რას წარმოადგენს Bromobenzyl Cyanide, რომელიც BBC-ის მტკიცებით, თბილისში გამოიყენეს?! - ქიმიური იარაღი ომებში და მისგან თავის დაცვის ხერხები - კვირის პალიტრა

რას წარმოადგენს Bromobenzyl Cyanide, რომელიც BBC-ის მტკიცებით, თბილისში გამოიყენეს?! - ქიმიური იარაღი ომებში და მისგან თავის დაცვის ხერხები

როგორ იყენებდნენ ქიმიურ იარაღს ომებში...

ბრიტანული „ბი-ბი-სის“ საგამოძიებო სტატიამ, რომლის მიხედვით, თბილისში დემონსტრაციების დაშლისას თითქოს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი საბრძოლო მომწამვლელი აირი გამოიყენეს (საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას კატეგორიულად უარყოფს), საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში ბუნებრივია, დიდი შეშფოთება გამოიწვია და, შესაბამისად, გაიზარდა მკითხველთა ინტერესი მსოფლიოში ქიმიური იარაღის გამოყენების პრეცედენტებთან დაკავშირებით...

პირველ მსოფლიო ომში მართლაც მასობრივი განადგურების პირველი საშუალება - ქიმიური იარაღი გამოჩნდა.

სიმართლე რომ ითქვას, ასწლეულების განმავლობაში ერთგვარ ქიმიურ იარაღს ისედაც იყენებდნენ ომებში, როდესაც ალყაში მოქცეული ციხესიმაგრის დამცველებს სასმელი წყლის წყაროს და ჭას უწამლავდნენ ან ისრებზე სწრაფმოქმედ შხამს უსვამდნენ, მაგრამ მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი მაინც პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში, ქალაქ იპრიტთან "დაიბადა", როდესაც 1915 წლის 22 აპრილს გერმანელებმა ფრონტის ხაზზე 5 730 გაზის ბალონიდან 180 ტონა ქლორი გაუშვეს, რის შედეგადაც 15 ათასამდე ჯარისკაცი მოიწამლა, მათგან არანაკლებ 5 ათასი კი მოგვიანებით დაიღუპა.

პანდორას ყუთი გაიღო და საბრძოლო მომწამვლელი გაზების გამოყენება ყველა მებრძოლმა მხარემ დაიწყო, რასაც სამხედროების გარდა, სამოქალაქო პირებიც მრავლად ემსხვერპლნენ, რადგან ქარის მიმართულების შეცვლა მომწამვლელ გაზის ღრუბელს ქალაქებისკენ მიერეკებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო მომწამვლელი გაზები მასობრივად თითქმის არ გამოუყენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის გერმანიასა და სტალინის საბჭოთა კავშირს ასიათასობით­ ტონა ქიმიური იარაღი ჰქონდათ გამზადებული.

სწორედ ამითაც აიხსნება, რომ ვერც ჰიტლერმა და ვერც სტალინმა ვერ გაბედა ქიმიური იარაღის მასობრივად გამოყენება­, რადგან მოწინააღმდეგე მხარის შურისმაძიებელ პასუხს უფრთხოდა, ანალოგიური მასობრივი განადგურების იარაღით, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ეფრეიტორი ჰიტლერი პირველი მსოფლიო ომის დროს, თურმე, თავად მოყვა მოწინააღმდეგის ქიმიურ შეტევაში, დროებით დაბრმავდა და მას შემდეგ ქიმიური იარაღის სახელის გაგონებაც არ სურდა.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ოცი წლის შემდგომ ქიმიური საშუალებების ერთგვარი ნაირსახეობის - დეფოლიანტების­ 72 მლნ ლიტრი ხსნარი გააფრქვია ამერიკულმა ავიაციამ ვიეტნამის ჯუნგლებში მწვანე საფრის გასანადგურებლად, სადაც ვიეტ­კონგელი კომუნისტი პარტიზანები იმალებოდნენ. კიდევ ოცი წლის შემდეგ კი, უკვე ირან-ერაყის ომში, ორივე მხარე სცოდავდა საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით. 1992 წლის 30 ნოემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს კონვენცია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ. ამ კონვენციის პუნქტების შესრულებას აკონტროლებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელშიც დღეისათვის გაერთიანებულია 189 ქვეყანა, მათ შორის - საქართველოც.

