ერთიანი საქართველოს სივრცე სოფელ გალავანში
გიგი სისვაძე ადვოკატია, სამართალმცოდნე, პროფესიულ საქმიანობაში უკვე დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ბოლო დროს, თავისი საქმის პარალელურად, სხვა მიზნებიც დაისახა, რასაც ძალიან მცირე დროში წარმატებით მიაღწია საგურამოში, სოფელ გალავანში. თუ როგორ მივიდა აქამდე, ამას თვითონვე გვიამბობს.
- ვმუშაობდი კერძო კომპანიაში, იქ საქმიანობამ დიდი გამოცდილება მომცა და ბევრ რამეზე დამაფიქრა. იმ კორპორაციაში კარგად ჩანდა მონური დამოკიდებულება და მართვის მონური სტილიც. მართალია, ქართული კომპანია იყო, მაგრამ დამფუძნებლები რუსები იყვნენ, მოკლედ, იმასაც ვგრძნობდი, რომ რუსულ საქმეს ვემსახურებოდი. გადავწყვიტე, იქაურობას გამოვცლოდი და ჩემი იურიდიული კომპანია შემექმნა. საქმე ნულიდან დავიწყე. შემოვიკრიბე ახალგაზრდები, რომლებიც, ფაქტობრივად, გავზარდე. ჩემი პარტნიორები ჩემი გაზრდილი ახალგაზრდები გახდნენ, რომლებიც დღეს კვალიფიცირებული ადვოკატები არიან.
მერე ჩემს კომპანიაში წილი შევიმცირე და იმ პირებს გადავეცი, რომლებთან ერთადაც კომპანია შევქმენი. ახლა ნაკლებად დომინანტი ვარ ჩემსავე დაარსებულ კომპანიაში და ნელ-ნელა იმ მიმართულებით გადავინაცვლე, რაც ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. მინდოდა დავკავშირებოდი ღვინოს, ტრადიციას, ქართულ კულტურას, ეროვნულ იდენტობასა და ერთიანი საქართველოს იდეას. ამისთვის ჩამოვაყალიბე ასოციაცია. ვცდილობ ქართულ ეროვნულ იდეოლოგიაზე ჩავატარო ტრენინგები, მათ შორის, პროფესიაშიც და ამ აკადემიისთვის საგურამოში სივრცე შევქმენი.
გიგი სისვაძე:
- რაჭიდან ძველი ხის (წაბლისა და მუხის) სახლი ჩამოვიტანე და ძველი ოდა ავაშენე. დაახლოებით 100 წლის სახლია. ავთენტურობა მაქსიმალურად შევუნარჩუნე და თანამედროვე ელემენტებიც შევძინე: გავაკეთე შატო-მარანი, გავაშენე ვენახი. ჩემთვის საინტერესოა ვაზის მოვლა. მიმაჩნდა, რომ ეს ჩემი ოჯახის ტრადიციების გაგრძელება იქნებოდა. ბაბუა, მამა, თბილისში საოჯახო მეურნეობას სულ მისდევდნენ, ამიტომ ღვინის შესახებაც ვიცოდი რაღაცები.

- ვაზიც ჩარგეთ და გაახარეთ.
- კი, ჩემთვის ეს საინტერესო პროცესი იყო. ჩვენთან დარგული ვაზი ძალიან კარგად გამოხატავს ადგილწარმოშობის ჯიშებს. უნიკალური ჯიშებია, ძველი და შემდგომ აღდგენილი - დანახარული, გორული მწვანე და შავკაპიტო. ეს ვაზები თავის დროზე იქ ხარობდა, სადაც მუხრანელ თავადებს ვენახები ჰქონდათ.
- მიწა რამხელაა?
- 3500 კვადრატია მიწა და ამ სივრცეს ძალიან მოუხდა პატარა, 1500 კვადრატზე გაშენებული ვენახი. ტრადიციული ქვევრები გვაქვს. ქვევრების კომბინაციებია გაკეთებული. ასეთ ატმოსფეროში მოვაწყვეთ საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ჩვენი აკადემიის ტრენინგები ტარდება. ვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ჩვენი მიზანია ამ სივრცეში ერთმანეთს დაუკავშირდეს არქიტექტორი, ექიმი, მხატვარი, მსახიობი, იურისტი. იყოს საუბარი, აზრების გაცვლა, მსჯელობა ერთიანი საქართველოს იდეაზე, ეროვნულ იდეოლოგიაზე და ამ დაკავშირებით შეიქმნას მეოთხე დასი. ძალიან მოთხოვნადი გახდა ჩვენი სივრცე, ბევრი ადამიანი მოდის და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას გვთხოვს.

- ეზო-კარის მოვლაში უშუალოდ თქვენ ხართ ჩართული?
- ყველა დეტალი აბსოლუტურად ჩემი ხელით არის შესრულებული. დიზაინერი არავინ გვყოლია, მინდა მაქსიმალურად ვიყოთ მე და ჩემი ოჯახი დატვირთული. სამი შვილი მყავს, ძირითადად, ჩემი მეუღლე განაგებს ყველაფერს. ამ სივრცის დიდი დიასახლისია, ძალიან ყოჩაღი ადამიანი.
- ოთხ წელიწადში ამ ყველაფრის გაკეთება როგორ შეძელით?
- ეს დიდი მონდომებისა და შრომის შედეგია. ამ ნაკვეთში თავიდან ბოლომდე ვერ გახვიდოდი, ისეთი მაყვალ-ბარდები იყო. მიტოვებული ნაკვეთი საკუთარი ხელით გავასუფთავეთ. დიდი შრომა ჩავდეთ. ვცდილობთ შვილებიც ჩართული გვყავდეს, რომ იცოდნენ, რისგან რა იქმნება, რა კეთდება. ყველაზე დიდ მოტივაციას ის მაძლევს, როცა რაღაცაზე ამბობენ, არ გამოვაო... ამ ადგილს ადრე რიყეს ეძახდნენ, მდინარის პირი იყო. დიდი რიყის ქვები ყოფილა და ამის გამო ადგილი არაფრად ფასობდა. ჩვენი აქ დასახლების შემდეგ აქაურობის ფასი გაათმაგდა.

- რადგან რიყე იყო, მიწის შეტანა დაგჭირდათ?
- არ მოგვიწია, რადგან ამ ნაკვეთის პატრონს აქ ადრე მარწყვის ბაღი ჰქონდა გაშენებული, სადაც ვენახმა კარგად გაიხარა. ვცდილობ ჩვენი ნაკვეთი ბიომიმართულების იყოს. ჩვენი მოსავლისგან უკვე სამი სახეობის ღვინო გვაქვს: გორული მწვანე და რქაწითელი ერთად (რქაწითელი მეგობარმა კახეთიდან გამოგვიგზავნა) შერეული, მაგარი ბუკეტია, ასევე დანახარული, ოღონდ ამ სეზონზე შავკაპიტოს გაუჭირდა, საკმარისი რაოდენობა არ გვქონდა.
ღვინოს ტრადიციული მეთოდით ვწურავ. ქვევრები იმერეთიდან ჩამოვიტანეთ. ქვევრიდან ღვინის გადატანა არ არის მარტივი, ცოტა სახიფათოა და ამას ფაქიზად ვეკიდებით. ქვევრებს ვამზადებთ, რადგან გვინდა ღვინო მთლიანად ქვევრებში გადავიტანოთ. ყურძენს ქვევრში ვწურავთ, მაგრამ ღვინოს იქ არ ვაჩერებთ, გვინდა ქვევრში დავავარგოთ და გაზაფხულზე გავხსნათ. გვყოფნის ჩვენი ღვინო, თან ბოთლებში ვასხამთ და ვყიდით კიდეც. უცხოელები რომ მოდიან, ქართულ ტრადიციებს, ეთნოგრაფიას ვაცნობთ. ამას წინათ ფრანგები დაგვიკავშირდნენ, ჩვენი ღვინო მოეწონათ.
