„თბილისი მცხეთის ზვარაკი გახდა“
საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ არარატის მთაზე (თურქეთის მხრიდან) ზღვის დონიდან 5165 მეტრზე არქეოლოგთა ჯგუფები მთელი მსოფლიოდან ნოეს კიდობნის არქეოლოგიურ კვალს ეძებენ. ამ ექსპედიციაში ქართველი არქეოლოგი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი მერაბ ძნელაძეც არის მიწვეული. არავინ იცის, რა შედეგით დამთავრდება "თავზე ხელაღებული ექსპედიციის" ბრძოლა კაცობრიობის ყველაზე დიდი აღმოჩენისთვის, თუმცა ბატონ მერაბს საამაყოდ უკვე აქვს თბილისის ის გათხრები, რომლებმაც საქართველოს დედაქალაქი 400 წლით "დააძველა". მანამდე იყო მცხეთის ექსპედიციაც.
- თქვენი საქმიანობის 50 წლის განმავლობაში 60-მდე უმნიშვნელოვანესი ძეგლი გაქვთ შესწავლილი. თუმცა ვფიქრობ განსაკუთრებული მაინც მცხეთის ექსპედიცია და დედაქალაქის ძეგლების კვლევა იქნებოდა.
- მცხეთის ექსპედიციაში მესამე კურსის სტუდენტი მას შემდეგ მოვხვდი, რაც 1975 წელს ანდრია აფაქიძემ კვლავ შექმნა მცხეთის მუდმივმოქმედი ექსპედიცია.
- როგორც ვიცი, ბაგინეთში სამუშაოების გაგრძელებას თავს არიდებდნენ...
- ამას მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა. ადრეულ წლებში როცა გაითხარა, ალიზის კედლები გამოჩნდა. 30 ჰექტარზე უნდა ყოფილიყო დედაციხე, ციტადელი, აკროპოლისი. სამწუხაროდ, მიწიდან მზის შუქზე ბუნებრივ პირობებში მოხვედრის გამო, გალავანი ნელ-ნელა დაიშალა. ამიტომ ანდრია აფაქიძე წინააღმდეგი იყო, სანამ არ გამოვიგონებთ მეთოდს, თუ როგორ შევინარჩუნოთ კედლები, გათხრა არ შეიძლებაო. ბოლო წლებში მაინც გაითხარა და ძალიან საინტერესო ძეგლები გამოიკვეთა: აბანო, სასახლის ნაშთები... წარმოიდგინეთ, 800 წელი იქ მეფე იჯდა. მეტსაც გეტყვით, საბჭოთა პერიოდში ძველი თაობის კოლეგებმა დიღომთან ადრექრისტიანული სამარხი - ქვა-ყუთი გახსნეს. ეტყობა, სტერილურად იყო დახურული, რომ გახსნეს, საფლავში ბროწეული აღმოჩნდა.
- როგორი ბროწეული, უვნებელი?
- მთელი ბროწეული, შენახული, მაგრამ ჰაერის მოხვედრისთანავე თვალსა და ხელშუა დასკდა და დაიფერფლა, გადაღებაც ვერ მოვასწარითო, ამბობდნენ.
- მცხეთაში მახსოვს, აკლდამა გაითხარა და შიგ აღმოჩნდა სპილოს ძვლის სამელნე თავისი წვერით. წარმოიდგინეთ, რითი წერდა ჩვენი წინაპარი...
- განა ამის ნახვა სასწაული არ იყო? პირველი საუკუნეებით თარიღდება. გვქონდა შემთხვევები, როცა მილიცია იდგა ჩვენს დასაცავად, ან ჩვენები იდგნენ, რომ სამარხი სხვებისგან დაეცვათ... 90-იან წლებში მცხეთის ექსპედიციიდან დმანისის ექსპედიციაში მომიწია გადასვლამ. თბილისთან პირველი სამუშაო შეხება სწორედ იმ დროს, 1992 წელს სობოროს ტაძართან მქონდა.
- ლაპარაკია ტაძარზე, პარლამენტის შენობის ადგილას რომ იდგა?
- დიახ, უშველებელი ტაძარი იყო. როცა შამილი დაატყვევეს და რუსეთში მარხილით წაიყვანეს, ერთი თვე მიჰყავდათ. პეტერბურგში რომ ჩააღწიეს, მოკვდა სიცილით, ამხელა მიწები გქონიათ, თვეებია გზაში ვარ და ჩემი ორი მთის გამო დაწყვიტეთ ამდენი ხალხიო? შამილის დამარცხება კავკასიაში ომის დამთავრებასაც ნიშნავდა. რუსეთის იმპერატორმა ბრძანა, რომ თბილისში უნდა აშენებული ტაძარი, ალავერდზე მაღალი და სვეტიცხოველზე დიდი. ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი აშენდა, სობოროთი ცნობილი და იმ ადგილს ეს სახელი შემორჩა.
