„გვიშველეთ! ყოველდღე შიშში ვართ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ეს ქალი ამოიკვიატებს“ - რა ხდება დიდ დიღომში
საქართველოში ფსიქიკურ დაავადებათა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, რაც სახელმწიფოსგან შემხვედრ ღონისძიებებს ითხოვს. არადა, ხანგრძლივი სავალდებულო სამედიცინო მომსახურება არ არსებობს, კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მკურნალობენ, შემდეგ კი სპეციალური მედიკამენტების მიღებას თავად პაციენტების ნება-სურვილს ანდობენ, რაც უშედეგოა... ამ შემთხვევაში სავალდებულო ამბულატორიული მკურნალობის მეთვალყურე სამედიცინო სამსახური აუცილებელია, რადგან ინერტულობამ არაერთხელ გამოიღო მწარე ნაყოფი. საზოგადოებას კარგად ახსოვს დაავადების გამწვავებისას ფსიქიკურად დაავადებულთა მიერ დახოცილი ახლობლები თუ შორებლები, მათ შორის, საუბედუროდ, მცირეწლოვანი ბავშვებიც. ამჯერად საქმე დიდი დიღმის დასახლებაში, კერძოდ, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებთ ეხება. Aმობინადრეთა თქმით და თავად ქალის მიერ გადაღებული ვიდეომასალით დასტურდება, რომ ის ხალხს თავს ესხმის ლანძღვა-გინებით (არა მხოლოდ), თავდასხმას იღებს და ტიკ-ტოკის პლატფორმაზე ათავსებს (სახელით "მე მქვია ნათია"), რისთვისაც მას მნახველები ფულს ურიცხავენ, მათ შორის ემიგრანტების უმრავლესობა. პარალელურად ვიდეოგადაღებაში ქალი თავის 25 წლის ვაჟს იშველიებს, აქეზებს მას ძალადობისკენ, რაც ძალზე მძიმე სანახავია. ამ თემაზე დიდი დიღმის მოსახლეობის თხოვნით ამავე ქუჩაზე მცხოვრებ ექიმ ალინა გახოკიძეს ვესაუბრეთ:
- რა ხდება თქვენს უბანში?
- არა მხოლოდ უბანი, თითქმის მთელი დასახლება მძიმე მდგომარეობაშია იმ ქალის გამო. ამჯერად მედიას მოგმართეთ, ვინაიდან პოლიციასა თუ საპატრულო სამსახურთან ჩვენმა მრავალგზის მიმართვამ ნაყოფი არ გამოიღო. გვეუბნებიან, კი, ქალი არაჯანსაღია, მაგრამ ჩვენ მის აგრესიულობას ვერ ვხედავთ, ამ შემთხვევაში კანონი მის იძულებით მკურნალობას არ გვავალდებულებსო. სამაგიეროდ, ამ აგრესიულობას ჩვენ ვხედავთ და საფრთხესაც ვგრძნობთ. ამ სამსახურებშიც მშვენივრად იციან, რამდენი ადამიანია მოკლული და დაზიანებული ფსიქიკურად დაავადებულთა ხელით დაავადების გამწვავების პროცესში. ქალი თავდასხმებისას ძალიან აგრესიულია, თავს ვეღარ აკონტროლებს, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე კი გარბის. უკვე ფსიქიკურად დაავადებულ ვაჟსაც აქეზებს. ამის დასტურად მისივე გადაღებული ვიდეოების ნახვაც საკმარისია, თუმცა შესაბამის სამსახურებს ურჩევნიათ პრობლემა გაამარტივონ, მით უფრო კანონი ამის საშუალებას იძლევა. გვეუბნებიან, თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ირგვლივ მყოფთათვის სასიცოცხლო საფრთხეს არ ქმნის, რატომ უნდა გადავიყვანოთო. არადა, ქმნის! საკუთარი შვილიც კი იმდენად გააქეზა, 25 წლის ბიჭი ჩაქუჩით დარბის და რაც არ მოეწონება, ამტვრევს. ქალი რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა უბანში საცხოვრებლად. მაშინ ამდენად მძიმე გარემოს არ ქმნიდა. ყვიროდა, მაგრამ არავის ერჩოდა. გართულებები მალევე დაეწყო. პირველად მეზობლებს დასწამა ცილი, სასმელ წყალს მიწამლავთო და პოლიციაშიც უჩივლა. მაშინ საპატრულო სამსახურიც მოვიდა, წყლის მოწამვლის თაობაზე განცხადებაა შემოსული და უნდა შევამოწმოთო. თუმცა, როდესაც ქალი ნახეს, გვითხრეს, ჯანმრთელი არ ჩანს, მაგრამ აგრესიულიც არ არის, ამიტომ კანონით სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას არ ექვემდებარება, ეცადეთ, მშვიდად მოექცეთო. ანდა ვინ ექცეოდა აგრესიულად!
- ანუ ქალმა იცის, რომ პრობლემის შემთხვევაში პოლიციას უნდა მიმართოს.
