„პოკროვსკის ნელი სიკვდილი: ქალაქის შესანარჩუნებლად მიმდინარე 18-თვიანი ბრძოლები დასასრულს უახლოვდება, უკრაინა პოკროვსკს კარგავს“ - The Guardian - კვირის პალიტრა

„პოკროვსკის ნელი სიკვდილი: ქალაქის შესანარჩუნებლად მიმდინარე 18-თვიანი ბრძოლები დასასრულს უახლოვდება, უკრაინა პოკროვსკს კარგავს“ - The Guardian

„პოკროვსკის ნელი სიკვდილი: ქალაქის შესანარჩუნებლად მიმდინარე 18-თვიანი ბრძოლები დასასრულს უახლოვდება, უკრაინა პოკროვსკს კარგავს“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანის“ (The Guardian) 3 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი ტრაგიკული მომენტია გადმოცემული: ავტორი დენ საბაგი აღწერს უკრაინის ერთი, შედარებით პატარა ქალაქის - პოკროვსკის გმირულ ეპოპეას, რომელიც ამჟამად, მისი დამცველების თავგანწირული ბრძოლების მიუხედავად, შეიძლება მტერმა ხელში ჩაიგდოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გარკვეული დროის განმავლობაში პოკროვსკი, თავისი სამხედრო-სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, უკრაინელი სამხედროებისათვის ფრიად მნიშვნელოვან თავშესაფარ ზურგის ქალაქს, არმიის ერთგვარ მომმარაგებელს წარმოადგენდა, რომელიც ფრონტიდან 48 კმ-ით იყო დაშორებული. მაგრამ ასე გრძელდებოდა მხოლოდ 2024 წლის ზაფხულამდე, როცა რუსეთის სწრაფი შეტევის შედეგად პოკროვსკი ფრონტის ხაზის ქალაქად იქცა. რუსები ქალაქს განუწყვეტლივ ბომბავდნენ და მასში შეჭრას ცდილობდნენ, უკრაინული გარნიზონი კი ქალაქს იცავდა.

პოკროვსკისათვის მიმდინარე 18-თვიანი ჭიდილი სისხლიანი ომის ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს: ბრძოლა მიდის უკრაინის არმიის გამოფიტვისათვის, რაც რუსეთს, თავის მხრივ, ძალიან ძვირად უჯდება. მაგრამ რუსეთისათვის მსხვერპლი უფრო ადვილი გადასატანია, ვიდრე -უკრაინისათვის.

პოკროვსკი დანგრეულია - იმდენად დანგრეული, რომ მას სტრატეგიული მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ევაკუირებულია, სამრეწველო ობიექტები - მთლიანად განადგურებული, მომარაგების გზები გადაკეტილი და გადამისამართებული... პოკროვსკი სისხლიანი არგუმენტია იმისა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება აუცილებლად უნდა გაიმართოს.

„არის საკმაოდ დასაბუთებული სამხედრო მიზეზი იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომ უკრაინის არმიამ ქალაქი დატოვოს“, - ამბობს ნიკ რეინოლდსი, კვლევითი ცენტრის, RUSI-ს ანალიტიკოსი, - „მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ქალაქის ტერიტორიის დათმობა ომს ვერ შეაჩერებს. ერთ ადგილს კი დატოვებ, მაგრამ ბრძოლა სხვა ადგილზე მაინც გაგრძელდება“.

ომამდე პოკროვსკში 60 ათასი მცხოვრები იყო, კომუნისტური ტიპის ხუთსართულიანი კორპუსებით. ქალაქში მუშაობდნენ უკრაინაში უდიდესი კოქსირებული ქვანახშირის შახტები, საიდანაც პროდუქცია ფოლადის საწარმოებლად მეტალურგიულ ქარხნებს ეგზავნებოდა, წელიწადში 6 მილიონი ტონის მოცულობით. მაღაროები სამუშაოთი 10 ათას ადამიანს უზრუნველყოფდნენ. პოკროვსკი ადრე რკინიგზით და ავტოგზით უკრაინის სხვა რეგიონებს უკავშირდებოდა, ბოლო დროს კი სატრანსპორტო კომუნიკაციები მხოლოდ არმიის გარნიზონის მომარაგებას და დაჭრილების ევაკუირებას ემსახურება.

2024 წლამდე პოკროვსკი ზურგის ქალაქად ითვლებოდა, თუმცა საომარი მოქმედებების გამო შემოღებული იყო კომენდანტის საათი, საღამოს 7 საათიდან. სასტუმრო „დრუჟბა“, რომელიც ომამდე ქალაქის სტუმრებს ემსახურებოდა, სამხედროების თავშესაფრად გადაიქცა. ბინები, რომლის გაქირავება ომამდე თვეში 100 დოლარი ღირდა, 2023 წლისათვის უკვე 600 დოლარამდე ავიდა. პოკროვსკი სავსე იყო ჯარისკაცებით, ოფიცრებით, მოხალისეებით, მათი პარტნიორებით, ჰუმანიტარული მუშაკებით, სამხედრო ინსტრუქტორებით და ჟურნალისტებით. ქალაქის ყველა ქუჩის თითოეულ მეტრში უამრავი მაღაზია იყო გახსნილი, რომლებიც სამხედრო ამუნიციით ვაჭრობდნენ. ჟურნალისტებისათვის პოკროვსკი ის ქალაქი იყო, სადაც ისინი ნებართვას იღებდნენ, ფრონტის ხაზზე გასასვლელად.

მოსახლეობამ პოკროვსკი სწრაფად დატოვა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ 2024 წლის თებერვალში 30 კილომეტრით დაშორებული ავდეევკა დაიკავა და პოკროვსკს 10 კმ-ით სწრაფად მიუახლოვდა. დაიწყო მოსახლეობისა და საქალაქო დაწესებულებების ევაკუაცია. „გარდიანის“ ჟურნალისტები, რომლებიც იმ მომენტში პოკროვსკში იმყოფებოდნენ, სწორედ ევაკუაციის თვითმხილველები გახდნენ - ბიბლიოთეკების წიგნები საბარგო მანქანებზე იტვირთებოდა, მაღაზიების ფასადზე აბრები იხსნებოდა, მცხოვრებლები მშობლიურ სახლებს ტოვებდნენ და ავტობუსებით და მატარებლებით უკრაინის დასავლეთ რეგიონებში მიდიოდნენ.

ყველა ელოდებოდა, რომ პოკროვსკი რუსული არმიის შეტევას ვერ გაუძლებდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ოკუპირებული გახდებოდა, თუმცა, როცა უკრაინის არმია რუსეთის კურსკის ოლქში შეიჭრა, კრემლი იძულებული გახდა პოკროვსკის მისადგომებიდან ძალები კურსკში გადაესროლა. ქალაქი დაპყრობას გადარჩა, მაგრამ რუსებმა მაინც მოახერხეს მისი ნახევრად ალყაში მოქცევა. მტერმა ყურადღება დაუთმო დრონებით ქალაქის მისადგომების, განსაკუთრებით კი - სატრანსპორტო გზების კონტროლს, რათა ნახევრად ალყაში მყოფი გარნიზონისთვის იარაღით და საჭურვლით, პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგების გზები გადაეჭრა. სულ უფრო რთულდებოდა დაჭრილების გაყვანა. ქალაქის დამცვლები დაიღალნენ, ჭურვების უკმარისობა კი მათ თავდაცვით პოზიციებს ასუსტებდა. რუსმა ჯარისკაცებმა თანდათანობით გარეუბნებში შეაღწიეს...

ალექსანდრე ნესტერენკომ, ერთ-ერთმა პოკროვსკელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თავისი სახლი 2024 წლის ოქტომბერში დატოვა, მაგრამ მზარდი რისკის მიუხედავად, მიმდინარე წლის მარტში ისევ უკან დაბრუნდა. ქალაქი უკვე ჩამკვდარი იყო, ქუჩაში არათუ ავტომობილით, ფეხით გავლაც კი არ შეიძლებოდა - დრონები ჰაერიდან ყველაფერს აკონტროლებდნენ. ირგვლივ მუდმივი აფეთქებების გამო ყურთასმენა აღარ იყო.

„იმ დროს ქალაქში მხოლოდ ერთად-ერთი მაღაზია მუშაობდა, სადაც, საბედნიეროდ, Starlink-ის ინტერნეტი იყო ჩართული და გენერატორიც ჰქონდათ. უკვე ყველა იყო მიჩვეული აფეთქებებს და ყურადღებას აღარ აქცევდნენ“, - ამბობს ალექსანდრე, - „ქვანახშირის შახტები, სადაც რამდენიმე თვის წინ ქალებიც მუშაობდნენ (მამაკაცები ფრონტზე იბრძოდნენ), 2025 წლის იანვარში დაიხურა და რადგანაც ტექნიკური მომსახურების გარეშე იყვნენ დარჩენილნი, ნელ-ნელა ჩამოიქცნენ და წყლით დაიტბორნენ“.

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინის "მწვანე კარდინალი": რატომ შერისხა ზელენსკიმ თავისი "მარჯვენა ხელი" - 100-მილიონიანი კორუფციული სკანდალი, რომელმაც ერმაკის თანამდებობა შეიწირა

ჩამოიშლება თუ არა უკრაინა, თუ ამერიკამ კიევს იარაღისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება შეუწყვიტა?!

ოლექს გონჩარეკოს სკანდალური წერილი: "უნდა ვაღიაროთ: უკრაინას ამ ეტაპზე რუსეთზე გამარჯვება არ შეუძლია, დღეს არ არის ისტორიის შელამაზების დრო, დადგა ფხიზელი ანალიზის მომენტი"

"სიტყვის პატრონები არ ხართ, ბევრ ლაპარაკობთ და ცოტას აკეთებთ": შვედი მინისტრის სკანდალური ინტერვიუ - ვის ენანება ფული უკრაინისთვის?!

დღეისათვის, როგორც ამბობენ, პოკროვსკში 1200 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს, იქვე, ახლოს მდებარე კიდევ ერთ ქალაქში - მირნოგრადში კი, რომელსაც, პოკროვსკის მსგავსად, ოკუპაცია ემუქრება - 900 ადამიანი. ალექსანდრე ნესტერენკოს თქმით, მირნოგრადი (ანუ „მშვიდობიანი ქალაქი“) სრულიად დანგრეულია: „არ არის წყალი, არ მუშაობს არაფერი, გაზზე და ელექტროენერგიაზე ლაპარაკიც ზედმეტია“.

რუსები აქტიურად სარგებლობენ ნისლიანი და წვიმიანი დღეებით, როცა უკრაინული დრონები არ დაფრინავენ და ცდილობენ მოტორიზებული ჯგუფებით ქალაქში რაც შეიძლება ღრმად შეაღწიონ. ოქტომბრის ბოლოს მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, პოკროვსკი თითქმის მთლიან ალყაში მოაქციეს, მაგრამ ვერტმფრენებით სასწრაფოდ გადასროლილმა უკრაინულმა სპეცქვედანაყოფმა რუსებს უკან დაახევინა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოქტომბერში რუსეთის არმიამ პოკროვსკისათვის ბრძოლებში 25 ათასი ადამიანი დაკარგა - მოკლულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს, რომ დონეცკის ოლქის სხვა ქალაქების - კრამატორსკისა და სლავიანსკის - დაპყრობისათვის ბრძოლებში ვლადიმერ პუტინის არმია კიდევ უფრო მეტ ზარალს მიიღებს.

სამწუხაროდ, პრობლემები ყოველდღიურად სხვა ადგილებზეც ჩნდება: ფრონტის ხაზი მიუახლოვდა ქალაქ გულიაპოლეს, პოკროვსკიდან სამხრეთ-დასავლეთით, 70 კილომეტრზე, სადაც ცხარე ბრძოლები დაიწყო. გაურკვეველია, შეინარჩუნებს თუ არა მას უკრაინის არმია.

„უკრაინა ძალიან რთულ და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ქვეყანა ნელ-ნელა თმობს ტერიტორიებს“, - აღნიშნავს ნიკ რეინოლდსი, - „მაგრამ თუ რუსეთი შეტევას გააგრძელებს, გაურკვეველია, შეურიგდება თუ არა რუსი საზოგადოება ადამიანთა რესურსების ესოდენ დიდ დანაკარგებს“

მოამზადა სიმონ კილაძემ .

წყარო