"მონასტერში, კუნძულ ლესბოსზე, მეკობრეებმა ყველა ბერი უმოწყალოდ დახოცეს. როდესაც გაბრიელს მოსაკლავად გაჰყვნენ, ძლიერი ღრიალის ხმა გაისმა და ეკლესიის სა - კვირის პალიტრა

"მონასტერში, კუნძულ ლესბოსზე, მეკობრეებმა ყველა ბერი უმოწყალოდ დახოცეს. როდესაც გაბრიელს მოსაკლავად გაჰყვნენ, ძლიერი ღრიალის ხმა გაისმა და ეკლესიის სახურავი ქარიშხლიან ზღვად იქცა, ტალღებზე კი ცეცხლის ფრქვევით ხელში ხმალაღმართული მთავარანგელოზი მიქაელი გამოჩნდა..."

მანტამანდროსის მთავარანგელოზი მიქაელი

საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ ლესბოსზე, სოფელ მანტამადოსში, დგას მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერი, სადაც, თითქოს, ცისა და მიწის ზღვარი ქრება და უხილავი სამყარო განსაკუთრებული გზავნილით გვეხმიანება. მონასტრის მთავარი სიწმინდეა ზეციური დიდებით გამოძერწილი რელიეფური ქანდაკება-ხატი, რომელიც ცნობილია, როგორც ტაქსიარქისი (მთავარსარდალი). ეს არ არის ტრადიციული, ხეზე დაწერილი გამოსახულება; ის უნიკალური ქმნილებაა, რომელიც, გადმოცემით, IX ან X საუკუნეში შეიქმნა.

ლეგენდა სასწაულებრივი ხატის შესახებ

ხატის შექმნა ტრაგიკულ, მაგრამ სასწაულებრივ ისტორიას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, IX ან X საუკუნეში, მონასტერს მეკობრეები დაესხნენ თავს და ყველა ბერი, მათ შორის, წინამძღვარი, უმოწყალოდ დახოცეს. მხოლოდ ერთმა ახალბედამ, გაბრიელმა, მოახერხა თავის დაღწევა და ეკლესიის სახურავს შეაფარა თავი. როდესაც მეკობრეები მას მოსაკლავად გაჰყვნენ, ძლიერი ღრიალი გაისმა და სახურავი, სასწაულებრივად, ქარიშხლიან ზღვად იქცა, რომელიც ტალღებად ეხეთქებოდა მათ ფეხქვეშ. ქაფიან ტალღებზე ცეცხლის ფრქვევით ხელში ხმალაღმართული მთავარანგელოზი მიქაელი უზარმაზარი და სასტიკი ჯარისკაცივით, გამოჩნდა. შიშით თავზარდაცემულმა მეკობრეებმა იარაღი და ნადავლი მიატოვეს და გაიქცნენ.

მთავარანგელოზის შეწევნით გადარჩენილმა ბერმა გაბრიელმა მოწამე ბერების სისხლით გაჟღენთილი მიწა შეაგროვა და მასში ცვილი და თიხა შეურია, რათა მისგან სასწაულებრივად მფარველის რელიეფური ქანდაკება-ხატი გამოეძერწა. გაბრიელმა თავიდანვე იგრძნო მთავარანგელოზის დახმარება. მისი ხელები, რომლებსაც თითქოს უხილავი ძალა ამოძრავებდა, სწრაფად ქმნიდა მთავარანგელოზის სახეს – ზუსტად ისეთს, როგორიც მან ეკლესიის სახურავზე იხილა. ბერი იმდენად იყო კონცენტრირებული სახის გამოსახულებაზე, რომ ვერ შეამჩნია, მასალა თითქმის რომ არ ჰქონდა დარჩენილი. როდესაც მიხვდა, რომ თიხა არ ეყოფოდა სრულფასოვანი სხეულის გამოსახვისთვის, სხეულისთვის თხელი ხაზი, ხოლო ხელებისა და ფეხებისთვის მხოლოდ ორი პატარა ხაზი გაავლო (ისევე, როგორც ბავშვები ხატავენ ადამიანს).

ხატი უნიკალურია იმითაც, რომ მთავარანგელოზის თავი არაპროპორციულად დიდია; ეს განპირობებულია იმით, რომ გაბრიელს მასალა არ ეყო და მან ვერ გაბედა შექმნილი სიწმინდის თავიდან გამოძერწვა.

