"ორი შვილი ლამის მკვდრები დამიყარა მიწაზე და თავს დამნაშავედაც კი არ სცნობს" - ავარიის შედეგად დაშავებულ ნიაკოს, რომელიც 4 დეკემბერს იუბილარია, საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"ორი შვილი ლამის მკვდრები დამიყარა მიწაზე და თავს დამნაშავედაც კი არ სცნობს" - ავარიის შედეგად დაშავებულ ნიაკოს, რომელიც 4 დეკემბერს იუბილარია, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 17 წლის გოგონას, ნიას, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ალბათ ყველას ახსოვს, ხაშურში მომხდარი უმძიმესი ავარია, რომელმაც ულამაზესი გოგონების ცხოვრება მთლიანად შეცვალა. 2024 წლის 12 ოქტომბერს ნია და თათული ექსკურსიიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა მიკროავტობუსიდან გადმოსულ ბავშვებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 15 წლის ნია და 8 წლის თათული უმძიმესი დაზიანებებით კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდნენ.

მაშინ მთელი საქართველო ლოცულობდა გოგონების გადასარჩენად.

მართლაც ურთულესი გზა გამოიარეს ბავშვებმა. არაერთი ოპერაცია დასჭირდათ, თვეების განმავლობაში თურქეთში მკურნალობდნენ. საბედნიეროდ, ერთწლიანი ბრძოლის შედეგი თვალშისაცემია. სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდი გაიარეს ბავშვებმა და საოცარი შედეგი დადეს ნევროლოგიაში, რომელსაც თურმე, წარმოუდგენელია მიაღწიო იმ ტრამვებით, რაც მათ ჰქონდათ. თათული უკვე გადადგილდება, ნიაკო კი ისევ იბრძვის. კვლავ გრძელდება საქართველოში გოგონების რეაბილიტაციის პროცესი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ერთი წელია, უწყვეტად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი და მათ სრულად გამოსაჯანმრთელებლად თავდაუზოგავად იბრძვის დედა, სოფიო ხარშილაძე კეთილ ადამიანებთან ერთად.

ახლა ულამაზეს ნიას, რომელსაც 4 დეკემბერს 17 წელი უსრულდება, კვლავ სჭირდება საზოგადოების დახმარება და ოჯახს ისევ ხალხის გვერდში დგომის იმედი აქვს.

სოფიო ხარშილაძე, გოგონების დედა:

- ახლა ნიასთვის მჭირდება თანხები, რეაბილიტაცია ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რომ ჩემმა ლამაზმა გოგონამ შეძლოს დამოუკიდებლად გავლა და გამოჯანმრთელდეს. იცით, როგორ ვიბრძვით და საბედნიეროდ, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.

თათული ბევრად კარგად არის, ხელს რომ მოკიდებ, გადაადგილება შეუძლია, ვერ დადის დამოუკიდებლად, რადგან შიში აქვს დასაძლევი, თორემ ისე ჩვეულებრივად დადის. შიში უშლის ხელს. მეტყველება გამართული არ აქვს, მაგრამ ნელ-ნელა იწყებს, ყოველდღე დადის სახლში ჩვენთან ძალიან კარგი სპეციალისტი და ორივე გადის რეაბილიტაციას.

ნიაკოს თურქეთში ჯამში 6 ოპერაცია გავუკეთეთ, ერთ ფეხზე სამი ოპერაცია დასჭირდა. საქართველოში რომ დავბრუნდით, გაგრძელდა რეაბილიტაცია და ორ კვირაში რეაბილიტოლოგმა სასწაული მოახდინა, ნიაკო ფეხზე დააყენა. 17 წუთი ძლებს ფეხზე დგომით, ოღონდ ხელი უნდა მიაშველო, დამოუკიდებლად არა, რა თქმა უნდა. კედელზე რომ მიაყენებ და ხელს მიადებ 17 წუთი ჩერდება. ერთი წლის შემდეგ დამოუკიდებლად დაჯდომაც შეძლო ნიაკომ და მისი რეაბილიტაცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მოვიგოთ.

