"ხელისუფლებას მხარდამჭერები დღეს მწვავედ აკრიტიკებენ, მაგრამ მაინც მხარდამჭერებად რჩებიან, რადგან ოპოზიციურ სივრცეს კვლავ „ნაცმოძრაობა“ აკონტროლებს“ - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას მხარდამჭერები დღეს მწვავედ აკრიტიკებენ, მაგრამ მაინც მხარდამჭერებად რჩებიან, რადგან ოპოზიციურ სივრცეს კვლავ „ნაცმოძრაობა“ აკონტროლებს“

"არაფერი შეცვლილა, განსაკუთრებით­ საზოგადოებრივი ურთიერთობების წესე­ბში,­ იგივე დარჩა კომპრომისის დეფიციტით და ურთიერთზიზღით", - ასე გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე პარლამენტის წინ უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას.

- მთელი წლის განმავლობაში ვიმეორებდი ერთსა და იმავეს: ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ვითარებაა. 4 ოქტომბრის მოვლენებმა ვითარება უფრო მეტად დაამძიმა. ოპოზიციის დიდი ნაწილის გეგმები გაუფასურდა, რადგან არ გაითვალისწინეს სამოქალაქო ომის მტკივნეული შედეგები, რაც ქვეყანას ჯერ კიდევ არ მოშუშებია. მაინც უნდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ხელისუფლება არ წამოეგო ანკესზე და არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც წინა ხელისუფლებებმა რამდენჯერმე გადადგეს 90-იანი წლების დამდეგს, 90-იანი წლების მიწურულს და შემდეგ 2000-იან წლებში. ვგულისხმობ ომში ჩათრევას.

- 4 ოქტომბრის მთავარი ინიციატორი პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მას უღალატეს...

- პაატა ბურჭულაძე ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია, კარგად ვიცნობ და არ მეგონა, თუ ასეთ შეცდომას დაუშვებდა. როდესაც რაიმეს გეგმავ იმ ადამიანის იმედზე, რომელიც საქმეში არ გამოგადგება და ეს კარგად იცი, ეს შენი შეცდომაა და არა მათი ღალატი. მე არ ვფიქრობ, რომ მას უღალატეს, ის, უბრალოდ, მოატყუეს.

- თქვენ ახლა სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს გულისხმობთ?

- როგორც ვიცი, ბურჭულაძეს ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენელი დაჰპირდა, რომ სოლიდარობას გამოხატავდა აქციის მონაწილეების მიმართ. რა სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე იყოლაპარაკი? პაატას პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს და არ ჰქონდა უფლება ასეთი პასუხისმგებლობა აეღო. ასევე ჩემთვის სრულიად მიუღებელია სიტყვათა შეხამება "მშვიდობიანი დამხობა". დამხობა როგორ შეიძლება იყოს მშვიდობიანი?

- დღეს ლიდერები ისევ საუბრობენ ერთობაზე. როგორ ფიქრობთ, გამოუვათ?

- გამორიცხულია იმ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რომლებიც დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთობა. იქ არის ერთი მთავარი პარტია - "ნაცმოძრაობა"­ და მისი განაყოფები, ისინი არ დაუშვებენ ერთობას თავიანთი დომინაციის გარეშე.

- ხშირად ვისმენთ ხელისუფლების კრიტიკას იმ პირებისგანაც, რომლებიც "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

- დიახ, ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაგრამ მაინც მხარს უჭერენ. არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება მოსწონდეს გაუთავებელი დაპირისპირებები, ქუჩის ინციდენტები, დაპატიმრებები, შეჯახებები და ა.შ. მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ნამდვილად არის გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის დაცვას ომისგან, თუმცა შიდა პოლიტიკაში სტაბილურობა არ ჩანს. აქედან მოდის გაღიზიანებაც. დიახ, გუშინ რომ ხელისუფლების თავგამოდებული მხარდამჭერები იყვნენ, დღეს მწვავედ აკრიტიკებენ, მაგრამ მაინც მხარდამჭერებად რჩებიან, იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკურ ძალასთან მათი ასოცირება შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა ოპოზიციურ სივრცეს კვლავ "ნაცმოძრაობა" აკონტროლებს. თუმცა დღEეს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი ძალიან დიდია, უბრალოდ, ყოველდღე ყველას არა აქვს სურვილი ან იმპულსი, ქუჩაში გამოვიდეს... ეს მუხტი კარგად გამოჩნდა 28 ნოემბერს გამართულ ხალხმრავალ აქციაზე და საკალათბურთო მატჩზეც, როდესაც ერთმა კალათბურთელმა ხელისუფლების მიმართ პოზიტიური პოზიცია დააფიქსირა და საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია­...

- შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ჩიხშია?

- რასაკვირველია, და ამით სარგებლობენ ჩვენი ფსევდომოყვარეები. ქვეყანაში დასავლური პოზიციების შესუსტებამ სივრცე გამოათავისუფლა და ამ ველზე უამრავი დიდი და პატარა მოთამაშე გამოჩნდა. პირველ რიგში ეს ეხება ჩვენს მეზობლებს, განსაკუთრებით სამხრეთის მიმართულებას - კოლექტიურ სამხრეთს, რომელსაც ამ რეგიონში სხვადასხვა ინტერესი აქვს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს რეგიონში ფეხი მოიკიდონ.

- ეს მოცემულობა რა საფრთხეების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას?

- ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფრთხე ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას უკავშირდება. სამწუხაროდ, თვითმყოფადობა-იდენტობა უკვე დასაცინ სიტყვად აქციეს, მაგრამ ისეთმა პატარა ერმა, როგორიც ქართველობაა, აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა, რომ გადარჩეს. მსგავსი პროცესი, ოღონდ განსხვავებული მასშტაბით, ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება. იქ უკვე კატასტროფული მდგომარეობაა. საფრთხე პოლიტიკური ისლამიდან მოდის. პოლიტიკური ისლამის მთავარი მიზანია ეს რელიგია მთელ მსოფლიოში გაბატონდეს. ამ იდეის უკან დგას უზარმაზარი ძალა, რაც დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში ძალიან აშკარად ჩანს, განსაკუთრებით საფრანგეთსა და გერმანიაში. მაგალითად, ბრიტანეთში უკვე საკანონმდებლო დონეზე განიხილავენ საკითხს: იმისთვის, რომ ისლამის მიმდევრები არ გაღიზიანდნენ, ქრისტიანული ტრადიციების გამოხატვის შეზღუდვა დაიწყოს­ - იქნება ეს ტაძრებში ზარების რეკვა თუ სხვა. იგივე ვითარებაა ბელგიაშიც. მოკლედ რომ ვთქვა: უკონტროლო შემოდინება დიდი რაოდენობით ხალხისა, რომელთა ნაწილი ამ იდეოლოგიას იზიარებს, ქვეყანას საფრთხეს უქმნის. საკულტო ნაგებობების მასობრივი მშენებლობა, ახალგაზრდების წაყვანა სასწავლებლად და მათზე ზეგავლენის მოხდენა - ეს ყველაფერი პოლიტიკური ისლამის მსოფლიოში გაბატონების გეგმის ნაწილია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობენ ჩვენი სამხრეთელი მეზობლები და მათი მოქმედება საქართველოში უკვე ძალიან კარგად ჩანს... ინფრასტრუქტურული, სპორტული, ეკონომიკური პროექტების ნაწილი, რომელიც სამხრეთიდან ფინანსდება, ხშირად პოლიტიკური მიზნებით ხდება. ამ ნაბიჯების უკან დგას პოლიტიკური დაინტერესება, პოლიტიკური ისლამის გაძლიერება. ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე საჯაროდ ვამბობ, მაგრამ არ მინდა საზოგადოება შევაშინო.

- ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი, ასევე საგარეო კურსი \რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზეა დამოკიდებული. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გააქტიურებული სამშვიდობო მოლაპარაკებებისგან?

- დიახ, ბევრი რამ დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომზე. გარდა ამისა, მიმდინარეობს სერიოზული ბრძოლა დასავლეთის გარკვეულ ძალებს, მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურებსა და დასავლელ პოლიტიკურ წრეებს შორის. ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები, მითითებები თუ გადაწყვეტილებები ხშირად არ სრულდება, რადგან მეორე მხარე უშლის ხელს. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა - დასავლური პოლიტიკური სისტემა ერთიანი არ არის. ეს იგრძნობა უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებშიც, მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესშიც და, რაც მთავარია, საქართველოში მიმდინარე პროცესებშიც.

- რას იტყვით, გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციაზე, რომ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა პუტინის მრჩეველს საგარეო საქმეებში იური უშაკოვს ოქტომ­ბერში შესთავაზა თანამშრომლობა, რათა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად "მშვიდობის გეგმა" მომზადებულიყო. როგორც გაირკვა, უიტკოფი ურჩევდა, როგორ წარედგინა პუტინს უკრაინის თემა ტრამპთან საუბრისას. იგულისხმებოდა, რომ მშვიდობის გეგმა მომზადებულიყო იმგვარად, თითქოს მას წამოიწყებდა თავად შეერთებული­ შტატები. დასავლეთის პოლიტიკაში კრემლის გავლენის ასეთი ფორმით გამოჩენა რამდენად სახიფათოა ჩვენთვის?