წარმოშობით იმერეთიდან ვართ (დედაჩემის მხრიდან ბებია-ბაბუის ამბები კარგად მახსოვს), იმერეთში იყო ქვევრის თავის მოხდის კარგი ტრადიცია, რაც ცოტა დაივიწყეს და მინდა აღვადგინო. წინაპრების მნიშვნელოვანი დანატოვარი, ფასეულობები უფრო წინ მინდა წამოვწიო, რადგან თანამედროვეობაში ცოტათი იკარგება. ვფიქრობ, მთავარი არსი, რითაც შეგიძლია მომავლის საიდუმლოება ამოხსნა, წარსულშია.

- ყველაფერს მარტო ვაკეთებ და ვაშენებო. ვინმეს დახმარება არ დაგჭირდათ?
- ბუხარი სამჯერ მაქვს დაშლილი და აწყობილი. შეცდომებს ვუშვებდი, მაგრამ საბოლოოდ გავმართე. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მეხმარება. საქმე გამომდის, თან ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა, როდესაც მიწაზე ვმუშაობ.
ახლა ჩვენი უმთავრესი მიზანია, ჩვენმა აკადემიამ თავისი მისია შეასრულოს. ამ მიზნის მიღწევის საშუალება იყო ჩემი იურიდიული საქმიანობა, რადგან ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება, ხარჯებთანაა დაკავშირებული...
ჩვენთან ბევრი ნივთია და ყველაფერს თავისი ისტორია აქვს, თითოეული ეთნოგრაფიის სამუზეუმო ექსპონატია. ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა მივიწყებული, გადაგდებული, განადგურებული ნივთების რესტავრაცია, მათთვის ახალი სიცოცხლის, სულის ჩაბერვა. ეს განსაზღვრულ შთაგონებას მაძლევს. იმას, რასაც ადამიანები არაფრად აგდებენ, მე და ჩემი მეუღლე ლელა სახამბერიძე მას ხელს შევავლებთ და ნივთი ცოცხლდება.
ფუტკარიც მოვიყვანეთ, გვყავს ბაჭიები, კურდღლები. ცხენებიც კი გვაჩუქეს. სანამ საჯინიბოს გავაკეთებთ, ორი ახმეტაშია, ერთიც საგარეჯოში, უდაბნოში. კარგმა ხალხმა დიდი სითბოთი და სიყვარულით გვაჩუქა.
ჩვენთან, საგურამოში ტყეში, ბზიანის ღვთისმშობლის მონასტერია. ბზიანი იმიტომ ჰქვია, რომ გარშემო სულ ბზებია. VI-VII საუკუნეებისაა. ოთხად გადახსნილი ეკლესია, რკინებით არის შეკავებული. გვინდა ჩვენთან მოსული სტუმრები იქ ცხენებით გავასეირნოთ.
- მამულში ხეხილიც დარგეთ?
- ამ ტერიტორიაზე ბევრი ხეხილი იყო - ვაშლი, ატამი, გარგარი, მაგრამ ხეხილს გაახალგაზრდავება, გაჯანსაღება და მოვლა უნდოდა. 12 ძირი კაკალი გვაქვს, ძალიან გემრიელი ალუბლები. ხილისგან მურაბებს ვამზადებთ და სტუმრებს ვუმასპინძლდებით.
- რა არის საჭირო, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს?
- ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიზანი, ოცნება, მერე უკვე შრომისმოყვარეობაა, დაუღალავი შრომა უნდა შეეძლოს. უზომოდ ბევრს ვმუშაობ. ჩემი კეთილდღეობა დისკომფორტს მიქმნის, როდესაც გარშემო გაჭირვებულებს ვხედავ. მინდა ჩემ ირგვლივ, ვისზეც ხელი მიმიწვდება, დავეხმარო, ცნობიერება გავუზარდო, რათა ფეხი აუწყოს სიტუაციას. მიხარია, რომ საგურამოში ადამიანები დავასაქმე. მნიშვნელოვანია, რომ შენი არსებობით სხვის არსებობას ხელს უწყობ და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით არა ხარ შემოფარგლული. აი, ასეთი ამბებია ჩვენთან.