ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭელი აიკრძალება - კვირის პალიტრა

ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭელი აიკრძალება

სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭლის რეგულირება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ მთავრობამ დადგენილება უკვე გამოსცა. საუბარია პლასტმასის ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების აკრძალვაზე.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ამ ცვლილებებზე "კვირის პალიტრასთან" სურსათის უვნებლობის ექსპერტი ქრისტინე ჯუალაყიძე ისაუბრებს.

- 1-ლი იანვრიდან #304-ე დადგენილების მიხედვით იკრძალება პლასტმასის შესაფუთი მასალები: დანა, ჩანგალი, თეფში, ჭიქა, საწრუპი... ჩემი აზრით, ამ აკრძალვას ქართული ბაზარი ვერ გაუძლებს და წარმოებების 80% გაჩერდება.

- ბოთლებიც აიკრძალა? ან ამ ბოთლებში მოთავსებული გაზიანი სასმელები, ან თუნდაც მაწონი...

- ჯერ ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან დიდი წარმოებების შეჩერება მოუწევთ. რომ გააჩერო თუნდაც გაზიანი სასმელების მწარმოებლები, ალტერნატიულ ჭურჭელში ხომ უნდა ჩამოასხა, ეს კი ფასზეც იმოქმედებს და საწარმო იარაღებზეც. ვფიქრობ, აკრძალვა ბოთლებსა და მაწვნის ქილებზეც მოგვიანებით ამოქმედდება.

- თუ გაიმართა შეხვედრა მწარმოებლებთან?

- სურსათის ეროვნული სააგენტო, სანამ გამოსცემს რაიმე დადგენილებას, ბიზნესთან გადის კონსულტაციებს კონკრეტულ საკითხებზე და ამჯერადაც დაიბარეს მწარმოებლები. პირველ ჯერზე აიკრძალება პლასტმასის შესაფუთი მასალა, რომელიც ცარიელი იყიდება, ასევე - საწრუპები, საჭმლის კონტეინერებიც, პლასტმასის ჩხირები.

- პლასტმასის ჭურჭლის მავნებლობაზე ვისაუბროთ, როგორც ადამიანებისთვის, ასევე გარემოსთვის.

- ძირითადად არის გადამუშავებადი პოლიპროპილენი და PET -ი (პოლიეთილენ ტერეფტალატი). ეს მასალები პირველადი და მეორეულია. პირველადი მიიღება ნავთობწარმოებისას. პლასტმასი თანაპროდუქტია. მეორეულია, მაგალითად, შეგროვებული სუფთა ბოთლები რომ დავფქვათ და შემდეგ პირველად ნედლეულს შევურიოთ საწარმოებლად.

ეს აკრძალვა გამიზნულია გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, მიკროპლასტმასი ხომ ყველგან და ყველაფერში ფიგურირებს.

იმ სეგმენტში, სადაც დარჩება ეს შესაფუთი მასალა, მკაცრდება მათზე ლაბორატორიული კონტროლი.

ადრე შესაფუთ მასალებზე საკანონმდებლო მოთხოვნა არ იყო, არ კონტროლდებოდა. სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებლებს ანალიზების ჩატარების ვალდებულება არ ჰქონდათ, ახლა კი სპეციფიკური მიგრაციისა და საერთო მიგრაციის ლიმიტები განისაზღვრა და ანალიზი სავალდებულო გახდება. ყველა პროდუქტზე დაწესდება შესაბამისი ზღვრებით.

- ეს რეგულაციები შეეხება თუ არა ცელოფანის პარკებს?

- 2019 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია აკრძალულია. მხოლოდ ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პარკები უნდა იყიდებოდეს. ჯარიმა 500 ლარია.

- 1-ლი იანვრიდან აკრძალული პლასტმასის ჭურჭლის გამოყენების შემთხვევაში თუ არის დაწესებული ჯარიმა?

- ამის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

- ასეთივე აკრძალვები სხვა ქვეყნებში მოქმედებს?

- ევროკავშირში ეს აკრძალვა უკვე არსებობს. რეალურად აკრძალვა კი არა, სურსათის კონტროლია, რათა იყოს მაქსიმალურად ქიმიური დაავადებების გარეშე, რაც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

- რას იწვევს დაბინძურებულ ნედლეულში შენახული საკვები, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ხვდება?

- პირდაპირი კანცეროგენია, ზოგი იწვევს ღვიძლის დისფუნქციას, ზოგი გულ-სისხლძარღვების დაავადებებს, ზოგი ტვინზე მოქმედებს. პოლიპროპილენი სხვა რამეზე მოქმედებს, სილიკონი - სხვაზე და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონის ცვლილება რთული იქნება ბიზნესოპერატორებისთვის, სასარგებლო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან კონტროლის გაღრმავებით სურსათის უვნებლობის საკითხები მკაცრდება და ეს კეთდება ადამიანთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონი ერთეული ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქა, თავსახური, საკვების კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოვზი, ე.წ. საწრუპი, თეფში და სასმელის მოსარევი მოიხმარება, რაც ჯამურად 3,9-5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.