"ამ ტრაგედიების დასრულება თუ გვინდა, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები!“
ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი კვლავაც საგანგაშოა. შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 პირი. დაფიქსირებულია ავტომობილის ქვეითად მოსიარულეზე შეჯახების 1 385 ფაქტი, რის შედეგადაც 112 კაცი დაიღუპა, ხოლო 1 248 დაშავდა. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, მოტოციკლეტით მოძრავი 20 ახალგაზრდა დაიღუპა და დაშავდა 713 მოტოციკლის მძღოლი. საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევას შეეწირა ასევე ველოსიპედით მოძრავი ორი კაცი, ხოლო დაშავდა 23 ველოსიპედისტი. "მოპედის" მონაწილეობით დაფიქსირდა 34 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც 39 პირი აღმოჩნდა დაზიანებით კლინიკებში. რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ელექტროთვითგორიების მონაწილეობით, ასეთი 66 შემთხვევაა და ყველა მათგანი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზად ისევ მოხვევის მანევრის დარღვევა, შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა, გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა, ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადოდ სარგებლობა და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საგზაო წესების სხვადასხვა დარღვევაზე გაიზარდა ჯარიმები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით მოქალაქე იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძეს მიაჩნია, რომ ამდენი ავარიის მთავარი მიზეზი მანქანის მართვის უცოდინრობა.
- ბატონო მევლუდ, საგზაო მოძრაობის წესებისთვის დაკისრებული ჯარიმები თითქმის გაორმაგდა. ეს ახალი ცვლილებები შეამცირებს თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს?
- ძალიან მარტივ შედარებას მოვიყვან. საგზაო შემთხვევების უმრავლესობა უცოდინარობის ბრალია და კანონის გამკაცრებით, ანუ საჯარიმო სანქციების გამკაცრებით, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით. მაშინ უნდა იყოს კონკრეტულ დანაშაულზე, საგზაო დარღვევაზე პატიმრობა, თუნდაც 15-დღიანი სასჯელი. სხვა შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება, 200, 500 თუ 10, იმდენად არ შეცვლის ვითარებას. რა საჯარიმო სანქციაც არ უნდა მოამატო, თუ მანქანის მართვისა და მოძრაობის წესების უცოდინარი ვარ, გამუდმებით დავუშვებ შეცდომებს. ჩვენთან ნულის ტოლია სწავლების სტანდარტი: უნდა იყოს 15, 20 გაკვეთილი თუ 30, ან მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია თუ არა, ლიცენზია ჰქონდეს თუ არა. ავტომობილის მართვას ასწავლის ისეთი ხალხი, რომელსაც შეიძლება თვითონაც არაფერი უსწავლია, უბრალოდ, ავტოსკოლის გახსნა გადაწყვიტა და მოქალაქეს ასწავლის იმდენს, რომ როგორმე გამოცდა ჩააბაროს. ამ ტრაგედიების დასრულება თუ გვინდა, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები.
ცოდნის შეძენა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღიდან, მერე სკოლაში უნდა გაღრმავდეს. მძღოლობა ძალზე სახიფათო პროფესიაა, პატარა შეცდომაც კი სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ამიტომ მანქანის მართვის მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ უცოდინარი მძღოლები გვყავს, ყველა თვითნასწავლია. არადა, როცა მართვის მოწმობას გასცემ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ პირი მზად არის ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვისთვის. შეგნება ცოდნით მოდის. ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს ადამიანებს, სიცოცხლეა, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მასზე. საამისოდ კომპლექსურად უნდა იმუშაონ განათლების, ეკონომიკისა და შს სამინისტროებმა, რათა სახიფათო საგზაო მოძრაობა უსაფრთხოდ ვაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ გზებზე ყველგან კამერებია, სიჩქარეების შეზღუდვაა, ტექდათვალიერება და ა.შ., ამ პრობლემის აღმოფხვრას გრძელვადიანი დაგეგმვა უნდა, მერე შესრულება და შედეგი წლების შემდეგ იქნება. ახლა რომ დავიწყოთ მუშაობა, 15 წლის შემდეგ მივიღებთ შედეგს. აბსოლუტურად ყველა, იქნება 10 წლის ბავშვი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, მნიშვნელობა არა აქვს, ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილეა რაიმე ფორმით: ზოგი ფეხით დადის, ზოგი ავტომობილით, ზოგი მოტოციკლით. ცოდნა სჭირდება ყველას, ვისაც ავტომობილი ჰყავს და ვისაც არა ჰყავს იმასაც.
