"დაძაბული პერიოდი აუცილებელია, ბედნიერი დღეების დაფასება რომ ვისწავლოთ"
"ვამაყობ ჩემი სამშობლოთი, ძალიან მომწონს და მიყვარს", - ამბობს მსახიობი ნინო თარხან-მოურავი. რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რისი ეშინია და როგორი ადამიანები აკვირვებენ - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- დიპლომატი. მაშინ ვფიქრობდი, ამ პროფესიას თუ ავირჩევდი, ბევრს ვიმოგზაურებდი, რომელიმე ქვეყანაში ელჩი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ხასიათით დიპლომატი ვარ, საერთო ენის გამონახვა თითქმის ყველასთან შემიძლია.
- მსახიობის პროფესია აირჩიეთ, ეს რამ განაპირობა?
- ჩემი მშობლის აუხდენელმა სურვილმა, მას უნდოდა მსახიობი ყოფილიყო და ვერ მოახერხა...
- ჩემზე ამბობენ...
- ზარმაციაო, ეს ყველაზე ხშირად ოჯახის წევრებისგან მესმის.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ალბათ, იმავე გზას გავივლიდი. წარსულში ბევრი კარგი რამ იყო, ბევრი "არაკარგიც", მაგრამ ძალიან საინტერესო.
- ჩემი პირველი წარმატება...
- სტუდენტობის წლებში იყო, მაგრამ მაშინ ამას ჩვენ ჩვეულებრივ ამბად ვიღებდით. "ჩვენ" იმიტომ ვამბობ, რომ წარმატებული ჯგუფი ვიყავით: მერაბ ნინიძე, ნანუკა ხუსკივაძე, ნანა შონია, გოჩა კაპანაძე... ჩვენი კარგი პედაგოგები გიზო ჟორდანია და ნანა კვასხვაძე სულ გვასწავლიდნენ, რომ წარმატება თავში არ უნდა აგვვარდნოდა და მეტი და მეტი უნდა გვემუშავა.

- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს არაჩვეულებრივი შვილი, შვილიშვილები, მეუღლე (მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე). ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ჩემი მშობლების შვილი რომ ვარ, განგებას, სამყაროს ძალიან ბევრი რამის გამო ვემადლიერები, საწუწუნო არაფერი მაქვს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ვაი (იცინის), არ ვიცი. ვინაიდან დიდი ხანია ვახმოვანებ, ხმით ძალიან ბევრი ადამიანი მცნობს. ამიტომ ვიტყვი, რომ ჩემი სავიზიტო ბარათია ხმა.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ბევრი ვიცინო, მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე და გავერთო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ცუდი ძალიან მალე მავიწყდება, კარგია, ეს თვისება რომ მაქვს, რადგან წყენა სახეზე არ "მახატია" და შინაგანად მძიმე ემოციისგანაც მათავისუფლებს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- სიზარმაცე, სულ ვცდილობ, გამოვსწორდე, ზოგჯერ ჩემს თავს ვაიძულებ, გავაკეთო ის, რაც მეზარება, მაგრამ...
- მეზარება...
- უმეტესად საოჯახო საქმეები, რუტინა... გითხარით, ყოველთვის მზად ვარ, გავერთო, დრო გავატარო-მეთქი, მაგრამ შეიძლება მეგობარმა დამირეკოს და ეგეც დამეზაროს. განა იმიტომ, რომ არ მინდა, რომ წარმოვიდგენ, უნდა მოვწესრიგდე, ჩავიცვა, მერე გზაში ვიყო... იქამდე მისვლის პროცესის გავლა შეიძლება დამეზაროს.
- პროფესიული სიზარმაცე თუ გაქვთ?
- არა, ეგ გამორიცხულია, შეიძლება რეპეტიციაზე წასვლა დამზარებია, მაგრამ ისე მასწავლეს, რომ ჩვენი საქმე წმიდათაწმიდაა, აქ სიზარმაცე არ არსებობს, ავადმყოფსაც კი მითამაშია.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- სულ ვსწავლობ, იმედი მაქვს, მომავალში სხვის შეცდომებზეც ვისწავლი. როცა რაღაც მეშლება, აღიარება არ მიჭირს. მირჩევნია, დავფიქრდე, ჩემი ბრალი ხომ არ არის? დამნაშავის ძიებას ყოველთვის საკუთარი თავიდან ვიწყებ.

