დიდი ანტირუსული ვნებათაღელვა სოხუმში - რატომ გამოაცხადა მოსკოვმა სამ აფხაზ ოპოზიციონერზე ძებნა - კვირის პალიტრა

დიდი ანტირუსული ვნებათაღელვა სოხუმში - რატომ გამოაცხადა მოსკოვმა სამ აფხაზ ოპოზიციონერზე ძებნა

მოსკოვმა აფხაზ ოპოზიციასთან დაპი­რი­სპირება ახალ ეტაპზე გადაიყვანა - სოჭის პოლიციამ კან კვარჩიას, ეშსოუ კაკალიასა და ხინ დუმაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათზე ფედერალური ძებნაა გამოცხადებული. მალე მათი გვარები ინტერპოლსაც გაეგზავნება. აფხაზ პოლიტიკოსებს დე ფაქტო მუნიციპალური არჩე­ვნების წინადღეებში რუსეთის სამი მოქალაქის დაყაჩაღებაში ედებათ ბრალი და 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რუსეთის­ ამ სასჯელს­ აფხაზეთში დიდი ვნებათაღე­ლვა­ მოჰყვა. ოპოზიციის განცხადებით, დაუშვებელია აფხაზეთის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნის ასე აშკარად ჩარევა და წესების კარნახი. უკმაყოფილო არიან იმითაც,­ რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ "აფხაზეთის არჩევნებში" ჩარევის ფაქტზე და ამ სამ მომჩივან რუსზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა.

რაში ედებათ ბრალი

საქმე ეხება 5 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო მუნიციპალური არჩევნების წინ, ამტყდარ სკანდალს. კან კვარჩიამ და ოპოზიციის აქტივისტებმა სოხუმის ცენტრში აღმოაჩინეს ოფისი, სადაც რუსეთის სამი მოქალაქე: ივან რევა, პაველ ტიმოფეევი და დმიტრი ბუდიკინი მუშაობდნენ. კერძოდ, უშვებდნენ დე ფაქტო სახელისუფლებო გაზეთ "აბხაზსკი ვესტნიკს", ასევე ამ ოფისიდან იმართებოდა ბადრა გუნბას საარჩევნო კამპანია. კვარჩია და მისი თანამოაზრეები ოფისში შეცვივდნენ და მათ ტელეფონები­ და ლეპტოპები წაართვეს. გამოქვეყნებული მასალებიდან გამოჩნდა, რომ რუსი კონსულტანტები აქტივისტებს ფულს უხდიდნენ, ბეჭდავდნენ საარჩევნო პლაკატებს და პირდაპირ ეკონტაქტებოდნენ დე ფაქტო სამთავრობო კანდიდატებს. გამოქვეყნდა ამ თავდასხმის ვიდეოჩანაწერიც. ვიდეოში ივან რევამ აღიარა, რომ ქირაობდა არასრულწლოვნებს ოპოზიციური პლაკატების ჩამოსახევად. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი პოლიტკონსულტანტი დე ფაქტო საარჩევნო კომისიაშიც მუშაობდა, რაც "კანონის" დარღვევა იყო. მაშინ დაიწერა, რომ რუსმა პოლიტტექნოლოგებმა ჩაატარეს ანონიმური გამოკითხვები, სადაც ერთი შეკითხვა ეხებოდა აფხაზეთის სტატუსის შეცვლას: "ფიქრობთ, რომ აფხაზეთი უნდა გახდეს რუსეთის ნაწილი?" გამოკითხულთა უმრავლესობის პასუხი იყო, რომ აფხაზეთი "დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" უნდა დარჩეს.

