„...იმ დღეს იმდენად შემჯავრდა ტყუილი...“ - კვირის პალიტრა

„...იმ დღეს იმდენად შემჯავრდა ტყუილი...“

"რა საინტერესო რუბრიკაა "არასდროს დამავიწყდება"... მას შემდეგ, რაც დამირეკეთ და ჩაწერაზე შევთანხმდით, მეხსიერების კუთხე-კუნჭულში ვიძრომიალე", - ამბობს მსახიობი ლილი ხურითი და იხსენებს ამბებს, რომელმაც მის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოხდინა.

ბავშვობის განცდები

- ოჯახში სამი და ვართ, სამივე განსხვავებული, მიუხედავად იმისა, რომ აღზრდა და გარემო ერთნაირი გვქონდა. ერთხელ ახლობელ სოციოლოგს ვკითხე, რა ახდენს გავლენას ადამიანის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე-მეთქი? როგორც აღმოჩნდა,­ გენეტიკაზე 40% მოდის, სოციუმზე - 60%.

ჩემზე ყველაზე დიდი ზეგავლენა იმ წლებმა მოახდინა, რომელიც ბავშვობაში, სოფელში გავატარე. დღეს რომ ვაკვირდები, რამე თუ მიხარია, მიხარია ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში მიხაროდა, მწყინს ისე, როგორც ბავშვობაში მწყინდა, მენატრება ისე, როგორც ბავშვობაში... თქვენი ზარის მოლოდინში ჩემს მეხსიერებაში საოცარი მოგონებები გაცოცხლდა, გონებამ შესაძლოა რაღაც დაივიწყოს, მაგრამ ქვეცნობიერს სულ ახსოვს.

ჩემი სოფელი ახალგორის რაიონშია­ (ყოფილი ლენინგორი), წინაგარა ჰქვია,­ ჩემს ბავშვობაში უღელტეხილი ერქვა, მთაში მდებარე სოფელია. იქ ზამთარში მხოლოდ 5 კომლი რჩებოდა, ყველა დანარჩენი ბარში მიდიოდა. ბარში რომ ჩასულიყავი, დილით უნდა გასულიყავი სახლიდან და საღამომდე უნდა გევლო. იმ სოფელში ელექტროენერგიაც არ იყო, მაგრამ იყო საოცარი ბუნება და ადამიანების კავშირი ამ ბუნებასთან. სწორედ იქ შეიძლებოდა ყველაზე კარგად შეგეგრძნო, რომ სამყაროს ნაწილი იყავი. დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ბადებდა მიწასთან შეხება, მიწის სუნი, ცხოველებთან ურთიერთობა, ტყეში ხეტიალი... უფროსები სულ გვაფრთხილებდნენ, ტყეში შორს არ შევსულიყავით, მაგრამ ბავშვი ხომ ცნობისმოყვარეა, ყოველთვის უღრანი ტყე აინტერესებს... მე და ჩემმა თანატოლებმა ვიცოდით, რომ სადღაც შორს, ტყის სიღრმეში, მოშიშვლებული ადგილი იყო, სადაც ხე არ ხარობდა, ეს ადგილი წყლიანი იყო, არასდროს შრებოდა. გაგონილი გვქონდა, მიწას წყლულივით აჩნდა, ზემოდან ქერქი ჰქონდა მოდებული. ინტერესს ადამიანი სადამდე მიჰყავს, მაინც მივაგენით, მაინც შევედით, დავდექით იმ დამსკდარ ქერქზე... ეს ჩვენთვის შიშზე მორევა იყო, იმის განცდა, რომ რაღაცას ვაჯობეთ, რაღაც დავძლიეთ, გადავლახეთ და შინ მშვიდობიანად დავბრუნდით.

