თვითგამოცხადებული ქვეყნები - კვირის პალიტრა

თვითგამოცხადებული ქვეყნები

თვითგამოცხადებული ქვეყნები საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ეს არის რეგიონები, რომლებიც დამოუკიდებლობას თავად­ აცხადებენ და ცდილობენ შექმნან საკუთარი სახელმწიფო. თუმცა მსოფლიოს სახელმწიფოების უმეტესობა მათ სუვერენულ სახელმწიფოებად არ აღიარებს.

ყველაზე გახმაურებული და ცნობილი თვითგამოცხადებული ქვეყანა არის "ლიბერლენდი", რომლის სრული სახელწოდება არის "ლიბერლენდის თავისუფალი რესპუბლიკა". მდებარეობს სერბეთისა და ხორვატიის საზღვრებს შორის და წარმოაჩენს თავს, როგორც კონსტიტუციური რესპუბლიკა დემოკრატიული მთავრობის ელემენტებით, რაც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, გამოხატონ საკუთარი აზრი. შეიქმნა 2015 წლის 13 აპრილს. ლიბერლენდი­ დააარსა პოლიტიკოსმა და აქტივისტმა ვიტ ჯედლიკამ, რომელიც ასევე ქვეყნის პრეზიდენტია. ოფიციალური ენა ინგლისურია, ხოლო ეროვნული­ ვალუტა - ლიბერლენდის დოლარი. ლიბერლენდს აქვს საკუთარი დროშა და გერბი. მათი დევიზია: "იცხოვრე და სხვებსაც მიეცი ცხოვრების საშუალება". ამ ქვეყანაში 1 225 რეგისტრირებული მოქალაქეა, ჰყავთ მთავრობა და ფუნქციონირებს ოთხი სამინისტრო. მთავრობის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სახელმწიფო მდივანი. ლიბერლენდი წარმოადგენს ე.წ "ბლოკჩეინ-მმართველობის" პირველ ექსპერიმენტს, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესსაქმიანობა განახორციელონ ლიბერლენდის შიგნით მოქმედი წესების მიხედვით.

ლიბერლენდის გარდა არსებობს სხვა თვითგამოცხადებული ქვეყნებიც. მაგალითად: "ფრითაუნი ქრისტიანია" - დამოუკიდებელი სახელმწიფო კოპენჰაგენში, "მოლოსიის რესპუბლიკა" აშშ-ში, რომელიც ასევე დაარსებულია ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ; "სილენდის სამთავრო" - მდებარეობს ჩრდილოეთ ზღვაში ინგლისის სანაპიროსთან; "სოჟეის რესპუბლიკა" საფრანგეთში და ა.შ.

საინტერესოა, თუ რა მიზნით ხდება ქვეყნების თვითგამოცხადება. ამ კითხვაზე­ პასუხი მრავალმხრივია. თვითგამოცხადების­ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს: ნაციონალიზმი და იდენტობის დაცვა, თვითმმართველობის სურვილი, პოლი­ტიკური ან სოციალური უთანასწორობა, ისტორიული კონფლიქტები და წყენები, ეკონომიკური ინტერესები და პოლიტიკური პროტესტი ან ექსპერიმენტული მმართველობის მოდელების გამოცდა. თვითგამოცხადებულ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს ფაქტობრივი კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე, თუმცა საერთაშორისო სისტემაში ფუნქციონირებისთვის მას სჭირდება ლეგიტიმაცია სხვა სუვერენული სახელმწიფოებისგან და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრება, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს პროცესი კი ძალიან რთულია...

18449813-605-1764531710.jpg

თვითგამოცხადებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, იღებენ ისეთ საზოგადოებრივ სერვისებს, როგორებიცაა ჯანდაცვა და განათლება, იხდიან გადასახადებს. თუმცა მათთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მოგზაურობა. თვითგამოცხადებული ქვეყნების მიერ გაცემული პასპორტები, როგორც წესი, არ მიიღება გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობაში. ამიტომ, ასეთ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ხშირად ეყრდნობიან სხვა, აღიარებული სახელმწიფოებიდან მიღებულ მეორად პასპორტებს... ასევე რთულია მათი მოქალაქეობის სტატუსის განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ თვითგამოცხადებული სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით ისინი მოქალაქეებად ითვლებიან, საერთაშორისო საზოგადოება მათ ხშიIრად აღიარებს იმ სახელმწიფოს მოქალაქეებად, რომლის ტერიტორიაც სადავოდ არის მიჩნეული. ეს კი იწვევს სამართლებრივ გაუგებრობას. თვითგამოცხადებული ქვეყნების არსებობა აჩენს პოლიტიკურ და დიპლომატიურ გამოწვევებსაც. საერთაშორისო აღიარების გარეშე ისინი ვერ ერთვებიან გლობალურ სისტემაში, მათი მოქალაქეები კი ხშირად ხდებიან შეზღუდვების მსხვერპლი.

სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის საკითხები დღემდე ერთ-ერთ სადავო თემად რჩება საერთაშორისო პოლიტიკაში, სადაც იდეალები და რეალობა ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.

კესო ხოსიტაშვილი