„სად ხარ, სახელმწიფო?!“ - კვირის პალიტრა

„სად ხარ, სახელმწიფო?!“

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება­ ისევ მწვავე პრობლემაა. ოჯახი ზოგჯერ ამას მაშინ იგებს, როცა მდგომარეობა უკვე კრიტიკულ ზღვარზეა, როცა მოთამაშე კარგავს სამსახურს, აქვს უამრავი ვალი და ყველა ახლობლისგან ფულს ითხოვს. მოთამაშე ხშირად ტყუის, რადგან დათქმულ დროს ვალს ვერ აბრუნებს და ამის გამო კარგავს­ მეგობრებსაც, ადამიანების ნდობასაც. თამაშის გამო ზოგჯერ ოჯახს ქუჩაშიც კი ტოვებენ. არადა, საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ქვეყანაში მაინც ყვავის სათამაშო ბიზნესი. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე წლებია ამ პრობლემაზე მუშაობას, ის გვიამბობს, გამოიღო თუ არა რაიმე ნაყოფი კანონის ამოქმედებამ.

- საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, აღსრულების მექანიზმს ბევრი ვერაფერი დაეტყო. აზარტული თამაშების ბრუნვა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე ორჯერ მეტია. ეს არის დადებული ფსონების ჯამი, მაგრამ არ ვიცით ამ ფსონებში ვინ რა თანხა დადო, ვინ რა გადაიხადა, აქედან რამდენია უცხოელების თანხა და რამდენი ქართველების. არ არსებობს სახელმწიფო ფინანსური კვლევები. შესაძლებელია აქვს კიდეც შემოსავლების სამსახურს, მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი. სათამაშო ბიზნესს დღეს 13 195 კაცი ჰყავს დასაქმებული და მათი ხელფასი 3.000-დან 3.400 ლარამდეა. "ევოლუშენი" დღესაც აცხადებს ვაკანსიებს, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად მიდის მათი რეკლამირება. უბედურება ის არის, რომ სხვა ვერაფერი მოუფიქრებია სახელმწიფოს ამ ნიჭიერი ახალგაზრდობისთვის და სთავაზობს აზარტულ სათამაშო ბიზნესში ოპერატორებად მუშაობას.

როდესაც სათამაშო ბიზნესი ტოპ-ათეუ­ლში გადის და ქვეყნის ბიზნესის 32-პროცენტ-ნახევარია მისი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს. სახელმწიფო უნდა ავალდებულებდეს ამ ბიზნესს, რომ იყოს პასუხისმგებლიანი. პასუხისმგებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მის თანხას რეფინანსირება გაუკეთოს და სხვა ბიზნესი ააწყოს. არა, პასუხისმგებლობაა, როდესაც სათამაშო ბიზნესიდან შეტანილ თანხას სახელმწიფო მაქსიმალურად დახარჯავს ადამიანების სოციალიზაციაზე, მათ რეაბილიტაციაზე, მათი უკეთესი ცხოვრების პირობებზე. ჩვენ გვქონდა ეს შეთავაზება, მაგრამ შეთავაზებად დარჩა. ერთადერთი სტაბილური ბიზნესი ახლა სათამაშო ბიზნესია, იმიტომ, რომ მუდმივ დეპრესიაში მყოფი, უპერსპექტივო ადამიანისთვის მთავარია თამაში, მოგება ან წაგება.

სხვათა შორის, საქართველოს მთავრობას 2022 წელს აქვს შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია, მაგრამ გსმენიათ, რომ რამე გაკეთდა? არადა, გახშირდა სუიციდის ფაქტები არა მარტო ზრდასრულებში, არამედ მოზარდებში, ბულინგი, ოჯახების დანგრევა, ძარცვა და ყაჩაღობა. ყველა ასეთი ქმედების უკან დგას მოთამაშე, რომელმაც წითელი ხაზი გადალახა და თავის თავს განაჩენი გამოუტანა. სათამაშო ბიზნესის აღვირახსნილმა, უკონტროლო არსებობამ უამრავი ჩვენი მოქალაქე გაანადგურა.

