ცუდი VS უარესი - ფრონტზე ისეთი გასაჭირია, „ტრამპის გეგმის“ უარყოფა შეიძლება სანანებლად გადაიქცეს
1 377 დღე-ღამე გავიდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან და თითქმის 2000-კილომეტრიანი სიგრძის ფრონტზე კვლავ გრძელდება ფართომასშტაბიანი და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, რომლებსაც სახარბიელოს უკრაინის დამცველებისთვის ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები მეორე წელია სტაბილურად ფლობენ საბრძოლო ინიციატივას ფრონტის ხაზის რიგ მონაკვეთებზე. ეს ეხება ძირითადად აღმოსავლეთ ფრონტს, დაწყებულს ლუგანსკის ოლქის კუპიანსკიდან და დამთავრებული ზაპოროჟიეს ოლქის გულიაი-პოლემდე, რომელთა შორის მოქცეულია დონეცკის ოლქის კონსტანტინოვკისა და პოკროვსკის ნახევრად ალყების რეალობაც, ისევე როგორც უკრაინელებისთვის შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობა ხარკოვის ვოვჩანსკთან ჩრდილოეთ ფრონტზე და ზაპოროჟიეს ორეხოვოსთან სამხრეთ ფრონტზე.
ერთი შეხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ახალ-ახალი მიწების დაპყრობა კუს სვლას წააგავს, თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის დიდი ომის დაწყებამდე ოკუპირებული ქალაქ დონეცკის დასავლეთ გარეუბნიდან ქალაქ პოკროვსკამდე არსებული 46 კმ-ის ბრძოლებით გასავლელად პუტინის არმიას 3,5 წელიწადზე მეტი დასჭირდა.
შესაბამისად, არსებობს გამყარებული მოსაზრება, რომ მარტო დონეცკის ოლქის სრულ დასაპყრობად რუს ოკუპანტებს კიდევ ორი წელი მაინც დასჭირდებათ, მით უმეტეს, ასაღები აქვთ ორი დიდი ქალაქი - კრამატორსკი და სლოვიანსკი, რომელთა მისადგომებთან უკრაინელ სამხედროებს დიდი დრო ჰქონდათ კარგი თავდაცვითი ზღუდეების მოსაწყობად.
თუმცა რეალობა ბევრად რთულია, რადგან ამ ომის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკა მორიგი უკრაინული ქალაქების დაპყრობისას.
პუტინის აგრესორი არმიის მოქმედების ტაქტიკა აღმოსავლეთ ფრონტზე ამ ეტაპზე დაახლოებით ასეთია: მორიგ უკრაინულ ქალაქზე შეტევისას თავდაპირველად ძლიერი საარტილერიო და საავიაციო დამუშავება მიმდინარეობს ამ ქალაქის მისადგომებთან მოწყობილ უკრაინულ თავდაცვით პოზიციებზე, რომლებიც ძირითადად გზების გასწვრივ არსებულ ტყის საქარე ზოლებშია განთავსებული.
როგორი ღრმა და ბეტონირებული სანგარიც არ უნდა იყოს, ის ვერ გაუძლებს 500, 1 500 და მით უმეტეს, 3 000 კგ კალიბრის იმ რუსული მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბების მოხვედრას, რომელთა ასეთ დიდ სიზუსტეს პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულები უზრუნველყოფენ. მათ რუსი სამხედროები მასობრივად აყენებენ საბჭოურ უმართავ ბომბებზე - ამ მოდულითა და ჯი-პი-ესის სისტემით „დაჭკვიანებულ“ ბომბებს რუსული თვითმფრინავები ფრონტის ხაზიდან დიდი დაშორებით ყრიან, რითაც უკრაინელების საპასუხო საზენიტო ცეცხლისგან თავს იზღვევენ, ხოლო ამ სახით მოდერნიზებული საავიაციო ბომბები 70-90 კმ-ის ფრენის შემდეგ 10-20 მ-ის სიზუსტით ხვდებიან სამიზნეს. თუკი ბომბებს კომპაქტურ რეაქტიულ ძრავასაც დაუყენებენ, მაშინ მათი ფრენის სიშორე 150-200 კმ-მდეც კი იზრდება.
უკრაინულმა მხარემ დღემდე ვერ გამოძებნა ეფექტური კონტრქმედებები რუსული "ჭკვიანი" საავიაციო ბომბებისგან თავდასაცავად, ისევე როგორც კვლავ უდიდესი პრობლემაა რუსი ოკუპანტების მიერ მასიურად გამოყენებადი FPV-დრონების პრობლემაც.
რუსული რადიომართვადი კამიკაძე-დრონების დისტანციური მართვის ჩახშობა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ყოველთვის ვერ ხერხდება, ხოლო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით მართულ დრონზე ამ ხერხით ზემოქმედება ტექნიკურადაც შეუძლებელია.