კან კვარჩიამ და მისმა თანამოაზრეებმა­ დე ფაქტო გენპროკურატურას მოსთხოვეს­ გამოძიება დაეწყო უცხო ქვეყნის მოქალა­ქეების "არჩევნებში" უკანონო ჩარევის ფაქტზე,­ მაგრამ უშედეგოდ. მეტიც, მილიციამ რუსი პოლიტტექნოლოგები რუსეთში გაუშვა. აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ სცემეს და იარაღით დაემუქრნენ:

"ეს არის ორგანიზებული დანაშაულებ­რივი ჯგუფი, რომელიც ჩვენს ოფისში შემოვარდა. ორმოცამდე იქნებოდნენ, გვცემ­დნენ და იარაღით გვემუქრებოდნენ, რომ რუსეთში ცოცხალი ვერ დავბრუნდებოდით. გვეუბნებოდნენ, სარდაფში დაგკიდებთ და გაწამებთო. მათი ლიდერი კან კვარჩია ფიზიკურად გამისწორდა­ და მოკვლით დამემუქრა", - განაცხადა ივან რევამ.

თავდასხმის ორგანიზატორად დასახელებული კან კვარჩია ომის ვეტერანი, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი და ოპოზიციის გავლენიანი ფიგურაა. ის მოსკოვმა ჯერ კიდევ წლის დამდეგს დასაჯა. რუსეთმა მას და კიდევ ერთ ოპოზიციონერს, ლევან მიქაას, მოქალაქეობა გაუუქმა "ანტირუსული განწყობის" მოტივით. 2024 წლის 19 დეკემბერს კვარჩია პარლამენტის შენობაში სროლის დროს დაჭრა მისმა კოლეგამ ადგურ ხარაზიამ, რომელმაც პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, ვახტანგ გოლანძია მოკლა. კვარჩია 2025 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო კანდიდატურა მოხსნა.

რუსეთში 5 ნოემბრის ფაქტზე გამოძიება­ დაიწყო. რუსული გამოძიების ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამ მოქალაქეზე "მუქარითა და იარაღით" ყაჩაღური თავდასხმა მოხდა და ზარალმა 1.975.000 რუბლი (25.000 აშშ დოლარი)­ შეადგინა. ბრალდებულია სამი აფხაზი პოლიტიკოსი. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სოჭის შს სამმართველოს ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია სოხუმის დე ფაქტო უწყებებს გადაეცა. გამოცხადდა ძებნა, თუმცა მათ რუსეთში ექსტრადირება არ ემუქრებათ.

"აფხაზეთის არც ერთი მოქალაქე არ გადაეცემა უცხო სახელმწიფოს არანაირ გარემოებაში. წერტილი!" - განაცხადა მედიასთან დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ.

მანამდე პრესკონფერენცია გამართა დე ფაქტო გენპროკურორმა ადგურ აგრბამ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის "კონსტიტუციით" "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები" არ ექვემდებარებიან სხვა ქვეყანაში ექსტრადიციას. მისი თქმით, ინციდენტის გამოძიება სოხუმშიც მიმდინარეობს,­ სადაც, მისი თქმით, "ორივე მხარეს ჰქონდა­ დარღვევები და აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი აფხაზეთის პროკურატურამ უნდა შეაფასოს".

"ჩვენს საქმეებში ნუ ჩაერევით"

პრესკონფერენცია გამართეს ბრალდებულებმაც. ეშსოუ კაკალია, რომელიც ე.წ. გენპროკურორის ყოფილი მოადგილეა, ამბობს, რომ საქმე ეხება აფხაზეთის 15 მოქალაქეს და ეს არის "წმინდა პოლიტიკური საქმე". მისი აზრით, კანონი არა აფხაზებმა, არამედ რუსმა პოლიტსტრატეგებმა დაარღვიეს.

ეშსოუ კაკალია: "თუ ისინი ცდილობენ­ ჩვენს დაშინებასა და გაჩუმებას, არ გამოუვათ. ჩვენ უფრო გავაძლიერებთ სამშობლოს ინტერესების დაცვას...სისხლის სამართლის საქმის რუსეთში აღძვრა აშკარა დემონსტრაციაა იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება არაფრად თვლის და პატივს არ სცემს აფხაზეთის ხელისუფლებას, ბადრა გუნბასა და მის გუნდს. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების უპატივცემლობის აქტი".