- როგორი ტაძარი იყო?
- დიდი ტაძარი იყო, ხახვისთავა გუმბათებით. სხვათა შორის, წმინდა გიორგის ტაძარიც, ქაშვეთს ვგულისხმობ, ხახვისთავა გუმბათით უნდა ყოფილიყო, თუმცა დიმიტრი ამილახვარმა, რომ იტყვიან, თავი მოიკლა და არ ააშენებინა.
1992 წელს, პარლამენტის სასახლის წინ გზა რომ ჩადის, მილები უნდა გამოეცვალათ და გრძივი თხრილები გაავლეს. იქ აღმოჩნდა უამრავი საფლავი, რომლებიც სობოროსთან იყო დაკავშირებული. XVIII-XIX საუკუნეების აგურით ნაშენი სარკოფაგები იყო. სწორედ მათი კვლევა ჩავატარე...
საქართველოში არაერთ საუკეთესო ძეგლზე მიმუშავია, თუმცა განსაკუთრებით ვამაყობ აბანოთუბანში 40 სებასტიელი მოწამის ტაძრის ტერიტორიის გათხრებით.
1998 წელს ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქეოლოგიის განყოფილების უფროსი ვიყავი. დღეს აბანოთუბნის ეკლესია და აივნიანი სახლები რომ არის, ადრე იქ ბორცვი იყო, ზედ თბილისური ეზოთი. მოკლედ, ის ეზო დაშალეს. მაშინ ვიღაც ბიზნესმენებს სასტუმროს თუ რესტორნის აშენება სურდათ. საპატრიარქო და ძეგლთა დაცვის სამსახური უარზე იყვნენ და აი, რატომ - მაგ ადგილას ადრე ეკლესია იდგა, 40 სებასტიანელი მოწამის ტაძარი, 320 წელს წამებულების სახელზე აგებული. ისე ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ადგილს. სწორედ აქ აწამეს 786 წელს აბო თბილელი, თავი მოჰკვეთეს, გაიტანეს ქალაქგარეთ ანუ ახლანდელი მეტეხის ხიდთან, სადაც საგოდებელი ანუ სასაფლაო იყო და მისი ნეშტი იქ დაწვეს. არაბებმა მაშინ თქვეს, ქრისტიანებმა მიცვალებულის პატივისცემა იციან, ამიტომ დავწვათო, დასაკნინებლად დაწვეს. გათხრისას გამოვაჩინეთ ძველი ეკლესია, რომელიც 1923-24 წლებში ბოლშევიკებმა ააფეთქეს. როგორც კი შემოვიდნენ, ეკლესიებს, რომლებსაც ვერ შლიდნენ, ბარბაროსულად აფეთქებდნენ. კლასიკურად აგებულ შენობებს ვერ შლიდნენ, იმიტომ, რომ დუღაბით იყო ნაშენი... რატომ ვამაყობ ამ ადგილით? იმიტომ, რომ აქ აღმოჩნდა პირველი საუკუნეების ანტიკური აბანო, რომელმაც თბილისის ისტორია კიდევ უფრო დააძველა.
- ნატაძრალის ქვეშ?
- დიახ. აქ 10-12 ფენა გამოჩნდა. აქედან ოთხი სხვადასხვა ეკლესიის იყო. თბილისი ხომ სულ ინგრეოდა და სულ შენდებოდა. ამიტომ ტაძრის ადგილას ისევ ტაძარი შენდებოდა, ამრიგად, 10-12 ფენა გავიარე ნგრევა-შენების. პირველი ეკლესია აქ ვახტანგ გორგასალს უნდა აეშენებინა.
- ანუ აბანო სულ პირველი მშენებლობა იყო მაგ ადგილას?
- დიახ. მეტ სიღრმეში ჯერ არ ჩავსულვართ. ეს აღმოჩენა ნიშნავდა იმას, რომ დედაქალაქობამდე ანუ გორგასლამდე 300-400 წლით ადრე აქ კლასიკური დასახლება იყო. ძალიან მაღალი, ლამის სამეფო რანგის აბანოა. მეფეთა სარეაბილიტაციო ცენტრი იყო, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ. რატომღაც მგონია, ეს აბანო ფარსმან ქველის ეპოქისაა. ეს პირველ რიგში თბილისისთვის არის დიდი აღმოჩენა. ადრე მეცნიერები ამბობდნენ, რომ თბილისი გორგასლამდე და სპარსთა ერისთავამდეც იყოო. თუმცა თბილისი რომ ადრეული დასახლება იყო, ამის დასტურად დოკუმენტური მასალა არ არსებობდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მონეტას. აბანოს აღმოჩენა კი მოწმობდა, რომ თბილისი პირველ საუკუნეებში უკვე კარგად დასახლებულია, სამეფო აბანოც აქვს. მარტო აბანო ხომ არა, სასახლე იქნებოდა, ხალხი ცხოვრობდა.
