„პუტინი ხედავს, რომ ამერიკა გასულია, ევროპა კი თავს ვერაფერს აბამს...“ - რამდენ ხანს გაგრძელდება ომი?! - კვირის პალიტრა

„პუტინი ხედავს, რომ ამერიკა გასულია, ევროპა კი თავს ვერაფერს აბამს...“ - რამდენ ხანს გაგრძელდება ომი?!

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პრორუსულად შეფასებული აშშ-რუსეთის 28-პუნქტიანი გეგმა ჩავარდა, მაგრამ მისი კარგი მხარე, ალბათ, მაინც ის იყო, რომ ევროპის ძალისხმევით აშშ უკრაინას შეხვდა. ჟენევაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგ დოკუმენტი 19 პუნქტამდე გადაამუშავეს და ახლა ის უფრო შეესაბამება უკრაინის პოზიციას.

მიუხედავად გეგმის დახვეწისა, მოლაპარაკებების პროცესში კვლავ პრობლემაა ძირითად საკითხებში მხარეთა პოზიციების რადიკალური განსხვავება. არსებობს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პუნქტი, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის, რომელიც უმწვავესი საკითხია. უკრაინა კატეგორიულად მოითხოვს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენას, მათ შორის ყირიმისა და დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. რუსეთის თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, ასევე დონბასში დამატებით ტერიტორიულ დათმობებს; უთანხმოებაა მომავალში აგრესიის განმეორების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების გარანტიებზეც. კიევი მოითხოვს მტკიცე, იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს, ნატოს მე-5 მუხლის მსგავსს. რუსეთის თავდაპირველი გეგმა კი არ ითვალისწინებდა უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ პრიორიტეტს ანიჭებდა აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნას. გარდა ამისა, ნატოში გაწევრება-არგაწევრების და არმიის ზომის თემა დაუძლეველ ბარიერებს ქმნის. უკრაინა ინარჩუნებს ალიანსების თავისუფლად არჩევის უფლებას და უარს ამბობს ვეტოს უფლებაზე. ამის საპირისპიროდ, რუსეთის თავდაპირველი გეგმაც ნატოზე უარის თქმა და ამის ქვეყნის კონსტიტუციაში ასახვაა. რაც შეეხება არმიის ზომას, უკრაინა მოითხოვს ძლიერ შეიარაღებულ ძალებს თავდაცვისთვის, რუსეთის გეგმა კი უკრაინის არმიის რიცხოვნობის შეზღუდვას ითვალისწინებდა, რაც კიევისთვის მიუღებელია. ასევე პრობლემურია ომის დანაშაულების საკითხიც - მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ომის შემდგომი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. უკრაინა მოითხოვს რუსეთისგან მიყენებული ზიანის სრულ კომპენსაციას და ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობას. ამის საპირისპიროდ, თავდაპირველი რუსული გეგმა ომის მონაწილეებისთვის საყოველთაო ამნისტიას ითვალისწინებდა.

დღეს რა პერსპექტივაა ამ პოზიციების დაახლოებისა და შეთანხმების, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამასთან მოლაპარაკებიდან დაბრუნებული უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სახლის გაჩხრეკასა და მის გადადგომას, ამ საკითხებზე­ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრებით.