- ეს არის ნათელი მაჩვენებელი იმისა, რომ პოლიტიკოსებს აბუჩად იგდებენ სპეცსამსახურები და ფინანსური სტრუქტურები, რომლებიც მართავენ დღევანდელ მდგომარეობას. ეს ეხება ყველას: მოსკოვს, ვაშინგტონს თუ ბრიუსელს. რაც შეეხება 28-პუნქტიან "სამშვიდობო გეგმას", ისე გამოვიდა, ვერავინ მიხვდა, ვინ იყო მისი ნამდვილი ავტორი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სპეცსამსახურებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს გეგმების შედგენის საქმეში.

- ზოგმა სპეციალისტმა ამ პროცესში რუსეთის სპეცსამსახურის კვალი დაინახა, ზოგმა ვაშინგტონის და ზოგმაც უკრაინის, მოგვიანებით ბრიტანული კვალიც კი გამოკვეთეს.

- ბრიტანეთის სპეცსამსახურები ყოველთვის იკავებდნენ საჭადრაკო დაფაზე­ ძალიან მნიშვნელოვან ადგილს. მათ დიდი გამოცდილება აქვთ მსოფლიო პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის, დიდი ან პატარა დოზით. თუმცა ამ შემთხვევაში მე რუსეთის კვალს ვხედავ. უკრაინაში კორუფციის სკანდალი დაიწყო, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, მან კი მალევე დატოვა თანამდებობა. ეს შემთხვევითობა არ არის...მგონია, უშაკოვისა და უიტკოფის საუბარი რუსულმა სპეცსამსახურებმა გაავრცელეს...

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსებმა გაწირეს უიტკოფი, რომელიც მათი აქტიური მხარდამჭერი იყო? სხვათა შორის, ახლა მისი კარიერა სერიოზულ საფრთხეშია.

- უიტკოფი უკვე ისედაც დისკრედიტირებული კადრი იყო, რადგან მან დადო ისეთი შედეგი, როგორიც ტრამპს სჭირდებოდა. ტრამპს უნდოდა ახალი წლისთვის რუსეთ-უკრაინის ომი დასრულებულიყო და თვითონ გამხდარიყო მსოფლიო მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი. ეს უნდა შეესრულებინა უიტკოფის ჯგუფს. ამიტომ რუსეთმა უკვე "დახურდავებული" კადრი ბოლომდე "დაახურდავა"...

დღეს მსოფლიო ისეა მოწყობილი და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმაც ისეთი სახე მიიღო, რომ ვერც ერთი მხარე ვეღარ შეძლებს პროცესიდან გასვლას. ტრამპმა რამდენჯერ თქვა, გავდივართო, მაგრამ ვერ გავიდა, ვინაიდან გამოვა, რომ ამერიკამ პრობლემა ვერ გადაწყვიტა, ეს კი ტრამპის პირადი მარცხი იქნება. რა განცხადებებიც არ უნდა კეთდებოდეს საჯაროდ, უნდა ვიცოდეთ, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კულუარებში, რათა დაპირისპირების მთავარი კერა გადავიდეს აღმოსავლეთ აზიაში, იქ არის გასარკვევი ყველაზე მთავარი: პირველი - იშვიათი მინერალებისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩართულია რუსეთიც, რომელიც ცდილობს­ დაკარგული დრო დაიბრუნოს, მაშინ როცა წლების განმავლობაში ჩინეთმა მოიკიდა ფეხი აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიის დიდ ნაწილში; მეორე - ბრძოლა საერთო რესურსებზე. ახლახან გამოქვეყნდა ქვეყნების სია, რომლებიც 2040 წლისთვის, ანუ დაახლოებით თხუთმეტი წლის შემდეგ, სასმელი წყლის გარეშე დარჩებიან. ამ სიაში მოხვდნენ არაბული ქვეყნები, რომლებიც ახლა მდიდრები არიან ენერგეტიკული რესურსებით და ასევე ჩვენი მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთი. საქართველო ამ სიაში არ არის. აქედან ჩანს, რამდენად მიმზიდველია საქართველო, რადგან ჩვენი მთავარი სიმდიდრე სწორედ წყალია. აი, ესაა მთავარი.

- ამ ყველაფრის ფონზე რა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ?

- უნდა გაიაზროს, რომ საერთაშორისო­ ვითარება იმდენად მღვრიეა და ჩვენ იმდენად მარტო ვდგავართ, რომ ყოველი გადაწყვეტილება უნდა იყოს გააზრებული,­ აწონილი და ქვეყნისთვის მომგებიანი. ჩვენ შეცდომების უფლება აღარ გვაქვს!

ხათუნა ბახტურიძე