საქართველოს ღირსების მპყრობელები - კვირის პალიტრა

საქართველოს ღირსების მპყრობელები

დედოფალი - ეს სიტყვა საქართველოში ყოველთვის სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლო გახლდათ. ალბათ ამიტომაც გამორჩეულად საინტერესოა ქართველ დედოფალთა ისტორიაც. მათი დიდი ნაწილი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ზოგიერთს საარაკო სილამაზე ჰქონდა, ზოგიც მეფეზე ძლიერი და მრისხანე აღმოჩნდა, მაგრამ ყველა მათგანს შვილისა და სამშობლოს ერთგულება აერთიანებდა.

დედოფლის წოდება მან საქართველოში ალბათ ყველაზე ღირსეულად ატარა. საქართველოს მეფის, გიორგი I-ის (1014-1027 წწ.) მეუღლემ, ვასპურაკანის სომხური სამეფოს წინამძღოლ სენექერიმ არწრუნის ქალიშვილმა, დედოფალმა მარიამმა 1031 წელს ბრწყინვალე ელჩობა გასწია კონსტანტინოპოლში - ბიზანტიასა და საქართველოს შორის უაღრესად დაძაბული სიტუაცია მშვიდობითა და ერთობით დაასრულა.

მეფისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა ბორენა დედოფალი. მას საქართველოში შორენასაც უწოდებდნენ. ოსთა მეფის ასული ბაგრატ IV-მ პირველი მეუღლის, ელენე დედოფლის ქუთაისში გარდაცვალების შემდეგ შეირთო. ბორენა მეფის სიკვდილს მოსწრებია. როცა ბაგრატი სამშვილდეში ავად გამხდარა, მეფის მოსანახულებლად მისულ ამალაში ბორენაც მოიხსენიება. საყურადღებოა ერთი გარემოება, ამ შემთხვევაში ისტორიკოსი ოსთა მეფის ასულს მოიხსენიებს როგორც ხელმწიფის ცოლს, დედოფლის ტიტულით კი ბაგრატის დედა მარიამი იწოდება...

მარიამისა და ბაგრატ IV-ის დამოკიდებულება კი მართლაც რომ განსაკუთრებულია. საქართველოს ისტორიაში იშვიათია დედის ესოდენი წვლილი შვილის პოლიტიკურ კარიერაში. ყველა კრიტიკულ მომენტში მარიამი ბაგრატის გვერდითაა. ეს გასაოცარი ენერგიის ქალი ძალ-ღონეს არ იშურებს ბაგრატის საქმეთა წარმატებისთვის, არ ერიდება შორეულ ვიზიტებს კონსტანტინოპოლში, რთულ მოლაპარაკებებს ანისსა და ანაკოფიაში. შვილთან ერთად იღვწის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის წარსამართავად. ბაგრატის დამოკიდებულებაც გამორჩეულია დედისადმი. ყველაზე რთული და ორჭოფული საქმეების მოგვარებას მეფე ხომ სწორედ მას ანდობს, ეს მჭიდრო და შეიძლება ითქვას, სათუთი დამოკიდებულება დედა-შვილს შორის განსაკუთრებით ბაგრატის გარდაცვალების დღეს გამოვლინდა. სამშვილდის ტბასთან დასნეულებული მეფე ტახტით ქართლში გადმოიყვანეს. აქ დიდებულები და მისი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. შვილის, გიორგის ანდერძით მეფედ გამოცხადების შემდეგ ავადმყოფმა დედას მიმართა: "დედა, ყველაზე მეტად შენ მეცოდები, რამეთუ ყველაფერი ის, რაც შექმენი, ჩემი სიკვდილით წინ წაგიქციე, ვაი რომ, დიდხანს არც შენ იცოცხლებ".

შეიძლება ითქვას, სახელი მარიამი საქართველოს ისტორიას კარგად დაებედა, ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში უამრავი მარიამ დედოფალი იყო, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული და კაშკაშა ბაგრატ IV-ის ქალიშვილი გამოდგა.

დავით აღმაშენებლის მამიდა ბიზანტიის დედოფალ თეოდორას მოთხოვნით ჩაუყვანიათ კონსტანტინოპოლში აღსაზრდელად. 72 წლის თეოდორა ვერ მოესწრო მის ხილვას, მის ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე აღესრულა. საიმპერატორო სასახლეში ქართველი მეფის ასულის შესვლის დროს იქ მყოფ გიორგი მთაწმიდელს უთქვამს: დღეს ერთი დედოფალი განვიდა და მეორე შემოვიდაო. ამით იწინასწარმეტყველა, რომ ქართველი ასული ბიზანტიის დედოფალი გახდებოდა და ასეც მოხდა. ის ცოლად შეირთო ბიზანტიის კეისარმა მიხეილ VII დუკა პარაპინაკმა (1071-1078 წწ.).