როდესაც უკრაინელების თუნდაც ძალიან კარგად მომზადებულ თავდაცვის ზოლზე დღეების განმავლობაში შეუწყვეტლივ მიმდინარეობს ასეთი ბომბებითა და დრონებით შეტევები, გასაკვირი არ იქნება, მებრძოლების ნაწილმა ვერ გაუძლოს და თვითნებურად დატოვოს პოზიცია, მით უმეტეს, როცა თოვლსა და ჭყაპში სანგრებში შეუცვლელად სხედან კვირების განმავლობაში, რადგან უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის მეოთხე წელსაც ვერ მოახერხა აემოქმედებინა უშუალოდ ფრონტის ხაზზე მოქმედი საბრძოლო დანაყოფებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობის დროული როტაცია და მათი დასვენება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადების თანახმად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 880 ათასამდე კაცი მსახურობს, რაც სრულიად საკმარისია ფრონტის ხაზის გასამაგრებლად, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ 880 ათასიდან უშუალოდ ფრონტის ხაზზე ბევრად ნაკლები იმყოფება, ვიდრე ვინც ზურგში „აფარებს“ თავს.
როდესაც უკრაინის დამცველები ფრონტის ხაზზე თავდაცვით ზღუდეებზე მებრძოლების ნაკლებობას განიცდიან, სწორედ ამით სარგებლობს მტერი და თავის მცირერიცხოვან საბრძოლო ჯგუფებს გზავნის უკრაინელების შეთხელებული თავდაცვითი ზღუდის ზურგში შესაპარად.
სწორედ ასე შეაღწიეს რუსულმა ორ-ოთხკაციანმა ჯგუფებმა ფეხით ქალაქ პოკროვსკის ჯერ გარეუბნებში, შემდეგ კი ცენტრშიც - მათ ერთმანეთთან რადიოკავშირი აქვთ და ქალაქში შეღწევის შემდეგ ერთიანდებიან, უფრო მსხვილ მოიერიშე ჯგუფებს ქმნიან, რომელთაც საბრძოლო მასალითა და საკვებით ზურგიდან დრონების გამოყენებით ამარაგებენ, ისევე როგორც FPV-დრონების ოპერატორებს იხმობენ დასახმარებლად, როდესაც ქალაქის ამა თუ იმ შენობის დალაშქვრა სურთ.
რუსი ოკუპანტების უკრაინულ ქალაქებზე იერიშების ეს ტაქტიკა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამართლებს და ვინ გასცემს გარანტიას, რომ კარგად გამაგრებული კრამატორსკისა თუ სლოვიანსკის თავდაცვის ზღუდეებიც მალე არ ჩამოიშლება პუტინის არმიის ამ სახით მოქმედებების დროს?
გარდა ფრონტზე არსებული არასახარბიელო მდგომარეობისა, გასულ კვირას უკრაინამ არანაკლებ მძიმე დარტყმა მიიღო თავის მმართველ გუნდშიც. კერძოდ, ანტიკორუფციულმა სამსახურებმა გაჩხრიკეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის ანდრეი ერმაკის სახლი და სამუშაო კაბინეტი, რასაც მისი გათავისუფლებაც მოჰყვა.
ერმაკი უკრაინის პრეზიდენტის გავლენიან ჩინოვნიკად ითვლებოდა და მისი ჩამოცილება უდიდესი დარტყმაა ზელენსკის პოზიციისთვის, მით უმეტეს, ისეთ კრიტიკულ დროს, როდესაც ამერიკელი კოლეგა უკრაინას თითქმის კაპიტულაციისკენ უბიძგებს.
ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ამერიკულმა მხარემ, რომელსაც დიდი გავლენა აქვს უკრაინის ანტიკორუფციულ სტრუქტურებზე, წაახალისა საგამოძიებო საქმეების გასაჯაროება პრეზიდენტ ზელენკის გუნდის ყველაზე გავლენიან ფიგურებზე - ჯერ მინდიჩზე, ახლა კი ერმაკზე, რითაც შეასუსტა ზელენსკის პოზიცია, რამაც შეიძლება ის უფრო დამყოლი გახადოს და დაჰყაბულდეს ტრამპის 28-პუნქტიან (თუნდაც მოგვიანებით შემუშავებულ 19-პუნქტიან) "სამშვიდობო გეგმას", რომელიც სინამდვილეში პუტინის დავალებით შედგენილი უკრაინის "ნახევრად კაპიტულაციის" გეგმა უფროა.
რუსეთ-უკრაინის ომში დღევანდელი სიტუაცია რაღაცით მოგვაგონებს აფხაზეთის ომს, როდესაც მოსკოვი თბილისს სთავაზობდა სოხუმთან, მდინარე გუმისთაზე ფრონტის ხაზის გაყინვას და ორი რუსული დივიზიის ჩაყენებას ბუფერული ზონის შესაქმნელად, რაზეც მაშინ საქართველო არ დათანხმდა. თუმცა მოგვიანებით მაინც ასე მოხდა, ოღონდ, ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე მდინარე ენგურზე, გალისა და ზუგდიდის რაიონებს შორის.