რა სახის საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს

ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება განსაზღვრული იყო მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დასაზიანებლად და მწყობრიდან გამოსაყვანად. მომწამვლელი ნივთიერებები ადამიანზე ზემოქმედებს სუნთქვის ორგანოების, კანისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გავლით.

სასიკვდილო ქიმიურ მომწამვლელ ნივთიერებად ითვლება "ზარინი" და "იპრიტი", ადამიანის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად - ქლორაცეტოფენონი, გამაღიზიანებლად - სი-ეს-გაზი, ხოლო სასწავლოდ კი - ქლორპიკრინი.

საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებები კლასიფიცირდება როგორც ნერვულ-პარალიტიკური ("ზარინი", "ზომანი", "ტაბუნი"), მახრჩობელა ("ფოსგენი", "დიფოსგენი") და კანზე ("იპრიტი", "ლუიზიტი") მოქმედების მიხედვით.

ასევე გამოირჩევა ფსიქოქიმიური ზემოქმედების ნივთიერებები, რომლებიც არ კლავს ადამიანს, მაგრამ ზემოქმედებს მის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გარკვეული დროის განმავლობაში მასში შიშის გრძნობას აღძრავს.

გამაღიზიანებელი მოქმედების მომწამვლელ ნივთიერებებს, მაგალითად, სი-ეს-გაზს, ხშირად იყენებს პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად - სამწუხაროდ, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ეს არაერთხელ მოხდა.

ვის ჰქონდა ქიმიური იარაღის ყველაზე დიდი არსენალი

საბჭოთა კავშირის დაშლისა და, შესაბამისად, პირველი "ცივი ომის" დამთავრების დროისთვის მსოფლიოში ქიმიური იარაღის ყველაზე დიდი არსენალი მოსკოვს­ დარჩა - 39 967 ტონა საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებები, მეორე „საპატიო“ ადგილზე კი აშშ იყო - 31 500 ტონით.

მსოფლიოს ეს ორი ბირთვული­ ზესახელმწიფო ათწლეულების განმავლობაში მალულად აწარმოებდა და ინახავდა "ლუიზიტით",­ "იპრიტით", "ზარინით", "ზომანითა" თუ ვი-ექს-გაზით სავსე საარტილერიო ჭურვებს, რაკეტის ქობინებსა და საავიაციო ბომბებს.

აშშ-ის დაფინანსებით, რუსეთმა 2017 წლისთვის სრულად გაანადგურა ქიმიური იარაღის მარაგი, თუკი დაეჯერება მოსკოვის ოფიციალურ განცხადებას, სამაგიეროდ, თავად ამერიკელები მხოლოდ 2023 წლის მიწურულისთვის გეგმავდნენ ბოლო ქიმიური ჭურვის დემონტაჟს.

ქიმიური მოწამვლის საფრთხე მოსახლეობისთვის

ქიმიური ნივთიერებებით მოსახლეობის მასობრივად დაზიანების საფრთხე არა მარტო ომის დროს არსებობს, მშვიდობიან პერიოდშიც არ არის გამორიცხული, რომელიმე ტექნოგენური კატასტროფის გამო, თუკი ეს ქიმიურ ქარხანაში ან საშიში ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირების დროს ხდება.

1984 წელს ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში, ამერიკული კორპორაციის ქიმიურ ქარხანაში ტექნიკური გაუმართაობის გამო, გაჟონილმა 42 ტონა მეთილიზოციანატის მომწამვლელმა ორთქლმა 7-ათასამდე ადგილობრივი მოსახლე რამდენიმე დღეში სიცოცხლეს გამოასალმა.

თავის დროზე, თბილისშიც იყო შემთხვევა, როდესაც ცისტერნიდან გაჟონილმა ქლორმა (რომელსაც სასმელი წყლის დეზინფექციისთვის იყენებენ) ახლომყოფები მოწამლა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე.

1-bro-1764667388.jpg
პენტაგონი პირველი „ცივი ომის“ დროსაც ასე აპირებდა თავისი ჯარისკაცების დაცვას საბრძოლო მომწამვლელი გაზების ზემოქმედებისგან...

საფრთხე ყოველთვის არსებობს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქიმიური მრეწველობის ობიექტის ახლოს ცხოვრობენ ან ამ საწარმოში მუშაობენ, რადგან ტექნიკური ავარიებისგან არავინაა დაზღვეული. ამიტომაც სასურველია, თუკი ამ საწარმოების ხელმძღვანელები ქარხნების მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს სასწავლო კურსებს ჩაუტარებენ, როგორ უნდა მოიქცნენ ტექნოგენური კატასტროფების დროს და როგორ დაიცვან თავი განგაშის სიგნალის შემდეგ.