კორონაციის შემდგომ მას ქალიშვილობის სახელი მართა მარიამით შეუცვალეს. ბიზანტიელები სხვა ერების სიყვარულით დიდად არ გამოირჩეოდნენ და ამიტომაც სხვათა ქება ძუნწად გამოსდიოდათ. ამ შემთხვევაში კი პირიქით აღმოჩნდა. ქართველი ასულის ხოტბას ბიზანტიელი ისტორიკოსები ნამდვილად არ იშურებენ. ერთ-ერთთან ვკითხულობთ: "დედოფლის ქება რომ არ გამომივიდეს მისი გვარიშვილობის გამო, რომელიც სიმდიდრითა და შთამომავლობით ყველა სამეფო გვარს აღემატება, ქებად მხოლოდ ხასიათიც ეყოფა. მისი სახის მშვენიერება საოცარია, ხოლო თუკი ქალებისთვის დუმილი სამკაულია, იგი ყოველგვარ სამკაულზე უფრო უპატივეს იყო, რადგან არავის სხვას, გარდა თავისი ქმრისა, ენას არ გააცნობდა და თავისთავადაც უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, მოკაზმულიყო".

მიუხედავად ასეთი სათნოებისა და მორჩილებისა, მარიამ დედოფალი ძლიერი ქალი იყო. მან პირველი ქმარი აიძულა, ბერად აღკვეცილიყო. მხარი დაუჭირა ახალი იმპერატორის, ნიკიფორე ბოტანიატესის ტახტზე ასვლას და მისი ცოლიც გახდა. თუმცა პირველი ქმრისგან ვაჟი ჰყავდა და ცდილობდა, შვილი კონსტანტინე აეყვანა ტახტზე. როგორც კი მიხვდა, რომ მის ჩანაფიქრს საფრთხე ექმნებოდა, კომნენოსების აჯანყებას დაუჭირა მხარი და მეორე მეუღლეც ჩამოაგდებინა.

ალექსი კომნენოსმა (1081-1118 წწ.) მარიამ დედოფლისთვის შეთქმულების წინ მიცემული პირობა შეასრულა, მან ქართველ გვირგვინოსანს პატივი და ღირსება შეუნარჩუნა. პირველ პერიოდში ბაგრატიონის ასული იმპერატორთა სასახლეში ცხოვრობდა, თუმცა მარიამის მთავარ მიზანს - შვილის გაიმპერატორებას - ასრულება არ ეწერა. სწორედ ამის გამო დედოფალსა და ახალ გვირგვინოსანს შორის კონფლიქტი წარმოიშვა: კონსტანტინე სამეფოდან გააძევეს, ხოლო მარიამი მონაზვნად აღკვეცეს. ქართველი ქალი ბრძოლას მაინც განაგრძობდა. 1094 წელს მან მონაწილეობაც კი მიიღო ალექსი კომნენოსის წინააღმდეგ შეთქმულებაში, მაგრამ უშედეგოდ. 1096 წელს მარიამის ვაჟი კონსტანტინე გარდაიცვალა და დედოფლისთვის პოლიტიკურმა ბრძოლამ ყოველგვარი აზრი დაკარგა.

განსაკუთრებულია მართაყოფილი მარიამის როლი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. მას პალესტინაში, პილატეს სასახლის ახლოს აღუდგენია კაპათას მონასტერი; წყალობასა და შემწეობას არ აკლებდა ქართული სულიერების ისეთ ცენტრებს, როგორებიცაა ათონის ივერთა მონასტერი, პეტრიწონის ლავრა, სინას მთა.