როგორ შეიძლება 3 მილიონ-ნახევრიან ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა 77 მილიარდ ლარამდე იყოს? გამოდის, თამაშობთ თქვენც, მეც, ბავშვიც, გარდაცვლილიც. კატასტროფული მდგომარეობაა. 2022 წელს კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, უნდა შეექმნა კანონპროექტი, რომელიც ააცილებდა ქვეყანას ისეთ რისკებს, როგორიც არის ფულის გათეთრება, ტერორისტული ქმედებები და ტრეფიკინგი. ფინანსთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ წარმოადგინა კანონპროექტი, თუმცა ეტყობა, შეამჩნია იმ ორგანიზაციამ, რომ რაღაც არ იყო რიგზე. თუ, მაგალითად, 2018 წელს ლატარიებისა და სხვა აზარტული თამაშების ანგარიშვალდებული პირების რაოდენობა იყო 921, 2020 წელს უკვე 3 785 იყო - ე.ი. კატასტროფულად მოიმატა. სამორინეების რიცხვიც გაიზარდა. ეტყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს დაინახეს, ისიც, რომ შეიძლება მათი ფინანსური ბრუნვა გაუმჭვირვალეა და ამის გამო მოსთხოვეს ხელისუფლებას კანონის მიღება. ამ სათამაშო ბიზნესთან ბმაშია მიკროსაფინანსოები, ლომბარდები, ასევე კაზინოებთან მდგარი ტიპები, რომლებიც საქმეებს, ასე ვთქვათ, აგვარებენ, ვის რამდენი აქვს მისატანი. ჩვენთან ლომბარდებიც მომრავლდა. ევროპაში ლომბარდები ძალიან შემცირდა. მაგალითად, სულ 10 ლომბარდია ისლანდიაში, 5 მილიონი ბრუნვით, ფინეთში 70 ლომბარდია და 20 მილიონი აქვს ბრუნვა. წარმოგიდგენიათ? ჩვენზე დიდია პოლონეთი, უნგრეთი და 120 მილიონიანი ბრუნვა აქვს უნგრეთს. ოთხივე ბალტიისპირეთის ქვეყანას 400 ლომბარდი აქვს და 50 მილიონია ბრუნვა. ჩვენს ქვეყანაში კი წლიური ბრუნვა ერთ ლომბარდს შეიძლება 100.000-დან 300.000-მდე ჰქონდეს. ჩვენთან ლომბარდის სესხი 800 000 საქართველოს მოქალაქეს აქვს. მოსახლეობის მესამედს ლომბარდში აქვს ძვირად ღირებული ნივთები. ლომბარდი იხსნის ყველანაირ­ პასუხისმგებლობას და თუ არ მიიტან პროცენტს, ნივთს ყიდის. აზარტულ მოთამაშეებს კი სახლიდან გააქვთ ყველანაირი ნივთი და ლომბარდში გარბიან...

რაც შეეხება იმას, რომ მოზარდებს კანონით აეკრძალათ თამაში, მაინც ახერხებენ სხვების მონაცემებით. ვერ ვიტყვით, რომ კანონმა არ იმუშავა, მოგვცა გარკვეული შედეგი - თინეიჯერების მაჩვენებელმა დაბლა დაიწია ონლაინთამაშებში, ჩვეულებრივ კაზინოებში ისედაც ვერ შევლენ, მაგრამ ფაქტია, გარკვეული რაოდენობა მაინც თამაშობს. სწორედ ეს არის პრობლემა. პასუხისმგებლიან ბიზნესს უნდა დაავალოს სახელმწიფომ მაქსიმალური კონტროლი. ამიტომაც ვითხოვდით, რომ ყველა ჯერზე, როცა პირი დაჯდებოდა სათამაშოდ, მას დასჭირვებოდა ახალი ვერიფიკაცია, ახალი იდენტიფიცირება, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დღეს ყველაფერი ხელოვნურ ინტელექტზეა გადასული, ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიებს ემყარება, სახელმწიფოს შეუძლია დაავალოს 77-მილიარდიან ბიზნესს ამის გაკეთება და შექმნან საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად ისეთი რამ, რომელიც იმუშავებს 24:7-ზე და მაქსიმალურად გაშიფრავს და გაცხრილავს თინეიჯერებს. ონლაინთამაშებში ჩართულია გოგონების 4,2 პროცენტი, ხოლო ბიჭების - 8,4 პროცენტი. წინა კვლევებთან შედარებით, ჩვენი თინეიჯერების ჩართულობა ქართულ ონლაინთამაშებში შემცირებულია, მაგრამ არის ეჭვი, რომ უცხოურ საიტებზე გადავიდნენ. სწორედ ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომ ხელოვნური ინტელექტით გამოავლინოს ასეთი ახალგაზრდები.­ ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, თუ სურს ჩვენთვის ჯანსაღი და ნათელი მომავალი, თორემ ბევრ მოზარდს, თითქმის ყოველ მეხუთე ბავშვს, თამაშის ნიადაგზე ფსიქიკური პრობლემები აქვს. თამაშდამოკიდებულების შედეგია შფოთვა, უძილობა, გაღიზიანება, დამალვა, სტიგმა... თუ სახელმწიფომ არ იზრუნა, მდგომარეობა უფრო დამძიმდება.

