"ასის წლის წინათ..." - კვირის პალიტრა

"ასის წლის წინათ..."

ამ უნიკალურ ფოტოს კერძო კოლექციონერმა მშრალ ხიდზე, ე.წ. ძველმანების ბაზრობაზე მიაგნო და, რა თქმა უნდა, "ჩალის ფასად" შეიძინა. ძნელია გაარჩიო, რა დროს უჩვენებს ფოტოზე ასახული, კედელზე დაკიდებული საათი, მაგრამ ზუსტად არის ცნობილი, რომ ფოტოზე კონსტანტინე გამსახურდიაა გადაღებული, ერთ-ერთ გერმანულ ტავერნაში, მეგობრებთან ერთად. მათ შორის ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია - გიორგი ნათიძე მისთვის დამახასიათებელი პენსნეს მაგვარი სათვალით.

Königsberg. (Preusen) Германия. Bessel Strasse. G. Blok. Nem. - ამ მისამართზე ცხოვრობდა სტუდენტი გამსახურდია გერმანიაში სწავლის პერიოდში. კენიგსბერგში კონსტანტინე გამსახურდია 1912 წლის ოქტომბერში ჩავიდა.  მთავარი პრობლემა, რაც გერმანიაში ახლად ჩასულს აწუხებდა - გერმანულის არცოდნა იყო. "სამი თვე ვცხოვრობდი ჩრდილოეთ პრუსიის ერთ მოზრდილ ქალაქში. უცხოეთში ყოფნას ჯერ მიჩვეული არ ვიყავი. ცალკე ჩემი ქვეყნის ცის ხილვის წყურვილი, ცალკე ის გაჭირვება, რომელიც შეხვდება იქ ენის უცოდინარ კაცს - მით უფრო იმ ქალაქში, სადაც ერთი ქართველიც არ იყო. ...სადაც მუნჯივით დავხეტიალობდი პირველი ორი თვის განმავლობაში", - იწერებოდა კონსტანტინე გამსახურდია გერმანიიდან.

ახალგაზრდა სტუდენტს გული გერმანიის იმ ქალაქებისკენ მიუწევდა, სადაც ქართველები ეგულებოდა. მაგალითად ჰაიდელბერგში, სადაც იმ დროს მიხაკო წერეთელი ცხოვრობდა. ჩავიდა კიდეც... ერთ-ერთი ვერსიით, ფოტოზე მარცხნივ (პროფილში) სწორედ ჰაიდელბერგში კონსტანტინე გამსახურდიას მასპინძელი, მიხაკო წერეთელია.

ამ ფოტოს დღევანდელობისგან ზუსტად ერთი საუკუნე აშორებს, მაგრამ ქართველი მწერლის იმ დროს გაკეთებული ჩანაწერები, დღესაც არ კარგავს აქტუალობას და ბევრისთვის საგულისხმოა. "გერმანელთა ცხოვრებაში ბევრი ნაკლოვანება შევამჩნიე: გაუთლელობა, წვრიმალობა, წრეს გადასული ფორმალისტობა, მაგრამ იმავე დროს ბევრი ისეთი თვისება შემინიშნავს გერმანელების ხასიათში, რაც ბევრჯერ მინატრია ჩემი ერისათვის.

ესენია: მოვალეობის მტკიცედ ასრულება, ეროვნული თავმოყვარეობა, საკუთარი ძალღონის იმედი, თუმცა ხშირად გადაჭარბებული, მაგრამ მაინც ღირსი მიბაძვისა და პატივისცემისა.

ყოველი ერი, რომელსაც სიცოცხლე სწყურია, თავმოყვარეა, ყველა სცდილობს არსებობისათვის ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდეს. ნურავისა აქვს იმის იმედი, რომ მეზობლის ქურქი გამათბობსო. ამას ცხადად მოწმობს ევროპის ისტორია და რაღა ევროპისა, მარტო ის მეხი, რომელიც წარსულ საუკუნეში ჩვენს მამა-პაპას თავს დაატყდა...

ვაი, იმ ერს, რომელსაც ეროვნული თავმოყვარეობა არა აქვს, იგი მუდამ სხვისი საწველი ფური იქნება და ჩამორჩენილი - იმ დიად მიზანს, რომლისკენაც მთელი კაცობრიობა და ყოველი ერი ცალ-ცალკე მიისწრაფის", - წერდა გერმანიიდან კონსტანტინე გამსახურდია.

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)