დაამატეს კამერები, გაზარდეს ჯარიმები, ერთხელ, ორჯერ, 27-ჯერ, მაგრამ მაინც არ უმჯობესდება სტატისტიკა, პირიქით, უარესდება. ამიტომ უნდა დავიწყოთ განათლება - საბავშვო ბაღიდანვე უნდა იცოდნენ ბავშვებმა, რას ნიშნავს წითელი, ყვითელი, როგორ შეიძლება გადასვლა გზაზე; შემდეგ უკვე სკოლებში გაგრძელდება, რას ნიშნავს სიჩქარე, გაჩერება და ა.შ. რა თქმა უნდა, მოვა დრო, როცა მართვის მოწმობის აღებაზე მივა საქმე და მასწავლებელი უეჭველად სერტიფიცირებული უნდა იყოს და ჰქონდეს პროგრამა-მინიმუმი და ამის მიხედვით ასწავლოს და არა ისე, გამოცდაზე რომ ეუბნებიან, იქ მესამე ჯოხი რომ გამოჩნდება, მაშინ საჭე ბოლომდე დაატრიალეო. უნდა ასწავლო უსაფრთხოდ და არა იმისთვის, როგორმე ჩააბაროს გამოცდა. სანამ ეს არ იქნება, კანონის გამკაცრება არ მოგვცემს ეფექტს!
ჯარიმების გაზრდა, ჩემი აზრით, უფრო ბიუჯეტის შევსებისკენ არის მიმართული. მაგალითად, პარკირებაზე ჯარიმა გააორმაგეს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თუ პარკინგებს შეამცირებ, ვიღაცა ვერ იპოვის სივრცეს, სადღაც გააჩერებს მანქანას და უფრო მეტი ფული შევა ბიუჯეტში.
- სხვა დროსაც გითქვამთ, რომ წლები სჭირდება შედეგს, რომ კანონპროექტი პარლამენტშია დიდი ხანია, მაგრამ არ დაადგა საშველი მიღებას. თქვენი აზრით, რატომ აჭიანურებენ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება?
- ჩემი აზრით, ორი ძირითადი მიზეზია: ერთი, რომ ვიღაცამ უნდა წაიკითხოს, ამხელა მასალა დაამუშაოს და გაიაზროს, რისი დეფიციტიც გვაქვს, და მეორე - რადგან მოკლევადიანი ეფექტი არ არის, ზეგ შედეგს ვერ ნახავენ, ვინც ამაზე იმუშავა, რაღაც ბენეფიტები რომ ჰქონდეს, ყველას ეზარება და არ აწყობს, მით უმეტეს, ბიუჯეტს შეიძლება ხარჯის გაწევამაც მოუწიოს, რომ ამ პროგრამაზე ვიღაცამ იმუშაოს და აამოქმედოს. შედეგიც სახეზეა, რაც ხდება ქუჩაში ხდება, ყველა ვხედავთ.
- ეს კატასტროფული სტატისტიკა არ არის საკმარისი, რომ ეს კანონი მიიღონ?
- ისიც პრობლემაა, რომ იმდენად სწრაფად იცვლებიან სამინისტროებში როგორც მინისტრები, ასევე მოადგილეები, რომ ვიღაცამ ხელიც რომ მოჰკიდოს ამ საქმეს, ვერ გაიყვანს ბოლოში. მერე ვიღაც რომ მოვა, იმას მოუწევს ხელის მოკიდება და, ალბათ, ისიც ვერ მოასწრებს დასრულებას.
- როგორც ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევების 80%-ში მოპედის მძღოლები და ქვეითად მოსიარულენი იღუპებიან. ხშირად ავტომობილის მძღოლები მოპედის მძღოლებს ადანაშაულებენ. თქვენ რას იტყვით, უფრო მეტად ვისი ბრალეულობით ხდება ავარიები?
