მსოფლიოს პრინციპული დერბები - კვირის პალიტრა

მსოფლიოს პრინციპული დერბები

კატალონიის "ბარსელონა" - "რეალ მადრიდი"

საქმე მხოლოდ ამ ორი გუნდის საფეხბურთო სამყაროში დომინირებას არ ეხება, "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდის" მტრობა დიდი ხნის წინ დაიწყო. "ელ კლასიკო" იდეოლოგიების ბრძოლაა, რომელიც უკვე 120 წელიწადზე მეტია გრძელდება... ერთ-ერთი გუნდი თეთრი მაისურით ასპარეზობს, მეორე კი ატარებს იმ რეგიონის ფერებს, რომელსაც მუდმივად სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო ესპანეთისგან.

ყველაფერი 1900-იანი წლებიდან დაი­წყო­ - მატჩები მაშიIნაც დაძაბული იყო, არც მოთამაშეები ზოგავდნენ თავს, მაგრამ ეს უბრალოდ­ სპორტი იყო. ყველაფერი კი მაშინ შეიცვალა, როდესაც 1930 წელს ესპანეთში პოლიტიკური არეულობა სამოქალაქო ომში გადაიზარდა (სამოქალაქო­ ომი 1936-1939 წლებში მიმდინარეობდა) და კატალონია დაბომბეს, ბარსელონა კი სამიზნე გახდა, ამასთან გამძლეობის სიმბოლოც.­

1936 წელს ესპანელი პოლიტიკოსი (მან შეიმუშავა საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმები,­ რომლებიც მიზნად ისახავდა ადამიანის­ ღირსებისა და თავისუფლების დაცვას) და კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსეპ სუნიოლი ესპანეთის დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს ბრძანებით დააკავეს. ის­ დიქტატორისთვის კატალონიური ნაციონალიზმის სიმბოლო იყო და სიკვდილით დასაჯეს...

ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ ფრანკოს მიერ დამყარებულ დიქტატორულ პირობებში კატალონიური ენა და დროშა აიკრძალა (რაც სეპარატიზმთან ბრძოლასთან იყო დაკავშირებული). ასევე საფეხბურთო კლუბებს აეკრძალათ არაესპანური სახელწოდების გამოყენება. საბოლოოდ, 1941 წელს, გუნდი იძულებული გახდა სახელი შეეცვალა და Football Club Barcelona-დან (რომელიც ინგლისურენოვანი სახელწოდება იყო) ესპანურ Club de Fútbol Barcelona-ზე გადასულიყო; ამ სახელით კლუბი 33 წელი ასპარეზობდა. ამასთან, კლუბის გერბიდან კატალონიური დროშაც ამოიღეს. ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ სტადიონზე შეეძლო კატალონიურ ენაზე საუბარი...

1943 წელს "ბარსელონა" კოპა დელ რეის თასზე მადრიდის "რეალს" ეთამაშა და მოიგო ანგარიშით 3:0. თუმცა შემდეგ მატჩამდე ფეხბურთელები გააფრთხილეს, რომ თამაში არ უნდა მოეგოთ, თორემ "ბარსას" პრეზიდენტის, ხოსეპ სუნიოლის ბედს გაიზიარებდნენ - ფრანკომ "ბარსელონას" ამჯერადაც შეახსენა საკუთარი რეჟიმის ძალა...

რასაკვირველია, მატჩი დიდი ანგარიშით - 11:1 მადრიდის "რეალმა" მოიგო. სურდა თუ არა ეს მადრიდის "რეალს", ის ფრანკოს რეჟიმის იარაღად იქცა. მას შემდეგ ამ გუნდების დაპირისპირება მხოლოდ სპორტი აღარ იყო, ეს იყო სიამაყის, ბრძოლისა და თავდადების მაგალითი.

