"ისტორიაც სხვანაირად დაიწერება, ქართული ენაც… ბავშვები არიან განათლების სისტემის მსხვერპლნი"
„ეს არის არათანმიმდევრულობის ზეიმი”, - ასე აფასებს ეკონომისტი, „ილიაუნის” სრული პროფესორი გიორგი ხიშტოვანი განათლების დაანონსებულ რეფორმას.
როგორც მან „პალიტრანიუსისა” და რადიო „პალიტრას” გადაცემაში „საქმე” განაცხადა, განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, არაპროფესიონალიზმის და პოლიტიკური კონიუნქტურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ვითარებაში კი, სკოლის მოსწავლეები განათლების სისტემის მსხვერპლნი არიან.
„ერთი წინადადებით, რომ შევაფასო, ეს არის არათანმიმდევრულობის ზეიმი. ეს არის სფერო, რომელიც ჩემი და ალბათ, ყველა სპეციალისტის აზრით, უნდა იყოს გრძელვადიან, თანმიმდევრულ განვითარების პოლიტიკაზე დაფუძნებული და მმართველობის ჯგუფების ცვლილება, ამ პოლიტიკის ცვლილებას არ უნდა იწვევდეს. ის განცალკევებული უნდა იყოს, რადგან ეხება ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ქვეყნის მომავალს, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის, რომელსაც არც გაზი აქვს, არც ნავთობი, არ აქვს ბუნებრივი რესურსები, ერთადერთი ჩვენი რესურსია ადამიანი და მისი უნარები. ამ პირობებში გვაქვს სისტემა, რომელიც ერთპარტიული, თითქმის, 14-წლიანი მმართველობის პირობებში არათანმიმდევრულობის ზეიმს გვთავაზობს.
დავიწყოთ სწავლის დაწყების თარიღით, მე დარწმუნებული ვარ, დღეს 5-6 წლის მშობელს წარმოდგენა არ აქვს როდის უნდა შეიყვანოს ბავშვი სკოლაში, ისე ხშირად იცვლება სწავლის დაწყების თარიღი. ხან არის 15 სექტემბერი, ხან ოქტომბერი, ხან ნოემბერი.. წარმოიდგინეთ, იმის გამო, რომ მშობლებში დომინირებს აზრი, თითქოს უმჯობესია ბავშვი უფრო ადრე შევიდეს სკოლაში (რაც არ არის ერთმნიშვნელოვნად სწორი), მათი გულები მოიგეს და 1-2 წელი არჩევნები რომ იყო, მისცეს საშუალება უფრო ადრე შეეყვანათ ბავშვი სკოლაში. ახლა, როგორც ჩანს, არჩევნები აღარ იგეგმება და ისევ შეცვალეს ეს წესი. ანუ, სკოლების დაწყების თარიღი უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკურ კონტექსტში, ვიდრე ის თუ რა არის უკეთესი ბავშვისთვის.