ხატის დასრულებისას უკვე გათენება იყო. მალე მანტამადოსის სოფლის მოსახლეობა მონასტრისკენ გაემართა. მკვლელობის ადგილზე შემზარავი სურათი დახვდათ: მეკობრეები ეზოში მიმოფანტულები და მკვდრები ეყარნენ. ყველა მათგანი ერთი და იმავე სიძლიერის ხმლის დარტყმით იყო მოკლული.

ცვალებადი სახე და ზეციური გზავნილები

მთავარანგელოზის სახის გამომეტყველება შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს: გაწითლდება და მოღიმარი ხდება, რაც კურთხევისა და სიხარულის ნიშანია. შესაძლოა, ხატზე გამოსახული მთავარანგელოზის სახე გამუქდეს და მკაცრი გამომეტყველება მიიღოს. ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც მთავარანგელოზს სურს, მლოცველს კონკრეტული გზავნილი გადასცეს, ან მის ცხოვრებაში არსებულ ნაკლოვანებაზე მიანიშნოს.

ზოგჯერ მლოცველი გრძნობს, რომ უხილავი ძალა აკავებს და ხატთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. ეს მიანიშნებს, რომ ადამიანი ჯერ მზად არ არის სიწმინდეს მიუახლოვდეს, ან მონანიება სჭირდება.

დროდადრო, მთავარანგელოზის თვალები ცრემლით ივსება და მის სახეზე ოფლის წვეთები ჩნდება. მორწმუნეები ცრემლებსა და ოფლს ბამბის ნაჭრებით წმენდენ და უდიდეს კურთხევად ინახავენ.

მარადიული მცველი და ქალამნების საიდუმლო

მთავარანგელოზისადმი მიძღვნილი შესაწირავები მრავალფეროვანია. შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა სამხედრო შესაწირი, როგორიცაა: ხმლები, ფარები და ფორმები. თუმცა, მანტამადოსის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ტრადიცია მთავარანგელოზის ქალამნებს (ფეხსაცმელებს) უკავშირდება.

მრევლს მტკიცედ სწამს, რომ ზეციური ლაშქრის წინამძღოლი, ტაქსიარქისი არასდროს ჩერდება და მუდმივად დადის მთელ მსოფლიოში, რათა ადამიანები უხილავი და ხილული მტრებისგან დაიცვას. ამ მარადიული მოძრაობისა და ღამის მოგზაურობის შედეგად, მთავარანგელოზს ფეხსაცმელები უცვდება. სწორედ ამ რწმენის გამო სწირავენ მორწმუნეები მას ლითონის ან ტყავის ახალ ფეხსაცმელებს. ეს შესაწირავები, ცნობილია, როგორც "მთავარანგელოზის ფეხსაცმელი".

ფეხსაცმელს ხატთან დებენ და დახმარებას და შეწენას სთხოვენ.

როდესაც მომლოცველები განმეორებით მიდიან მონასტერში, ისინი თავიანთ შეწირულ ფეხსაცმელს ეძებენ და ძირს უმოწმებენ, არის თუ არა გაცვეთილი. თუ ძირი გაცვეთილია, ეს იმის ნიშანია, რომ მთავარანგელოზმა გამოიყენა ისინი, მათი სახელით საძიებლად და რომ მათი ლოცვა შესრულდება. თუ ძირი ხელუხლებელია, ისინი ამას ისე აღიქვამენ, რომ ტაქსიარქისს ჯერ არ ჰქონია დრო მათი სათხოვარის შესასრულებლად.

სასწაული მთავარანგელოზობას

მამა გიორგი რაზმაძე:

მიტილინის მთავარანგელოზის სასწაული (გასწორებული ტექსტი) მიტილინში, როდესაც 8 ნოემბერს (ძველი სტილით) მთავარანგელოზობას აღნიშნავენ, ტაძარში დაცული ხატის სახის ფერი მთლიანად სისხლისფერი ხდება. საბერძნეთში ამ მოვლენას ერთსაათიანი სპეციალური სატელევიზიო გადაცემაც კი მიუძღვნეს. სისხლი მთავარანგელოზის სახიდან მოედინება. მორწმუნეებს ტაძარში შეაქვთ ქვიშა, რომელიც იჟღინთება "სისხლით". ამ ნაზავით ამზდებენ მთავარანგელოზის გამოსახულებას და მომლოცველებს ურიგებენ.

კიდევ ერთი საოცრება ხდება: მიტილინის მთავარანგელოზთა ტაძარი ხომ კუნძულზე მდებარეობს, მთის წვერზე დგას. ქვემოდან რომ შეხედო, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევ ზღვას - იმდენად მაღლა იწევა მთა და ისე მკვეთრად ეშვება ფერდობი. მაგრამ როცა ზემოდან გადმოხედავ, თვალწინ გეშლება უჩვეულო სანახაობა: ზღვის ქვეშ მკაფიოდ ჩანს ძველი ქალაქი - ჩაძირული ქუჩები, სახლების კედლების კონტურები, ხაზები.