- ერმაკის სახლის გაჩხრეკა ყოველივე ამასთან დიდად კავშირში შეიძლება არც არის, შეიძლება რაღაც ზეწოლის მექანიზმია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ უკრაინას ყოველთვის ჰქონდა შიდაპოლიტიკური კორუფციის პრობლემა და მაინცდამაინც ტრამპთან დაკავშირება ცოტა შეთქმულების თეორიისკენ მიდის. რაც შეეხება ამ მოლაპარაკებებს და გეგმებს, ესეც დიდი სიახლე არ ყოფილა. ცნობილია, რომ ამერიკას ომის დამთავრება ნებისმიერ ფასად ბევრი მიზეზის გამო სურს - ტრამპს მშვიდობისმყოფლის იმიჯსა და ნობელის პრემიაზე აქვს პრეტენზია; შეიძლება ფინანსური ინტერესებიც ჰქონდეს როგორც თავად შტატებს, ისე პერსონალურად ცალკეულ პირებს; ამას დაუმატეთ გეოპოლიტიკური ხედვა, რუსეთთან "დავლაგდეთ", ჩვენკენ გადმოვიყვანოთო და ა.შ. ბევრი მიზეზია და, ეს 28-პუნქტიანი, ახლა კი 19-პუნქტიანი გეგმა ამის გაგრძელებაა. 28-პუნქტიანი უფრო კაპიტულაციური იყო უკრაინისთვის, 19-პუნქტიანი კი, რომელიც ჟენევაში­ შეიმუშავეს და ბოლომდე შეთანხმებული არ არის, გაუმჯობესებული ვერსიაა, მაგრამ არც უკრაინელებს მოსწონთ, არც ევროპელებს. თუმცა კომპრომისი რომ საჭირო იქნება, ცხადია. ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ რუსეთსაც არ მოსწონს ეს გეგმა. მაგალითად, ის, რომ უკრაინის სამხედრო კონტინგენტის ზღვარი 800 000 ჯარისკაცი უნდა იყოს (მანამდე 600 000 იყო და ესეც არ მოსწონდათ); ასევე ის, რომ პოლონეთში უნდა განალაგონ სამხედრო თვითმფრინავები და არ არის შეზღუდვა­ შორი მანძილის რაკეტებზე; რუსეთის გაყინული რეზერვების ნაწილის გამოყენება და ა.შ.

მოკლედ, 28-პუნქტიანი გეგმა კრემლისთვის კარგი საწყისი წერტილი იყო მოლაპარაკებების დასაწყებად. ახლა ისევ არაფერია გამოკვეთილი. გარანტია არ არის, რომ ან ერთი, ან მეორე გეგმა ომს დაასრულებს. ამას წინათ პუტინი ძალზე რადიკალური იყო. მისი გამოსვლიდან ნათელი შეიქნა, რომ რუსეთი მზად არის გააგრძელოს ომი და აქვს კიდეც საამისო ეკონომიკური ბუფერი. გასაგებია, რომ ფრონტზე დიდად ვერ წაიწიეს წინ, პატარ-პატარა პროგრესი აქვთ, მაგრამ ფრონტი არ ჩამოშლილა. ეს უკვე გამოფიტვის ომია. რუსეთი ცდილობს უკრაინა ისე გამოფიტოს, რომ დაიყოლიოს მომგებიან პირობებზე. პუტინს ჰგონია, რომ ამას ექვს თვეში, ერთ ან ორ წელიწადში მიაღწევს, მით უმეტეს, დასავლეთი იმდენად ვერ ეხმარება უკრაინას, რამდენადაც საჭიროა. ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ ასე იქნება, მაგრამ დღეს ასე ფიქრობს პუტინი.

- რუსეთმა სამხედრო ხარჯებისთვის პირველად დაიწყო ოქროს რეზერვების გაყიდვა. ეს ხომ ნიშნავს, რომ რუსეთს არა აქვს ეკონომიკური შესაძლებლობები? შეძლებს თუნდაც ორ წელს ომის გაგრძელებას?

- რუსეთის ეკონომიკა რომ ცუდ დღეშია, თქმა რად უნდა. ამას წინათ გამოქვეყნდა სამრეწველო-ინდუსტრიული მონაცემები და თითქმის ყველა სექტორში უკუსვლა აქვთ. არის ფინანსური კრიზისი და აი, ახლა რეზერვების გაყიდვა დაიწყეს, მაგრამ ჯერ ეკონომიკური კოლაფსის ფაზა არ დამდგარა, ომის ეკონომიკა, ასე თუ ისე, მუშაობს. ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით, მაგრამ პუტინს სჯერა, რომ მინიმუმ 6-12 თვეს შეუძლია ომის გაგრძელება. ამასობაში ცდილობს შექმნას ისეთი პირობები, რომ რაც შეიძლება მომგებიანი ზავი დადოს უკრაინასა და დასავლეთთან.

