"მადლობა ყველას, ვინც გაიზიარეთ გიორგის ემოცია... მადლობა იმათაც, ვინც სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა, არც ამ ადამიანების მიმართ გვაქვს ბრაზი" - რას წერს გიორგი შერმადინის მეუღლე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირ მარცხით დაიწყო - საქართველომ უკრაინასთან მატჩი ანგარიშით 79:92 წააგო.
ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელმაც შემდეგ საზოგადოებას მიმართა და პრემიერს მადლობა გადაუხადა:
"ძალია დიდი მადლობა, მინდა გადავუხადო, ჩვენს სახელმწიფოს, ბატონი პრემიერის მეთაურობით. დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, რასაც სპორტისთვის აკეთებთ", - ასე მიმართა მატჩის ბოლოს, გამოსამშვიდობელ სიტყვაში გიორგი შერმადინმა ირაკლი კობახიძეს, რასაც გულშემატკივრების ნაწილის მხრიდან სტვენა და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
ამას გიორგი შერმადინის მეუღლე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"მადლობა უფალს ყველაფრისათვის
ჩვენი ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გაიზიარეთ გიორგის ემოცია ეროვნული ნაკრების დატოვების გამო. ვისაც უნდა დანახვა, ყველა დაინახავს გიორგის თავდადებას და მონდომებას ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.
მადლობა იმათაც, ვინც სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა, დამერწმუნეთ არც ამ ადამიანების მიმართ გვაქვს ბრაზი, გიორგის ყველა გულშემატკივარი ერთნაირად უყვარხართ! ყველანი ერთნაირად ძვირფასნი ხართ მისთვის! მხოლოდ სიკეთეს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.
მადლობა უფალს რომ მადლიერების და დათმენის უნარი მოგვცა. მაინც ,,სიყვარული ატრიალებს დედამიწას” და ყველას ურთიერთ სიყვარულს და პატივისცემას გისურვებთ!" - წერს ანი ამაშუკელი.