სასწაული ზღვაზე

მთავარანგელოზი ცნობილია, როგორც მეზღვაურთა მფარველი. თუ გემზე მყოფ რომელიმე მგზავრს მთავარანგელოზისთვის მიცემული აღთქმა (ტამატი) დაავიწყდება ან არ შეასრულებს, გემის ძრავები არ იმუშავებს ან ნავსადგურიდან ვერ გავა, სანამ დაპირება არ შესრულდება. ეს ღვთიური სამყაროს სწრაფი რეაქციაა, მორწმუნეს პირდაპირ მიანიშნებს აღთქმის მნიშვნელობაზე.

ხატის შეწევნით მომხდარი სასწაული უამრავია. მოგითხრობთ რამდენიმე სასწაულს წიგნიდან:

"მანტამადოს მთავარანგელოზ მიქაელის პოეტური ისტორია და სასწაულები" (მე-4 გამოცემა), რომლის ავტორია მანტამადოს მთავარანგელოზთა მონასტრის წინამძღვარი, მამა ეფსტრატიოს დისუა.

„1974 წლის 20 ივლისს, კვიპროსზე თურქული ძალების შეჭრის მომდევნო დღეს, ლესბოსის მთავარანგელოზთა მონასტრის წინამძღვარი უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა: კედელზე დახატული, უზარმაზარი ხატი მოულოდნელად გაქრა, დარჩა მხოლოდ მისი ყავისფერი ჩარჩო. ერთი კვირის განმავლობაში, სანამ ხატი დაკარგული იყო, ამბავი მთელ კუნძულზე გავრცელდა. ხატი მოულოდნელად, იმავე სასწაულებრივი გზით, დაუბრუნდა თავის ადგილს.

მალე მონასტერში მივიდა ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელსაც მხრებზე თხა ეკიდა (შესაწირად, მამის აღთქმის მსგავსად). ცრემლიანი თვალებით მან მღვდელმთავარს უამბო: კვიპროსზე ბრძოლისას, როდესაც მტრისკენ უშიშრად მიიწეოდა, თურქულ ტყვიამფრქვევთან აღმოჩნდა. დასამალად არსად იყო, დაეცა და მთავარანგელოზს შეევედრა:

"ჩემო მთავარანგელოზო, გადამარჩინე!"

იმავე წამს, ყრუ ხმაურის ფონზე, უხილავმა ძალამ იგი განზე გასწია. როდესაც გონს მოეგო, ტყვიამფრქვევის ადგილას მხოლოდ ნამსხვრევები და უზარმაზარი ორმო იყო.

მღვდელმთავარმა გაოგნებულ ჯარისკაცს დაუდასტურა: "დიახ, ჩემო ბიჭო, მთავარანგელოზმა გადაგარჩინა. სწორედ მაშინ, როდესაც თურქები კვიპროსზე შეიჭრნენ, ეს ხატი მოულოდნელად ერთი კვირით იყო გაუჩინარებული!"

სასწაულებრივი განკურნება და ხილვა

ტაქსიარქისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწაულია ათენიდან ჩამოსული ბიჭის, ვასილის კარასტირას განკურნება. ვასილისი თავის მძიმე დაზიანების გამო, სიბრმავითა და დამბლით დაავადდა. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ოპერაცია წარუმატებელი იქნებოდა. სანამ ოპერაციისთვის ამზადებდნენ, ვასილისს ხილვა ჰქონდა: სიბნელე გაქრა და მან დაინახა თაღოვანი ტაძარი, საიდანაც კაშკაშა შუქი შემოდიოდა. კართან იდგა სიმპათიური ყმაწვილი, გაშლილი ხელებით, რომელმაც დაუძახა: "მოდი, ვასილი, ნუ გეშინია, კარგად იქნები. მთელი ოპერაციის განმავლობაში ექიმს ხელში მე ავიყვან".

ოპერაცია წარმატებით დასრულდა, სიბრმავე და დამბლა განიკურნა. ექიმებმა ეს სასწაულად მონათლეს. ეს დღე იყო 8 ნოემბერი, ტაქსიარქის ხსენების დღე. წლების შემდეგ, ვასილისმა ეს ტაძარი ტელევიზიით იცნო და მადლიერების ნიშნად მონასტერს ესტუმრა.

შორენა მერკვილაძე

(სპეციალურად საიტისთვის)