ასევე დაგაინტერესებთ: ცუდი VS უარესი - ფრონტზე ისეთი გასაჭირია, „ტრამპის გეგმის“ უარყოფა შეიძლება სანანებლად გადაიქცეს

„პოკროვსკის ნელი სიკვდილი: ქალაქის შესანარჩუნებლად მიმდინარე 18-თვიანი ბრძოლები დასასრულს უახლოვდება, უკრაინა პოკროვსკს კარგავს“ - The Guardian

კრაინა ორ ცეცხლშუა - პუტინი ბომბავს, ტრამპი კაპიტულაციისკენ უბიძგებს

რა ხდება უკრაინის ფრონტზე: ქართველი გენერალ-მაიორის პროგნოზი - "გერასიმოვი არ არის კარგი გენერალი, მას, სავარაუდოდ, უკრაინელი წარმოშობის ვიქტორ პოზნიხირი შეცვლის"

- ბოლო მოლაპარაკებებზე ჩანდა, რომ რუსეთი აქცენტს ტერიტორიებზე აკეთებს...

- თუ შევადარებთ რა უნდოდა კრემლს 2022 წლის 24 თებერვალს, როცა დაიწყო ომი, იმასთან შედარებით, რა თქმა უნდა, ეს უკან დახევაა. მაშინ მთლიანად მთელი ქვეყნის პოლიტიკურად ჩაყლაპვა უნდოდა. ახლა ხვდებიან, რომ ასე მარტივად­ აღარ იქნება საქმე, თუმცა არჩევნებს მაინც ითხოვენ. მაინც იმედი აქვთ, რომ უკრაინაში მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც გააკონტროლებენ. მარიონეტი თუ არა, რუსეთთან დაახლოებული მაინც.

უკრაინას ასეც და ისეც მოუწევს ტერიტორიების დათმობა, ვერ იბრუნებენ იმას, რაც რუსეთს აქვს ოკუპირებული. ალბათ, უფრო მთავარია, რამდენად მოწყვლადი იქნება უკრაინა ომის დამთავრების შემდეგ.­ მაგალითად, თუ ჯარები გამოვლენ დონეცკიდან და ლუგანსკიდან და მოხდება დემილიტარიზაცია, რუსეთს ძალიან მარტივად შეეძლება ხელახლა უკრაინაში შეჭრა; უკრაინას ნატოში რომ არ მიიღებენ, უსაფრთხოების გარანტიები ვინ უნდა მისცეს, ცოტა გაუგებარია. ამერიკა რაღაც პირობებს აყენებს და არ ამბობს მკვეთრად, რომ იქ ჯარებს ჩააყენებენ. რაღაც ბუდაპეშტისნაირი ქაღალდი თუ მიიღეს, ეს არ იქნება უსაფრთხოების გარანტია. ისიც არ არის გამორიცხული, ვთქვათ, დამთავრდა ომი, გაჩერდა ბრძოლა, ამასობაში რუსეთი კარგად მოემზადოს და ერთი წლის მერე კიდევ დაარტყას უკრაინას.

- ევროპის შესაძლებლობების მაქსიმუმი რა არის?

- ევროპელებს თავისი გასჭირვებიათ. ვითომ ხისტი პოზიცია უჭირავთ, მაგრამ უკრაინელების ლამაზი თვალების გამო კი არა, იმიტომ, რომ შეშინებული არიან - თუ ომი რუსეთის მოგებით დასრულდა, ცოტა ხანში მოძლიერდება და მერე დაიწყებს რაღაცას ევროპაშიც. ეს კი ესმით, მაგრამ რესურსების საკმარის მობილიზებას მაინც ვერ ახერხებენ. კი, წელს თითქმის მთლიანად გადაიბარა ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება, იარაღის ნაწილს ამერიკა აწვდის, თუმცა ევროპელები აფინანსებენ, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. ევროპას აქვს რესურსი, რომ გაზარდოს 30-40%-ით სამხედრო დახმარება. ეს მინიმუმ დაეხმარებოდა უკრაინას ფრონტის დასტაბილურებაში ნაწილობრივ მაინც და რუსეთის დაბომბვებს როგორღაც მოერეოდნენ. ბოლომდე მაინც ვერ ჩაანაცვლებენ ამერიკულ დახმარებას, მათ შორის სატელიტური სურათების მიწოდებას, "პეტრიოტის" სისტემებს და ა.შ., მაგრამ დიდი ნაწილის, ალბათ, 70%-ის ჩანაცვლება შეუძლიათ, თუმცა ვერ აბამენ თავს. იგივე ითქმის რუსეთის გაყინულ აქტივებზე. ვიცით, რომ ბელგიამ დაბლოკა. ბელგიის მთავრობას გარანტია სურს, რომ საბოლოოდ ეს არ აეკიდება. მას კი ბრალს სდებენ, რომ რეზერვებიდან მიღებულ პროცენტებს იყენებს. ფაქტია, ესეც ვერ მოაგვარეს.

