„იძულებული გავხდი, წამოვსულიყავ, გამოვკეტე სოფელი...“ - კვირის პალიტრა

„იძულებული გავხდი, წამოვსულიყავ, გამოვკეტე სოფელი...“

"ძალიან ნაღვლიანი პერიოდია ახლა იქ, მთებში. თითქოს სიცოცხლე რომ მოკვდება, ჰაერიც რო დამთავრდება, ეგეთი ნაღვლიანი" - ტკივილით მეუბნება არხოტის ხეობის სოფელ ჭიმღის მკვიდრი გიგლა ოჩიაური,­ რომელმაც 45-წლიანი ცხოვრებისა და უშედეგო ბრძოლის მერე შარშან მშობლიური სოფელი დატოვა.

- ხევსურეთის ბოლო, სასაზღვრო სოფლებია ამღა, ჭიმღა და ახიელი. შარშანდლამდე სამივე სოფელი არსებობდა, ახლა ორი დარჩა - მე შარშან წამოვედი ჭიმღიდან, შუქი არ მქონდა და გზა ვერ მოვიდა ჩემამდე. 45 წელი გამქონდა თავიც და სოფელიც, ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ... იმ ორ სოფელში ახლა 4 მოხუცი დარჩა, 60-ს და 70 წელს გადაცილებულები. ამღაში ერთი ზეზვა წიკლაური დარჩა, ახიელში­ სამი. აქედან ორი ძმა - ომარი და გოჩა ჯაბუშანურები (რეინჯერები არიან), მესამე კი ჩემი მოხუცი ძმაა, 75 წლის შიო ოჩიაური, მას ჰესი აბარია. ოთხივეს, ასე თუ ისე, სამსახური აქვს და ლუკმაპურის ფული. ახლა ისინი 8-9 თვე გამოიკეტებიან,­ ეს ორი სოფელი მოშორებითაა და ვერავის ვეღარ ხედავენ, ვერ ხვდებიან ახლობლებს... არხოტიდან 15კმ-ია და იქამდე კი არა, როცა თოვს, ერთი სოფლიდან მეორეში ვერ მიხვალ. ინტერნეტი არის, მაგრამ ანძები მაღალ მთაზეა დამონტაჟებული და თუ ქარმა, ზვავმა, მეხმა ან თოვლმა მოგლიჯა, მორჩა, კავშირი წყდება და ვიდრე ვინმე არ აღადგენს, ეს ადამიანები სამყაროს სწყდებიან. ვერტმფრენით იქ ვინმე ხელოსანი უნდა მიიყვანონ, არადა, ის ყოველდღე ხომ არ დაფრინავს? მათ მესაზღვრეები კი ეხმარებიან, მაგრამ სასაზღვრო ჯარი (10 კაცამდეა) 15კმ-ის დაშორებითაა, ზამთარში რამე რომ გაუჭირდეს, მოხუცმა კაცმა იქამდე როგორ უნდა მიაღწიოს? რომც მიაღწიოს და რამე პრობლემის გამო ვერტმფრენი არ მოვიდეს, კიდევ უკან 15 კმ როგორ გამოიაროს? ვერტმფრენიც თვეში ერთხელ დაფრინავს, ამინდიც შესაბამისი უნდა იყოს, რადგან ვერ დაჯდება და ანძას ვერ შეაკეთებენ. პრობლემა ისაა, რომ ამ ხნის განმავლობაში არც ერთი სამოქალაქო რეისი არ ყოფილა არხოტში - ადრე თვეში ერთი მაინც იყო, იმას გაჰყვებოდი, გამოჰყვებოდი, პროდუქტს და წამალს ჩამოიტანდი. ახლა რატომღაც სულ გაუქმდა.

აქ ხან თვეობით ნისლია, ავდარია, საფრენი ამინდი არაა და თუ ინტერნეტიც არაა, ვერავინ ვერაფერს გაიგებს, მოხუცები ვერც ერთმანეთს მიაწვდენენ ხმას.