1953 წლიდან მოვლენები საინტერესოდ­ ვითარდება. საფეხბურთო სამყაროში უკვე ალფრედო დი სტეფანო დომინირებს, რაზეც ორივე გუნდს ლოგიკური რეაქცია აქვს - ორივეს სურს არგენტინელის საკუთარ გუნდში ხილვა. როგორც ამბობენ, "ბარსელონას" კონტრაქტიც კი ჰქონდა მზად და მოლაპარაკებაც დასრულებული იყო, მაგრამ უეცრად დი სტეფანო "რეალში" მივიდა და ეს გარე ძალების ჩარევად მოინათლა. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ასე, დი სტეფანოს "რეალში" მისვლამ სამუდამოდ შეცვალა ფეხბურთის ისტორია - დი სტეფანოს წყალობით "რეალი" ყველა ტურნირში დომინირებდა, "ბარსას" ფანები კი თავს "გაძარცულად" თვლიდნენ...

ece20d37-2648-47dc-8a89-fbbaa7e7f5ee-1764512787.jpg

1970-იან წლებში "ბარსას" ახალი ლეგენდა ჰყავდა, სახელად იოჰან კრუიფი, რომელიც დღემდე ითვლება გუნდის იდეოლოგიის მამად. "ბარსას" მოგებული ყოველი "ელ-კლასიკო" მისი გულშემატკივრისთვის "რეალის" დომინირების მითურობის დასტური იყო არა მხოლოდ საფეხბურთო­ მოედანზე, არამედ პოლიტიკურადაც - 1974 წელს "ბარსელონამ" "რეალი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა მადრიდში და ეს იყო "გათავისუფლება". სამაგიეროდ, "რეალი" პასუხს თასების მოგებით აბრუნებდა. მას კვლავ ჰყავდა ფანები და ჰქონდა იმ დროისთვის საუკეთესო სტადიონიც.

1980-იან წლებში მათი მტრობა უფრო გამძაფრდა - "რეალს" საკუთარი ოქროს თაობა ჰყავს: მიშელი, ბუტრაგენიო, სანჩისი და ა.შ. კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), ორჯერ მოიგო უეფას თასი; 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.

"ბარსელონა" "რეალის" ოქროს თაობას ისევ იოჰან კრუიფით დაუპირისპირდა, ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში. მან შექმნა "ოცნების გუნდი", რომელიც დაკომპლექტებული იყო მისი თანამემამულე რონალდ კუმანით, ბულგარელი სტოიჩკოვით, ბრაზილიელი რომარიოთი და კატალონიელი ხოსეპ გუარდიოლათი. 1994 წელს "ბარსამ" "რეალი" 5:0 დაამარცხა, განმეორებით ტურში კი "რეალმა" "ბარსას" იმავე ანგარიშით მოუგო. როგორც ამბობენ, მატჩზე ჰაერშიც კი იგრძნობოდა, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთი არ იყო.

2000 წელს "ბარსას" კაპიტანი გახდა ლუიშ ფიგუ, რომელსაც ერთ-ერთი მოგებული ტიტულის აღსანიშნავ მსვლელობაზე თმა წითელ-ლურჯად ჰქონდა შეღებილი, როგორც ჟესტი მისი სიყვარულისა "ბარსელონასადმი", მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ის კარიერას მადრიდის "რეალში" აგრძელებს და სწორედ ამის გამო მას დღემდე მოიხსენიებენ "ფეხბურთის იუდას" მეტსახელით. ეს მას არასდროს აპატიეს და როდესაც 2002 წელს "ბარსას" წინააღმდეგ სათამაშოდ ჩავიდა მისთვის ერთ დროს მშობლიურ "კამპ ნოუს" სტადიონზე ბარსელონაში, "ბარსას" ფანებმა ისეთი "დახვედრა" მოუწყვეს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდება - ფიგუს სახელის გამოცხადებას გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა; სტადიონის დიქტორს რამდენიმე წამით პაუზის გაკეთებამაც კი მოუწია; სტადიონზე იყო გაკრული პლაკატები წარწერით "იუდა" და ტრიბუნებზეც 100.000 კაცი იმავეს ერთხმად სკანდირებდა; სტადიონზე დაფრინავდა ყალბი კუპიურები, რადგან ფიგუს ფულის სიყვარულმა სძლია და გაყიდა საკუთარი გუნდი; როდესაც ფიგუ თამაშის დროს ტრიბუნების ახლოს აღმოჩნდებოდა, მას ნაგვისა და საჭმლის ნარჩენებს ესროდნენ. ერთ-ერთი ცნობილი ვიდეოკადრია - ლუიშ ფიგუ კუთხურის ალამთან და მისკენ ნასროლი შემწვარი ღორის თავი.

