ქუთაისელი სარკინიგზო დივერსანტი, რომლის გამოგონებით დღესაც „აყირავებენ“ მატარებლებს - კვირის პალიტრა

ქუთაისელი სარკინიგზო დივერსანტი, რომლის გამოგონებით დღესაც „აყირავებენ“ მატარებლებს

რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ მოხშირდა სარკინიგზო ავარიები როგორც რუსეთის, ისე უკრაინის რკინიგზაზე, მაგრამ თუკი უკრაინულ სარკინიგზო შემადგენლობებს, ძირითადად, რუსული კამიკაძე-დრონები უტევენ, თავად რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე ელმავლები და თბომავლები მათზე ჩაბმული ათობით ვაგონით ლიანდაგებიდან იმიტომ ვარდებიან, რომ... "შავგულიძის სოლს" გადაუარეს.

უკრაინელმა დივერსანტებმა 21-ე საუკუნის ევროპის ყველაზე ფართომასშტაბიან ომში ფართოდ დაიწყეს იმ მოწყობილობის­ გამოყენება, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენმა თანამემამულემ, ქუთაისელმა თენგიზ შავგულიძემ სწორედ უკრაინის ტყეებში პარტიზანობის დროს გამოიგონა გერმანული სარკინიგზო ეშელონების ლიანდაგებიდან გადასაგდებად... ყოველგვარი აფეთქების გარეშე...

1913 წელს ქუთაისში დაბადებული თენგიზ შავგულიძის ოჯახი მალევე მოსკოვში­ გადაბარგდა, სადაც მამამისმა მუშაობა დაიწყო მოსკოვის სამუხრუჭე ქარხანაში ორთქლმავლის მემანქანედ და თანაც მონაწილეობდა სარკინიგზო მუხრუჭების გამოცდებში. შვილიც მამის კვალს გაჰყვა და 1937 წელს დაამთავრა მოსკოვის სარკინიგზო-სატრანსპორტო ინსტიტუტი, მალევე გამოიჩინა გამომგონებლის ნიჭი და ერთ წელში სამუხრუჭე მოწყობილობის გამოგონების პატენტიც კი აიღო, მაგრამ მალევე წითელ არმიაში გაიწვიეს და სარკინიგზო ჯარების საექსპლუატაციო ასეულში ჩარიცხეს. 1941 წლის 22 ივნისს გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმას თენგიზ შავგულიძე უკრაინის ტერიტორიაზე შეხვდა და ორიოდე თვეში დაჭრილი ტყვედ ჩავარდა. 1942 წლის გაზაფხულზე შავგულიძემ მოახერხა ტყვეთა ბანაკიდან გაქცევა და პარტიზანულ რაზმს შეუერთდა ჯერ უკრაინის, შემდეგ ბელარუსის ტყეებში და სწორედ პარტიზანთა რიგებში ბრძოლისას გამოვლინდა მისი გამომგონებლური ნიჭი, რამაც არცთუ მცირე წვლილი შეიტანა ნაცისტთა არმიის უკუქცევაში საბჭოთა კავშირის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

1-shav-1764511932.jpg
თენგიზ შავგულიძეს ჰიტლერის გერმანიაში მთავარ სარკინიგზო დივერსანტად თვლიდნენ...

ეს გაზვიადებული შეფასება არ არის, რადგან ქუთაისელი შავგულიძის გამოგონებამ ფართო გავრცელება პოვა არა მარტო ბელარუსსა და უკრაინაში მოქმედ პარტიზანებს შორის, არამედ საბჭოთა დივერსიულ რაზმებშიც, რომლებსაც მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში გადასხამდნენ სარკინიგზო მოძრაობის დეზორგანიზაციისთვის.

რაში მდგომარეობდა შავგულიძის გამოგონების არსი? საბჭოთა პარტიზანებს მუდამ ჰქონდათ ასაფეთქებელი მოწყობილობების მწვავე დეფიციტი, რომ მოსკოვიდან წამოსული მკაცრი ბრძანებების შესასრულებლად ხშირად აეფეთქებინათ ის სარკინიგზო ხაზები, რომელთა გამოყენებითაც ვერმახტი თავის ჯარებს ამარაგებდა ფრონტზე, გერმანიიდან აღმოსავლეთ ევროპის, ბელარუსისა და უკრაინის ტერიტორიების გავლით. პარტიზანები აუფეთქებელი ბომბებიდან და ჭურვებიდან იღებდნენ დენთს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად, ზოგჯერ საბჭოთა თვითმფრინავებიდანაც პარაშუტებით აწვდიდნენ ტროტილს, მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი და პარტიზანმა შავგულიძემ გაიხსენა თავისი პირველი გამოგონება და ააწყო­ სპეციალური მოწყობილობა ლიანდაგის რელსზე დასადებად, რომელზეც ორთქლმავლის ან ვაგონის ბორბლის შედგომისთანავე სვლის მიმართულება იცვლებოდა, ბორბალი ამოვა­რდებოდა ლიანდაგიდან, რის შემდეგაც ლიანდაგიდან გადავარდნილ ერთ ვაგონს მეორე მიჰყვებოდა, მეორეს მესამე და ასე, მთელი სარკინიგზო შემადგენლობა ამოყირავდებოდა.

