პუტინის სიამაყე „ავანგარდი“ გამოცდისას აუფეთქდათ? - კვირის პალიტრა

პუტინის სიამაყე „ავანგარდი“ გამოცდისას აუფეთქდათ?

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა რუსეთის ორენბურგის ოლქის სოფელ იასნის მახლობლად რაკეტის ჩამოვარდნისა და შემდგომი აფეთქების მომენტი დააფიქსირეს. სავარაუდოდ, ეს იყო UR-100N ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ავანგარდის“ ტიპის ჰიპერბგერითი ქობინით.

ორენბურგის ოლქის ქალაქ იასნის თავზე, სადაც ამავე სახელწოდების სარაკეტო ბაზა მდებარეობს, იისფერი კვამლის ღრუბელი ამოვიდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მიზეზი რაკეტის წარუმატებელი გაშვება გახდა - ის ჰაერში აფეთქდა.

იასნეში განთავსებულია რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მე-13 სარაკეტო დივიზიის სარაკეტო დანაყოფი. ის ერთ-ერთია რუსეთის ტერიტორიაზე არსებული იმ 11 სარაკეტო პოზიციიდან, საიდანაც შესაძლებელია შორ მანძილზე მოქმედი სახმელეთო რაკეტების, მათ შორის ბირთვული ქობინებით აღჭურვილი რაკეტების გაშვება.

1-rak-1764431667.jpg
რუსული „სატანა“,რომლის ჩანაცვლება „ავანგარდის“ ჰიპერბგერით ქობინიანი „სარმატით“,რუსეთმა ვერა და ვერ შესძლო...

ვიდეოს თანახმად, ფრენის დროს რაკეტაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მან კონტროლი დაკარგა და მიწაზე ჩამოვარდა. ამის შემდეგ, გამოუყენებელი რაკეტის საწვავის დარჩენილი ნაწილი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მასიური ნარინჯისფერი ღრუბელი მიუთითებს, რომ ეს იყო თხევადი საწვავის რაკეტა, რომელიც საწვავად აზოტის შემცველ ნაერთებს იყენებს.

ამ სარაკეტო პოლიგონზე საბჭოთა კავშირის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები R-36M2 Voevoda გამოიყენებოდა. 2019 წლიდან მათი ჩანაცვლება დაიწყო „ავანგარდის“ ტიპის სარაკეტო სისტემით, რომელსაც მართვადი ჰიპერბგერითი ქობინი ჰქონდა.

ცნობილია, რომ „ავანგარდის“ ქობინის გადამზიდავად პოტენციურად ორი რაკეტა შეიძლება გამოდგეს – საბჭოთა UR-100N, რომელიც 1985 წლამდე იწარმოებოდა და პერსპექტიული რუსული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა RS-28 Sarmat.

თუმცა, RS-28 Sarmat-ის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთის მიერ მისი 2023 წელს გამოყენების შესახებ განცხადების მიუხედავად, სატესტო გაშვების დროს ის კვლავ განიცდის ავარიებს.

2-rak-1764431667.jpg
ბაიკონურის კოსმოსდრომის სასტარტო პოზიცია რაკეტა-მატარებლის სტარტის შემდეგ-ხანძარსაწინააღმდეგო არხში მობილური მომსახურების მრავალტონიანი პლატფორმაა ჩავარდნილი...

გარდა ამისა, ერთი დღით ადრე რუსეთის სარაკეტო პროგრამამ კიდევ ერთი მარცხი განიცადა.

რუსული „სოიუზისა“ და „პროგრესის“ ერთადერთი მოქმედი პილოტირებული გაშვების პლატფორმა მნიშვნელოვნად დაზიანდა 27 ნოემბერს ბაიკონურში „სოიუზ MS-28“-ის სტარტის შემდეგ.

სასტარტო პოზიციის მობილური მომსახურების კაბინა ხანძარსაწინააღმდეგო არხში ჩავარდა, რამაც მომსახურების ხიდები და წვდომის ელემენტები დააზიანა .

შედეგად, 31-ე სასტარტო პლატფორმა პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა და 21 დეკემბერს დაგეგმილი „პროგრეს MS-33“-ის გაშვებას შეფერხება დაემუქრა.

ამ ყველაფერმა შეიძლება გაართულოს რუსული კოსმოსური ეკიპაჟების როტაცია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

ვიდეო-რუსული ბალისტიკური რაკეტის ავარია სტარტის შემდეგ...