შემდეგ ფეხბურთში დიდი ცვლილებები იწყება. "რეალში" ვარსკვლავები თამაშობენ: ზიდანი, ბექჰემი, რონალდო, ნაზარიო, "ბარსელონაში" კი რონალდინიო, დეკუ, ეტოო... "რეალს" ჰყავდა ვარსკვლავები, "ბარსას" კი ჯადოქრები. 2005 წელს რონალდინიომ ისეთი ბენეფისი გამართა მადრიდში, რომ "რეალის" სტადიონზე შეკრებილი "მადრიდისტები" მის მეორე გოლს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. შემდეგ კი გუნდების მეტოქეობა პიკს აღწევს და "ელ კლასიკოს" ისტორიაში იწყება დაუვიწყარი ხანა - ლიონელ ანდრეს ლეო მესი კრიშტიანუ რონალდოს, ხოლო პეპ გუარდიოლა ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ.

2010 წელს "ბარსელონამ" "ალმერია" "ელ-კლასიკომდე" 1 კვირით ადრე 8:0 დაამარცხა. როდესაც კრიშტიანუ რონალდოს მოახლოებულ "ელ კლასიკოზე" ჰკითხეს, მან განაცხადა: "ვნახოთ, ისინი მათი გატანილი გოლების ნახევარს მაინც თუ გაგვიტანენ". ერთი კვირის შემდეგ "ბარსელონამ" საკუთარ სტადიონზე "რეალ მადრიდი" 5:0 დაამარცხა, ეს კი რონალდოს პირველი "ელ-კლასიკო" იყო.

მესი იმ წლებში მთელ ევროპას ატყუებდა მოედანზე, მოურინიო კი უეფას "ბარსას" დაცვაში ადანაშაულებდა, "ბარსა", თავის მხრივ, "რეალს" მოედანზე მეტისმეტ აგრესიულობაში. ეს უკვე ზიზღი იყო, ნამდვილი და ღრმა. იმ დროის "ელ კლასიკო" არ იყო მხოლოდ მესი რონალდოს წინააღმდეგ, ან გუარდიოლა მოურინიოს პირისპირ, ეს იყო ხავი ალონსოს წინააღმდეგ, რამოსი პუიოლის წინააღმდეგ, ბუსკეცი იოზილის წინააღმდეგ, კასილასი ვალდესის, პიკე პეპეს პირისპირ და ა.შ. მსგავსი მინი-დუელების სია ძალიან გრძელია.

რონალდო "რეალიდან" 2018 წელს წავიდა, მესი კი 2021 წელს "ბარსელონას" დაემშვიდობა, მაგრამ ის დაძაბულობა, რაც გუნდებს შორის 1930 წლიდან დაიწყო, დღესაც არ გამქრალა. დღეს ის ბავშვები, რომლებიც მესისა და რონალდოს ფეხბურთზე გაიზარდნენ, ახლა მოედანზე ცდილობენ აჩვენონ, რომელი გუნდი უფრო ძლიერია - "ბარსა" თუ "რეალი". ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირებამ ახალ დონეს მიაღწია. 250-ზე მეტი თამაში ერთმანეთის წინააღმდეგ, უამრავი­ გოლი, უამრავი მოგებული თუ წაგებული ფინალი...

და მაინც, ბრძოლა პირველობისთვის. 262 მატჩში "რეალმა" 106-ჯერ გაიმარჯვა, "ბარსამ" კი 104-ჯერ; 52 მატჩი ფრედ დასრულდა; "რეალმა" "ბარსას" 442 გოლი გაუტანა, "ბარსამ" კი "რეალის" კარი 436-ჯერ აიღო.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ნიკოლოზ თევდორაშვილი