- ავარიის შემდგომი სიღრმისეული კვლევები არა გვაქვს. თუ გახსოვთ, როცა ტექინსპექტირების საკითხი აქტუალური გახდა, სულ ვითხოვდი, მაჩვენეთ სტატისტიკა, რატომ არის საჭირო ტექინსპექტირება, ამ მიზეზით რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო-მეთქი. თუ არა გაქვს სტატისტიკა, მაშინ საიდან ამბობ, რომ ავარიების მიზეზი მანქანების ტექნიკური გაუმართაობაა. არ არის სტატისტიკა, კონკრეტული ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილი იყო, მოტოციკლეტი თუ ვინ მოყვა საგზაო შემთხვევაში და ვის რა ბრალეულობა ჰქონდა. მოპედებისა და ავტომობილების "თანაცხოვრების" პრობლემა ნამდვილად დგას და ისევ სწავლებამდე მივდივართ. როცა მართვის მოწმობაზე აბარებენ, არც ერთი პუნქტი არ არის, სადაც აქცენტები კეთდება მოტოციკლეტზე, მოპედზე. ბილეთებში არის ჩანახატი, სადაც მოტოციკლეტიც გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ ბილეთებშია, პრაქტიკულ ნაწილში მსგავსი რამ არ არის. მოტოციკლეტები და მოპედები აქამდე არ ყოფილა საგზაო მოძრაობაში ასეთი აქტიური ეს გზების გადატვირთულობამაც მოიტანა. პირველად, როცა წარმოადგინეს ქალაქის განვითარების სატრანსპორტო გეგმა, არც დაუშვიათ, რომ ჩვენს გზებზე მოპედები მომრავლდებოდა. მაშინ ძალიან პრიმიტიული მიდგომა იყო, ქართველი კაცი მოპედით როგორ გაივლისო. ახლა კი ავტომანქანების მძღოლებს ძალიან არ მოსწონთ, როცა მანქანებს შორის ვიღაც მოპედით ან მოტოციკლეტით აღმოჩნდება და თავისი პრივილეგიით სარგებლობს. ჩვენთან მოპედებსა და მოტოციკლეტებს არც აღიქვამენ ტრანსპორტად და სიფრთხილეც მინიმალურია საგზაო მოძრაობისას. ამას კი არაერთხელ მოჰყოლია ავარია. ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ეწირება ადამიანების ჯანმრთელობა და ხშირად სიცოცხლეც.
რადგან მოტოციკლეტები, მოპედები უკვე ჩვენი საგზაო მოძრაობის აქტიური მონაწილენი არიან, მე მათ საგამოცდო პროგრამაში დავამატებდი. მაგალითად, ახლახან დაამატეს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველმა ზეთის გასინჯვა უნდა იცოდესო. ძალიან სასაცილოა, რადგან თანამედროვე მანქანებს სადღა აქვთ ეს ე.წ. შუპი. ცივილიზებულმა სამყარომ ამოიღო ეს პროგრამიდან, ჩვენთან კი ახლა ემატება. ვინღა სინჯავს ასე ზეთს, პირდაპირ აჩვენებს ეკრანზე, როდის რა სჭირდება მანქანას.
მოპედების მძღოლებიც ხშირად სცოდავენ, რაკი შეუძლიათ სწრაფად შეცვალონ კურსი ანუ გაძვრენ-გამოძვრენ. ავტომობილის მძღოლისთვის აბსოლუტურად სხვანაირია მართვის დრო, მოპედის მძღოლისთვის კი აბსოლუტურად სხვა. ავტომობილების მძღოლები უფრო მოდუნებული არიან, ვიდრე მოტოტრანსპორტის, იმიტომ, რომ როცა მოტოტრანსპორტს მართავ, თავიდან ბოლომდე დაჭიმული, ფხიზლად ხარ, რადგან უფრო ბევრს და სწრაფად მანევრირებ. როცა მოპედს სპორტული რეჟიმით მართავს ვიღაც, რა თქმა უნდა, მანქანის მძღოლი რეაგირებას აგვიანებს და ხდება საგზაო შემთხვევა. ამიტომაც ვამბობ, რომ უმთავრესია განათლება, რაშიც მოპედების მძღოლებსაც ვგულისხმობ. გაძვრა, გაატარა და მორჩა, ასე არ არის. ყველამ სიღრმისეულად უნდა იცოდეს საგზაო უსაფრთხოების წესები.
მაგალითად, ქალაქის პირობებში გამოცდა რომ შემოიღეს, იმაზე კი არ არის გათვლილი, რომ გამომცდელმა შეამოწმოს, იცის თუ არა პირმა მანქანის მართვა და იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. არა, უყურებენ, სენსორმა რა დარღვევა დააფიქსირა. აი, აქ 62-ით თუ მიდიხარ, უკვე ჯარიმა გეკუთვნის, ანუ ვეღარ ჩააბარე... ეს არასწორია. ავტომობილის მართვა პროცესია, მძღოლმა თვითონ უნდა გათვალოს უსაფრთხოება. უცოდინარი მძღოლები გვყავს და ამის შედეგია ეს მძიმე სტატისტიკაც.
- ხშირად ქვეითებიც იღუპებიან ავტოსაგზაო შემთხვევების დროს. აქ უფრო ხშირად ვისი ბრალეულობა იკვეთება?
- ამის სტატისტიკაც არ არსებობს. ქვეითსაც ისევე სჭირდება ცოდნა, როგორც მძღოლებს. სტატისტიკას თუ გადახედავთ, ბევრი სწორედ ამის გამო იღუპება.