ვადამდელი არჩევნების თემით „ოცნება“ ოპოზიციას „აბალახებს“
28 ნოემბერს ზუსტად წელიწადი შესრულდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებენ დღის წესრიგში ევროკავშირში გაწევრებისათვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, რასაც უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. ერთი წლის თავზე ამ თარიღთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი მსვლელობები მოეწყო თსუ-ის პირველი კორპუსიდან და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ძველი შენობიდან. საბოლოოდ პროტესტანტები რუსთაველზე შეიკრიბნენ. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე უარესი მაინც ის არის, რომ უკიდურესად გაუარესდა ურთიერთობა ხელისუფლებაში მყოფ ჯგუფსა და ქვეყნის ევროპელ პარტნიორებს შორის. მმართველმა ძალამ მიიღო არაერთი შემზღუდავი კანონი, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვად ფასდება; ასობით მოქალაქე აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერები; უამრავი დააჯარიმეს და დააკავეს ადმინისტრაციული წესით... ამ ყველაფრის მიუხედავად, საპროტესტო მოძრაობა მთელი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა. სწორედ ამ ერთი წლის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- დავიწყოთ გასულ კვირას, 28 ნოემბერს გამართული მრავალრიცხოვანი აქციით. ვფიქრობ, ეს მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. საქმე ისაა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პროტესტმა კი არ მოიკლო, მოიმატა. ვფიქრობ, აქცია უფრო მასშტაბურიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
ამ ერთწლიანმა პროტესტმა უპირველესად მოიტანა ის, რომ "ქართული ოცნება" დღეს სრულიად იზოლირებულია დასავლური სამყაროსგან, მაგრამ ამასთანავე საქართველოს იზოლაცია არ ხდება. ჩვენი პარტნიორები ხედავენ ქართველი საზოგადოების ბრძოლას ჩვენი ევროპული გზისთვის, ევროპული მომავლისთვის და ამას აფასებენ. შესაძლოა ოპოზიცია ვერ ახერხებს მასშტაბური საპროტესტო განწყობის რეალიზებას, მაგრამ ქვეყნის გარეთ, ვგულისხმობ დემოკრატიულ ქვეყნებს, ამ ბრძოლამ ნაყოფი გამოიღო - ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" ხელისუფლება მიუღებელია მთელი დასავლური სამყაროსთვის და ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. ყველაფერი დაიწყო 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, თუმცა კულმინაცია იყო შარშან კობახიძის განცხადება, ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე. ამ პროტესტმა გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა შეცვალოს კანონმდებლობა, იმოქმედოს მეტად რეპრესიული მეთოდებით, რაც უფრო აძლიერებს საპროტესტო განწყობებს.
ის, რომ მეტი შედეგი ჯერ არ მოჰყოლია საპროტესტო მოძრაობას, ეს დიდწილად ოპოზიციის დამსახურებაა. კარგა ხანს პროტესტის ავანგარდში პოლიტიკოსები არ ჩანდნენ, ან სადღაც გამოჩნდნენ, მაგრამ რადიკალური განცხადებებით თუ ქმედებებით საპროტესტო მოძრაობა მხოლოდ დააზიანეს.
გასულ კვირას 28 ნოემბრის აქციაზეც ვნახეთ პოლიტიკოსები მიკროფონით ხელში, მაგრამ ახალი მათგან ვერაფერი მოვისმინეთ. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციაში იდეური შიმშილია. არსად ჩანან მოფიქრალი პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება.
საჭიროა შექმნილი ვითარების საფუძვლიანი ანალიზი. ხელისუფლება შესაძლოა უფრო მეტ პროვოკაციაზე წავიდეს, ვიდრე 4-ში მოხდა, რათა უფრო მასშტაბური რეპრესიებისთვის გაეხსნას ხელი. ოპოზიციას გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, თუ სურს რეალური ცვლილებები.
შეიძლება იკითხოს ვინმემ, თუ საპროტესტო განწყობები იზრდება, რატომ არ აისახება ეს პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასა და საზოგადოებრივ აქტივიზმზე? ფაქტია, საზოგადოებას არ ეშინია ხელისუფლების, მიუხედავად იმისა, რომ უახლესი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ამდენი პოლიტპატიმარი არ ჰყოლია, ადამიანები მაინც გადიან ქუჩაში, მაინც იმაღლებენ ხმას "ქართული ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ. ამაში ჩანს, რომ დღითი დღე სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტ ნიშანს ვიძენთ, მაგრამ ხელისუფლებაც ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიდის ავტორიტარული რეჟიმისკენ. მოკლედ, ამ ხელისუფლების შიში არ არის, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" სწორად შეარჩია პოლიტიკა - საზოგადოება ომით დააშინა.
