უნდა, რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე და თავის ოჯახური კლანიც წარმოუდგენლად გაამდიდრა და გააძლიერა პუტინის მიერ ყოველწლიურად გადარიცხული არანაკლებ 300 მლრდ რუსული რუბლით, რომელსაც კრემლი კადიროვს უგზავნის, ერთგვარი ხარკის სახით, რომ მან არ დაუშვას ჩეჩნეთში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხელახლა აღორძინება...

1-kad-1764319496.jpg
კადიროვი „ახმატ-სევერის“ სამხედროებს ესალმება...

და მაშინ, როდესაც კადიროვი თავს იწონებს გროზნოში აგებული ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთით, მის ქალაქში კვლავ რაღაც ფეთქდება...

ამჯერად გროზნოს უკვე კამიკაძე-დრონები უტევენ იმ უკრაინიდან, რომლის მიწის დაპყრობასა და უკრაინელების მკვლელობასთან დაკავშირებით (არა მარტო სამხედროების, მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით) კადიროვის ერთგული ჩეჩნური რაზმები რუსეთის უკრაინაზე ღიად თავდასხმის პირველი დღიდანვე - 2022 წლის 24 თებერვლიდან აქტიურად მოქმედებენ. შესაბამისად, უკრაინა საპასუხო შურისმაძიებელ დარტყმებს აყენებს კადიროვს და მის შეიარაღებულ დანაყოფებს, მათივე მუდმივი დისლოკაციის ადგილებში, უშუალოდ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე...

სწორედ ამაშია მთავარი განსხვავება - თუკი რუსეთი, რომელიც აცხადებს, რომ ჩეჩნეთი მისი შემადგენელი ნაწილია და მიუხედავად ამისა, ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებშიც უმოწყალოდ და განურჩევლად ხალიჩისებურად ბომბავდა გროზნოსა და სხვა ჩეჩნურ დასახლებულ პუნქტებში ძირითად მშვიდობიან მოქალაქეებს, უკრაინული კამიკაძე-დრონები მხოლოდ წერტილოვან დარტყმებს აყენებენ კადიროვის რაზმების ყაზარმებსა და შტაბებს...

ასევე დაგაინტერესებთ:ვის თვლის პუტინი გიჟებად:"ევროპა არ დაგესხმები, მაგრამ უკრაინის დაპყრობაშიც ხელს ნუ მიშლი" - კრემლის ბინადრის "შეთავაზება"

უიტკოფგეიტი: მსოფლიო მასშტაბის სკანდალი - ტრამპის „მომრიგებელი“ პუტინის ინტერესებით მოქმედებს?!

უკრაინელებმა რუსებს ბერიაშვილის ქარხანაში ერთადერთი „ლაზერულქვემეხიანი“ თვითმფრინავიც აუფეთქეს

საშინელი და მწარე სიმართლე - ვერც 28-პუნქტიანი რუსულ-ამერიკული და ვერც 19-პუნქტიანი უკრაინულ-ევროპული „სამშვიდობო გეგმები“ ამ ომს ვერ შეაჩერებს?!

ასე იყო გასული საჰაერო შეტევების დროს და ასეც განმეორდა გუშინ და დღეს - 27 ნოემბერს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა - „ლიუტებმა“ შეტევა მიიტანეს გროზნოში დისლოცირებული „როსგვარდიის“ 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკის - „ახმატ-სევერის“ შტაბზე, ხოლო 28 ნოემბერს კი - შატოის რაიონის სოფელ ბორზოიში განთავსებულ 291-ე მოტომსროლელი პოლკის ყაზარმაზე...

2-kad-1764319497.jpeg
„ახმატ-სევერის“ პოლკის ბაზა გროზნოში, რომელზეც იერიში მიიტანეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა...

ერთი-ორი უკრაინული კამიკაძე-დრონის, თუნდაც ზეზუსტი დარტყმა, ჩეჩნეთში განთავსებულ პუტინისა და კადიროვის არმიების ყაზარმებზე, დიდად ვერაფრით შეცვლის ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებას უკრაინის მხარისთვის, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ფრონტის ხაზიდან 800 კმ-ით დაშორებულ ამ სამიზნეებამდე ასე უპრობლემოდ აღწევენ უკრაინელების მიერ გაშვებული დრონები, რუსეთის საჰაერო თავდაცვის დიდ პრობლემებზე მეტყველებს...

გროზნოში განთავსებული „როსგვარდიის“ 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკის - „ახმატ-სევერის“ ჩეჩენმა შეიარაღებულმა პირებმა ომის დაწყებიდან მალევე „თავი გამოიჩინეს“ უკრაინულ ბუჩაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში, როდესაც რუს „კოლეგებთან“ ერთად ამ ქალაქის ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩებში ხვრეტდნენ...

3-kad-1764319496.png
ჩეჩნეთის ბორზოისთან დისლოცირებული რუსული 291-ე გვარდიული მოტომსროლელი პოლკის სამხედრო ქალაქი კარგ სამიზნეს წარმოადგენს უკრაინული საჰაერო თავდასხმებისთვი

ჩეჩნეთის ბორზოისთან დისლოცირებული რუსული 291-ე გვარდიული მოტომსროლელი პოლკი სტრუქტურულად შედის რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 42-ე მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობაში და მისი ძირითადი სპეციფიკაა მთებში საბრძოლო მოქმედებების წარმოება.

ამ პოლკის სამხედროები ომის პირველი დღიდანვე იბრძვიან უკრაინაში და გასაგებია უკრაინელების შურისძიების მიზეზებიც...

ისე კი, ბორზოისთან, არღუნის ხეობაში მდებარე ამ რუსული პოლკის გარნიზონიდან საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 30-იოდე კმ-ი თუ არის...