გიორგობამდე ორი დღით ადრე არხოტში ჩავედი. საქართველოში ისეთი შემოდგომაა, სხვაგან ყველგან სიმშრალეა, იქ კი გზა ჩაიკეტა - ამას წინათ თოვლი რომ მოვიდა, დათვისჯვარზე ქარმა თოვლი ერთ მონაკვეთზე მიხვეტა. იმ ადგილს წელთგზა ჰქვია - ხევსურეთიდან არხოტისკენ გადასასვლელია, შავი და კასპიის ზღვის გამყოფი ქედი, მის იქით უკვე არხოტის მდინარე კასპიის ზღვაში ჩადის. აქ ორი ჰავა ებრძვის ერთმანეთს და ქარს ზედ გამყოფზე მიაქვს თოვლი, მერე ის აღარ დნება, მზე არ აღწევს იქამდე, რადგან ის გზა ცუდადაა გაყვანილი. იქ გაყვანა არც იყო დაგეგმილი. გზის ძველი გეგმა­ ჩააგდეს (1,5 მილიონი ჯდებოდა), ვითომ დაიკარგა და ახალი რომ შეადგინეს, 40 მილიონამდე მაინც დაიხარჯა, საუბარია 15კმ მონაკვეთზე. გამოიყო ფული, მაგრამ არც კონტროლი, არც კომისია... გზა ისეთ ადგილზე გაიყვანეს, სადაც მზე აღარ მიდის და ჩრდილში თოვლი არ დნება, სამაგიეროდ, ნამეწყრალი იყო და ადვილად გადაქექეს, ფული მოჭრეს და წაიღეს.

მუდმივად იმაზე ვჩხუბობდი, ჭიმღამდე, ჩემს სოფლამდე, გზა რომ არ მოვიდა,­ ამღასა და ახიელში 9 წლის წინ გაიყვანეს და ამ გზამ ჭიმღას ჩაუარა გვერდზე, დაახლოებით 1 კმ-ით. მაშინ რომ უნდა დამთავრებულიყო, წელს მოიყვანეს ის გზა და ახლა რაღად მინდა? ჭიმღაზე რომ ვინმეს ეფიქრა, ის 1 კმ 9 წლის წინ უნდა გაჭრილიყო და მოსულიყო ჩემთან, სოფელში. არადა, წელს რომ დაიწყეს გზის გამოყვანა, ზუსტად ერთ კვირაში დაასრულეს. ეს ერთი კვირა იმ დროს რატომ არ გამოინახა? გზა მაშინ გააკეთეს, როცა იქ აღარავინ ცხოვრობს. სოფელსა და ადგილობრივებზე ვინმე თუ ფიქრობდა, ის გზა სამივე სოფელს ექნებოდა და დღესაც ხომ იქ ვიცხოვრებდი? შარშანაც რომ არაფერი გააკეთეს, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავ, გამოვკეტე სოფელი... თურმე 1 კვირა ყოფილა საჭირო გამოსაყვანად...

დავიღალე ბრძოლით... ჰესი იყო და, 200-ის ნაცვლად 17-კილოვატიანი მივიღეთ, იმ ორ სოფელს ეყო, ჩემსას - არა. ვინმეს ხომ უნდა შეემოწმებინა? არც კონტროლი და არც არაფერი, 7-8 მილიონი ხომ წაიღეს... ახლა რაღას დავბრუნდები, შარშან სახლი თოვლმა, ქარმა, წვიმამ, ავდარმა ჩააქცია. როგორღა ავაშენებ, 70 წლის კაცი ვარ... ეჰ, პატრონი არ გვყავს, ქვეყნის საკეთილდღეოდ არავის არაფერი უფიქრია.

