საქართველოში 4 266 შენობა და 1 567 დასახლებული პუნქტი საშიშ ზონაშია მოქცეული
2024 წელს საქართველოში სტიქიური შემთხვევების რაოდენობამ ჯამში 68 შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, გარემოს სტატისტიკის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს.
აქედან, საანგარიშო პერიოდში წყალდიდობა- წყალმოვარდნა, დატბორვის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ქარიშხლის - 16, სეტყვის -11, დიდთოვლობის - 9, შტორმის - 2, ხოლო ზვავის 4 შემთხვევა.
შედეგად, გასულ წელს სტიქიური შემთხვევებით, ჯამში 4 ადამიანი დაიღუპა. 2 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი წყალდიდობა-წყალმოვარდნა, დატბორვა გახდა, 2 კი ზვავმა იმსხვერპლა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ათწლეულების მიხედვით, 2010 წლიდან გეოლოგიური კატასტროფების რაოდენობა თითქმის 80%-ით არის გაზრდილი. მაგალითად, 2000-2009 წლებში ქვეყანაში 3957 შემთხვევა მოხდა, უკვე 2010-2019 წელს 7092 შემთხვევა, ხოლო 2020-2024 წლებში - 6905 შემთხვევა.
რაც შეეხება ზეგავლენას ინფრასტრუქტურასა და დასახლებულ პუნქტებზე, გარემოს სტატისტიკის პორტალის მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით, საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულია 4 266 შენობა-ნაგებობა (2004 წლის შემდეგ ასეთი დიდი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა, 2004 წელს 6042 შენობა-ნაგებობა იყო) და 1567 დასახლებული პუნქტი. ხოლო გარდაცვლილია 10 ადამიანი.