ეს იყო დედოფალი, რომელიც მიწაზე მეფობდა, ზეცაში კი ცათა სასუფეველს იმზადებდა. მისით აღფრთოვანებული ანა კომნენოსი წერდა: "მარიამი იყო მაღალი და ტანადი, როგორც კვიპაროსი, თეთრი, როგორც თოვლი, პირისახე ჰქონდა არცთუ ძალიან მრგვალი, მაგრამ გაზაფხულის ვარდივით ალისფრად გაფურჩქნილი. ახლა თვალების ბრწყინვალებას აღარ იკითხავთ? ნუთუ ვინმე შეძლებს ამის აღწერას? წამწამები - გრძელი, თვალები - ცისფერი. მხატვრის ხელი ხშირად გადმოგვცემს იმ ყვავილების ნაირფერობას, რომლებითაც გვასაჩუქრებს წლის სხვადასხვა დროს, მაგრამ დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი სანდომიანობა აღემატება ფერწერასა და ხელოვნებას. არც ერთ მოქანდაკეს არ დაუტოვებია ამის მსგავსი ქანდაკება. ამბობენ, გორგონას თავი ქვებად აქცევდა ხოლმე იმ კაცებს, ვინც მას შეხედავდაო, ხოლო ვინც შემთხვევით დაინახავდა ქართველ დედოფალს, როცა სეირნობდა ან უცაბედად შეხვდებოდა სადმე, საზღვარი არ ჰქონდა მნახველის განცვიფრებას, ის გაქვავებული რჩებოდა. ასეთი სინატიფე ასოთა და შეხამება მთელისა ნაწილებთან და ნაწილებისა მთელთან მართლაც რომ არავის უნახავს ადამიანის სხეულში. ეს იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ".

ძალიან ხშირად ქართველი მეფეები ამა თუ იმ სახელმწიფოს შემორიგებისა თუ დამოყვრების მიზნით პოლიტიკური მოსაზრებით ქორწინდებოდნენ. მსგავსი შემთხვევები ჩვენს ისტორიაში უამრავია: დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125 წწ.) მას შემდეგ, რაც ქართული არმიის გაძლიერების მიზნით ქვეყანაში ყივჩაღთა ჩამოსახლება დაიწყო, იქორწინა ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასულ გურანდუხტზე, რომელიც აირჩია "სჯულიერად მეუღლედ თვისად და დედოფლად ყოვლისა საქართველოისა". აქვე აღსანიშნავია ერთი დეტალი: ისტორიკოსი საგანგებოდ უსვამს ხაზს გურანდუხტის სჯულიერებას, ანუ აღმსარებლობას, რასაც, როგორც ჩანს, სოციალურ წარმოშობასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ქართველ დედოფალთა გალერეას ღირსეულად ამშვენებს სახელოვანი თამარის დედა ბურდუხანი (ბორდოხანი). საპატარძლო ჯერ კიდევ უფლისწულობის დროს შეურჩია გიორგი III-ს (1156-1184 წწ.) მამამ, დემეტრე I-მა (1089-1156 წწ.). ქორწინება XII საუკუნის 50-იან წლებში მოხდა და მას ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცების გამო პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდა. ისტორიკოსი ბურდუხანისადმი არ იშურებს არც ქებასა და არც ეპითეტებს: მშვენიერებით მზეთამზე, ბუნებით კი ყველა დედაზე სიკეთით აღმატებული, საქართველოსთვის მანამდე უხილავი სასძლო.

ძლიერი მონარქის, გიორგი III-ის გვერდით ბურდუხანის ძალაუფლება, ჩანს, ნომინალური იყო. თუმცა მისი მნიშვნელოვანი როლი თამარის აღზრდაში გამოიხატებოდა. დედოფალთა დედოფალი ბედნიერი მეუღლე გახლდათ და თამარის "დედობითაცა უმეტესი იყო ყოველთა". მისგან საქართველოს ერთი ხატი შემორჩა: ღვთისმშობლის სახება ოქროს ლუსკუმაშია ჩასმული, ლუსკუმას კი 52 წმინდა ნაწილი ამშვენებს. აქვეა ბურდუხანის მიერ ლექსად დაწერილი ლოცვა.

თამარს დედა გამეფებიდან მალე გარდაეცვალა, შესაძლოა იმავე 1179 წელს. ეს მძიმე ამბავი დაობლებულ შვილს გეგუთში შეატყობინეს. გაუსაძლისი სევდა შემოაწვა გვირგვინოსანს, თმები მოუკვეცავს გლოვის ნიშნად, "უსამშობლოდ ქმნილი" დედის გამო უამრავი ცრემლი დაუღვრია და უნუგეშო ყოფილა ძალიან დიდხანს. მაგრამ ბურდუხანის სახელს დავიწყება არ ეწერა, რადგან ქართველ ქალთა თანავარსკვლავედში უკვე მის მიერ აღზრდილი გოგონა ანათებდა. ქალი, რომელმაც დედოფლობის ნაცვლად სამეფო გვირგვინი დაიდგა თავს და თავისი მმართველობით საქართველო ოქროს ხანის სიკაშკაშეს აზიარა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

გიორგი კალანდია

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”