კან კვარჩიამ რუსი პოლიტსტრატეგების აფხაზეთის არჩევნებში ჩარევაზე საუბრისას­ განაცხადა: "ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ დირექტივებს არ ვაძლევთ ჩვენს პოლიტტექნოლოგებს სხვის ქვეყანაში. ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეებში. მზად ვართ ვიყოთ მეგობრები, მოკავშირეები, მაგრამ ვერ შევეგუებით, როდესაც ადამიანები ჩვენს სახლში საკუთარი წესებით შემოდიან. მივმართავ ჩვენს მეგობრებს და, როგორც ამბობენ, მოკავშირეებს. დროა, ჩვენმა ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს ამ ტიპის უკანონობას და უპასუხოს".

ერთიანი განცხადება გაავრცელეს ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა, სადაც დე ფაქტო ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ რეაგირება მოახდინოს უცხო ქვეყნიდან შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე: "ჩვენ ვაცხადებთ, რომ აფხაზეთის სუვერენიტეტის დარღვევისა და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი უფლებების ხელყოფის ნებისმიერი პოლიტიკა უკიდურესი სიმკაცრით დაისჯება, თუ უახლოეს მომავალში­ სახელმწიფოს მეთაურსა და მის გარემოცვაში სახელმწიფოებრივი აზროვნების რაიმე ნიშანს ვერ დავინახავთ, ვიტოვებთ უფლებას, დავიწყოთ მზადება აფხაზეთის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისთვის".

მთელი კვირაა ვნებათაღელვა არ ცხრება მედიასა და სოცქსელებში. დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეგრამარხები რუსულ ვერსიას იმეორებენ და წერენ, რომ კვარჩია და სხვა ფიგურანტები­ ბანდიტები არიან და მათი "გმირებად" წარმოჩენა სიბინძურეა, რომ რუსეთი სამართლიანად იცავს საკუთარ მოქალაქეებს და არ დაუშვებს, კრიმინალები დაუსჯელები დარჩნენ.

ოპოზიციური არხები კი წერენ, რომ რუსეთი კვარჩიასა და მის თანამოაზრეებს დევნის აფხაზეთის ინტერესების დაცვის გამო. "დადგა ბნელი დრო, როდესაც აფხაზეთის დამცველებს დევნიან, მოღალატეებს კი აქებენ... შეიძლება აფხაზეთი აღმოჩნდეს სიტუაციაში, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიცია ერთიანდება".

"რუსეთს თუ დასჭირდა, ყველაფერზე წავა"

ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - როდესაც რუსების ოფისში­ შეცვივდნენ კვარჩია და მისი ბანდა, ეს იყო დანაშაული და გამოძიება უნდა დაწყებულიყო,­ თუკი ნორმალური სახელმწიფოს პოზიციიდან ვისაუბრებთ. თუმცა­ ასევე დანაშაული იყო რუსების ჩარევა აფხაზეთის ე.წ. წინასაარჩევნო პროცესშიც. აფხაზურ მხარეს ამაზეც უნდა აღეძრა საქმე, მაგრამ ყველაფერი მიიჩქმალა. დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ­ ის გააკეთა, რომ ის სამი რუსი აფხაზეთიდან­ გაიყვანა, ხოლო აფხაზები არ დასაჯა, რადგან კვარჩიას გარკვეული წონა აქვს. რუსეთმა კი სისხლის სამართლის­ საქმე აღძრა და ამით აჩვენა, რომ თავისი მოქალაქეების ინტერესებს იცავს, თან ის რუსები უბრალო მოქალაქეები კი არა, აგიტაციისთვის სპეციალურად გაგზავნილი პირები იყვნენ, ამიტომაც დაიჭირა რუსეთმა ასე მკვეთრი პოზიცია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა. შესაბამისად, რუსეთს შეუძლია ნებისმიერ კონტექსტში აღძრას საქმე ნებისმიერი აფხაზის წინააღმდეგ და ბრალდებული ვეღარ შევა რუსეთის ტერიტორიაზე. კან კვარჩია ისედაც­ ვერ შედიოდა რუსეთში, წლის დამდეგს მას ანტირუსული განცხადებების გამო მოქალაქეობა ჩამოართვეს და ამიტომაც ახლა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მისთვის დიდად არაფერს ცვლის. თვითონ დე ფაქტო პროკურატურას არ აქვს სურვილი საქმის აღძვრის, თუკი რუსეთი კატეგორიულად არ მოითხოვს. კვარჩიას, დიდი ალბათობით, არ დაიჭერენ,­ რადგან ის აფხაზი ელიტის ნაწილია და აფხაზისთვის რთულია ცნობილი ადამიანის დასჯა. ყველა ერთმანეთის ნათესავია, ამიტომაცაა, რომ მთელ აფხაზეთში დაუსჯელობის სინდრომია.

