უკრაინის "მწვანე კარდინალი": რატომ შერისხა ზელენსკიმ თავისი "მარჯვენა ხელი" - 100-მილიონიანი კორუფციული სკანდალი, რომელმაც ერმაკის თანამდებობა შეიწირა - კვირის პალიტრა

უკრაინის "მწვანე კარდინალი": რატომ შერისხა ზელენსკიმ თავისი "მარჯვენა ხელი" - 100-მილიონიანი კორუფციული სკანდალი, რომელმაც ერმაკის თანამდებობა შეიწირა

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რატომ შერისხა პრეზიდენტმა თავისი „მარჯვენა ხელი“ - უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ ანდრეი ერმაკის ხელისუფლებიდან წასვლით ქვეყანაში პოლიტიკური სიახლეების დრო დგება“ (ავტორი - მემფის ბარკერი). პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ე.წ. მწვანე კარდინალის, ანდრეი ერმაკის პოსტიდან გათავისუფლების მიზეზები და ის პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას და პრეზიდენტს ელოდება.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

ანდრეი ერმაკი ისე ახლოს იყო პრეზიდენტთან, რომ მეტს ვერავინ წარმოიდგენდა. ღამით მათ ერთად ეძინათ, პრეზიდენტის სასახლის ქვეშ არსებულ ბუნკერში, ერთმანეთან ახლოს, დილაობით კი გვერდიგვერდ ვარჯიშობდნენ. დღის განმავლობაშიც 54 წლის ადმინისტრაციის უფროსი იშვიათად თუ შორდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის. იგი მუდმივად იდგა მის გვერდით, მარჯვნივ თუ მარცხნივ - მაღალი სრული აღნაგობის მქონე ადამიანი - მრავალრიცხოვან სურათებზე, დიპლომატიური კონფერენციებისა და ოფიციალური ღონისძიებების დროს.

ამიერიდან მეტად აღარ იდგება: პარასკევს, საღამოს, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გადადგა ან, შესაძლოა, მას უთხრეს, რომ მისი გადადგომა აუცილებელი იყო, ძლიერი ზეწოლის ფონზე, იმ 100-მილიონიან კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, რომელმაც უკრაინის ხელისუფლება მოიცვა. მართალია, იგი არ დასახელებულა ეჭვმიტანილად იმ ფინანსების დატაცების სქემაში, რომელიც გათვალისწინებული იყო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მშენებლობისთვის, ენერგომომარაგების ობიექტების დასაცავად, მაგრამ ოპოზიციურმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მისი სახელი გამოძიების მასალებში ფიგურირებს, რაც დადასტურდა კიდეც - პარასკევს კორუფციასთან მებრძოლი ბიუროს გამომძიებლებმა ყოფილი კინოპროდიუსერის - ანდრეი ერმაკის ოფისი გაჩხრიკეს.

მწვანე კარდინალის“ პლუსები და მინუსები

დამნაშავეა თუ არა იგი? თვითონ ანდრეი ერმაკი რაიმე სამართალდარღვევას უარყოფს... მაგრამ პრეზიდენტის მრავალი მომხრე თავისუფლად ამოისუნთქავს იმის გამო, რომ ამიერიდან მას იმ ჩინოვნიკთან აღარ ექნება საქმე, რომელმაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიახლოვით გასაოცარ პოლიტიკურ ძალაუფლებას მიაღწია.

კრიტიკოსები „მწვანე კარდინალს“ (მუქი მწვანე გასამხედროებული ფორმის მიხედვით) იმაში ადანაშაულებდნენ, რომ იგი პრეზიდენტის პირადი მცველისა და ერთგვარი „დამრტყმელის“ ფუნქციას ასრულებდა, ასევე, ხშირად წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს -ერთდროულად და ერთპიროვნულად.

ანალიტიკური კომპანიის - „რაზუმკოვის ცენტრის“ მიერ კორუფციულ სკანდალამდე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ანდრეი ერმაკს უკრაინელთა მხოლოდ 17,5% ენდობოდა, ხოლო პრეზიდენტს - 60%.

ისინი სკოლის მეგობრები არ იყვნენ, პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხელისუფლებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მეთაურად არჩევის შემდეგ მიიყვანა. მათ ერთმანეთი ტელევიზიაში გაიცნეს, სადაც ზელენსკი ვარსკვლავი იყო, ერმაკი კი - იურისტი.

„ის იმას აკეთებს, რასაც მე ვეუბნები“

გასულ წელს სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეი ერმაკთან ურთიერთობა დაახასიათა: „მე მას პატივს ვცემ შედეგიანი მუშაობისათვის. ის იმას აკეთებს, რასაც ვეუბნები“. ომის დროს ეს ნიშნავს პრაქტიკულად ყველაფერს: სამშვიდობო გეგმების შემუშავებას, დიპლომატიური არხებით სარგებლობას, მოლაპარაკებების წარმოებას, უკრაინელი ჯარისკაცების ტყვეობიდან გამოსახსნელად ან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად.

ანდრეი ერმაკის ძალაუფლება ძალზე ფართო იყო. როგორც „ფაინენშელ ტაიმსი“ წერს, იგი ომის მსვლელობაშიც ხშირად ერეოდა.

რამდენიმე თვის წინ უკრაინელები პრეზიდენტის სასახლის წინ შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ - „პრეზიდენტო, მოხსენი ერმაკი“. გავრცელდა ხმები, რომ სწორედ იგი იდგა ანტიკორუფციული ბიუროს ნეიტრალიზების მცდელობის უკან, რომლის გამომძიებლები მექრთამეობის საქმეების გამოძიების დროს პრეზიდენტის გარემოცვას მიუახლოვდნენ.