4-1764531281.jpg

სოფელში გატარებული დღეები მძაფრი შეგრძნებებით და ემოციებით იყო სავსე. ბიჭები "რაგატკით" ჩიტებზე ნადირობდნენ, მერე იქვე წვავდნენ. ბავშვი ხომ ძალიან საყვარელია, მაგრამ ზოგჯერ საქციელი აქვს დაუნდობელი. ახლა ქუჩაში მკვდარი ჩიტი რომ ვნახო, შეიძლება იმდენი ვიტირო, მთელი დღე გამიფუჭდეს, ბავშვს ეს შეგრძნება ნაკლებად აქვს. ერთხელ ფსიქოლოგის საუბარს მოვუსმინე და ცოტათი შვება მომგვარა - ბავშვის საქციელი დაუნდობელი ჩანს, შეუძლია, ცხოველს ატკინოს, ბუმბული დააცალოს, არ ესმის, რომ ეს ტკივილიაო. მე კი ბავშვობის ის შეგრძნებები მაინც მაწუხებს. არასდროს დამავიწყდება, ერთი ჩიტი ჩემს ფეხებთან დაეცა, მაშინ რაღაც მოხდა ჩემში, სიბრალული ვიგრეძენი და ბარტყის გადარჩენა მოვინდომე... ის ჩიტი მაინც დაიღუპა, რომ მახსენდება, ახლაც ცუდად ვხდები. როცა წამოვიზარდე და რაღაცები გავაცნობიერე, ბევრ რამეზე სხვაგვარად დავფიქრდი.

სოფლიდან რომ მოვდიოდით, ვიღაცას უხაროდა თბილისში დაბრუნება, მე კი გული მიკვდებოდა, იმიტომ, რომ ბებიას მარტო ვტოვებდი...

სკოლის პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობის ფაქტორს ბავშვსა და მასწავლებელს შორის, ოღონდ ესეც მოგვიანებით გავაცნობიერე. გავიხსენებ ამბავს, რომელმაც ჩემზე უდიდესი გავლენა მოხდინა, ეს ამბავი ფიზიკის გაკვეთილზე მოხდა.

5-1764531281.jpg

თბილისში 36-ე საჯარო სკოლა დავამთავრე, ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, ტექნიკურები დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ ვსწავლობდი, როგორც შემეძლო. ჩემგან განსხვავებით, უფროსი და ტექნიკურ საგნებში ძალიან ძლიერი იყო. ერთ დღეს შინ მისი დავალებების რვეული აღმოვაჩინე, ზუსტად იმ კლასის, რომელ კლასშიც­ მე ვიყავი. ფიზიკის რვეული გადავშალე და რას ვხედავ, ზუსტად ის დავალებები აქვს შესრულებული, რასაც ახლა მე სკოლაში მაძლევენ. ჩემი ჭკუით გამოსავალი ვიპოვე და ერთ დღეს დავალება ნაპოვნი რვეულიდან გადმოვწერე. მეორე დღეს ფიზიკის­ გაკვეთილზე მასწავლებელმა იკითხა, აბა, დავალება რომელს გაქვთ შესრულებულიო? თანაკლასელები გაისუსნენ. მე ავდექი და ჩემი დავალების რვეული გადავშალე. მასწავლებელმა კლასში ჩამოიარა, ვხედავ, დავალება­ არავის უწერია, არც იმ ბავშვებს, რომლებიც ამ საგანში ძლიერები იყვნენ, კარგად სწავლობდნენ. ამ სიტუაციამ ძალიან დამძაბა. აღმოჩნდა, რომ კლასში ერთადერთი მოსწავლე ვიყავი, ვისაც დავალება ჰქონდა შესრულებული მასწავლებელს რა დაემართა, იცით? დაფასთან გავიდა, ეს რვეული­ დაფაზე ააკრა, ამას შეხედეთო, აი, ეს არის ჩემი მოსწავლეო! მერე ჩემთან მოვიდა, იმდენად გახარებული იყო, ფრიადოსნებს ელაპარაკებოდა, ხედავთ, მონდომებას რამდენი შეუძლიაო? ურთულესი დავალება გვქონია მოცემული. ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. მასწავლებელი თავის მაგიდასთან მივიდა და მითხრა, დღიური მომიტანეო. წამოვდექი, ჩემი დღიურიანად მასწავლებლისკენ წავედი, მაგრამ ვგრძნობდი, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას როგორ ვპატარავდებოდი. დავდე დღიური და იცით, რამხელა 5-იანი (მაშინ ეს უმაღლესი შეფასება იყო) დაწერა? არაფერი მომიყვე, გაკვეთილს არ მოგთხოვ, დღეს მე იმხელა ბედნიერება მომანიჭე, ეს ემოცია დიდხანს მეყოფაო... კიდევ რაღაცეებს ლაპარაკობდა, ნახევარზე მეტი აღარ მესმოდა, იმ წუთში მხოლოდ ერთადერთი ნატვრა მქონდა, თვალები გამეხილა და მომხდარი სიზმარი ყოფილიყო.