- ჯერ პოლიტტექნოლოგების ჩარევა ე.წ. არჩევნებში, შემდეგ საქმის აღძვრა - რუსეთის ეს ქმედებები გამოიწვევს ოპოზიციის სპექტრში ანტირუსული განწყობის გაძლიერებას?

- შეიძლება, თუმცა ოპოზიცია მაინც ძალიან ფრთხილი იქნება რუსეთის პირდაპირ გინებაში, რადგან ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც ყველანი რუსეთის მოქალაქეები არიან, ყველას რაღაც აქვს დასაკარგი რუსეთში და იციან, რომ რუსების საჯაროდ გაკიცხვა გამოიწვევს მოქალაქეობის დაკარგვას, ეს კი მათთვის განსაკუთრებული სასჯელია. ამიტომ რიტორიკის დონეზე რაღაც იქნება, მაგრამ რეალურად დიდი ანტირუსული გამოსვლები - არა.

გაუგებარია, რაში სჭირდებოდა მოსკოვს ასეთი პოლიტიკური დაწვრილმანება და პოლიტტექნოლოგების გაშვება აფხაზეთში ე.წ. არჩევნებისთვის, რადგან რუსეთი­ ისედაც აკონტროლებს აფხაზეთში ყველაფერს. ხალხი ხედავს, რომ რუსეთი აშკარად ერევა აფხაზეთის საქმეებში და ეს უკმაყოფილებას აჩენს. თუმცა აფხაზეთში ყველას ესმის, რომ რუსეთის გარეშე ვერ იარსებებენ­ და ამიტომ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა გაჩუმდება. კვარჩიას კი დასაკარგი არაფერი დარჩა, გარდა სიცოცხლისა, ამიტომ ცდილობს პოლიტიკური წონა აიმაღლოს და ასე თავისუფლად არ შეეხონ არა მხოლოდ რუსები, არამედ დე ფაქტო ხელისუფლებაც. ჯერჯერობით ეს გამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა დანაშაული ჩაიდინა -—დაარბია ოფისი. რადგან რუსეთისგან არის მოკვეთილი, ახლა თავს პროაფხაზურ ინტერესებზე დებს. თუმცა ამის მიუხედავად, არა მგონია, რომ მან ბევრი ადამიანის შემოკრება შეძლოს.

- ბოლო ერთი წელი რუსეთი სჯის იმ აფხაზებს, ვინც აფხაზეთში კრემლის პოლიტიკას­ უპირისპირდება: კან კვარჩიას და ოპოზიციონერ ლევან მიქაას მოქალაქეობა ჩამოართვეს, სამი ჟურნალისტი "აგენტად" გამოაცხადეს, ახლა ამას სს საქმეც დაემატა. რას აჩვენებს ამით რუსეთი?

- აჩვენებს, რომ თუ დასჭირდება, ყველაფერზე წავა, რომ მთელი აფხაზეთის პოლიტიკა ხელში უჭირავს და აკონტროლებს. ეს ერთგვარი დიპლომატიური გაკვეთილია აფხაზებისთვის. რუსეთი აჩვენებს, ვინ არის აფხაზეთში ბატონ-პატრონი. ჯერ ძალიან მკვეთრ ნაბიჯებზე არ გადასულა. მაგალითად, შეუძლია კვარჩიას სპეცოპერაცია ჩაუტაროს და გაიყვანოს რუსეთში, თუმცა ამაზე არ მიდიან.

ეკატერინე ბასილაია