რეზო ჭეიშვილი: - "ხელმწიფობიდან ვეზირის სკამზე გადანაცვლება ძნელია" - კვირის პალიტრა

რეზო ჭეიშვილი: - "ხელმწიფობიდან ვეზირის სკამზე გადანაცვლება ძნელია"

"ეიფორიაშია ახლა ჩვენი ხალხი. ეს თვისება არის ჩვენს ხასიათში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საბოლოოდ ყველაფერი არ არის გარკვეული, მაინც ზეიმობენ. სულ მალე, დიდი ხანი არ უნდა, ახალი ხელისუფლების მიმართაც დაიწყება კრიტიკა. ხალხის მოსაწონი მთავრობა საქართველოს ჯერ არ ჰყოლია" - ამბობს მწერალი რეზო ჭეიშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ ცვილებებს მიესალმება, რადგან ნებისმიერი ცვლილება საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.

- მთელი გულით მივესალმები ამ ცვლილებას, თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. ხელისუფლებას ეყო გონიერება, რომ ხალხის მიერ მიღებული ლოგიკური გაწყვეტილება მშვიდად მიეღო. იმედია, არ გადაიფიქრებენ... ისე კი, ვუყურე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ნერვიულობდა ის ახალგაზრდა, მემუარების წერა ადრეა მისთვის, ოპოზიციაში გადავალო, თქვა, მაგრამ არც ეს იქნება მისთვის ადვილი. ძალიან აქტიური პიროვნებაა. გარდა ამისა, ძნელია მეფის სკამიდან ვეზირისაზე გადასვლა, მით უფრო იმ კატეგორიისთვის, რასაც სააკაშვილი მიეკუთვნება. ძალიან მწვავე და დაუნდობელი ოპოზიცია იქნება. იმდენად დაუნდობელი, რომ მისი ხელმწიფობის დროს ჩადენილ შეცდომებს მალევე დაივიწყებს.

- მის გარემოცვაზე რას ტყვით?

- საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, გარემოცვა უფრო მძიმედ ეგუება ძალაუფლების დათმობასო. ეს მათი რამდნიმე წევრის მძიმე დუმილსა და მძიმე განცხადებაზე ეტყობათ. მაგრამ რას იზამენ, უნდა შეეგუონ. საერთოდ, ადამიანის გარყვნა მაშინ იწყება, როცა ძალაუფლება ეძლევა. მხოლოდ იმ გამონაკლისებს არ ემართებათ ასე, ვისი პიროვნებაც სხვანიარად არის "მოწყობილი", ვინც გრძელი გზა ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა და გამოცდილია. მმართველ გუნდში კი, უბრალო "მოქკავშირის" წევრობიდან, პირდაპირ მინისტრები გახდნენ.

- კოალიცია "ქართულ ოცნებაზე" რას იტყვით ბატონო რეზო?

- რა გითხრათ, კიდევ ერთხელ მივესალმები ცვილელებს, თუნდაც იმიტომ, რომ ერის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება ზღვას ჰგავს

- რაც უფრო მეტია მღელვარება, მით უფრო მეტად სუფთავდება და კალაპოტსაც პოულობს. ისე კი, მათსა და მის წინამორბედს შორის დიდი განსხვავება არ იქნება. პოლიტიკა ცვლის ადამიანს, ოღონდ ხალხის სასიკეთოდ - არა. და მაინც, ველოდები ცვლილებებს, ალბათ ხალხისთვის ყოველდღიური, მატერიალური ცხოვრება უფრო გაუმჯობესდება, გადასახადების მხრივ ცოტა მოგვეშვება. კარგი იქნება, თუ სასამართლო სისტემას მიხედავენ... სამი დღე არ მიძინია, ის საზარელი ციხის კადრები რომ ვნახე. ჩემი აზრით, რანაირი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, იმის ავტორები საკადრისად უნდა დაისაჯონ.

- როგორ ფიქრობთ, ეს კადრები იყო ბოლო წვეთი, რომ საზოგადოებას რეალური პოლიტკური ცვლილებები განეხორციელებინა?

- არა, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება წვეთ-წვეთად დაგროვდა, ამ მშიერ საზოგადოებაში მოგრიალე შავი ჯიპები და არაფრის მაქნისი მინისტრების მოადგილეები, რომლებიც წარმოუდგენელი პრივილეგიებით სარგებლობდნენ... კანონი უბრალო ადამიანის მიმართ დაუნდობელი იყო და "ნაციონალებს" თავზე უსვამდა ხელს...

ერთი სიტყვით, ბევრი რამ დაგროვდა, რის გამოც ხალხმა ისე ძალიან შეიძულა ეს ხელისუფლება, როგორ მალეც შეიყვარა. ამიტომ გამოვიდა ზღვა ხალხი ქუჩაში, მაგრამ მეტი სიდინჯე და მეტი გაწონასწორებულობა გვმართებს, რათა "ოცნების" ხალხსაც იგივე არ დაემართოს; მათაც არ გაუჩნდეთ შეუცვლელობისა და განუმეორებლობის განცდა, - ჩვენ ვინ მოგვერევაო... ახლა აჟიტირებულია ხალხი და არავინ ფიქრობს ამაზე, მაგრამ ბევრ რამეში, ხელისუფლებასთან ერთად, ხალხიც არის დამნაშავე. ახლა ამბობენ ამ სიტყვას ხშირად - "გავაფეტიშეთო", მე კი ასე ვიტყოდი: გავაყოყოჩეთ და კარგი იქნება ამათაც თუ არ გავაყოყოჩებთ. არ არის საჭირო ხოტბა, თუ გააკეთებს, ხომ კარგი, ჩვენი ფულით აკეთებს, თუ არა და, პოლიტიკაში წასულმა ხელოვანებმა რაც გააკეთეს, აგერ ვნახეთ: სანამ რეალური ოპონენტი არ გამოჩნდა, კიოდნენ და წიოდნენ. ჯობია, ჩვენი საქმით ვებრძოლოთ უსამართლობას.

მე იმ კაცის, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, მისით მიდგია აქამდე სული, მაგრამ ის მე და ჩემისთანებს იმიტომ ეხმარებოდა, რომ ამით ქვეყანას ეხმარებოდა. ასე მწამს მე. ამიტომ მადლიერი ვარ, მაგრამ მომავალში, თუ საჭირო გახდება, მის კრიტიკასაც გავაგრძელებ. სხვა საქმე მე არ მიკეთებია და არც მინდა გავაკეთო.

- როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში წასული ლიტერატორები და ხელოვანები დაუბრუნდებიან თავიანთ საქმეს?

- კარგს იზამენ. არ უხდება ხელოვან კაცს ტრიბუნიდან ყვირილი. შეიძლება, ვცდები...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)