- რა თქმა უნდა, იცის. მეტიც, ისიც იცის, რომ რაც უფრო ექსტრემალურ ვიდეოს გადაიღებს, რაც უფრო მეტს შეიგინება, მით მეტი შემოსავალი ექნება მის ვიდეოებს ტიკ-ტოკზე. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალი ადეკვატურია?! მისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის არანაირი საზღვარი არ არსებობს. შეუძლია უშვერი გინებით შეიჭრას სავაჭრო ობიექტებში და კონსულტანტებს მიაყენოს შეურაცხყოფა, ახლა უკვე ფიზიკურიც. გამოიწვიოს ისინი და შემდეგ საპატრულო სამსახური თავადვე გამოიძახოს, რაც შესაძლოა კონსულტანტების სამსახურის დაკარგვით დამთავრდეს. უკვე არაერთი კონსულტანტი წავიდა მის გამო სამსახურიდან.
როგორც ამბობს, სავაჭრო ობიექტებში მოწამლული სიგარეტები შედის, რაც მას დნმ-ს უნადგურებს, ამ ამბავში კი მარკეტების კონსულტანტები არიან გახვეული. აი, ასეთი აკვიატებებით დგამს იმ საშინელ სცენებს, რასაც მერე ტიკ-ტოკით გადასცემს. ახლა ბავშვებთან საუბარი და ვიდეოგადაღებებიც დაიწყო. ამიტომ მშობლებს ეშინიათ და ბავშვებს ეზოში აღარ უშვებენ, ვიდეოკამერებიც კი დაამონტაჟეს მის გამო კორპუსში, მაგრამ ეს ქალის აგრესიას ხომ ვერ შეაჩერებს! მისი ვაჟიც გვეცოდება, ამ დღეებში დედისაგან წაქეზებულმა და გაავებულმა საკუთარი ბინის კარიც ჩაქუჩით ჩამოამტვრია. დარწმუნებული ვარ, ბიჭს აგრესია არ ექნებოდა, დედა რომ არ აქეზებდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც თავად არ მოსწონს. როგორც ვთქვი, გადაღებისას ისეთ რამეებს ავალებს, რომ შეუძლებელია ადამიანმა ეს მშვიდად ნახოს. ზოგიერთ ვიდეოში შვილი თავად ეუბნება, დედა მრცხვენიაო, დედა კი პასუხობს, შენ რისი გრცხვენია, როდესაც ჩვენს მტრებს არაფრის რცხვენიათ, ჩემ გარდა არავის სჭირდებიო.
- როდესაც მსგავს აგრესიას აწყდებით, იმ მომენტში რატომ არ იძახებთ პატრულს?
- როგორც გითხარით, როგორც კი შეიტყობს საპატრულო სამსახურია გამოძახებული, მაშინვე გარბის. ამ დღეებში ერთ მარკეტში ისეთი უბედურება დაატრიალა, კარი ჩაუკეტეს, რომ არ გაქცეულიყო, მაგრამ ძალით გააღო და გაიქცა. ამ დროს ისეთი ძალა აქვს, ვერავინ გაუმკლავდება... არავინ იცის, ასეთი ადამიანები რას მოიმოქმედებენ. ამას წინათაც ისეთ ფაქტს შევესწარი, თავზარი დამეცა: ისნის მეტროსთან ტრანსპორტში ფსიქიკურად დაავადებული ქალი ამოვიდა, რომელიც თავისთვის გაცხარებით ლაპარაკობდა, მგზავრებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ მერე წინა სკამზე მჯდომ გოგონას უკნიდან ისე ძლიერად ჩაარტყა, საბრალო სკამიდან გადავარდა. ამის შემდეგ მგზავრებმა პატრულისა და სასწრაფოს გამოძახება მოინდომეს, მაგრამ ქალი ავტობუსის კარს მიადგა, ძალით გააღებინა და გაიქცა...
- თუკი მაინც ვერ შეძელით ქალის სამკურნალოდ იძულებით გადაყვანა, რას აპირებთ?
- არ ვიცი. გვიშველეთ, ყოველდღე შიშში ვართ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქალი ამოიკვიატებს. სოციალური სამსახურიც გამოვიძახეთ, გვინდოდა ქალის შვილისთვის მაინც გვეშველა. მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდში, თუმცა გადაყვანა პოლიციის თანხლებით უნდა მოხდეს, რაზეც პოლიციამ კვლავ უარი განაცხადა. ჯერ თურმე საბედისწერო შემთხვევა უნდა მოხდეს და მერე ჩაერევიან საქმეში!
პ.ს. ჩვენ დავუკავშირდით დიდი დიღმის სოციალურ სამსახურს. მათი განმარტებით, არა მხოლოდ ამ ქალის ქმედებებია აგრესიული, არამედ მისი ვაჟის თავშესაფარში გადაყვანაც აუცილებელია, რაც პოლიციის დახმარების გარეშე ვერ მოხერხდება...