შესაძლებელია თუ არა ორ შპს-ში ერთდროულად მუშაობა?
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
მქონდა პრობლემა ერთ-ერთ კომპანიასთან და ავიყვანე ადვოკატი, რომელსაც გადავუხადე 2.000 დოლარი. დამპირდა, რომ შეიტანდა საჩივარს სასამართლოში. სამი წელი გავიდა და მატყუებს, ხან ამბობს, რომ არ სცალია და ტელეფონზეც არ მპასუხობს. ორჯერ მოვახერხე შეხვედრა და დამპირდა, რომ შეიტანს საჩივარს. სად შეიძლება ადვოკატს ვუჩივლო? მაქვს თანხის გადარიცხვის ქვითარიც.
- თუ თქვენს ადვოკატს არ უწარმოებია თქვენი საქმე ამ დრომდე, არც სასამართლოში არა აქვს საქმის წარმოება დაწყებული და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ აღნიშნული თანხის დაკისრება თქვენს სასარგებლოდ. თუმცა მანამდე შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რეალურად აწარმოა თუ არა საქმე სასამართლოში. მიმართეთ იმ სასამართლოს საინფორმაციოს, სადაც უნდა იყოს სარჩელი შეტანილი და მოითხოვეთ ინფორმაცია თქვენი საქმის მიმდინარეობის შესახებ.
ვიღებ კერძო მევახშისგან სესხს და მთავაზობენ გავაფორმო ნოტარიუსთან ყიდვანასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. რა რისკებს შეიცავს ეს?
- აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას უნდა გაითვალისწინოთ - თუ ვერ შეძლებთ თანხის გადახდას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, თქვენი საკუთრება გადავა მევახშის საკუთრებაში. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკრულების დადებისას თქვენ მიერ გადახდილი ყველა თანხის ქვითარი უნდა შეინახოთ, ან გადაიხადოთ ბანკის მეშვეობით. ასევე მიუთითეთ თანხის გადარიცხვის დანიშნულება, რათა შემდგომში თავიდან აირიდოთ გაურკვევლობა და გქონდეთ თანხის გადახდის დასტური. ასევე უნდა ითქვას, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით არ ნიშნავს საკრედიტო ხელშეკრულებას, რომელზეც პროცენტი უნდა იხადოთ, თუ პროცენტზე შეთანხმებასაც ითვალისწინებს, მაშინ გამოდის, ხელშეკრულება კანონით დადგენილ წესთან წინააღმდეგობაშია.
ვცხოვრობ კორპუსის ბინაში, სადაც დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. კორპუსის თავმჯდომარე არ მაძლევს შესაძლებლობას, მქონდეს წვდომა ამ კამერებთან. აქვს თუ არა ამის უფლება?
- სათვალთვალო კამერის დაყენებას სჭირდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, თუ ის ზოგადი პერიმეტრის ტრანსლირებას ახდენს, ხოლო თუ კონკრეტული მობინადრის უძრავ ქონებაზეა მიმართული, საჭიროა ნებართვა. ამიტომ, თუ ზოგადი პერიმეტრის საკონტროლოდაა განთავსებული, მაშინ წვდომა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მობინადრეს.
გვაქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც მიღებულია მემკვიდრეობით. როდესაც იყო უფასო მიწის გაზომვა, არასწორად გაგვიზომეს. მას შემდეგ ვერ მოგვარდა პრობლემა, ვერ ხერხდება გაფორმება და მემკვიდრეობაში შესვლა. ასევე ამ ქონების ნაწილი ეკუთვნის ჩვენს ნათესავს, რომელიც ბოლოს საქართველოში 80-იან წლებში იყო. ვერ ვადგენთ მის ადგილსამყოფელსაც. რა შეიძლება გავაკეთო?
- თავად შეგიძლიათ ააზომვინოთ ამზომველს და წარადგინოთ რეესტრში აზომვითი ნახაზი. რაც შეეხება ნათესავის ქონებას, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თქვენი ნათესავის სახელზე, თქვენ ვერაფერს გააკეთებთ, რადგან მესაკუთრე სხვა არის.
თბილისის გარეუბანში მაქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც 10 წელზე მეტია, შემოღობილია. არანაირი საბუთი არ გამაჩნია. რა გზა არსებობს ასეთი მიწის დაკანონების? მითხრეს, რომ შესაძლებელია აუქციონზე გატანა და ისე ყიდვა. ეს რა პროცედურაა და როგორ ხდება? რამდენად მაქვს შანსი ნაკვეთის დაკანონების?
- თუ ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოთ, რათა მოხდეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანა და ამ წესით მისი შესყიდვა. გაითვალისწინეთ, რომ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს და არის იმის რისკიც, რომ სხვამ გაიმარჯვოს აუქციონში. რაც შეეხება პროცედურას, უნდა წარუდგინოთ ეკონომიკის სამინისტროს განცხადება, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და განცხადებით მოითხოვოთ აუქციონზე მიწის ნაკვეთის გამოტანა.
მამის გარდაცვალების შემდეგ ჩემმა ძმამ ქონება მთლიანად გადაიფორმა ჩემი თანხმობის გარეშე. მე გათხოვილი ვარ და იმ მისამართზე არა ვარ რეგისტრირებული, მაგრამ ნოტარიუსი იყო თუ არა ვალდებული, მეორე შვილის აზრიც მოესმინა? როცა ქონება უკვე მის სახელზეა, რა შემიძლია გავაკეთო?
- მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ხდება ნოტარიუსისათვის მიმართვა განცხადებით სამკვიდროს მიღების თაობაზე. აღნიშნულ ვადაში მიმართვის უფლება გქონდათ თქვენს ძმასაც და თქვენც, როგორც უშუალოდ თქვენი მონაწილეობით, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით მინდობილობის საფუძველზე. შესაძლოა თქვენმა ძმამ დამალა თქვენი არსებობის ფაქტი. სამკვიდროს მიღებას შეძლებთ, თუ დაადასტურებთ, რომ მამის ქონებას ფაქტობრივად დაეუფლეთ.