"სწორედ ევროპაში გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში“ - კვირის პალიტრა

"სწორედ ევროპაში გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში“

ხევსურეთში, სოფელ ხახაბოში მცხოვრებ ერთადერთ ოჯახს საზოგადოება­ კარგად იცნობს. პაატა ხახიაური და ნინო ბარნაბიშვილი სოფელს ზამთარშიც არ ტოვებენ.­ მათი საოჯახო სასტუმრო უცხოელ ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს. წყვილი ხევსურული წესით ამზადებს­ გუდის ყველს. ჰყავთ 2 ფისო, 5 ძაღლი, 5 ცხვარი, 12 იხვი, 30 ქათამი, 30 ცხენი, 1 ვირი და 40 სულამდე მსხვილფეხა საქონელი. ჰყავდათ კურდღლებიც ველურად გაშვებული, მაგრამ მელა შემოეჩვია და შეჭამა. წლის განმავლობაში მათ გუდის ყველზე დიდი მოთხოვნაა, თუ როგორ ამზადებენ მას, ამ და სხვა თემაზე ხევსურეთიდან თავად ნინო ბარნაბიშვილი გვესაუბრა:

- ეს არის თანამედროვე გუდაში დავარგებული ყველი და არა ცხვრის დამუშავებული ტყავისგან დამზადებული გუდა, გუდის ფორმის სქელი, საკვები პარკია. შიგ მარილიანი შრატია ჩასხმული და მასში ვარგდება ძროხის რძის ყველი. პაატასგან მსმენია, რომ ძველად არა გუდებში, არამედ ხის კასრებში ავარგებდნენ ამოყვანილ ყველს. თანამედროვე გუდის გამოყენება მოგვიანებით, დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო პაატამ. ვინაიდან ჩვენი ყველი დიდ მოწონებას იმსახურებს და მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, იმავე მეთოდით ვაგრძელებთ მის მომზადებას, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ სხვადასხვა სახეობის ყველის წარმოებასა და განსხვავებული ტექნოლოგიის ათვისებასაც.

f-1764536803.jpg

- თანამედროვე ტიპის გუდაში რამდენ ხანს რჩება და უცვლის თუ არა გემოს?

- ყველი თავმოკრულ გუდაში ვარგდება და ინახება, უშუალოდ გაყიდვის დროს იხსნება. 40 დღე მაინც სჭირდება დავარგებას და პარკი არასასურველ გემოს სულაც არ აძლევს, რადგან საკვებისთვის არის განკუთვნილი. ყველი 2 თვე მაინც ინახება ერთჯერად გუდაში...

15 მეწველი ძროხა გვყავს და წლის განმავლობაში 2 ტონამდე ყველის დამზადებას ვახერხებთ. ვინაიდან ოჯახშიც და საოჯახო სასტუმროს სტუმრებისთვისაც გვჭირდება, სარეალიზაციოდ დაახლოებით 1.5 ტონა გამოგვდის. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად დიდი ხარჯიც გვაქვს, იქნება ეს ტრანსპორტირება, ნაგებობების გადასახური მასალა, ფრინველ-პირუტყვისთვის საკვების შეძენა-ამოტანა, შემოსავალი საგრძნობია, მაგრამ ჯერ არცთუ სოლიდური, თანაც ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ვცდილობთ არსებული ფასი შევინარჩუნოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტი. მაგალითად, თუკი ბაზარზე ამ სახით დამზადებული ყველი მინიმუმ 25-28-30 ლარი ღირს და ზოგჯერ მეტიც, ჩვენ უკვე 3 წელია 20 ლარად ვყიდით 1 კილოგრამს.

- თქვენ ახლა ისწავლეთ მომზადება?

- რაც ხევსურეთში ამოვედი, პაატასგან ვისწავლე ყველის ამოყვანა, ხაჭოს გაკეთება, კარაქის შედღვება და სხვა ადგილობრივი კერძების მომზადება - შიბუიანი კეცეული, კუსერბო, კალტერბო... ვინაიდან დედით მთიული ვარ, ხინკალი უცხო არც აქამდე ყოფილა და ადრეც ხშირად ვამზადებდი.

- თბილისში გაზრდილს, ევროპაში ნაცხოვრებს, რა გაძლევთ მოტივაციას, ძალას, ხევსურეთის მკაცრ კლიმატურ პირობებს გაუძლოთ და ამდენს შრომობდეთ?

- უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანის პატივისცემა და სიყვარული, ვინც აქ ამომიყვანა, ორივესთვის კი ძალაცა და მოტივაციაც ჩვენი ქვეყნის სიყვარულია, ამ ქვეყნისა და ხალხის უკეთესი, ნათელი, ჯანსაღი მომავლისკენ სწრაფვა. სწორედ ევროპაში ცხოვრებისას გავიაზრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში.

b-1764536803.jpg

- თქვენი საოჯახო სასტუმრო განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებს იზიდავს... რას ამბობენ ისინი გუდის ყველზე, კერძებზე?

- თითოეული უცხოელი სტუმარი აღნიშნავს, რომ განსხვავებული და ძალიან გემრიელია ადგილობრივი კერძები, რძის პროდუქტი და ხორცი. ევროპელი ტურისტი უფრო ნაკლებად მარილიან ყველს არის მიჩვეული, ამიტომ გუდის ყველს არჩევენ, მაგრამ ცოტას. სხვა ყველა პროდუქტით, იქნება მაწონი, კარაქი, თაფლი თუ კერძები, აღფრთოვანებული არიან. ჩვენს ყველს ისევ ჩვენებურები ყიდულობენ.

- გაზი, დენი თუ გაქვთ?

- არა გვაქვს არც გაზი, არც დენი, მხოლოდ მზის პანელები, რაც სინათლისთვის, მობილურის და სანათების დასატენად, მაცივრისთვის და სარეცხი მანქანისთვის გამოიყენება. შეშის ღუმელი გვაქვს და გაზის ბალონებით ამოგვაქვს თხევადი გაზი. გზა ისევ უვარგისია და ნაწვიმარზე სახიფათოა მგზავრობა. ახლა მშრალი ამინდები გვაქვს და მაღალი გამავლობის მანქანით გადმოდიან, თუმცა მხოლოდ გამოცდილი მძღოლი და გამართული მანქანით.

- მიუხედავად ბევრი დაპირებისა, გზა ისევ არ გაკეთდა?

- არა, ორი ოპოზიციურად განწყობილი მოსახლე არ არის ანგარიშგასაწევი.­ სიტყვით სხვას ამბობენ, მაგრამ საქმით რაც კეთდება, ფაქტია... ადრე ოქტომბრის ბოლოს ვიკეტებოდით და მაისის ბოლომდე ვიყავით სრულიად იზოლირებული. ივნისის პირველ კვირას უშვებდნენ ტრაქტორს გზის გასახსნელად და მერე ვიწყებდით ჩვენც და სტუმარიც მოძრაობას. ახლა ისეთი ნოემბერია, ერთი თვით გაგვიხანგრძლივდა სითბოცა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციაც, ვარდიც კი ყვავის. ჩვენთვის უდიდესი შვებაა მზიანი ამინდები, რადგან როცა თოვლი მოდის, ყინვა მატულობს, -25 გრადუსამდე ადის ღამით და ყველაფერს ყინავს. თუმცა მაფიქრებს დედამიწისა და მოსახლეობის ბედი ასე უჩვეულოდ და ხანგრძლივად თბილი ამინდების გამო.