ევროპას თავად ბევრი ევროპელი ანალიტიკოსი აკრიტიკებს, რომ მხოლოდ სიტყვით უჭერენ მხარს უკრაინას, რომ საკმარისი და დროული დახმარება ვერ მიაწოდეს, რომ შეუძლიათ უფრო მეტი, ვიდრე აკეთებენ. ეს დახმარება მინიმალურია იმისთვის, რომ უკრაინას არ ჩამოეშალოს არც ფრონტი და არც ქვეყანა. ამით ის წინ ვერ წაიწევს, უპირატესობას ვერ მოიპოვებს. ამასობაში რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს, ეს კი მეტ მოტივაციას აძლევს პუტინს. ხედავს, რომ ამერიკა გასულია, ევროპელები თავს ვერაფერს აბამენ და მეტი მოტივაცია აქვს, რომ კიდევ გაახანგრძლივოს ომი, უფრო გაანეიტრალოს დასავლეთი და მეტად მიპრესოს უკრაინა, რომ თავისი პირობებით დაამთავროს ომი.

- რა პერსპექტივა არსებობს ამ შეთანხმების მიღწევის უახლოეს თვეებში და რა არის ყველაზე მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი?

- დამაბრკოლებელი ფაქტორი პუტინის კალკულაციაა, იცის, რომ რუსეთის ეკონომიკა პრობლემებითაა სავსე, მაგრამ, მეორე მხრივ, სჯერათ, თუ გააგრძელებენ ომს ნახევარი ან ერთი წლით, უკეთესი პირობებით დაამთავრებენ. ეს რწმენა რომ მოუსპონ, დასავლეთმა უნდა მისცეს მეტი იარაღი უკრაინას.

19-პუნქტიან გეგმაზე რუსეთმა შეიძლება ივაჭროს, შეიძლება მოლაპარაკებებში ჩაერთოს, მაგრამ ამაშიც ბევრი კითხვის ნიშანია. მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, იმიტომ, რომ ჯერ არ შემდგარა ნორმალური კომუნიკაცია. რუსებმაც არ იციან, ვის ელაპარაკონ - ჯერ უიტკოფი ჩავიდა,­ მერე აღმოჩნდა, რომ ტრამპი მასაც არ უჯერებს. ახლა კუშნერი მიაშველეს. კუშნერმა ახლო აღმოსავლეთი იცის, მაგრამ რუსეთში რა უნდა გააკეთოს, არ იცის.

რომ შევაჯამოთ, საბოლოოდ ევროპისთვის მნიშვნელოვანია, ისე დამთავრდეს ომი, რომ რუსეთი არ გამოვიდეს ერთმნიშვნელოვნად გამარჯვებული და უკრაინა არ იყოს მოწყვლადი - ერთი ან ორი წლის მერე რუსეთი ისევ არ შეიჭრას და კიდევ მეტი ტერიტორია არ წაიღოს, თან ევროპაზე არ გაეხსნას მადა. პუტინს უნდა, რაც შეიძლება მეტი მიიღოს, თან უკრაინა იყოს დაშინებული, არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიები და იდეალურ შემთხვევაში, კიევში მოვიდეს ხელისუფლება არჩევნების გზით, რომელიც იქნება პრორუსული ან მინიმუმ არა პროდასავლური.

ჩემი აზრით, ნახევარ წელს კიდევ გაგრძელდება ეს ომი და მერე იმის მიხედვით, რა მდგომარეობაშიც იქნება რუსეთის ეკონომიკა და რა მდგომარეობაში იქნება უკრაინა, პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებას და დაასრულებს თავისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობებით.

რუსა მაჩაიძე