ასეთი, პოტენციურად საფრთხის შემცველი საწარმოების მესვეურებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, ძირითადად, თუ რა მიმართულებით ქრის ქარი და კრიტიკულ სიტუაციაში საით შეიძლება წაიღოს მომწამვლელი ღრუბელი.

ასეთი ქიმიური საწარმოების მეზობლად ცხოვრება ბევრად სახიფათო ხდება, თუკი ეს რაიონი საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოჰყვა და უნებლიეთ, შეიძლება გამიზნულადაც კი, მოწინააღმდეგემ საცეცხლე დარტყმა მიაყენოს ამ საწარმოს, რასაც საშიში ქიმიური კომპონენტების ატმოსფეროში გამოტყორცნა მოჰყვება.

2-bro-1764667388.png
პირველი მსოფლიო ომის დროს მომწამვლელი გაზების გაშვების ტექნოლოგია...

რუსეთის აგრესიის დაწყების შემდგომ უკრაინაში შემორჩენილი მძლავრი ქიმიური საწარმოებიც არცთუ იშვიათად გადაქცეულან რუსი ოკუპანტების დაბომბვის სამიზნედ და ცაში ნარინჯისფერი მომწამვლელი ღრუბლები წარმოქმნილა.

როგორ დაიცვას თავი მოქალაქემ საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებებისგან?

ასი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პირველად მასობრივად გამოიყენეს მომწამვლელი გაზები ადამიანების მასობრივად დასახოცად, აირწინაღზე უკეთესი საშუალება ადამიანის სასუნთქი და საყლაპავი ორგანოების დასაცავად ჯერ არ გამოუგონიათ, ხოლო კანის დასაცავად მისი ერთიანად დაფარვაა საჭირო, რაც შეიძლება მეტი ჰერმეტულობისთვის.

ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებებისგან წყლისა და საკვების მარაგის დაცვას არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს, ხოლო ქიმიური ზემოქმედების შემდეგ მოპოვებული სასმელ-საჭმელი განსაკუთრებულად გაიწმინდოს-გაიფილტროს.

3-bro-1764667388.jpg
ფოტოკადრი პირველი მსოფლიო ომის სანგრებიდან, როდესაც მებრძოლები მომწამვლელი გაზებისგან თავდასაცავად აირწინაღებს ოთხფეხა მეგობრებს უკეთებდნენ...

ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ გაეროს წევრი თითქმის ყველა სახელმწიფო ქიმიური იარაღის შექმნის, წარმოებისა და გამოყენების წინააღმდეგია, მაგრამ მაინც არის იმის საფრთხე, რომ რომელიმე ქვეყნის დიქტატორულმა რეჟიმმა მაინც გაბედოს ქიმიური იარაღის მასობრივად გამოყენება.

კიდევ ერთი საფრთხეა რომელიმე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის მიერ თავის გამოსაჩენად დიდ ქალაქში მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების გაბნევის შესაძლებლობაც, დაახლოებით ისე, როგორც 1995 წელს ტოკიოს მეტროში ადგილობრივმა ტერორისტულმა სექტამ "ზარინი" რომ გააფრქვია.

ზოგიერთ საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებას არც ფერი აქვს და არც სუნი, რაც ძალზე აძნელებს მათ დროულ აღმოჩენას. ეს მხოლოდ სპეციალური მოწყობილობებითაა შესაძლებელი, შესაბამისად, იზრდება მასობრივი თავშეყრის ადგილებში ტერორისტული მიზნით მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას მოქალაქეებში დიდი მსხვერპლის საფრთხე.

4-bro-1764667388.jpg
ასი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პირველად მასობრივად გამოიყენეს მომწამვლელი გაზები, აირწინაღზე უკეთესი საშუალება ადამიანის სასუნთქი და საყლაპავი ორგანოების დასაცავად ჯერ არ გამოუგონიათ...

ასევე დაგაინტერესებთ: მთავარი ვერსია BBC-ის სკანდალურ სტატიაზე - წყალმტყორცნი მანქანების ავზების ქიმიური ექსპერტიზა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს!