დასავლეთში უკვე გამოითქმის მოსაზრება, რომ ისე არ მოხდეს, უკრაინას სანატრელი გაუხდეს "ტრამპის გეგმა", თუკი პუტინის არმია ამ ტაქტიკით შეძლებს პოკროვსკის დაპყრობის შემდეგ, კუპიანსკისა და გულიაი-პოლეს ოკუპაციასაც და შემდეგ კრამატორსკისა და სლოვიანსკის (რომელთა უბრძოლველად ჩაბარებას ახლა კრემლი კატეგორიულად მოითხოვს კიევიდან) ჯერიც დადგება.
ყველაფერს განსაზღვრავს ფრონტზე არსებული ოპერატიული მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა და ფრთოსანმა რაკეტებმა ძალზე მოუხშირეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში საჰაერო დარტყმებს, ეს ფრონტის ხაზზე შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას დიდად ვერ ცვლის.
სიტუაციის მეტ-ნაკლებად გამოსასწორებლად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აუცილებლად სჭირდება უფრო ფართომასშტაბიანი მობილიზაცია და ფრონტის ხაზის თავდაცვის ზღუდეებზე მეტი მებრძოლის დაყენება, რათა რუსი ოკუპანტების მცირერიცხოვანი ჯგუფები ვეღარ შეიპარონ უკრაინელების ზურგში.
ამის სანაცვლოდ, უკრაინის ხელისუფლებამ, რომელიც ისედაც არ იწვევს 25 წლამდე ახალგაზრდებს არმიაში, რამდენიმე თვის წინ 18-დან 22 წლამდე მამაკაცებს საზღვარგარეთ უპრობლემოდ გასვლის ნებაც დართო, რის შემდეგაც რამდენიმე ასეულათასი ახალგაზრდა სასაზღვრო პუნქტებს მიაწყდა, ხოლო ფრონტის ხაზზე სანგრებში კვირაობით ყურყუტი რუსული ბომბების აფეთქებების დროს ისევ 50-60 წლის მამაკაცებს უწევთ, რომელთა ფიზიკური მდგომარეობა, ცხადია, ვერ გაუტოლდება ახალგაზრდა მებრძოლების შესაძლებლობებს.
მეორე, რაც ასევე დაეხმარებოდა უკრაინელებს სამშობლოს დაცვის გაგრძელებაში, არის დასავლური სამხედრო დახმარების მოცულობის გაზრდა, თუმცა აქ უკვე რთული პოლიტიკური პროცესები ერთვება.
ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინა ორ ცეცხლშუა - პუტინი ბომბავს, ტრამპი კაპიტულაციისკენ უბიძგებს
როგორ მოჰპარა რუსმა პილოტმა საქართველოს ახალთახალი სუ-25 და რატომ არ დაუბრუნა ის სომხეთმა თბილისს?!
პირველი „ჰერკულესი“ სომხეთში ჩამოაგდეს, მეორე - აზერბაიჯანში, მესამე კი საქართველოში დაეცა
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს საკუთარი იმიჯის გარდა, მგონი, არაფერი აწუხებს. ტრამპიც შეპყრობილია იმ მანიაკური იდეით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის „შეჩერებით“ ის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდება, თუნდაც ეს უკრაინის სრული კაპიტულაციის ხარჯზე მოხდეს.
ევროპას კი არა აქვს ერთიანობა და თავს ვერ აღწევს სისხლ-ხორცში გამჯდარ ბიუროკრატიზმს - ერთი მხრივ, ევროპაში (განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში) კარგად ხვდებიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს, რაც უფრო გაძლიერდება, თუკი უკრაინამ ეს ომი წააგო და პუტინის არმია დაპყრობილი უკრაინის დასავლეთ საზღვარზე გავიდა.
ამიტომაც ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბალტიისპირელებსა და პოლონელებს სურთ, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის ომი, რათა კრემლმა მათთვის ვერ მოიცალოს.
აქედან გამომდინარე, ევროპის სამხედრო-პოლიტიკური დახმარება რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული უკრაინისთვის მაინც დოზირებული იქნება იმის გათვლით, რომ რუსეთი უკრაინის ომის ჭაობიდან რაც შეიძლება დიდხანს ვერ ამოვიდეს.
კრემლში ხვდებიან ევროპის შიშის მიზეზებს და მას ასეთ გარიგებას“სთავაზობენ: "რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას. ჩვენთვის ეს სასაცილოა. არც არასდროს ვაპირებდით, მაგრამ თუ ჩვენგან სურთ გაგონება, მოდი, ამას დავაფიქსირებთ, რა პრობლემაა - განაცხადა პუტინმა - თუმცა დაამატა: თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, მაშინ შეწყდება საბრძოლო ქმედებები. თუ არ დატოვებენ, ამას შეიარაღებული გზით მივაღწევთ".
ამ განცხადებით კრემლი თითქოს თავდაუსხმელობის გარანტიებს ჰპირდება ევროპას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი უარს იტყვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებების გაგრძელებაზე - პუტინმა ტრამპს ხომ უკვე „შეაწყვეტინა“ამერიკული იარაღის უფასოდ გაგზავნა უკრაინის არმიისთვის.
და ასე, ყველას ინტერესებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა ინგრევა და ნადგურდება უკრაინა თავის მოსახლეობასთან ერთად.