თბილისში სამი საზენიტო „სპაიდერი“ ისრაელიდან უკრაინულ „რუსლანს“ ჩამოუტანია...
29 ნოემბერს თბილისს დაბალ სიმაღლეზე ორჯერ გადაუფრინა უზარმაზარმა სატრანსპორტო „რუსლანმა“, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენა-აფრენის პროცედურა შეასრულა...
თითქმის ოთხასტონიანი და ოთხძრავიანი Ан-124 "Руслан"-ის, რომელსაც 120 ტონის გადატანა შეუძლია, სტუმრობა თბილისის აეროპორტში ადრეც არცთუ ისე ხშირად ხდებოდა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თითქმის შეწყდა, რისი მიზეზიც ისიც გახლდათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს, ამ სატრანსპორტო „რუსლანების“ ექსპლუატაციას მხოლოდ თითო-თითო უკრაინული და რუსული ავიაკომპანიები ახორციელებენ და მათი გადაფრენების მარშრუტები მნიშვნელოვნად შეიცვალა.
რა შეიძლება ჩამოეტანა თბილისში ამ უზარმაზარ თვითმფრინავს და ვის ეკუთვნოდა ის-რუსულ თუ უკრაინულ ავიაკომპანიას?
ეს კითხვა შეიძლება პასუხის გარეშე დარჩენილიყო,რომ არა...სპოტერები...
სპოტერებს ეძახიან იმ ხალხს, რომლებიც სპოტინგს მისდევენ ანუ სამოქალაქო აეროპორტებსა და სამხედრო აეროდრომებზე მდგომ და იქიდან აფრენისა და დაფრენის მომენტში მყოფ თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ძალზე ეფექტურ ფოტოსურათებს იღებენ.
და, ერთ-ერთმა ასეთმა სპოტერმა Arab-Military-დან შესძლო ისრაელის თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში შორიდან გადაეღო უკრაინულ Ан-124-100 «Руслан»-ში, სარეგისტრაციო ნომრით UR-82008, თუ როგორ იტვირთებოდა ისრაელის ცნობილი კორპორაციის Rafael-ის წარმოებული საზენიტო-სარაკეტო Spyder-ის სამი მობილური დანადგარი...
სხვებმა კი ინტერსივრცეში განათავსეს ამ უკრაინული „რუსლანის“ ფრენის მარშრუტი ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტიდან თურქეთის საჰაერო სივრცის გავლით თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე...
ყველა ფაზლი თავის ადგილზე დაჯდა-ისრაელს საქართველოში საზენიტო „სპაიდერები“ გამოუგზავნია, რომელიც უკრაინულ სატვირთო „რუსლანს“ ჩამოუტანია...
ამის გარკვევამ სერიოზული დაძაბულობა მოხსნა მოსკოვსა და ერევანში, რადგან ბენ-გურიონის აეროპორტში უკრაინულ „რუსლანში“ საზენიტო „სპაიდერების“ ჩატვირთვის ვიდეოკადრების გასაჯაროებისას რუსეთის დაზვერვას ეჭვი გაუჩნდებოდა, რომ ისრაელმა შეიძლება მოუხსნა არაოფიციალური ემბარგო შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინას და მას უკრაინული „რუსლანითვე“ ის საზენიტო „სპაიდერები“ გაუგზავნა, რაც ასე სჭირდებათ მათ უკრაინული ქალაქების დასაცავად რუსული ფრთოსანი რაკეტების შეტევების მოგერიებისას...
ერევანში კი შეიძლება ჩაეთვალათ, რომ „სპაიდერებით“ დატვირთულმა უკრაინულმა „რუსლანმა“ ისრაელიდან გეზი რადგანაც სამხრეთ კავკასიისკენ აიღო, მას საზენიტო-სარაკეტო დანადგარები ბაქოში ჩაჰქონდა, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ საჰაერო მარშრუტის გამოყენებით (რომელიც ქართულ ცაზეც გადიოდა) გადაიარაღდა აზერბაიჯანის არმია ისრაელის თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რამაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებასა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენაში.
საბოლოოდ გაირკვა, რომ „სპაიდერის“ სამივე საზენიტო დანადგარი უკრაინულმა „რუსლანმა“ სწორედ თბილისში ჩამოცალა, ე.ი. ისინი საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის იყო განკუთვნილი და შესაბამისად მათ უნდა გააძლიერონ ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის თავდაცვა, რაც უცილებლად მისასალმებელია, თუმცა ამას ჯერ კიდევ... 2020 წლიდან ველოდით...
სწორედ 2020 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის Rafael Advanced Defense Systems-თან მოაწერა ხელი შეთანხმებას ქართული „სპაიდერების“ მოდერნიზაციის შესახებ.
ისრაელის „სპაიდერების“ ქართული ცის სადარაჯოზე გამოჩენის ისტორია კი შემდეგნაირია:
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვისას რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოყრა-დაზიანებაში წვლილი მიუძღვის "სპაიდერის " ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარებსაც, რომლებიც აგვისტოს ომამდე საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ისრაელში, სახელმწიფო კომპანია "რაფაელისგან" შეიძინა.
ქართველმა მეზენიტეებმა "სპაიდერიდან" გაშვებული "პითონის" ტიპის საზენიტო რაკეტებით ორი-სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს და დააზიანეს.
რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ცხინვალთან, საბრძოლო მოქმედებების რაიონში მიწაზე დაცემული, აფეთქებული საზენიტო "პითონების" რამდენიმე დამიზნების თავაკი აღმოაჩინა და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ ქართველებს იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო (თავის კლასში) საჰაერო თავდაცვის სისტემა ჰქონდათ. ამის შემდეგ დაიწყო რუსეთის სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფების ნადირობა ქართულ "სპაიდერებზე", თუმცა, საბედნიეროდ, უშედეგოდ.
ქართულდროშიანი "სპაიდერები" სახალხოდ პირველად აგვისტოს ომიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აჩვენეს, როდესაც ქუთაისში 26 მაისის სამხედრო აღლუმი ჩატარდა.
ამის შემდგომ "სპაიდერების" დანადგარები უკვე მოითხოვდნენ რემონტს და საბრძოლო საჭურვლის, ანუ რაკეტების მარაგის შევსებას, მაგრამ ამ მხრივ წინსვლა დიდი ხნით შეჩერდა, რადგან აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის შეძენის მხრივ გამოუცხადებელი ემბარგო მოუწყვეს.
და მხოლოდ ხუთი წლის წინ მოხერხდა ამ არაოფიციალური ემბარგოს დაძლევა და ქართული „სპაიდერების“ ისრაელში დაბრუნება მათი მოდერნიზაციისთვის.
ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტში,საქართველოში გამოგზავნამდე დაფიქსირებული „სპაიდერის“ სამი მობილური დანადგარი Tatra 6x6-ის ბაზაზეა დამონტაჟებული,მაშინ,როდესაც 17 წლის წინ ნაყიდი ქართული „სპაიდერები“ Roman 6x6-ის ბაზაზე იყვნენ აწყობილნი,რაც აჩენს კითხვას,ეს სამი „სპაიდერი“ სულაც დამატებით შეძენილები ხომ არ არის?ისინი ისევ Spyder-SR-ის ვერსია თუ უფრო შორსმოქმედი Spyder-MR-ის მოდიფიკაციის და ბოლოს-ისევ მხოლოდ „პითონის“ თბური დამიზნების საზენიტო რაკეტები გვეყენება ქართულ „სპაიდერებზე“,თუ მათ მხარში ამოუდგებიან რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო „დერბებიც“?