ჩვენს ცნობიერებაში ომი, რა თქმა უნდა, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტ რუსეთს. შესაბამისად, თუ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს პროტესტს აქტიურად არ გამოხატავს, ეს სწორედ რუსეთის აგრესიის საფრთხით არის განპირობებული. ვიდრე ეს საფრთხის განცდა არ მოიხსნება, ჩემი აზრით, საზოგადოებრივ პროტესტში არსებითი გარდატეხა ვერ მოხდება.
თუ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდა ისე, რომ საქართველოში ოკუპანტისგან საფრთხის განცდა გაქრა, მაშინ ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან დამანგრეველი გამოსვლები, რადგან დღეს ქართველი საზოგადოება ძალიან ბევრ რამეზეა უკმაყოფილო, რაც მზარდია და ერთ დღესაც ამან შეიძლება ისეთი ქაოსური წინააღმდეგობის სახე მიიღოს, რომ არა მხოლოდ "ქართული ოცნება", არამედ მთელი ქვეყანა დააზარალოს. ვფიქრობ, ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ უნდა იფიქრონ ამაზეც.
ჩემი აზრით, ჯერჯერობით კვლავ გაგრძელდება ყოველდღიური მშვიდობიანი პროტესტი, იქნება უფრო მასშტაბური აქციებიც, რაც ხელისუფლებას მეტ შეცდომას დააშვებინებს.
- ამ ერთი წლის განმავლობაში ვადევნებდით თვალს, რაოდენ კონფრონტაციული გახდა "ქართული ოცნების" რიტორიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომელთაგან ასევე ძალიან კრიტიკული შეფასებები ისმის. თუმცა "ქართული ოცნება" მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრდება, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების ავანგარდშია, რასაც ევროკავშირი თანდათან სულ უფრო შორდება.
- ეგ ყველაფერი პროპაგანდაა და მეტი არაფერი. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის საზოგადოებრივი განწყობები. ისიც იცის, რომ მის მხარდამჭერებში ძალიან ბევრი ქვეყნის ევროპული კურსის მომხრეა. სწორედ მათ სჭირდებათ იდეოლოგიური საკვები, იმათ არწმუნებენ, რომ მაინც ევროპაში მიდიან. მათი თქმით, დღევანდელი ევროპა არ ვარგა, თორემ 2030 წლისთვის ყველაფერი შეიცვლება და ახალი ევროპა დაიბადება, თუმცა თვითონაც მშვენივრად იციან, რომ ეს სრული სისულელეა. უბრალოდ, მხარდამჭერების მოტყუებას კიდევ ერთხელ ცდილობენ. სამწუხაროდ, ისინიც იტყუებენ თავს.
- აუცილებლად უნდა შევეხოთ ალეკო ელისაშვილის დაკავების ამბავს. შსს-ს ინფორმაციით, მან 29 ნოემბერს, გამთენიისას, "შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა". ალეკო ელისაშვილთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა მედიას განუცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი ნამდვილად მივიდა საქალაქო სასამართლოში და იქ პროტესტის ნიშნად ცეცხლის გაჩენა ჰქონდა განზრახული. "მან პროტესტი გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ, "ცეცხლი ოლიგარქიას" და "ცეცხლი უსამართლო სასამართლოს" - მთხოვა ეს სიტყვები გადმომეცა. მხოლოდ იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად", - განაცხადა ადვოკატმა.
- სიმართლე გითხრათ, გაოგნებული ვარ მომხდარით. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ალეკოს პროვოკაცია მოუწყვეს, მაგრამ ადვოკატის განცხადების შემდეგ არ ვიცი, რა ვთქვა. იმ ხელისუფლების პირობებში, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ჯერ იჭერენ და საქმეებს მერე უთითხნიან, ამგვარ პროტესტს გამართლება არა აქვს. რატომ უნდა წახვიდე ადამიანი პირდაპირ პატიმრობაზე, რა ახსნა აქვს ასეთი მსხვერპლის გაღებას, არ მესმის... ელისაშვილის პატივისცემის მიუხედავად, ეს პროტესტს კი არა, უფრო პროვოკაციას ჰგავს, რომელსაც უკვე მშვენივრად იყენებს ხელისუფლება. ხომ ნახეთ, უკვე დააბრალეს ეს ევროპას, "გლობალური ომის პარტიას" და ვის აღარ. ისინი ამას იყენებენ პროპაგანდისთვის და ვფიქრობ, შემდგომი რეპრესიების გასამართლებლადაც გამოიყენებენ. 4 ოქტომბრის შემდეგ კიდევ ვინმეს თუ მოუნდებოდა ამგვარი რადიკალური ქმედება, ვერ ვიფიქრებდი. ასე მხოლოდ აზიანებენ საპროტესტო მოძრაობას. ამას ვერაფრით გავამართლებ.
- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული პროტესტანტთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ბოლო ხანს გახშირდა ლაპარაკი, რომ "ქართული ოცნება" შესაძლოა ამისთვის ემზადებოდეს, რაკი ცდილობს ოპონენტებისგან მოასუფთაოს პოლიტიკური ველი. გავიხსენოთ, პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი...
- ჩემი შეფასებით, "ქართულ ოცნებას" არაფერში სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ეს ერთ-ერთია იმ თემებისგან, რომლითაც ოპოზიციას, მაპატიეთ გამოთქმისთვის და, აბალახებენ. ბოლოს და ბოლოს, ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, რატომ უნდა დახარჯოს ეს ფინანსები ახლა, როდესაც მათ ძალაუფლებას ჯერ არაფერი ემუქრება, თან ვითარებაში, როდესაც დასავლეთთან ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, შესაბამისად, ლეგიტიმაციასაც ვერ მიიღებენ... ჯერ ერთი, ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, მეორე - ევროპის და ამერიკის "ქართული ოცნებისადმი" დამოკიდებულება არ შეცვლილა. ის მათთვის ისეთივე მიუღებელი დარჩება არჩევნების შემდეგაც. ამ პარტიების აკრძალვის თემაც ძალიან უცნაურია. ამდენი ხნის განმავლობაში "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის", როგორც "მგლის" ფაქტორს, მშვენივრად იყენებდა და დღესაც იყენებს, რაში სჭირდება მისი აკრძალვა, არ მესმის. გარდა ამისა, ყველა პარტიაც რომ აკრძალოს, პოლიტიკურ პროცესს როგორ გააქრობს? ეს კომუნისტებმაც ვერ შეძლეს.
ამბობენ, ეს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოსაღებად სჭირდებაო. კი მაგრამ, დღეს ანტიდასავლური კურსის გატარებაში ეს მუხლი უშლის ხელს? - ვფიქრობ, არა! ჩემი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი უახლოეს მომავალში როგორღაც გადაწყდა.
- გასულ კვირას პრემიერ ირაკლი კობახიძეს პლენარულ სესიაზე ინტერპელაციის წესით მოუსმინეს "იგლ ჰილსის" 6.5 მლრდ-იან ინვესტიციასთან დაკავშირებით. უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ ეს მოსმენა დაიგეგმა ამ საკითხზე მეტი სინათლის მოსაფენად.
- არ ვიცი, ვინ როგორ გაიგო კობახიძის განცხადებები, მაგრამ ჩემთვის ბევრი კითხვა კვლავ უპასუხოა. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, მათგან არის ერთი, რაზეც დიდად არ მახვილდება ყურადღება, კერძოდ, რა არის ხელისუფლების ინტერესის წილი ამ პროექტში. როგორ წარმოგიდგენიათ, ისეთი ადგილი, როგორიც კრწანისის ტყე-პარკია, რა შემთხვევაში შეიძლება მარტივად გადაეცათ არაბებისთვის? მე ვიცი, რასაც წარმოადგენს ეს ადგილი, შესანიშნავია თავისი ტბებით, თავის დროზე სამონადირეო და თევზსაჭერი მეურნეობებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ივანიშვილის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რა კონტექსტშიც ის ფიგურირებს დასავლეთში, მის ფინანსურ პრობლემებს, მგონი, ხდება ერთგვარი ჩანაცვლება დასავლეთის აღმოსავლეთით და ყოველივე ამის უკან პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესი დგას.
თვითონ მშენებლობაზე შემიძლია გითხრათ, რომ იქ კვადრატულში 6 000-12 000 დოლარს ქართველები ნამდვილად ვერ გადაიხდიან. შესაბამისად, მოსაზრება, რომ ეს მართლაც არაბების დასახლებად შეიძლება იქცეს, სრულიად რეალურია.
ინვესტიციები ნამდვილად გვჭირდება, თუმცა გვჭირდება ქვეყნისთვის, მაგრამ თუ ქვეყნის და ხალხის ინტერესი ილახება, რა საჭიროა ასეთი ინვესტიცია?! წარმოიდგინეთ, კრწანისის ტყე-პარკის განაშენიანება ნიშნავს, რომ მივიღებთ თბილისისა და რუსთავის ფაქტობრივ გაერთიანებას. რა თქმა უნდა, არის დემოგრაფიული და რელიგიური პრობლემებიც, განსაკუთრებით გონიოში.
მოკლედ, ჩემი შეფასებით, ამ ეტაპზე გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის ეს პროექტი, ვიდრე სარგებლის მიღების მოლოდინს. ვფიქრობ, ის კიდევ ერთხელ უნდა გადაისინჯოს და როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, სრულად უნდა გასაჯაროვდეს.