მშვიდობით, მიშა! - კვირის პალიტრა

მშვიდობით, მიშა!

"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ზეიმი თბილისის ქუჩებში გათენებამდე გაგრძელდა. თავისუფლების მოედანზე ხალხმა ეგზითპოლების პირველი შედეგების გამოქვეყნებამდე დაიწყო შეკრება, დაახლოებით ერთ საათში მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა და მიმდებარე ტერიტორია ხალხით გაივსო. მოედანზე შეკრებილ ხალს სცენიდან მიმართეს კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ზეიმს სულ მალე ბერა ივანიშვილიც შემოურთდა, მადლობა უთხრა იქ შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის, რამდენიმე სიმღერაც შეასრულა და დააანონსა, რომ 6-7 ოქტომბერს თბილისში სოლო კონცერტებს გამართავს.

მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ფაქტობრივად პარალიზებული იყო, აქ გადაადგილდებოდნენ მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ავტომობილები და გამარჯვების ნიშნად გაბმული საყვირის ხმა ისმოდა. საინტერესოა ისიც, რომ როგორც კი მოედანზე ხალხმა შეკრება დაიწყო, გაბმული საყვირით, მხარდაჭერის ნიშნად მათ მუნიციპალური ტრანსპორტის, ე.წ. ყვითელი ავტობუსების მძღოლებიც ხვდებოდნენ.

სიმბოლური იყო ისიც, რომ მაშინ, როცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე მათი რჩეული პოლიტიკური ძალის გამარჯვებას აღნიშნავდნენ, ცაზე თვითმფრინავი გამოჩნდა, რასაც იქ შეკრებილი საზოგადოება შეხვდა შეძახილებით - მშვიდობით, მიშა!

ნანა, თბილისის მკვიდრი: "ძალიან ბედნიერი ვარ, მეტირება კიდეც. ჩვენ შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ ხალხს დიდი ძალა აქვს. ახლა ყყველაზე მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანის ხმა, ჩვენი უფლება გაყალბებისგან დავიცვათ. ის, რასაც ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში აკეთებდა შეურაცხმყოფელი იყო ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისთვის. დაფიცებული მქონდა, თუ არჩვენები გაყალბდებოდა და "ქართული ოცნება" ვერ მოიპოვებდა გამარჯვებას, შვილებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდოდო საცხოვრებლად. ახლა კი მგონი ის დრო დგება, როცა უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამემამულეებსაც საქართველოში დავაბრუნებთ."

გიორგი, თბილისის მკვიდრი: "ჩვენ ძალიან ბევრი დარღვევა ვნახეთ არჩევნებზე. პირადად მე თითქმის ვაიძულე კომისიის წევრი, რომ საარჩვენო ბიულეტენზე თავისი ხელმოწერაც დაეფიქსირებინა. იყო შემთხვევები, როცა ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება მარკირების გარეშე აძლევდნენ და ა.შ. თუმცა, ყველა ამ სიყალბესა და ძალმომრეობას წინ ხალხის ნება აღუდგა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ."

მთელი ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართლადამცავებისა და სპეცრაზმის მობილიზება შეინიშნებოდა სხვადასხვა საარჩვენო უბნებზე. ჩვენი ინფორმაციით, ძალოვანთა გარკვეული განყოფილებები, მთელი ღამის განმავლობაში ყაზარმულ რეჟიმზე იყვნენ გადაყვანილი. მოსახლეობა შიშობდა, რომ ამას შესაძლოა გარკვეული ექსესები და არეულობა გამოეწვია. სხვათა შორის, დღეს ბევრმა თავი შეიკავა შვილების სკოლაში გაშვებისგან. სკოლებში მოსწავლეთა სიმცირის მიუხედავად, სასწავლო პროცესი დღეს ჩვეულ რეჟიმში განახლდა და თბილისის ქუჩებშიც გუშინდელი ბობოქარი და ემოციური ღამის შემდეგ სიმშვიდეა.

(სპეციალურად საიტისთვის)