- ლეგენდა თბილი წყლებისა და ხოხბის შესახებ უბრალოდ ლეგენდაა?
- მე ჩემი მოსაზრება მაქვს - ძველად ხოხობი რომ აღმოჩნდა დმანისის ნაქალაქარზე, თბილისში, კრწანისის ველზე გათხრების დროს ამბობდნენ, ფრინველის გამოსახულებააო. მოჭიქულ ჯამებზე ლამაზად მოხატულ ხოხბებს ვგულისხმობ. რატომ მაინცდამაინც ხოხობი? რა პერიოდია? ეს არის თამარის ეპოქა. საერთოდ, ლეგენდა იქმნება გვიან და მაშინ, როცა ძლიერი ხარ და გინდა გაილამაზო წარსული. მეტსაც გეტყვით - არის მეორე ლეგენდაც, რომელიც უფრო მომწონს: გორგასალი სანადიროდ შედის ლეღვთახევში და იქ შველს დაჭრის, დაჭრილმა შველმა გაიარა ადუღებული წყლები, განიკურნა და გაიქცა. ეს სიცოცხლის წყაროა და აქ ქალაქი დავაარსოთო, იტყვის გორგასალი.
- ყველამ ვიცით და ეს უკვე ლეგენდა არ არის, რომ გორგასალმა დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. თუმცა, ალბათ, ფართო საზოგადოება არ ჩავღრმავებივართ მიზეზებს, ეს რატომ გააკეთა.
- რატომ გადმოდის დედაქალაქი თბილისში, როცა 800 წელი დედაქალაქია მცხეთა, ინფრასტრუქტურულად, ეკონომიკურად განვითარებული. მასზე ასევე გადის აბრეშუმის გზა. რომ იტყვიან, ყველა პირობაა შექმნილი დედაქალაქისთვის. არის მოსაზრება, რომ თბილისი ადგილით სჯობდა მცხეთას, მაგრამ რითი სჯობდა?
- შეიძლება თბილისი უფრო დაცულია.
- პირიქით, მცხეთა უფრო დაცულია, იმიტომ, რომ ყველა შემოსასვლელი იხურებოდა. ავიღოთ ელინისტური ღართისკარი. ქალაქში შესვლამდე ციხესიმაგრეების მთელი სისტემა იყო, ესე იგი, ფანტასტიკურად იყო დაცული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ვის გადმოაქვს დედაქალაქი - ვახტანგ გორგასალს. ვინ არის ვახტანგი? უდიდესი მეფე, მან შექმნა ქართული საეკლესიო ავტოკეფალია. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდმორწმუნე უნდა ყოფილიყო. სვეტიცხოველი ვინ ააშენა - ძველი სამნავიანი ბაზილიკა - რა თქმა უნდა, ვახტანგმა (მოგვიანებით გახდა ჯვარგუმბათოვანი). გორგასლისთვის სვეტიცხოველი უწმინდესი ტაძარი იყო და იცით, რატომ?
- კვართია დაცული.
- დიახ, მცხეთა იმ დროს მეორე იერუსალიმად იწოდებოდა. მეფემ იცოდა, რომ მტერი უპირველესად დედაქალაქში მოდის, ამიტომ მან იცის, რომ მცხეთას უბედურება ემუქრება. მეფე ინდოეთში ნალაშქრი იყო და კარგი სარდალიც. იცოდა, რომ მტერი ჩამოვიდოდა. შენ აბრეშუმის გზა ხარ, კავკასიის ცენტრი. ყველა დამპყრობლის მიზანია აიღოს დედაქალაქი. მცხეთიდან დედაქალაქი იმიტომ გადმოიტანა, რომ სვეტიცხოველში დაცული ყოფილიყო ქრისტეს კვართი.
- მაგრამ ამ ფაქტს არაბებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ კვართი წაეღოთ.
- თუ წაიღეს, დაბრუნდა კიდეც. თავად ტაძარი არ დანგრეულა. მე ვფიქრობ, თბილისი მცხეთის ზვარაკია. მთელი ის უბედურება მცხეთის ნაცვლად გადაიტანა თბილისმა. ვერავინ დამისახელებს ქალაქს, რომელსაც იგივე გადაეტანოს, რაც თბილისმა გადაიტანა და ამდენი უბედურების შემდეგ დღესაც დედაქალაქია. ასეთი მხოლოდ ორი ვიცი - რომი და ათენი. თბილისი გახდა ზვარაკი მცხეთის კვართისა. დანგრევით მცხეთა დაინგრა, თანაც რამდენჯერმე, მაგრამ არ გადასწორებულა, თბილისი კი რამდენჯერმეა გადასწორებული.