თბილისში სამი საზენიტო „სპაიდერი“ ისრაელიდან უკრაინულ „რუსლანს“ ჩამოუტანია...

პუტინის სიამაყე „ავანგარდი“ გამოცდისას აუფეთქდათ?

კადიროვს გროზნოში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა „ჩააკითხეს“

რას წარმოადგენს ბრომბენზილციანიდი, რომელიც, თითქოსდა, გამოყენებული იქნა თბილისში, დემონსტრანტების დასაშლელად?

C6H5CHBrCN - ბრომბენზილციანიდი - Bromobenzyl Cyanide, მისი შემოკლებული აბრევიატურაა BBC საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც მიეკუთვნება ლაკრიმატორების ანუ ცრემლსადენი ნივთიერებების ჯგუფს და ადამიანში იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასა და შეუკავებელ ცრემლდენას.

მაგრამ, თუკი მისი გამოყენება დიდი კონცეტრაციით ხდება, მაშინ ის გადადის სტერნიტის ჯგუფში და აღიზიანებს სასუნთქ ორგანოებსაც და იწვევს ცემინებასა და ხველებას, ასევე - გულისრევას.

ითვლება, რომ ბრომბენზილციანიდის მინიმალური კონცეტრაცია ჰაერში 0,00015 მილიგრამი/კუბურ მეტრზე უკვე იწვევს ცრემლდენას, ხოლო თუკი ადამიანი ორი წუთით გაჩერდა იქ, სადაც ბრომბენზილციანიდის კონცეტრაცია უკვე 0,004 მილიგრამი/კუბურ მეტრზეა, ის იძულებული ხდება, გაიქცეს იმ ადგილიდან...

5-bro-1764667387.png
ბრომბენზილციანიდი კრისტალურ მდგომარეობაში

ჰაერში ბრომბენზილციანიდის 0,13 მილიგრამი/კუბურ მეტრზე კონცეტრაციის შემთხვევაში კი ადამიანისთვის შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს, ხოლო თუკი 0,9 მილიგრამი/კუბურ მეტრზე კონცეტრაციის მქონე ადგილზე იმყოფება ადამიანი, გარდაუვალი ლეტალური შედეგი 30 წუთში დგება...

სუფთა სახით ბრომბენზილციანიდი ადვილად დნობადი თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერი კრისტალების სახითაა, ხოლო ტექნიკურ პროდუქტში კი წითელ-მოყავისფრო ან მწვანე ფერის.

მას აქვს მჟავე ხილის სუნი.

მიუხედავად იმისა ,რომ ბრომბენზილციანიდი კარგად იხსნება ეთერში, ბენზოლსა და ეთანოლში, ის მცირედ იხსნება წყალში.

ბრომბენზილციანიდი მიიღება ნატრიუმის ციანიდის ან კალიუმის ციანიდის ზემოქმედებით ბენზილქლორიდზე, შემდგომი ბრომირებით.

ბრომბენზილციანიდი ქიმიურად მდგრადია, თუმცა ჟანგავს ფოლადსა და სხვა ლითონების უმეტესობას და თავადაც იშლება, რის გამოც მას მინის, ფაიფურის ან ტყვიის კონტეინერებში ინახავენ და ესეც გახდა იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ბრომბენზილციანიდი დიდი ხანია, აღარ გამოიყენება სამხედრო საქმეში.

ბრომბენზილციანიდის საბრძოლო ნათლობა კი პირველი მსოფლიო ომის დროს შედგა, როდესაც ანტანტამ (რუსეთის იმპერის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი), კერძოდ კი ფრანგულმა ჯარმა ის Camite-ის სახელწოდებით პირველად გამოიყენა, გერმანელების პოზიციების მიმართულებით.

1930-იან წლებამდე ბრომბენზილციანიდს პერიოდულად იყენებდა აშშ-ის პოლიცია დემონსტრაციების დასაშლელად, თუმცა შემდგომში ის ჩაანაცვლეს უფრო მსუბუქი შედეგების მქონე ქლორბენზალმალონოდინიტრილით,, რომელიც უფრო CS-ის სახელითაა ცნობილი და „იასამნის აირსაც“ ეძახიან. ის გამოიყენება აეროზოლის სახით, როგორც არალეტალური იარაღი დემონსტრანტების დასაშლელად - მსოფლიოს თითქმის ყველა საპოლიციო სტრუქტურის მიერ.