ის გაკვეთილი როგორღაც დასრულდა, მაგრამ ის შეგრძნება ჩემში არასდროს "დასრულდება". იმ დღეს იმდენად შემჯავრდა ტყუილი, იმდენად მანგრევს, სრულადაც კი ვერ გადმოვეცი ის შერცხვენა, რაც მე მაშინ განვიცადე. ჩემი მასწავლებელი, დევივით კაცი, იმ წუთებში იყო უბედნიერესი, თვალებში ცრემლიც კი ჰქონდა, მის საგანს მოსწავლე ასე რომ მოეპყრო. წარმოგიდგენიათ, რამდენად უყვარდა თავისი პროფესია? ახლა მინდა მის სულს მადლობა შევუთვალო. მაშინდელი შეგრძნება არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ტყუილი ვთქვა, ჩემგან ადამიანის გაწბილება ხომ წარმოუდგენელი ამბავია. მხოლოდ დედა შეიძლება მოვატყუო, რომელიც ახლა 93 წლის არის და ისიც იმიტომ, რომ რამეზე არ ვანერვიულო, გავუფრთხილდე, მაშინაც კი ვცდილობ, ძალიან ახლოს ვიყო სიმართლესთან.

დიახ, ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც არასდროს ავიწყდება, მერე მთელი ცხოვრება ამ მთავარ და ძირითად შეგრძნებებზეა "ჩამოკიდებული".

გოგი ქავთარაძე

- ჩემს პროფესიაში დღემდე რომ მოვედი, ეს გზა რომ გამოვიარე, ყველაფერი განაპირობა გოგი ქავთარაძემ. 22 წლის ვიყავი, როცა დამირეკა, შემხვდა და სოხუმის თეატრში მიმიწვია. მაშინ იქ სპექტაკლს დოდო ალექსიძე დგამდა. ეს არ იყო მხოლოდ სპექტაკლში მიწვევა, ბატონ გოგის ჩემთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდა. მაშინ ვფიქრობდი, ალბათ, ასე იწყებოდა თითოეული მსახიობის კარიერა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვრწმუნდები, რომ ეს მისი მხრიდან გამოხატული უდიდესი ნდობა იყო. მან დამინახა ისეთი, როგორიც ვარ. მიხარია, როდესაც სოხუმელად მომიხსენიებენ, ეს აღიარებაა, დიდი პატივია და დასტური იმის, რომ სოხუში რაღაც გავაკეთე. სოხუმელებიც კი სოხუმელად აღმიქვამენ.

ერთხელ ბატონ გოგის დაბადების დღე ტელეფონით მივულოცე, ვუთხარი, ძალიან მენატრებით-მეთქი და ამეტირა. ამის შემდეგ ერთმანეთს თეატრში შევხვდით, რომ დამინახა, ვახ, შენ გენაცვალეო... მიუხედავად იმისა, რომ კეთილი და უზომოდ თბილი ადამიანი იყო, ასეთი სენტიმენტები არ სჩვეოდა. ჩავეხუტე, როგორ მიყვარხართ-მეთქი. მაშინ ვუთხარი, იცოდეთ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ-მეთქი და შევნიშნე, თვალები აუცრემლიანდა. ეს დამოკიდებულება როდესმე თუ დამავიწყდება, მე აღარც პიროვნება ვიქნები, აღარც ადამიანი მერქმევა.

ცხოვრება ხომ ასეთია, გგონია, ყველაფერი წინ არის, არადა, წლები გადის, ყველა და ყველაფერი ცოტავდება, საყვარელი ადამიანებით დაწყებული.

დღეს ერთმანეთისთვის აღარ გვცალია­. დიდი ფუფუნებაა, როდესაც ვიღაც შენზე ზრუნავს, ახსოვხარ, მადლიერია. მადლიერება უდიდესი ნიჭია. სიკეთე უნდა შევინახოთ, გავაბევროთ და ვუამბოთ ადამიანებს, უიმედობა რომ არ დამკვიდრდეს. ნუ გავიმეორებთ ხშირად, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია, სიკეთეებზე ვილაპარაკოთ! ასე საკუთარ თავებსაც გადავირჩენთ და ერთმანეთსაც გადავარჩენთ ბოლო დროს მოჭარბებული საყოველთაო აგრესიისგან.

თამუნა კვინიკაძე