- გადმოცემით ვიცით, რომ თბილისი ცნობილი იყო თავისი სასახლეებით, უმშვენიერესი წალკოტებით. არის კი ეს არქეოლოგიურად დადასტურებული?
- თბილისში არსებობდა სამი სამეფო რეზიდენცია: პირველი - გორგასლის აბანოთუბანში. ახლაც იკითხება მისი ნაშთები. ვგულისხმობ 40 სებასტიანელი მოწამის ტაძრის ტერიტორიას. იქ არის არაბი ამირას დროინდელი ქვაფენილიც. როგორც წესი, ამირა ჯდებოდა იქ, სადაც სამეფო რეზიდენცია იყო; მეორე სასახლეა თამარის რეზიდენცია, რომელიც მეტეხის ეკლესიის მიმდებარედ იდგა და მტკვარს გადმოჰყურებდა. წყაროებში წერია, თამარი ზევიდან გადმოხედავდა ქალაქს და ლოცულობდაო; დავითი, მართალია, თბილისს ათავისუფლებს, თუმცა მის რეზიდენციაზე არაფერია ცნობილი; მესამე როსტომ მეფის დროინდელია. როსტომმა დაიწყო თამარის სასახლის აღდგენა, მაგრამ, როგორც ამბობენ, მეხი დაეცა და შეეშინდაო. ამიტომ ჩამოიწია დაბლა და სიონი-ანჩისხატის ხაზზე ქმნის სამეფო რეზიდენციის ვრცელ სისტემას. ერეკლეს მოედანზე, ახლა რომ საპატრიარქოა, დასახლება ყოფილა. მე მომიწია იქ გათხრების ჩატარებამ, გვერდით არის სასახლის ნაშთები, რომელზეც დღეს ოფისია დაშენებული. სამწუხაროდ, არც ერთი ჩამოთვლილთაგანი აღარ არის - მტერმა ერთმა, მეორემ, მესამემ, შემდეგ რუსეთმა, ეს ყველაფერი მოსპო და გაანადგურა.
როცა თბილისის პრობლემებზე მუშაობ, ბევრი საწუხარი გაქვს, როცა ხედავ, როგორ ნადგურდება რაღაცები. ქეთევან წამებულის გამზირი რომ გადათხარეს, არქეოლოგი არ მიაკარეს. არადა, მანდ უნდა ყოფილიყო სასახლის ნაშთები.
- ისნის სასახლის ნაშთები?
- რა თქმა უნდა.
- ნარიყალაზე მინდა გკითხოთ. ის თავიდანვე დედაციხე იყო? 400 წელი არაბების ხელში იყო. ჩანს, რომ ერთ დროს შთამბეჭდავი ციხე უნდა ყოფილიყო, მაგრამ გასწვდებოდა კი ეს ციხე ქალაქის დაცვას?
- ნახეთ როგორ არის - მეფეს აქვს დაბლა ციხე, იქ ცხოვრობს. მაღლა ციხეში ჯარია, ეკლესია. თუ გაჭირვებაა, მეფე მაღლა ადის... ნარიყალა დიდი კომპლექსი იყო: იყო დაბლა ციხე, მაღლა ციხე მიუყვებოდა და შაჰტახტს სცილდებოდა. "ქართვლის დედა" რომ დგას, იქ ციხე-გალავანი იდგა კოშკით, შაჰტახტი ოთხკუთხა დიდი კოშკია. არაბების დროს ასტროფიზიკური ობსერვატორიაც იყო... იქ ორი სეზონი ვიმუშავეთ და როცა "საბჭოთა" ფენა მოვხსენით (მოგეხსენებათ, ხალხი ცხოვრობდა მანდ და კანალიზაციის სისტემა იყო), ძველ ფენაზეც დავედით, თუმცა ის უკვე ხელმისაწვდომი არ არის, რადგან იქ ექსპედიციის ჩატარება ცოტა რთულია...
ფანტასტიკურად მდიდარია თბილისი. ჯერ თავისი ისტორიით, თავისი ბუნებით. თბილისი ჯამში ჩასმული ბუნების ძეგლია. ამის უკეთ წარმოჩენა თბილისს წარმოუდგენელ დიდ ძეგლად გადააქცევს. ამიტომ თბილისს მეტი პატრონობა სჭირდება.