2-shav-1764511933.jpg
"შავგულიძის სოლის" თანამედროვე ვარიანტი

საგულისხმოა, რომ შავგულიძემ თავისი გამოგონება თავადვე გამოცადა - მიიპარა სარკინიგზო ლიანდაგამდე, რომლის გასწვრივაც გერმანელი სამხედროები პატრულირებდნენ და 20-კილოგრამიანი რკინის მოწყობილობა ერთ წუთში დაამაგრა რელსზე. პარტიზანები ტყიდან უთვალთვალებდნენ, სამხედრო ტექნიკით დატვირთული გერმანული სარკინიგზო შემადგენლობა შავგულიძის მოწყობილობაზე გადავლისას როგორ გადავარდა ლიანდაგიდან.

ქართველი პარტიზანის გამოგონებამ ისე გაამართლა, რომ მოსკოვის ბრძანებით ამ მოწყობილობის მასობრივად დამზადება დაიწყეს სხვა პარტიზანული რაზმებისთვის და მალე ასობით გერმანული ვაგონი აღმოჩნდა სარკინიგზო ლიანდაგების მიღმა, რამაც, რა თქმა უნდა, თავისი წვლილი შეიტანა ჰიტლერის გერმანიის დამარცხებაშიც.

3-shav-1764511932.png
შავგულიძის ყუმბარსატყორცნი, ჩამოცმული მოსინის შაშხანის ლულაზე, თავისივე ყუმბარებით

საბჭოთა კავშირ-გერმანიის 1941-45 წლების ომის განმავლობაში საბჭოთა პარტიზანებმა 11 128 გერმანული სარკინიგზო ეშელონი გაანადგურეს და მათ შორის ბევრი სწორედ შავგულიძის გამოგონებით...­ მის პატივსაცემად ამ მოწყობილობას "შავგულიძის სოლი" დაარქვეს და ის დღემდე გამოიყენება, მათ შორის ოფიციალურად­, "შავგულიძის მუხრუჭის" სახელით, თავად რკინიგზელების მიერ, თუკი ვაგონებმა "აიწყვიტეს", სიჩქარე აკრიფეს და სასწრაფოდ მათი შეჩერება გახდა საჭირო, რომ სხვა სარკინიგზო შემადგენლობას არ დაეჯახონ - რკინიგზელები რელსზე დებენ "შავგულიძის მუხრუჭს" და დიდი სიჩქარით მოძრავ ვაგონებს ლიანდაგიდან აგდებენ.

თუმცა 30 წლის ქუთაისელი თენგიზ შავგულიძის გამოგონებები ამით არ დასრულებულა. ომის ბოლოსთვის მას ოცზე მეტი ისეთი გამოგონება დაუგროვდა, რომლებსაც პარტიზანები აქტიურად იყენებდნენ გერმანელ სამხედროებზე თავდასასხმელად და მათ შორის ერთი განსაკუთრებით გამორჩეული გახლდათ.

დღეს, 21-ე საუკუნის ომებში, ფეხს იკიდებს­ ისეთი ყუმბარსატყორცნები, რომელთა საბრძოლო გამოყენება ერთ მებრძ­ოლსაც შეუძლია და ის ეფექტიანი ხდება ჯავშანჟილეტებით დაცული მოწინააღმდეგის მწყობრიდან გამოსაყვანად. არადა, 82 წლით ადრე, 1943 წელს, ბელარუსის ტყის მიწურში სანთლის შუქზე ქართველმა გამომგონებელმა შექმნა ხელის ყუმბარსატყორცნი, რომელიც საბჭოთა პარტიზანების საყვარელ იარაღად იქცა, გერმანელებისთვის კი დიდ საფრთხედ.