- პატიება შემიძლია თუ...
- ყოველგვარი "თუს" გარეშე.
- შეგნებულად მოყენებული ტკივილის პატიებაც ასე მარტივად შეგიძლიათ?
- შემიძლია, მგონია, რომ იმ ადამიანს მეტად უჭირს, ვიდრე მე.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- წარმოვიდგენ, როგორ ადამიანებად გაიზრდებიან ჩემი შვილიშვილები... მინდა ბედნიერები იყვნენ.
- ვიბნევი...
- როცა მოულოდნელად ყურადღების ცენტრში ვექცევი, მაგრამ ყველაზე მეტად ფოტოს გადაღების დროს ვიბნევი, საოცრება მემართება.
- სიყვარული, ეს...
- არის უპირობო გრძნობა, ამიტომ და იმიტომ კი არა, უბრალოდ, გიყვარს ადამიანი თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო... ბავშვობაში ეს იყო საოცარი განცდა, მაშინ ვერც ვხვდებოდი, რა მემართებოდა, მაგრამ იმ ემოციას არ გამოვხატავდი, ძალიან პატარა ვიყავი.
- მაკვირვებს...
- ადამიანებს რატომ აქვთ განცდა, რომ მათი აზრი უაპელაციოდ ჭეშმარიტებაა? ამ კატეგორიას სხვისი აზრის მოსმენა და გათვალისწინება არ უნდა. დღეს ეს განსაკუთრებით გამძაფრებულია ჩვენს საზოგადოებაში და ასე არ შეიძლება, ყველას ჩვენი არასწორი საქციელი უკან მოგვიბრუნდება.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ნებისმიერი ფორმით სითბოს გამოხატვამ, გულწრფელმა გაღიმებამ.
- ვამაყობ...
- ჩემი სამშობლოთი, ძალიან მომწონს და მიყვარს.
- ბოლოს ვიტირე...
- ტირილი, ისევე როგორც გახარება, ძალიან მარტივად შემიძლია. შეიძლება ქუჩაში მიუსაფარი ძაღლის დანახვაზეც კი ამეტიროს. გულჩვილი ადამიანი ვარ, ემოციური. ისეთ დეტალებზე მიცრემლიანდება თვალები, რაზეც სხვას შეიძლება გაეცინოს.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ძალიან ვიბნევი და მრცხვენია. მსახიობისთვის ტაში მნიშვნელოვანია, მაგრამ შექებისას მაინც დისკომფორტი მაქვს, თუმცა ძალიან სასიამოვნოა და მიხარია. პრემიერის შემდეგ სულ მაინტერესებდა დედაჩემის აზრი, ახლა ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების აზრია მნიშვნელოვანი.
- მეშინია...
- მოყინულ გზაზე მანქანით გადაადგილების. შეიძლება თაგვმაც შემაშინოს. პრემიერის დღეს სცენაზე გასვლის შიშიც მაქვს, მაგრამ თავს ვიმხნევებ. ვაცნობიერებ, რომ შიში უსარგებლო, არაფრის მომცემი გრძნობაა და ვცდილობ აღარ ჩავუღრმავდე, ფიქრებს არ გავყვე.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- რატომ არ რეკავ? ტელეფონზე ლაპარაკი არ მიყვარს. როცა ადამიანს ვესაუბრები, მირჩევნია, თვალებში ვუყურებდე.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- არც კი ვიცი, რა ვერ გავბედე? გადაწყვეტილებების მიღება არ მიჭირს, ექსტრემალური არაფერი მიზიდავს. მინდოდა და ვერ ავისრულე? ასეთი არაფერი მახსენდება.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ხანდახან მინდა ყველაფერი სრულად შევცვალო, მაგრამ... ქალების განწყობის მოგეხსენებათ... თმის ფერს ხშირად ვიცვლი, ერთფეროვნება მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს. ახლა ამ წუთში არაფრის ცვლილების სურვილი არ მაქვს.

- ვიტყუები...
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არ მინდა, ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო. ისე ტყუილი რა საჭიროა, ბავშვობიდან მაქვს ჩანერგილი, რომ ტყუილი ცუდია.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- არა მხოლოდ ჩემს სურვილებს ავისრულებდი, სხვების ოცნებებსაც ავახდენდი. ახლა ძალიან მინდა თეთრეულის საშრობი აპარატი და პირველად მაგას შევიძენდი.
- მენატრება...
- მშობლები და ის ახლობლები, რომლებიც ჩემ გვერდით აღარ არიან.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- იმ წუთშიც ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ასეთი დღეების არსებობა საჭიროა. ყველაფერი მთავრდება, ცუდ დღეებს მზიანი დღეები მოჰყვება. დაძაბული პერიოდი აუცილებელია, ბედნიერი დღეების დაფასება რომ ვისწავლოთ. დიდი ოპტიმისტი ვარ, სხვაგვარად ცხოვრება არ შეიძლება.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ბავშვობაში ჩემს დეიდაშვილს ბოტკინი შეხვდა, ბებიამ საწოლ ოთახში ჩაი შეუტანა, მან მხოლოდ ნახევარი დალია, ბებიამ კი რატომღაც დატოვებული ჩაი მისი ჭიქიდან მოსვა. ყველამ უსაყვედურა, რას აკეთებ, ბავშვს ბოტკინი აქვს, მისი ჭიქიდან როგორ სვამო? მოგვიბრუნდა და გვითხრა, შვილებო, დაიმახსოვრეთ, ის, რისიც არ გეშინიათ, არასდროს დაგემართებათ! ეს სიტყვები მეხსიერებაში ძალიან ჩამრჩა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი. ბებიას ბოტკინი არ შეხვედრია, როგორც მე არ დამემართა "კოვიდი" პანდემიის დროს, იმიტომ რომ არ მეშინოდა. არადა, ოჯახში ვირუსი შემოვიდა.
- დაბოლოს გეტყვით...
- ყველას ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ, გვქონდეს უზომოდ დიდი ოპტიმიზი და ერთმანეთის სიყვარული!
თამუნა კვინიკაძე