ჩვენ ერთ წელში ისეთი შედეგი დავდეთ, რომ ყველას უკვირს. მართლაც ურთულესი დღეები გამოვიარეთ. მეუბნებიან კიდეც, 4 წელი სჭირდება ბევრს, ამ მდგომარეობაში რომ ასეთ შედეგს მიაღწიონო.

მაქსიმუმს ვაკეთებთ და ახლა კვლავ მჭირდება საზოგადოების დახმარება.

მხოლოდ ნიაკოსთვის 3 000 ლარი მჭირდება თვეში რეაბილიტაციისთვის და ჯერჯერობით, არ ვიცით, კიდევ რამდენი თვე დამჭირდება იმისთვის ბრძოლა, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლად გავლა. რობოტებიც ვუყიდე, სახლში მაქვს, იქნებ ავცდეთ მეორედ თურქეთში წასვლას-მეთქი. 1 500 დოლარამდე დამიჯდა ორივე რობოტი, თურქეთში 1 500 დოლარი ერთ დღეღამეშია გადასახდელი. მითხრეს, რომ ნიაკოს პროთეზები ფეხში დასჭირდებოდა, მაგრამ ამ რეაბილიტაციამ ისეთი შედეგი გამოიღო, რომ საერთოდ აღარ სჭირდება. ისეთი კარგი სპეციალისტია და ისე კარგად ამუშავებს, რომ თურქეთში ექიმებს ვიდეოებს რომ ვუგზავნი, უკვირთ, ასეთ მოკლე დროში ეს შედეგი რომ გვაქვს.

ჩემი შვილები ფეხზე უნდა დავაყენო. სულ გვაქვს კომუნიკაცია თურქ ექიმებთან, გვირეკავს ხოლმე ექიმი და მიღწეული შედეგით გაოცებულია.

შარშან ამ დროს, 4 დეკემბერს, მის დაბადების დღეზე, ნიაკო აპარატზე იყო შეერთებული. ის დღე, ის წუთები, წამები უსაშველოდ გაიწელა. დაბადების დღე მუსიკით, მეგობრებთან ერთან, რეანიმაციაში აპარატზე შეერთებულმა აღვნიშნეთ.

ვიღაც უგუნური მძღოლის გამო.... კაცი, რომელიც თავს დამნაშავედაც კი არ სცნობს. ორი შვილი მიწაზე მკვდრები დამიყარა. ერთ წამში, ლამის კუბოში ჩამიწვინა‼

კაცმა, რომელმაც არც კი ნახა ჩემი შვილები, არც კი დარეკა, არც კი მოიკითხა.

4 დეკემბერს ნიაკო 17 წლის ხდება და ეტლში უნდა შეხვდეს. ისევ მიწევს ხალხს თითო ლარი ვთხოვო ნიაკოს რეაბილიტაციისთვის. ახლა ისევ საზოგადოების გვერდში დგომის იმედი მაქვს,

გთხოვთ, ადამიანებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მიმაყვანინეთ, რომ ჩემი ლამაზი გოგონები სრულად გამოჯანმრთელდნენ.

მადლობა უფალს, რომ ასეთი შედეგი გვაქვს. რეაბილიტოლოგიც მეუბნება, მალე უნდა დავაყენო ფეხზე ნიაკო და თათულივით უნდა გავატარო, იმდენი უნდა გავაკეთო, რომ ნაბიჯები უნდა გადავადგმევინოო.

ისევ ხალხის იმედად ვარ.

დიდი მადლობა ყველას გაღებული თითოეული ლარისთვის.

GE18BG0000000553349014

GE64TB7513745068100047

მიმღები დედა - სოფიო ხარშილაძე

(სპეციალურად საიტისთვის)