18ce5f28-b06e-4b09-afb6-8ae6ba19e4a6-1764536549.jpg

ახლა ჩემი უფროსი ძმა შეუძლოდაა, გამოსაკვლევია. 8-9 წელი იქნება, რაც ახიელის ცენტრში ამბულატორიაა აშენებული, მაგრამ ხელფასი ვერ გამოინახა, რომ იქ დასაქმებულ ექთანს თუ ექიმს გადაუხადონ. ისე მანდ ვინ გაჩერდება? ჩემს ძმას მიხედვა უნდა, მეგობრების დახმარებით არხოტში ექიმების ჯგუფი უნდა წავიყვანო თავისი აპარატურით, რომ ადგილზე როგორმე გავასინჯვინო. ჩემს და-ძმას გული მარჯვენა მხარეს აქვთ, შიოსთვის ფრენა არ შეიძლება, ამიტომ ვერაფრით გამოჰყვება ვერტმფრენს. ეს პრობლემა რომ შემექმნა, გზა გახსენით-მეთქი, ელდარს დავურეკე (გვარი არც ვიცი), ტრაქტორების კომპანიაა არაგვისპირში, მისი უფროსია, ტენდერში გაიმარჯვა. ვუთხარი, ერთი თვეა გზა ჩაკეტილია, ვეღარ მივდივარ, ოთხი მოხუცი უპატრონოდაა მიტოვებული და შველა უნდათ-მეთქი. ელდარმა ჩემი სატკივარი გულთან მიიტანა (შარშან გაზაფხულზეც მან გაწმინდა გზა), დამპირდა, გიორგობის მეორე დღეს ამოვალ, ხალხს გზას გავუწმენდო. მართლაც, ოპერატიულად ამოვიდა, ტრაქტორს თვითონაც გამოჰყოლოდა და ჩაკეტილი გზა გახსნა. მადლობის მეტი რა მეთქმის... ახლა იქ სასწრაფოც მივა და მნახველიც. არხოტელებს ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, ვინღა­ გასწმენდსო. ახლა ავადმყოფს­ მიხედავს კაცი. ეს ხომ დიდი ამბავია, იმ ოთხი ადამიანისთვის რამხელა იმედია... ის ზეისტეჩოელი მარტოკაცი მიხა პაპაც ხომ იმიტომ მოკვდა, თავის დროზე რომ ვერ მივიდა ექიმთან... იქიდან ძალიან პრობლემურია ექიმთან ჩამოსვლა... მერე ექიმის ხარჯები. პენსიონერმა საზამთროდ ბევრი რამ უნდა მოიმარაგო - სანოვაგე, წამლები, ნავთი... ერთბაშად უნდა იყიდო, მაგრამ როგორ, რით უნდა წაიღო? ვერტმფრენის რეისი შენთვის აღარ არის, ერთი რაღაცა მანქანა მაინც გამოჰყავ, თვეში ერთხელ ავიდეს და წაიღოს ჩვენი ბარგი.

შიო ისეა შეჩვეული იქაურობას, მთიდან არ ჩამოვა. გამსახურდიას დროს დაიწყო ჰესზე მუშაობა, უხელფასოდ. წიგნების კითხვა უყვარს ძალიან და ამიტომ უფრო უვლის ჰესს. ამბობს, შუქი თუ ჩაქრა, ყველაზე მეტად მე დავზარალდებიო. ჩემს ძმას ოჯახი არა ჰყავს, უბედო და უშვილძირო კაცია. ადრე ჰყავდა მეუღლე, 40 წლის წინ გაეყარა და მას მერე არავინ მოუყვანია. ხევისბერი კაცია, ხუცესი. წმინდა გიორგია ოჩიაურების სალოცავი და იქ არის ხუცესი­, ღმერთთან ახლოა და წმინდად ცხოვრობს. შიო აქეთ წამომსვლელი არ არის, ფუძეს ვერ ტოვებს. ძალიან დასუსტებული მომეჩვენა, ვეუბნები, წამოდი-მეთქი, მეზობლები შორს, 300-400 მეტრის დაშორებით ცხოვრობენ და რამე რომ გაუჭირდეს, ვინ როდის მივა, ვინ იცის...

ჩემი რჩევა იქნება პირველ რიგში ამბულატორიის ამუშავება. თუ ააშენე, ექიმისთვის თუ ექთანისთვის ხელფასი როგორ ვერ უნდა გამონახო? ამბობენ, მსურველი არავინააო. 400 ლარზე როგორ იქნება, ამ ფასად იქ ვინ ჩაიკეტება? თვითონ ხომ მოიმატეს ხელფასები, აბა, გამოაცხადე 7 ათასი და იქ პროფესორიც ავა... 20-მდე ხევსური პენსიონერი ვიცი, ვისაც ჯანმრთელობა ემყოფინა, უცხოეთში გაიქცა და იქ მუშაობენ, დოვლათს იქ ქმნიან. კანონმდებლები რომ ჰქვიათ, ჩვენ 35 ლარი მოგვიმატეს, თვითონ - 7000 ლარი. ჩემი 35 ლარი 7000-მდე რომ ავიდეს, 200 თვე უნდა ვიცოცხლო. აბა, პენსიონერებს დაუნიშნე ამდენი, თუ არ მიბრუნდნენ მთაში. მოხუცებს თავი დავანებოთ, ახალგაზრდებს, ახალშექმნილ ოჯახებს და მთაში დაბადებულ ბავშვებს დაუნიშნე მაგდენი, რაღა ესპანეთში გააჩინონ ბავშვები, აქ დამკვიდრდებიან და სოფლები იმწუთშივე გაივსება. ხალხს პირობები შეუქმენი, ხელფასი მიეცი, ადამიანად აგრძნობინე თავი... დაიცალა სოფლებიო, რომ ჩივიან, უპატრონობამ დაცალა, მეტმა კი არაფერმა. 5 მილიონს დაგირიგებთ სოფლებსო... იმ მილიონს შინაარსი სჭირდება - გაწერილი უნდა იყოს, იმ მილიონებიდან იქ დაბადებულ ბავშვს რამდენი ეკუთვნის, დედას, პენსიონერს, მასწავლებელს, ექთანს. შინაარსი არა აქვს ამ ხელისუფლებას, არც ქვეყნის, არც მთის, არც სოფლის, არც ბარის შენების შინაარსი არ არსებობს. ამას დაჯდომა, დაფიქრება, მსჯელობა და დაწერა უნდა.

სოფელს თუ რამე დაახარჯე, ის ასმაგად დაუბრუნებს ქვეყანას. ამიტომ აღარაა არაფერი ნატურალური და ვჭამთ რაღაც გენმოდიფიცირებულს და ნაოხრალს.

ასეთი სწრაფი ტემპით მთის დაცლა გამაოგნებელია... ეგე, ჩემს ძმას, ხევისბერი კაცია და სამშობლოში უნდა სიკვდილი (კი არ მინდა, ეს წაიკითხოს, მაგრამ ასე შევატყვე), იმას ის უნდა, ხატი და ჯვრის კარი არასოდეს მიატოვოს, რაღაცას მიზეზობს, მალავს ავადმყოფობას, მაგრამ ხომ ვატყობ, იმ ასაკშია, სიკვდილიც იქ უნდა. ასეთი ხალხი დარჩა უკანა ფშავშიც, რაჭაშიც, სვანეთშიც... ისე არიან თავის კუთხეს გამობმული, რომ არა დიდი სიყვარული და ერთგულება, აბა, ეს სხვა რა არის?

აბა, სუფრასთან მოუსმინეთ, რა ძვირფასია ამათთვის სამშობლო, მაგრამ გაკეთებული საქმე, თუნდაც მიზერული, სადაა? შენი სირცხვილი არაა, მოხუც კაცს სიცხე მისცეს, დაიწვას და ამით დაიღუპოს? სანამ მაშველი მივა, იქ ნემსის გამკეთებელი არავინაა, რომ გადაარჩინოს. არ მიდის არავინო, რაღაცით დააინტერესე და წავა. რითი შევაქო ეს ხალხი? აგე, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი პრობლემა, გზა გაწმინდა, ხომ შევაქე და მადლიერი ვარ? ახლა უნდა მოვასწრო ძმასთან ჩასვლა, ვუშველო, ემანდ, კიდევ არ ჩაიკეტოს ეს ოხერი გზა.