შავგულიძემ მოსინის შაშხანის ლულის თავზე დაამონტაჟა მოწყობილობა - მორტირი, რომელშიც ჩადებულ ყუმბარას სამასიოდე მეტრში ისროდა ფუჭი ვაზნის გამოყენებით. ეს იყო პარტიზანებისთვის უდიდესი საჩუქარი, რადგან მანამდე ათიოდე მეტრში უნდა მიცოცებულიყვნენ მოწინააღმდეგემდე, რომ ხელყუმბარა გადაეგდოთ, რის დროსაც ბევრი პარტიზანი იღუპებოდა საპასუხო ცეცხლის შედეგად, შავგულიძის ყუმბარსატყორცნი კი უხიფათო მანძილიდან ყუმბარის საბრძოლო გამოყენების საშუალებას იძლეოდა. ქართველმა გამომგონებელმა ყუმბარსატყორცნის მორტირის დასამზადებლად გამოიყენა 45 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვის ჰილზა, რაც საუკეთესო მიგნება გახლდათ, რადგან ასეთი ჰილზების შოვნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ყუმბარსატყორცნიდან სასროლი ყუმბარებიც შავგულიძემ თავად დაამზადა წყლის რკინის მილების ნაჭრებისგან, რომლებშიც გერმანული აუფეთქებელი საავიაციო ბომბებიდან ამოღებული ჰექსოგენი მოათავსა... საერთო ჯამში პარტიზანებმა დაამზადეს 7 ათასამდე შავგულიძის ყუმბარა და მისივე შექმნილი 120 საიარაღო ყუმბარსატყორცნი, რომელთა საბრძოლო გამოყენება სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა გერმანელი სამხედროებისთვის, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ საბჭოთა­ პარტიზანები მხოლოდ რევოლვერებითა და შაშხანებით იყვნენ შეიარაღებული.

ასევე დაგაინტერესებთ: „პოკროვსკის ნელი სიკვდილი: ქალაქის შესანარჩუნებლად მიმდინარე 18-თვიანი ბრძოლები დასასრულს უახლოვდება, უკრაინა პოკროვსკს კარგავს“ - The Guardian

ცუდი VS უარესი - ფრონტზე ისეთი გასაჭირია, „ტრამპის გეგმის“ უარყოფა შეიძლება სანანებლად გადაიქცეს

უკრაინა ორ ცეცხლშუა - პუტინი ბომბავს, ტრამპი კაპიტულაციისკენ უბიძგებს

როგორ მოჰპარა რუსმა პილოტმა საქართველოს ახალთახალი სუ-25 და რატომ არ დაუბრუნა ის სომხეთმა თბილისს?!

ომის შემდგომ ორდენებით დაჯილდოებული თენგიზ შავგულიძე მოსკოვში დაბრუნდა და გააგრძელა საგამომგონებლო­ მუშაობა, გახდა მოსკოვის მეტროპოლიტენის ხელსაწყოთა საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი, მისი 85 გამოგონება კი დაინერგა რკინიგზასა და მეტროპოლიტენში. თენგიზ შავგულიძე 1986 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისმა მოგვარემ და ნათესავმა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ისახელა თავი...

ამ სტატიის ავტორი თვითმხილველი გახლდათ, როცა 1992 წლის 23 ივლისს ორმა პირტიტველმა ქართველმა ლეიტენანტ-მესანგრემ, დავით ასაბაშვილმა და გოჩა შავგულიძემ, ცხინვალის რეგიონში სეპარატისტების ჩადებული თვითნაკეთი­ ასაფეთქებელი მოწყობილობა (სამლიტრიან შუშის ქილაში ჩასხმული ტროტილიდან გამომავალი ორი სადენით) გააუვნებლა - ეს იყო პირველი ოფიციალური განაღმვითი სამუშაო და ეს დღე იქცა საქართველოს თავდაცვის ძალების მესანგრეთა დღედ.

გოჩა შავგულიძე დღეს უკვე თადარი­გის პოლკოვნიკია, თუმცა ქართული მიწის განაღმვის საქმეს ისევ ემსახურება,­ ისევე როგორც ლეიტენანტობიდან პოლკოვნიკობამდე­ განვლო რთული გზა ნაღმებით დახუნძლულ­ ბრძოლის ველზე - იქნებოდა ეს გაგრის­ დაცვა, გუმისთის ფრონტის ხაზის საინჟინრო გამაგრება (რისი თვითმხილველი და გარკვეულწილად მონაწილეც გახლდით), ქართული პარტიზანული მოძრაობის ინჟინრული უზრუნველყოფა, ერაყში სახიფათო მივლინება, რაც დენთის აალებითა და მძიმე დაშავებით დასრულდა, აგვისტოს ომი... მისასალმებელია, რომ შავგულიძის გვარის სამხედრო ისტორია გაგრძელდა, ამჯერად უკვე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

"შავგულიძის სოლი" კი 21-ე საუკუნის სარკინიგზო დივერსანტების მთავარი ინსტრუმენტი და ქართველი გამომგონებლის ნიჭიერების დასტურია, თუ როგორ გადააგდო ლიანდაგიდან მთელი სარკინიგზო ეშელონი... აფეთქების გარეშე...