თამაშდამოკიდებულება სერიოზული პრობლემაა. როდესაც მე მუშაობა დავიწყე ამ თემებზე, მაშინ ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი იყო თბილისში და ინდივიდუალურად მუშაობდა ქალბატონი მარინა კაჭარავა. ახლა თბილისში არაერთი სარეაბილიტაციო ცენტრია, რადგან ქვეყანა ფსიქოზმა­ მოიცვა, დიდს თუ პატარას დახმარება სჭირდება. თუმცა ამ საქმეში ბევრი არაპროფესიონალია, არაერთი ცენტრი ფულის საჭრელ დაზგად არის გადაკეთებული. ყველა ფსიქოლოგი გახდა. სახელმწიფომ ამასაც უნდა მიხედოს.

ბავშვს თამაში ადვილად შეუძლია, ყოველ ნაბიჯზე დგას გადასარიცხი აპარატები, ამ გადასარიცხ აპარატებზე პირდაპირ ამოვარდება ფანჯარა, სადაც არის ტოტალიზატორი, ონლაინკაზინო, სლოტკლუბები, შეგიძლია უპრობლემოდ ჩარიცხო თანხა და ითამაშო. საიდან უნდა მოიტანოს მოზარდმა სათამაშო ფული, რა თქმა უნდა, მისი ცხოვრება კრიმინალისკენ იქნება მიდრეკილი. ამიტომაც მნიშვნელოვანია სოციალური პროგრამები, ფსიქოლოგიური შეფასება, ოჯახსა და სკოლასთან მუშაობა, სოცმუშაკის ჩართვა, თორემ ასე თუ მივუშვებთ, უმძიმეს შედეგს მივიღებთ.

- კაზინოები კონტროლდება? შემოსავლებში დარეგისტრირებული მოთამაშეები ისევ ახერხებენ თამაშს?

- სიმართლე გითხრათ, მოზარდები მე პირადად არ მინახავს კაზინოებში, მაგრამ მინახავს, ვინც გაშავებულია. მაგალითად, ვაგზალზე მდებარე კაზინოში ხშირად ნახავთ მათ. არაფერი შეიცვლება, თუ პოლიტიკური ნება არ იქნა. 77-მილიარდი ბრუნვა კოლოსალური თანხაა. ამიტომ ვითხოვთ სათამაშო ბიზნესის ფინანსურ გამჭვირვალობას, გამოაქვეყნოს შემოსავლების სამსახურმა, დადოს სტატისტიკა, რამდენია ქართველი მოთამაშის დადებული ფსონი, რამდენია მოგებული, რამდენი წაგებული, რამდენია უცხოელების მიერ დადებული, რამდენი წაგებული, როგორი იყო ონლაინკაზინოებიდან შემოსავალი. 2 მილიარდზე მეტი ერთ თვეშია დატრიალე­ბული თუ ექვს თვეში, გვითხრან.

თბილისის მერიას და მუნიციპალურ სამსახურს ევალება სახმელეთო სათამაშო­ დაწესებულებებზე კანონის აღსრულება. ამ დაწესებულებებს არა აქვთ უფლება 10 კვმ სარეკლამო ბანერის განთავსების და რა ხდება "შანგრილაზე"? ჩვენი გამუდმებული პროტესტის მიუხედავად, ისევ ბრდღვიალებს. რამდენი წერილი შევიდა, რამდენჯერ გადავიღეთ, ლაივ-ჩართვა გავაკეთეთ, ვინმემ მიაქცია ყურადღება? "აჭარას" მიაქციეს ყურადღება, მთელ კედელზე რომ არის გამოკრული სამორინის რეკლამა? იქით "ამბასადორია" აბრდღვიალებული. ამ ბიზნესს გავლენიანი პატრონები­ რომ არ ჰყავდეს, მაშინ პოლიტიკური ნებაც იქნება და ბიზნესის რეგულირებაც. ბავშვებს მაინც ნუ დაღუპავენ, მათზე მაინც იზრუნონ, სოციალური მუშაკები მიამაგრონ.

თუ მაინცდამაინც უნდათ სათამაშო ბიზნესი, მაშინ სახელფასო ცენზი­ უნდა ავწიოთ, სამორინეებისგან გავათავისუფ­ლოთ ქალაქები და ბავშვებიც მეტად დაცული იქნებიან, ნაკლები კრიმინალი გვექნება, ნაკლები ბულინგი ოჯახებში და ჩვენს ახალგაზრდებს განვითარების მეტი მოტივაცია ექნებათ. ის "ევოლუშენი" გავიტანოთ ქალაქგარეთ და ნაკლებად დავასაქმოთ ჩვენი ახალგაზრდები ამ დამღუპველ ბიზნესში.

სად ხარ, სახელმწიფო?!