ამბობენ, რომ ყოვლისშემძლე ერმაკს იმ დროისათვის უკვე გაუჩნდა პოლიტიკური მტრების მთელი ლეგიონი, რომლებიც მას ბრალდებებს უყენებდნენ: „იგი ხელს უწყობს და აქეზებს პრეზიდენტის საეჭვო და ავტორიტარულ გადახრებს, ახორციელებს „შავ ოპერაციებს“, სავარაუდო მტრების მიმართ ან უბრალოდ დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს“.

როგორც ამბობენ, მან ყველაფერი იცოდა, რაც უკრაინაში ხდებოდა. ამიტომაც გაჩნდა კითხვა: როგორ ვერ გაიგო, რატომ ვერ შენიშნა მან უდიდესი სახელმწიფო თანხების დატაცება, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, ცივ ზამთარში რომ არ გაყინულიყვნენ?

პრეზიდენტის „თვითგადარჩენის ინსტინქტი“

იაროსლავა ბარბერი, ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის - „ჩეთემ-ჰაუსის“ მეცნიერი-თანამშრომელი, ამბობს, რომ ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან წასვლის დრო გადამწყვეტ მომენტს დაემთხვა და ამრიგად, პრეზიდენტისა და ყოფილი „მწვანე კარდინალისთვის“ შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ჯერ ერთი, რომ უკრაინა, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის გამო, მკაცრი დიპლომატიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მეორე კი - კორუფციული სკანდალი არ ჩაცხრება, გამოძიება გრძელდება. დონალდ ტრამპის მომხრეების თქმით, ორივე - პრეზიდენტიც და „კარდინალიც“ - ვალდებულნი იყვნენ, მრავალმილიონიანი კორუფცია აელაგმათ.

იაროსლავა ბარბერი ხაზს უსვამს: „კორუფციული სკანდალი თითქმის დამღუპველი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკის იმიჯისათვის. მისი პოლიტიკური მოწყვლადობა ქვეყნისათვის ძალიან სახიფათო გახდა, სამშვიდობო მოლაპარაკებაზე მოსკოვისათვის სასარგებლო პირობების სავარაუდო მიღებით. ბოლოსდაბოლოს, პრეზიდენტში „თვითგადარჩენის ინსტინქტი“ ამუშავდა - მას აქვს სურვილი, ისეთ ადამიანად გამოჩნდეს და ქვეყნის ისეთ მეთაურად, რომელიც ეროვნულ ინტერესებს თავის ახლო მეგობრის ერთგულებაზე მაღლაც კი აყენებს“.

ასევე დაგაინტერესებთ: ჩამოიშლება თუ არა უკრაინა, თუ ამერიკამ კიევს იარაღისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება შეუწყვიტა?!

ოლექს გონჩარეკოს სკანდალური წერილი: "უნდა ვაღიაროთ: უკრაინას ამ ეტაპზე რუსეთზე გამარჯვება არ შეუძლია, დღეს არ არის ისტორიის შელამაზების დრო, დადგა ფხიზელი ანალიზის მომენტი"

"სიტყვის პატრონები არ ხართ, ბევრ ლაპარაკობთ და ცოტას აკეთებთ": შვედი მინისტრის სკანდალური ინტერვიუ - ვის ენანება ფული უკრაინისთვის?!

ოთხი კოშმარი ზელენსკისთვის - მძიმე მდგომარეობა ფრონტზე, ახალგაზრდების გაქცევა, აშშ-ის პოზიცია და გრანდიოზული კორუფციული სკანდალი

ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება, არწმუნებდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის - ანდრეი ერმაკი პოსტიდან გადააყენეო, მაგრამ თეთრ სახლთან ურთიერთობაში უკვე დიდი შეცდომები იყო დაშვებული: როგორც „ფაინენშელ ტაიმსის“ წყაროები ამბობენ, სწორედ ერმაკმა ურჩია ზელენსკის დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ოვალურ კაბინეტში ისეთ საკითხებზე ელაპარაკა, რის შედეგადაც შეხვედრა ჩაიშალა. გამოდის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პრეზიდენტის მარჯვენა ხელი - შეცდა.

ამერიკელი რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც დაიღალნენ ანდრეი ერმაკის მკვეთრი მოუხეშავი სტილით, ერთ-ერთმა ინსაიდერმა კი მას "ორივე პარტიის გამაღიზიანებელი" უწოდა.

თეთრი სახლის ჩინოვნიკებმა - დონალდ ტრამპთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირებმა - იმ სკანდალური შეხვედრის შემდეგ უთხრეს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ერმაკი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა (მით უმეტეს, რომ იგი არ ფლობდა ინგლისურ ენას და თარჯიმანი სჭირდებოდა), მაგრამ - უშედეგოდ.

ახლა კი პრეზიდენტი იძულებული გახდა: „ნაჯახი მოიქნია და ხე მოჭრა“. ვოლოდიმირ ზელენსკი ბევრჯერ გაიხსენებს მის გვერდით მდგომ თითქმის ორმეტრიან გიგანტს, პოლიტიკურ ამორტიზატორს, რომელიც პრეზიდენტისაკენ მიმართული ჭექა-ქუხილის დროს მეხამრიდის როლს ასრულებდა, თუმცა მომხდარში გარკვეული პლუსიც არის: დასავლეთს ამ მხრივ სასაყვედურო აღარაფერი ექნება. შეიძლება ითქვას, რომ ანდრეი ერმაკის გათავისუფლება ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა.

უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას იმედი აქვს: რადგან პრეზიდენტი აღარ იქნება ხელისუფლების მოყვარული თავისი საეჭვო თანაშემწის ჩრდილში, მალე ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური სიახლეები მოხდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო