კრიზისის "იუბილე": 3 სცენარი საქართველოსთვის - სადამდე გაგრძელდება და როგორ შეიძლება დასრულდეს დიდი პოლიტიკური გაურკვევლობა?!
საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში ტრაგედიებს ავცდით, ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი გახდა და ზოგიერთი საქართველოში ხბოს აღტაცებას მიეცა, რომ არიქა, დონალდი, პირველ რიგში, ჩვენი პრობლემებით დაინტერესდებოდა და "მოგვაგვარებდა". თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაიჭირეს და ამ ეტაპზე მხოლოდ ორია გამოშვებული, გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა, თავად გახარია ემიგრაციაში წავიდა, საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვიხილეთ 4 ოქტომბრის "პროვოკაცია-რევოლუცია" და "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის, ყოფილ პრემიერზე აღძრული საქმეები, ზოგიერთი დაიჭირეს კიდეც. თუმცა მთავარი იგივე დარჩა - პოლიტიკური კრიზისი არ განმუხტულა.
რას გულისხმობს კრიზისის საბოლოო განმუხტვა? იმას, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნებული იქნება, რომ ქვეყანაში დაცულია პოლიტიკური სამართლიანობის პრინციპი და ქვეყანას არ გადაუხვევია პროდასავლური კურსისთვის. ამის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. როგორც მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოვიდეს ილუზიებიდან, რომ აღარ არის პრეზიდენტი, ისე მმართველმა გუნდმა უნდა აღიაროს, რომ უკმაყოფილება არ არის პირდაპირპროპორციული იმისა, თუ რამდენი ადამიანი დგას რუსთაველზე.
ალბათ, არსებული მდგომარეობიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2026 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს "ოცნება" აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მძიმე დარღვევებით ჩატარებას ან იმას, თითქოს პოლიტიკურმა ოპონენტებმა მოუგეს. არა, ეს იქნებოდა იმის გამოვლენა, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მაინც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და ვალდებულია, სრულ სურათს შეხედოს არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან.
პარალელურად, მმართველმა გუნდმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე უარი უნდა თქვას. თუ არჩევნებს განვიხილავთ როგორც დაგროვილი ორთქლის საბოლოოდ გამოშვების მექანიზმს, მაშინ ორთქლი ყველა კატეგორიის ამომრჩეველმა უნდა გამოუშვას. დაე, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღოს რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა, ყველანაირი გემოვნების ამომრჩეველმა ჩათვალოს, რომ მან ნება გამოხატა.
კრიზისის საბოლოო განმუხტვა ვერ გამოვა, თუ ხელისუფლებამ ასევე არ გამოიჩინა კეთილი ნება და არ გაათავისუფლა საპროტესტოს აქციებისას დაკავებული ახალგაზრდები და მზია ამაღლობელი - ამისთვის პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმი არსებობს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობას და დამიჯერეთ, სერიოზულ პოლიტიკურ ქულებს დაუწერდა მმართველ გუნდს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ასევე, ალბათ, მმართველი გუნდი აღარ უნდა ეცადოს (და ეს თქვას დეკლარირებულად), რომ ციხეში გამოკეტოს ოპოზიციის ლიდერები. დღეს თითქმის ყველა მეტნაკლებად სერიოზულ ოპოზიციონერ ლიდერზე საქმეა აღძრული. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაჭერილები იანვარში გამოდიან (ნიკა მელიას გარდა, რომელსაც მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე წელიწადნახევრიანი პატიმობა მიუსაჯეს), თუმცა „საბოტაჟისა და დამხობის“საქმის გამო, შესაძლოა, ისევ უკან შებრუნდნენ პლუს მამუკა ხაზარაძიან-ბადრი ჯაფარიძიანად, გახარიამ ემიგრაციაში გაასწრო.
ასევე, ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად უნდა თქვას, რომ საქართველოსთვის დასავლურ კურსს ალტერნატივა არ აქვს. გასაგებია, რომ ამას ისედაც ამბობენ, მაგრამ თქვან უფრო მკვეთრად და ხაზგასმით.
ასევე, ალბათ, საარჩევნო კოდექსში გარკვეული ცვლილებებია შესატანი, რათა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში გაჩნდეს რწმენა, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება. გვესმის, რომ ოპოზიციამ თუ არასამთავრობოებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი დამაჯერებელი ფაქტი, რომ 2024 წლის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, თუმცა ფაქტია, დათესეს ეჭვები და შფოთვები და სწორედ ამ არჩევნებიდან გამომდინარე (თუმცა პირველ რიგში იმის გამო, რომ პარლამენტში გახარიას პარტიის შესვლამდე საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად, ერთპარტიული იყო) "ოცნებას" დასავლეთში ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს.
ბარემ ხელისუფლებაც ხომ არ გადააბაროს ოპონენტებსო? - ალბათ, ეტყოდა "ოცნების" ზოგიერთი მომხრე თქვენს მონა-მორჩილს. ჯერ ერთი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" აუცილებლად წააგებს - ყველაფერი შეიძლება პირიქითაც მოხდეს. ზოგზოგიერთი უნდა გამოვიდეს ილუზიებიდან, რომ ამ ქვეყანაში "ოცნებას" მომხრეები არ ჰყავს. მეორეც, ქვეყანაში არსებული ვითარება მოითხოვს პასუხისმგებლიან, სახელმწიფოებრივ და მკვეთრ ნაბიჯებს და ამის გაკეთება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ერთია პარტიული ან პიროვნული ინტერესები და მეორე, როდესაც სახელმწიფოზე ხარ პასუხისმგებელი.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება "მეორე მხარის" მონაწილეობის გარეშე. თუ "ოცნება" წავიდა რიგგარეშე არჩევნებზე, ის ოპოზიციონერი, რომელიც ბოიკოტზე ისაუბრებს, იქნება უპასუხისმგებლო და მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. გულუბრყვილობა, სასარგებლო იდიოტობა ან საკუთარი მომხრეების სპეციალურად შეცდომაში შეყვანაა იმაზე საუბარი, თითქოს თვეში ერთხელ გამართული მეტ-ნაკლებად მასშტაბური აქციები ხელისუფლებას ჩამოშლის. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლება ამ აქციებს შეეჩვია და რყევებსაც აღარ იწვევს. ან როგორ უნდა ჩამოშალონ? ასეთი სცენარის მომხრეები გულისხმობენ იმას, რომ "ოცნება" საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან. ორი ვარიანტია: პირველი, დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნების პირობებში პროტესტი ნელ-ნელა ისე უნდა აზვირთდეს, რომ მთელი ქვეყანა მოიცვას, ხელისუფლებამ ვეღარ მოახერხოს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება, ვეღარც ძალას გამოიყენებს და უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ ექნება, რომ კაპიტულაცია გამოაცხადოს. თუ დღევანდელი ვითარება არ შეიცვალა, აქვს კი პროტესტის ორგანიზატორებს უნარი, გავლენა და მხარდაჭერა, რომ უკმაყოფილება ასეთი მასშტაბით ააზვირთონ?! საეჭვოა... მეორე, ხელისუფლება რაღაც ისეთს გააკეთებს, ან ქვეყანაში რაღაც ისეთი მოხდება, ან თბილისზე ისეთი უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, რომ ესკალაცია ახალ მასშტაბებს მიაღწევს და უკვე ხელისუფლებას აღარ ექნება ამასთან გასამკლავებელი რესურსი.
მოკლედ, ისევ მივდივართ მოვლენების განვითარების სამ სცენართან:
1. პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება ცივილიზებული გზით ანუ არჩევნებით და ქვეყანა მშვიდად და წყნარად გააგრძელებს ცხოვრებას.
2. მოვლენების ეპიცენტრი იქნება ისევ ქუჩაში და კრიზისი შეიძლება დასრულდეს არასაარჩევნო გზით - მშვიდობიანად ან არამშვიდობიანად. ეს "არამშვიდობიანობა" რას მოგვიტანს და როგორ ისარგებლებს ამით რუსეთი, ვინც არ იცის, აგერ 90-იანებგამოვლილ ხალხს ჰკითხოს.
3. არც არჩევნები ტარდება, არც პროტესტი ზვირთდება, მეტიც, ბოლოს და ბოლოს ქუჩაში აღარავინ გამოდის. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე 3 წელია...
მოკლედ, ქვეყანა 2028 წლამდე ასეთი მდგომარეობით მიდის - არსად გამქრალი უკმაყოფილებით, ურთიერთსიძულვილით და სუპერპოლარიზაციით და ეს ბატონობს ყველა სფეროში. არა გვგონია, წლობით გაგრძელებული ეს ამბავი კარგად აისახოს ქვეყნის განვითარების ნებისმიერ მიმართულებაზე. თან ამ 3 წლის განმავლობაში ვზივართ დენთის კასრზე და მხოლოდ ნაპერწკალი იქნება საჭირო, რომ ესკალაცია თავიდან დაიწყოს. უბედურებას კი ("ამ მხარისთვის" და "იმ მხარისთვისაც") ერთხელ და ორჯერ რომ გადაურჩები, მესამეჯერ შეიძლება ვეღარ გადაურჩე.
რა თქმა უნდა, ქვეყანაზე მოქმედებს და იმოქმედებს გეოპოლიტიკური ვითარება - როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში ან დამთავრდება თუ არა საერთოდ, დალაგდებიან“თუ არა ტრამპი და პუტინი ერთმანეთთან, ჩინური "სიურპრიზები" და ა.შ. თუმცა თუ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობა არა გაქვს, ვერანაირ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მომზადებული ვერ შეხვდები და ისევ ჩვენი სამშობლო დაზარალდება, რომელიც ერთი გვაქვს ყველას.